ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 იანვარი, 2010


დათა თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომისა და გაქცევის მიზეზების გამო

     
                               
    საკითხის დასმის მიზნით მოვუსმინოთ ნაწარმოების ერთ-ერთ მთხრობელს, მაგალი ზარანდიას ოჯახის შვილობილს - შალვა ზარანდიას: ,,...ადამიანმა სიცოცხლე ისე გაატარა, რომ ხელში ვერც ერთხელ ვერ ჩაიგდეს მდევრებმა. მერე, ერთ მშვენიერ დღეს თავისი ფეხით მივიდა და ჩაჯდა ციხეში. რა არის ეს, რამ მოიტანა ასეთი აუცილებლობა?...” ცოტა ქვემოთ: ,,დათას ნებაყოფლობით ჩაჯდომის ნამდვილი მიზეზი ვინმემ თუ იცოდა ჩვენს ოჯახში, მეც უნდა მცოდნოდა უეჭველად, ჩემი ურთიერთობების პატრონს - ნამდვილ, ჭეშმარიტ მიზეზს ვგულისხმობ. წარმოიდგინეთ თქვენ, წესიერად არც მუშნიმ იცოდა ეს. ჩემი სტუდენტობისას პეტერბურგში მუშნის და მე ამაზე ხშირად გვისაუბრია. საბოლოოდ იმ აზრის დავრჩით, რომ მუშნისთვის იყო საჭირო დათას ჩაჯდომა და ამიტომ ჩაჯდა, მარა ორივეს გვესმოდა, მაინც სულ ასე რომ არ იყო საქმე.”

    როგორც შალვა ზარანდია იხსენებს, გრაფ სეგედს ერთხელ თურმე მისთვის უთქვამს, რომ ზარანდიასთანა ,,უბრალო და სადა გონების კაცი სიცოცხლეში არ შემხვედრიაო,” და იქვე განაგრძობს: ,,ისეთი წვდომის უნარი ჰქონდა და ისეთი ლოგიკა, რომ ქვეყანაზე ურთულეს მოვლენას, ინდოურისთვის რომ გასაგები გახდებოდა, იქამდე დაიყვანდა.”

    რატომ დარჩა დათა თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომა გაუგებარი იმ გარემოსთვის, რომელსაც იგი ეკუთვნოდა და განსაკუთრებით მუშნი ზარანდიასთვის? იგი ხომ, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული წვდომის უნარი ჰქონდა, უმნიშვნელო წვილმანების დონეზე ფლობდა ინფორმაციას აბრაგის შესახებ?

    სანამ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას შევუდგებოდე, აუცილებლად მიმაჩნია იმ მიზეზების ჩამოთვლა, რომლებზეც შალვა ზარანდია მიუთითებს ნაწარმოებში. უპირველეს მიზეზად, იგი თუთაშხიას მიერ გამზრდელი ოჯახის შეწუხებას ასახელებს აბრაგული ცხოვრების წესის გამო: ,,...ოჯახის მიმართ დანაშაულის გრძნობა გამუდმებით აწვალებდა დათას და მისი ნებაყოფლობითი გატუსაღების ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს...”

    მეორე და მესამე მიზეზებად შალვა ზარანდია ასახელებს საუბრებს, რომლებიც შედგა ეფემია-წინამძღვარს, მაგალი ზარანდიასა და დათა თუთაშხიას შორის, ერთი მხრივ, და ისევ მაგალი ზარანდიას, დათა თუთაშხიას და მუშნი ზარანდიას შორის, მეორე მხრივ.

    ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ არსებობდა ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ურჩევდნენ თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომას, - მისი მეგობრები. მათი მიზანი აბრაგის უფრო დიდი ბოროტებისაგან დაცვა-განრიდება იყო, ვიდრე ეს გახლდათ ციხეში ჩაჯდომა. ისინი ხვდებოდნენ, რომ თუთაშხიასთვის უშუალო საფრთხე არა მხოლოდ სახელმწიფოსაგან ზოგადად, არამედ საკუთარი მამიდაშვილისგან მოდიოდა უპირველესად, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერ უბედავდნენ მას ამის გამხელას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრების რჩევას, ისევე როგორც ეფემია-წინამძღვრის შეგონებებს და მოთხოვნებს გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ დათა თუთაშხიას ნებაყოფლობით ჩაჯდომის საქმეში.

