#ლექსები
ნინო დარბაისელი
როტონდა. პაოლო იაშვილი ( ესეც - ზეპირი ლექსია, პარიზის ქუჩებში ხეტიალისას თხზული)
შენს ძებნაში, პარიზში ამერია რიცხვი - “საუცხოოდ ჩაცმული, გამხდარი და ფიცხი”
ვინც შემომხვდა, რაღაცით გგავდა, არცა გგავდა. თანამგზავრიც დავქანცე, ლამის გამიავდა.
რაა გასარკვევი და რაა დასაფიცი? მეტრო იცი პარიზის? - მაშ, პარიზიც იცი! აღმართ-დაღმართებია მოსავლელი ფეხით. ბევრიც ქვაფენილია - კისერმოსატეხი.
იცლებოდა მონმარტრი, ქუხდა მონპარნასი, გროვდებოდნენ მხატვრები, ათი - არა, ასი!
მოკლე გზაა მეტროთი კაფე “როტონდამდე”. სდევდი დიად სახელებს, დღეს მე - ლანდად დამდევ.
ნახულობდი წასულთა სახლებს და სამარხებს ემეგობრე ჩამოსულთ, იმპერიის ხალხებს.
იდილია ფრანგული - ერთი მოდელია. შესცქეროდი პიკასოს, იქვე მოდილიანს,
ხატავდაო? რა ხატვა, სადაც პიკასოა! როტონდაში პიკასოს - “ყავა - უფასოა!”
პოეტები? კი, იყვნენ. არ გაქციეს ზურგი. იახლოვე ბალმონტი, კიდევ ორენბურგი.
რივიერა? დიეგო? მისი შორი კალო? დიდი დათვის როხროხი - “რაღას დამდევ, ქალო!”
ენა მისი - უხეში, განა მონაქარგი. ფრანგი მენატურენი, ერთმანეთზე კარგი
გეხვეოდნენ, მჭკნარნი თუ ჯერაც ნორჩად შლილი; როცა გქონდა, ბუნებით იყავ ხელგაშლილი.
ზოგჯერ, ფულის ლოდინში სუც არ გეგდო კენტი. გაჭირვებას იმდაგვარს რას წარმოიდგენდი!
თამაშობდი ბოჰემას, პარიზს ნაცხოვრები, შემოყარე კაფეში გუნდი მათხოვრების…
…მაგრამ ომი? პანიკა? ბედი? - მაზაკვალი. მიატოვე პარიზი, არც დააჩნდა კვალი
და ქუთაისს პარიზად მოუნდომე ქცევა, გსურდა კაცის - თორმეტის ერთ პოეტად ქცევა.
ბევრი “ქაიანური”- ბევრჯერ განაკიცხი - “საუცხოოდ ჩაცმული, გამხდარი და ფიცხი”
პარიზს მხატვრად წასული, მგოსნად დაუბრუნდი, წერდი დარიანულებს, არ დაიდე ხუნდი,
მერე ქუთაისიდან თბილისს გამოქცევა და თბილისსაც პარიზად მოუნდომე ქცევა.
სულ უკეთესს ცდილობდი, მცდელი - სულ იცდიდი, გქონდა დიდი მიზნები, დაგყვა სულიც დიდი, მერე საშინელებას, სულო, გამოსცდიდი: მოკვდინების დასწრება - შენი სუიციდი! შენი სუიციდი!…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|