    მიზეზები, რომელთა გათვალისწინებითაც თუთაშხიას ჩაჯდომის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, იმ ურთიერთობებშია საძებნი, რომელიც მას ჰქონდა აღმზრდელ მამასთან - მაგალი ზარანდიასთან, ალალ მამიდაშვილთან - მუშნი ზარანდიასთან და სახელმწიფოსთან.

    როგორც უკვე აღინიშნა, შალვა ზარანდია თუთაშხიას ჩაჯდომის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს საუბარს, რომელიც შედგა ეფემია-წინამძღვარს, აბრაგსა და მაგალი ზარანდიას შორის ამ უკანასკნელის ოჯახში. თუმცა ამ შეხვედრის დროს თუთაშხიაზე გავლენა მოახდინა არა წინამძღვრის უმკაცრესმა შეფასება-შეგონებებმა და მოთხოვნებმა, არამედ მაგალი ზარანდიას შენიშვნამ: ,,..შენი მოქმედებით ერში ძალადობა მრავლდება უფრო და რომ გინდა, იმის საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს...” ეს იყო მაგალი ზარანდიას მხრიდან დათა თუთაშხიას მისამართით გამოთქმული ერთადერთი შეფასება-შენიშვნა, რომელიც ეხებოდა მის არა რომელიმე კონკრეტულ საქციელს, არამედ ცხოვრების წესს ზოგადად. ეს შენიშვნა იყო სიგნალი, მაუწყებელი იმისა, რომ ძველი გზით სიარული უნაყოფო გახდა, რომ სამომავლოდ იმავე გზით სიარულს აღმზრდელი აღარ მოიწონებდა. იქიდან გამომდინარე, რომ წინამძღვრის შეფასებებს თუთაშხია არცთუ მთლად სერიოზულად აღიქვამდა მთელი შეხვედრის მანძილზე (თუმცა თვით წინამძღვარს დიდ პატივს სცემდა საერთოდ) და შეხვედრის ბოლოს მოგზავნილის სტატუსიც აგრძნობინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ საღამოს და მის შემდეგ აბრაგის ხაზგასმული დაფიქრებულობა, ,,..სულ მძიმე, სევდიან გუნებაზე...” ყოფნა და ასევე იმ ხანებში გამზრდელ ოჯახში რამდენჯერმე ზედიზედ მისვლა, იმ ფონზე, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ახერხებდა ამას, იმ დასკვნის გამოტანას აადვილებს, რაც ზემოთ გაკეთდა.

    მაგალი ზარანდიას აღნიშნულ შენიშვნას არ ჰქონია ის გავლენა, რომ თუთაშხიას ამის გამო ციხეში ჩაჯდომაზე ეფიქრა. ამ შენიშვნამ მხოლოდ დაასრულა აბრაგის ცხოვრების ერთი ეტაპი და ახალი მიმართულების მქონე ფიქრი აიძულა მას. მით უმეტეს, რომ ეს შენიშვნა და ციხეში ჩაჯდომის შეთავაზება გარკვეულწილად დაემთხვა დროში ერთმანეთს. დათა თუთაშხიასთვის აღმზრდელი მამის აზრს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც კარგად ჩანს მეორე საუბარში, რომელიც მუშნი ზარანდიას თანდასწრებით გაიმართა. უნდა ითქვას, რომ მაგალი ზარანდია არსად, არასდროს და არავისთან არ ამჟღავნებს რაიმე კრიტიკულ დამოკიდებულებას თუთაშხიას ცხოვრების წესის მიმართ, პირიქით, ყველგან და ყოველთვის საფუძვლიანად იცავს მას. ის ერთადერთი შენიშვნაც კი საკმაოდ რბილ ფორმაში მიაწოდა მან თავის აღზრდილს.

    დათა თუთაშხია ვერ დათანხმდებოდა ეფემია-წინამძღვრის შეთავაზება-მოთხოვნას - ,,ერისკაცობა აღარ შეიძლება შენი, - უნდა აღიკვეცო ბერად!..” - ვინაიდან საერისკაცოდ სხვა ვინმემ მოამზადა იგი, - მაგალი ზარანდიამ! შესაბამისად, ეფემია-წინამძღვარი არის სასულიერო პირი, რომელსაც თუთაშხია დიდ პატივს სცემს და თავს ვალდებულად თვლის მოუსმინოს მას, მაგრამ სამოქმედო სიტყვის ძალა მისთვის იმ ადამიანისგან მოდის, ვინც მისი საერო საქმეების წინამძღვარია - მაგალი ზარანდია.

    თუ ეფემია-წინამძღვრის უმკაცრეს შეფასებებს თუთაშხია ღიმილნარევ კითხვა-პასუხებს აგებებს, მაგალი ზარანდიას ერთადერთ, საკმაოდ რბილ ფორმაში მიწოდებულ შენიშვნას მტკიცე, ჯიბრით ნათქვამი პასუხი შეაგება: ,, - არ არის სხვა გზა და საშველი. ნასინჯია ყველაფერი უკვე..”- რაც იმის მანიშნებელია, რომ შენიშვნამდეც გრძნობდა იგი ჩიხში მოქცევას და გამოსავალს ისევ და ისევ ძალის გამოყენებაში ხედავდა, ხოლო აღმზრდელის შენიშვნამ ,,უჩინარი და დამალული სინათლეზე ამოიტანა,” გაღიზიანება და წინააღმდეგობის გრძნობა აღძრა მასში.

    მიუხედავად იმისა, რომ რომ დათა თუთაშხიამ თბილისის ინტელექტუალურ გარემოში მრავალი სჯა-ბაასის თუ კამათის დროს კეთილისა და ბოროტის ურთიერთდამოკიდებულებების ახალ ჰორიზონტებს ეზიარა და საკუთარი სულიერი ცხოვრების მანამდე შელახული ორიენტირები ასე თუ ისე აღიდგინა, მას ჯერ კიდევ არ დაჰბრუნებია რწმენა ,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”-სი, იგი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს სიყვარული, როგორც ბოროტების სიკეთედ გარდაქმნის იარაღი.

    სიყვარულის ეს ფორმა, რომელსაც თავგანწირვა, მოყვასის გულისათვის თავის დადება და მსხვერპლად მისვლა ჰქვია, პირველად მუშნი ზარანდიას მიერ აღმზრდელი მამის ოჯახში დათქმული შეხვედრის დროს გამოვლინდება დათა თუთაშხიას მხრიდან. ჩვენ უკვე მივადექით ზარანდია-თუთაშხიას შორის არსებული ურთიერთობების იმ ნაწილის ანალიზს, რომელიც ერთ-ერთ მიზეზად უნდა ქცეულიყო ამ უკანასკნელის ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომისა.

    დათა თუთაშხიას შემორიგების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მუშნი ზარანდია ახალ ,,პოლიტიკურ-დიპლომატიურ” ზეწოლას ახორციელებს მასზე სულიერი განადგურებისა და დაჩაჩანაკების გზით საჭირო შედეგის მისაღებად - მართვადობა. მამის ოჯახში შეხვედრის დროს ზარანდია ცდილობს თუთაშხიას სისუსტეებზე მიანიშნოს და ცხოვრების წესი ასაკისთვის შეუფერებელ საქმედ წარმოუსახოს მას. თუ შემორიგების მცდელობა ზარანდიამ თუთაშხიას მეგობრების წრეში თავისი უშუალო შეფის - გრაფი სეგედის შეგზავნით მოახერხა და უნდა ითქვას, საკმაოდ გონივრულად და წარმატებულად (თუნდაც დროებით), ახალ ეტაპზე იგი ცდილობს გამზრდელი (და აღმზრდელი!) ოჯახის მეშვეობით მოახდინოს მასზე გავლენა. ზარანდიას მიერ ოჯახის მოხმობა ამ საკითხში იმის მაუწყებელია, რომ მას აქ წარმატების დიდი იმედი აქვს, თუმცა როგორც შემდეგ გამოჩნდება, მის მხარეს არავინ დაიჭერს. მეორე მხრივ, თუთაშხიაზე ზეწოლის სხვა იარაღი, გარდა ოჯახისა, მას აღარ გააჩნია.

    დათა თუთაშხიამ ჯერ კიდევ როდის გააცნობიერა და უსწორესად შეაფასა სახელმწიფოს მიერ რაჟა სარჩიმელიას შერიგება-გადაბირების ფაქტი: ,,კაციჭამია ვირთაგვა გამოიყვანეს მაგათ.” აქედან გამომდინარე, შეუძლებელია თუთაშხიას არ გამოეტანა სწორი დასკვნა იმ საუბრიდან ეფემია-წინამძღვრის მონაწილეობით რომ გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ - სადაც თუთაშხიას ერის მტრობა დააბრალეს და ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლა მოსთხოვეს - იგი უნდა მიმხვდარიყო, რომ აღნიშნული მოთხოვნის უგულებელყოფა და ძველი გზით სიარული გაცილებით გაზრდიდა მისი სიცოცხლისათვის ხიფათს, მით უმეტეს, რომ ფასეულობების დონეზე იგი მზად არ იყო ამ გზის გასაგრძელებლად. ვინაიდან აღნიშნული ბრალდებები მან აღმზრდელი მამის ოჯახში მოისმინა და არა სადღაც სხვაგან, მას შესაბამისად უნდა ეფიქრა, რომ ეს ხიფათიც არა ცხრა მთას იქიდან მოვიდოდა მასთან (ანუ სახელმწიფოსაგან ზოგადად), არამედ სადღაც იქვე ახლოს უნდა ყოფილიყო იგი. ეს კიდევ გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ამიტომ მივიდა იგი ზარანდიასთან მამის ოჯახში დანიშნულ პაემანზე იარაღით და თან მასში არსებული ერთადერთი ტყვიით, მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრაზე იგი დანიშნულ დროს უნდა მისულიყო.

    მაგალი ზარანდიას ოჯახში მუშნი ზარანდიასთან შესახვედრად ერთადერთი ტყვიით მისული დათა თუთაშხია მარტივი და უბრალო, პოტენციური თვითმკვლელი კი არაა, არამედ სიკვდილის შიშის მძლეველია, დავით აღმაშენებელია, რომელსაც საჭირო დროს საკუთარი სიცოცხლის ყოფნა-არყოფნის სასწორზე შეგდება ძალუძს. და სხვათა შორის, ვისაც ეს ძალუძს, მას არათუ ეშმაკის მსახური, არამედ თვით ეშმაკიც კი ვერ დაამარცხებს. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც შინაგანი სულიერი მდგომარეობით ყოფნა-არყოფნაზე მაღლა დგას, მისთვის მოყვასის გულისათვის ციხეში ჩაჯდომა სიძნელეს არ წარმოადგენს.

    მუშნი ზარანდიამ თუთაშხიას ციხეში ჩაჯდომის საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც ეფემია-წინამძღვარმა ვერ შესძლო აბრაგის დარწმუნება ბერად აღკვეცილიყო. ზარანდიასთვის უფრო მისაღები იყო თუთაშხია-ბერი, ვიდრე თუთაშხია-პატიმარი, რაც შემდეგი მიზეზის ანალიზისას გამოჩნდება.

    მუშნი ზარანდია თავისი ჟანდარმერული სამსახურის თბილისური პერიოდის მთელ მანძილზე აცნობიერებდა უშუალო შეფთან, გრაფ სეგედისთან ,,ერთ ნავში” ყოფნის ამბავს. იგი მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს სეგედის მიმართ გამოწვევას (თუთაშხიასაგან ზნეობრივი გმირის შექმნის იდეის მიწოდება), როცა უფრო ,,დიდ ნავში” (პეტერბურგული პერიოდი) გადაჯდება. ამიტომ, იგი დროის და მომენტის კაცია, რომელიც საჭირო დროს სხვანაირად დაგელაპარაკებათ და შესაბამისად მოგექცევათ კიდეც. სწორედ ამიტომ სურდა ზარანდიას (ცხადია, სხვა სურვილებთან ერთად) თუთაშხიას ციხეში ჩაჯდომა, რომ დრო მოეგო და უფრო მაღალ თანამდებობაზე გასული გამკლავებოდა მას (იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური გამკლავება - არამედ ჯობნა საერთოდ).

    როგორც უკვე ითქვა, თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომას ზარანდია საკუთარ პიროვნებას უკავშირებდა, რომ თუთაშხია ძმის გულისათვის ჩაჯდა, თუმცა იმასაც აცნობიერებდა, რომ მთლად ასე არ იყო საქმე. მან იცოდა ფაქტი, მაგრამ ვერ უძებნიდა სრულყოფილ ახსნას. ახსნა კი, თავგანწირვის, მსხვერპლად მისვლის, გაღების ცნებების გაცნობიერებაშია, ანუ სიყვარულის ყველაზე მაღალ გამოვლინებებშია. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცნებები პირდაპირი გაგებით ყოველთვის ვერ გაიგივდებიან სიცოცხლის გაღებასთან. სხვანაირად რომ ვთქვათ, ესაა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მოყვასის გულისათვის ყოფნა-არყოფნის სასწორზე შეაგდო საკუთარი სიცოცხლე. ცხადია, ასეთი რამ უცხო იყო მუშნი ზარანდიასთვის. მისი მოთხოვნა - თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომისა და სასჯელის მოხდით თავისუფლების მიღწევისა, რომელიც მაგალი ზარანდიას ოჯახში შეხვედრისას გაჟღერდა, იმავე სახის ,,ფილოსოფიაა,” როგორც ბონია მეწისქვილისა, რომელიც ფიქრობს, რომ მის გაჭირვებულ ცხოვრებას და გოგოების მზითევს დათა თუთაშხიას მოკვლით და ამ გზით ნაშოვნი ფულით თუ ეშველება, რასაც წისქვილში შეხვედრისას პირადად განუცხადებს კიდეც აბრაგს. გავიხსენოთ, თუ რას ეუბნება ზარანდია თუთაშხიას - ერთი ძმა ოცი წელი აბრაგობდეს და მეორეს მეფის კარზე უზარმაზარი თანამდებობა ეჭიროს, ასე არ გამოვაო ეს და თანამდებობრივი დაწინაურების სანაცვლოდ ძმას ციხეს სთავაზობს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბონია მეწისქვილის ,,ფილოსოფიის” ავტორიც მუშნი ზარანდიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზარანდია პირნათლად შეასრულებს ოჯახისთვის მიცემულ პირობას იმის თაობაზე, რომ თუთაშხიას ციხეში არაფერი დაუშავდებაო, ისე კი, ჩაჯდომის სანაცვლოდ საკუთარი ბიძაშვილისთვის უსაფრთხოების გარდა არაფერი შეუთავაზებია.

    თემას ოდნავ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ თავგანწირვის და მსხვერპლად მისვლის მაგალითებს თუთაშხია განსაკუთრებით ციხიდან გაქცევის შემდგომ პერიოდში გვიჩვენებს, როცა ცდილობს ძალის გამოყენებას უკლოს თავის ქმედებებში, შეგონებებისა და ახსნა-განმარტებების სასარგებლოდ. იგი აცნობიერებს, რომ მის წინააღმდეგ მოსყიდულ ადამიანებს ნაღმი (იგულისხმეთ - ტყვია, საწამლავი და ა.შ.), ხატოვნად რომ ვთქვათ, სულში აქვთ ჩადებული. ნაღმის ასახსნელად კი, სამტროდ მომართულ ადამიანებთან ფიზიკური მიახლოება და მათ სულიერ სამყაროში გარკვევა-გაცნობიერებაა საჭირო, შესაბამისად, - საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ეს ადამიანები, ტყეში ან სხვა ადგილებში მყოფ, კარგად შეიარაღებულ თუთაშხიას, ცხადია, ვერაფერს დააკლებდნენ. ისინი ასევე ვერ გაუმკლავდებოდნენ აბრაგს იმ ადგილებში, სადაც ხანგრძლივი დროის მანძილზე ელოდებოდნენ ჩასაფრებულნი, თუმცა საფრთხე აბრაგისთვის მაინც არსებობდა. შესაბამისად, საკუთარ პოტენციურ მკვლელებთან ფიზიკური მიახლოება თუთაშხიას პიროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი არ სჭირდებოდა, არამედ მოსყიდული მოძმეების, მათი სულების გადასარჩენად, სახსნელად. თავისთავად ცხადია, რომ ამ ადამიანებთან იარაღით მისული თუთაშხია ვერ შესძლებდა დასახული ამოცანის წარმატებით გადაწყვეტას - ღია, გულახდილი საუბრების გზით ნაღმის უმტკივნეულოდ ახსნას.

    როგორც ითქვა, ზარანდიას მიაჩნდა, რომ თუთაშხია იმისათვის ჩაჯდა, ძმას თანამდებობის მიღებაში ხელი რომ არ შეშლოდა. თავად თუთაშხიას მოქმედებები და მოგვიანებით გამოთქმული მოსაზრებები განსხვავებულ აზრებს ბადებენ: ა)ჩაჯდა იმიტომ, რომ მუშნი ზარანდია ერთხელ მაინც დაფიქრებულიყო, - არ შეიძლება ძმას შესთავაზო ციხე კარიერული ზრდის, თანამდებობრივი დაწინაურების უზრუნველსაყოფად და სანაცვლოდ; ბ)ჩაჯდა იმიტომ, რომ ფიქრობდა - გააკეთოს თავისი საქმე, არაფერი გამოუვა მაინც; გ)ჩაჯდა იმიტომ, რომ მიაჩნდა - თვითონ თუ ვერ მიხვდა, რატომ ვერ მჯობნის, ხალხი დაინახავს და მიხვდება, - ავი საქმე კეთილს ვერ აჯობებს საბოლოოდ.
                                     
    შემდეგი მიზეზი დათა თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომისა იმ ურთიერთობებშია საძებნი, რომელიც აბრაგს სახელმწიფოსთან ჰქონდა. ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ თუთაშხიას და მის მეგობრებს სახელმწიფო ადამიანის გამაბოროტებელ საწყისად მიაჩნდათ. ეს აზრი მათ თბილისში, ადვოკატ ირაკლი ხურციძის ბინაში, გრაფი სეგედის სტუმრობისას გაახმოვანეს და განხილვის საგნად აქციეს, თუმცა ჩვენს ინტერესს არა ეს შეხვედრა, არამედ სახელმწიფოს მიერ აბრაგის შემორიგებისა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების ანალიზი წარმოადგენს.

    როგორც ცნობილია, დათა თუთაშხიას შემორიგება (სახლში ჯდომით, თოხით და ბარით ხელში და არა პოლიციის სამსახურში ჩადგომით და ყაჩაღების დევნით - გადმობირება) დიდხანს არ გაგრძელებულა და იგი სახელმწიფოსათვის, რბილად რომ ვთქვა, უშედეგოდ დასრულდა - თუთაშხია ხელმეორედ გააბრაგდა. რა იყო ამის მიზეზი? თავად დათა თუთაშხია ამ საკითხს ნათელს ჰფენს ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ლებარდეში, ანდრო სალაყაიას ოჯახში, სადაც მას, დაჭრილსა და დასუსტებულს, მოულოდნელად მაგალი, კონსტანტინე და შალვა ზარანდიები წამოადგებიან თავს მონახულების მიზნით. ამ შეხვედრაზე გამართული საუბრის დროს კონსტანტინე ზარანდია მოაგონებს თუთაშხიას, - სახელმწიფომ იგი იმ პირობით შემოირიგა, რომ კანონს აღარ დაარღვევდა სამერმისოდ, რაზეც აბრაგი ასეთ პასუხს აძლევს: ,, - სამართლიან და წესიერ კაცს თუ უჭირს, კოსტა, კანონი აღარ არსებობს მაშინ.” ამ სიტყვებში მთელი სიცხადითაა ასახული ის სიღრმე და სიმწვავე კონფლიქტისა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და დათა თუთაშხიას შორის. აღსანიშნავია, რომ ეს კონფლიქტი არ ატარებს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციულად არსებული კონფლიქტის ხასიათს, ვინაიდან თუთაშხია სახელმწიფოს საკუთარ უფლებებს კი არ ედავება, არამედ ყველა უსამართლოდ დაჩაგრულის უფლებებს.

    ვინაიდან დათა თუთაშხია იმ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, ვისაც ,,სხვარიგად არ ძალუძს” (გრაფი სეგედის დასკვნით) და ის, რომ უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, სახელმწიფოსა და თუთაშხიას შორის არსებული კონფლიქტი ვერასოდეს ვერ გადაწყდება, ანუ მარადიულია. მით უმეტეს, რომ ამ კონფლიქტში თუთაშხია მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევს. შესაბამისად, ყველა სახის შეთავაზება - სახლში ჯდომა, თოხით და ბარით ხელში ან ბერად აღკვეცა და საერო საქმეებს ჩამოშორება - განწირულია ჩასაგდებად, გარდა ერთისა - ციხეში ჩაჯდომა.

    მუშნი ზარანდიას მიერ მოსაფიქრებლად მიცემულ დროში (ექვსი თვე), დათა თუთაშხიას უნდა მიეღო სწორი გადაწყვეტილება ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომისა, რაც განახორციელა კიდეც. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ციხეში ჩასაჯდომად მიმავალი, თბილისში, ჟანდარმერიის სამმართველომდე ათი წუთის სავალზე მყოფი, ეკითხება თავის უახლოეს მეგობარს - გოგი წულაძეს - თუ რატომ მიაჩნია ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით ჩაჯდომა სწორ გადაწყვეტილებად, რაც ნიშნავს შემდეგს, - ამ საკითხში იგი ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის. ასეთი რამ, მას ერთხელ უკვე შეემთხვა, როცა ადვოკატ ირაკლი ხურციძის აივანზე მყოფს, გრაფი სეგედის სტუმრობას ამცნობენ და შესაბამისად თავის გარიდებას ურჩევენ, ის კი ბინაში დაბრუნებას ირჩევს და მოგვიანებით ამ ნაბიჯს ასეთ კომენტარს უკეთებს: ,,იმ წუთში გულმა მითხრა არ ქნაო. მერე და მერე მოვიფიქრე, სწორად მოვქცეულვარ თურმე.”

    დათა თუთაშხიას ციხეში ნებაყოფლობით ჩაჯდომის შემოთავაზებული წინადადება უნდა მიეღო, ვინაიდან ეს ,,სტატუს-კვოს” უნარჩუნებდა მას სახელმწიფოსთან კონფლიქტში. უფრო მეტიც, მისი სტატუსი იზრდებოდა კიდეც. ამ შემთხვევაში, თუთაშხია კი არ გადიოდა კონფლიქტიდან - როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ყველა სხვა ზემოხსენებული ვარიანტების დროს - არამედ გადადიოდა კონფლიქტის, როგორც მთლიანი სიბრტყის მანამდე არსებული, გაცილებით უმნიშვნელო სეგმენტიდან, უფრო მნიშვნელოვან, მძაფრ სეგმენტში. თუ ტყეში ან სოფელ ადგილებში მყოფი თუთაშხია დროსა და სივრცეში გაფანტული უსამართლოდ დაჩაგრულების ქომაგია, ციხეში იგი, ერთ შემოზღუდულ სივრცეში თავმოყრილი დაჩაგრულების ქომაგი უნდა გამხდარიყო. როგორც ცნობილია, იგი არა მხოლოდ ქომაგად, არამედ გზის მაჩვენებლადაც იქცა.

    რატომ გაიქცა თუთაშხია ციხიდან, რატომ არ დაელოდა იგი სასჯელის ბოლომდე მოხდას? მას ხომ არცთუ ისე დიდი დრო ჰქონდა დარჩენილი.

    ციხეში განვითარებული მოვლენები, თუთაშხიას როლი ამ მოვლენებში ან მისი ბედი აჯანყების ჩახშობის შემდგომ პერიოდში, აბრაგის მიერ გაქცევის გადაწყვეტილების მიღების გამოსარკვევად ვერ გამოდგებიან. გაქცევის მიზეზები იმ მიზეზებთანაა უშუალო კავშირში, რის გამოც იგი ჩაჯდა ციხეში.

    აუცილებელია აღინიშნოს, რომ დათა თუთაშხია ნებაყოფლობით ჩაჯდა ციხეში და იქიდანაც საკუთარი ნებით გამოვიდა, რითაც პიროვნული თავისუფლების მაღალ ხარისხს გაუსვა ხაზი.

    ციხეში ჩაჯდომის წინ თუთაშხიასთვის არ უთქვამთ, სასჯელის მოხდით თავისუფლების მიღწევა მისი პირადი ბედნიერებისთვის რომ იყო საჭირო. მას უთხრეს, რომ იგი საკუთარი ცხოვრების წესით ხელს უშლიდა ძმას მაღალი თანამდებობის მიღებაში. თავისთავად ცხადია, ძმის დაწინაურების შემდეგ, მას მორალური უფლება ეძლეოდა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მოქმედებისა, მით უმეტეს, რომ მაგალი ზარანდიას მუშნი ზარანდიასთვის ჩაჯდომის საკითხში თანხმობა არ განუცხადებია.

    დათა თუთაშხიას სასჯელის მოხდით განთავისუფლებას ციხიდან არავითარი აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან მისი ასეთი თავისუფლება ზუსტად იმდენ ხანს და იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე ისევ არ გაუჭირდებოდა ვინმე წესიერს და სამართლიანს.

    რატომ ვერ გაიგო მუშნი ზარანდიამ ეს ყველაფერი? იგი ხომ თუთაშხიას პიროვნების ყველაზე დიდი მცოდნე იყო.

    მუშნი ზარანდია ჭეშმარიტად დიდი გონებრივი შესაძლებლობების პატრონი იყო. მიუხედავად ამისა, იგი ვერ ხვდება, ვერ იგებს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხს - იმას, რომ სასიკვდილო მახეების დაგება, გამეტება, მოკვლა ისეთი ადამიანისა, როგორიც დათა თუთაშხია იყო (თავი რომ დავანებოთ მათ სისხლით ნათესაურ კავშირს, ერთ ოჯახში აღზრდას და ა.შ.), არ შეიძლება. სამაგიეროდ, ამას კარგად მიხვდა ძობა ძიგუა, რომელსაც რამდენიმე, მის წინაშე სრულიად უდანაშაულო ადამიანი ჰყავდა მოკლული, რომლისთვისაც სხვისი სიცოცხლის ხელყოფა საერთოდ არ წარმოადგენდა სიძნელეს (უფრო სწორად, ამგვარი საქმისთვის შემართება) და რომელმაც თუთაშხიასთან ბოლო შეხვედრის - შეიარაღებული დაპირისპირების - შემდეგ, სადაც მას ბავშვობიდან წამოყოლილი, დაუსაბუთებელი შური უნდა ეძია, მეგობრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც თუთაშხიას ღირსეულ საქციელს ასახავდა, არათუ აღარ გაუსროლია აბრაგის მისამართით (მისი სიტყვებია: ,, - ეგეთი კაცის მოკვლა არ შეიძლებოდა!”), არამედ ამ შეხვედრის შემდეგ იარაღის ტარებას საერთოდ დაანება თავი და აღარც უტარებია სიცოცხლის ბოლომდე. 

    კიდევ ერთი პასუხი დასმულ კითხვაზე ასეთია: მუშნი ზარანდია მოქმედებდა არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეც, თუმცა უმჯობესია თავად მას მოვუსმინოთ: ,, - მე ტახტისა და სახელმწიფოს ინტერესებს ვემსახურები, მაგრამ ისე კი, რომ საკუთარ თავს არასოდეს, არც ერთი გოჯით არ ვშორდები და არაფერს არ ვართმევ... ჩემი ზნეობა, ალბათ მოსალოდნელი კატასტროფის წინაშეც კი ვერ წავა კომპრომისზე, თავის უმცირეს ნაწილსაც ვერ გაიღებს მსხვერპლად...” 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები