ეს ამბავი ცხადში არ მომხდარა. იგი არც სიზმარია, თუმცა უფრო სიზმარს წააგავს. უმზეო დღე იყო, ღრუბლიანი. ხელში ბარი მეჭირა და კარ-მიდამოს ვბარავდი. მიწა ნედლი იყო, ნოყიერი - ვაბრუნებდი ბელტი-ბელტად. ოფლი მსხვილ-მსხვილად მასკდებოდა, სახიდან წვეთ-წვეთად ჩამომდიოდა და გადასაბრუნებელ თუ გადაბრუნებულ მიწას ზემოდან ეცემოდა. გულდაგულ ვაბრუნებდი ბელტებს. ვგრძნობდი, - საკუთარს ვაბრუნებდი. უზომოდ ვხარობდი. გადავაბრუნებდი თუ არა, შევჩეხავდი ბელტს, - სათოხნელს წინდაწინ ვიიოლებდი. მიწის ნაჭერი მამაპაპეულს არ ჰგავდა. უფრო დიდი იყო და ფართო, მთაგორიანი. მგონი სამშობლოს მთა-ბარს ვბარავ. იქნებ ამიტომ ვაბრუნებ ბელტებს ასე გულმოდგინედ, სამშობლო მიწა, როგორც იქნა, ჩემად რომ დავიგულე. გაღმა მთებზე ვიღაც დგას და მაკვირდება - ამ მთა-ბარის შვილი არ უნდა იყოს, ქერაა და ცხვირაპრეხილი, ხელში რაღაც უჭირავს, ვგონებ იარაღი. ცოტა ხნის შემდეგ თითის ქნევას იწყებს, მგონი მემუქრება. ვხვდები, - არ მოსწონს, რომ ვბარავ. იხტიბარს არ ვიტეხ - ჯიუტად ვაგრძელებ ბელტების ჩააბრუნებას. ქერა და ცხვირაპრეხილი მთიდან ეშვება - ჩემკენ მკაცრი ნაბიჯებით მოიწევს. ,,მოხდეს რაც მოსახდენია“, - ვფიქრობ ჩემთვის. უფრო ღონივრად ვცდილობ მიწის ჩაბრუნებას, - ის თავის საქმეზე მოდის, მე კი ჩემი გადამარჩენს. მომიახლოვდა თუ არა მამაჩემის გაღობილ ღობეს მკლავებით ჩამოეყრდნო. ვხედავ, - იარაღი აღარ აქვს, არც ქერაა, არც ცხვირაპრეხილი. მკვახე სალამი მომიგდო, თან მოაყოლა: - ,,რა უფლებით შემოგიღობავს აქაურობა, ან რატომ ბარავ, ვინ მოგცა ნება?” - პასუხს ვუგვიანებ, ცოტა ხნის შემდეგ კი ვაცნობიერებ: ეს ხომ ნოინია, ნოინი, მიწების განაწილება-აღიარების უფროსი. ამას პატივს არავინ სცემს - ადამიანების ერთი ნაწილი, მოურიდებლად, პირში აგინებს, უფრო დიდი ნაწილი კი, - პირს უკან. ვფიქრობ, - ვუპასუხო თუ არა. თვალს თვალში ვუყრი, ხელებს ვინერწყვავ, უფრო მტკიცედ ვავლებ ბარის ტარს ხელს და უფრო გულმოდგინედ ვაგრძელებ ბელტების ჩაბრუნებას. მთებზე გადმომდგარი ცხვირაპრეხილი შეიარაღებულის ხილვისას არ შევშინდი და ახლა ამის შეძახილზე რატომ მივაგდებ საქმეს. რაც უფრო სწრაფად ვბარავ, მით უფრო მკრთალდება მისი ლანდი, შემდეგ კი, - საერთოდ ქრება. მთებისკენ ვიმზირები. ქერა და ცხვირაპრეხილი ისევ წინ და უკან დადის. ვატყობ - ბრაზმორეულია, თუმცა ჩემკენ აღარ იყურება, აღარც თითს მიქნევს. უცებ სიზმრები ერთმანეთში ირევიან და რაღაც დროის შემდეგ ისევ იძენენ რიგითობას. გორაკზე მდგომი საცხოვრებელი სახლის კიბეებზე ჩქარი ნაბიჯებით ჩავდივარ, გრძელ ეზოს გადავდივარ და ქვემოთ, დაღმართში ჩამავალ ნაასფალტარ, დანგრეულ გზას დინჯად მივუყვები. გზის განაპირას ნაძვების რიგია. უფრო ქვემოთ კი დანგრეული გზა განიერ, ასფალტით დაფარულ გზას უერთდება და ნაძვების რიგიც აქ მთავრდება. ამ გზის გადაღმა კი, კიდევ უფრო ქვემოთ, ზღვაა - უთვალავი ზომისა თუ ფერის კენჭებიანი ნაპირის ლურჯსამოსიანი პატრონი. კარგადაა გათენებული, თუმცა მზე არსად არის - არემარე მსუბუქ ნისლშია გახვეული. ვხედავ: გზაზე ვიღაც უცხოები მოდიან. მეც ჩემი გზით მივდივარ. ერთმანეთს ვუახლოვდებით. მეზობლები ყოფილან. გამწყრალები ჩანან, მაგრამ მაინც ცვრიან სალამს ამბობენ. მეც თბილად ვამცნობ ჩემს განწყობას. გულისწყრომას არ მალავენ. ვეკითხები მიზეზს: -,,სათევზაოდ არ შეგვიშვეს ზღვაში”, - მეუბნება ერთი. -,,მხოლოდ უცხოელებს აქვთ ამის უფლება, - ნებართვა აუღიათ,”- მიხსნის მეორე. -,,საიდან იცით"? - ვეკითხები. -,,სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, ნაცნობებმა,”- მპასუხობენ ისინი. გულისწყრომა მიპყრობს, - ისევ ჩამოდის მთიდან ქერა და ცხვირაპრეხილი შეიარაღებული და მოახლოებისას ჩვენებურის იერს იღებს! გზას ფეხით მივუყვები. ხან ზღვის ნაპირ-ნაპირ გაყოლებულ ლიანდაგებს მივყვები, ხანაც მის გვერდით მიმავალ სამანქანე შარას. პატარა, თეთრ ქალაქში მოვხვდი. თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ მაინც უცნობი. ძველი უბნის სახლები ხარაჩოებში მოუქცევიათ, - მგონი ქალაქს იერსახეს უცვლიან. ქუჩაში რიგითი მოქალაქეები დგანან და ხარაჩოებზე გასულ მშენებლებს რაღაცას ედავებიან. მშენებლებს მათი მოთხოვნები არც ანაღვლებთ. სხვა ქუჩაზე გადავდივარ, კი არ ვხეტიალობ, არამედ მიზანმიმართულად მივდივარ, უფრო კი, - გუმანს მივყავარ. ისევ სხვა ქუჩა. კვლავ გუმანით ვხვდები, - ამ ქუჩას ბოლომდე უნდა მივყვე, ზღვისაკენ. ასეც ვიქცევი. ქუჩის ბოლოში გასული მარცხენა მხარეს გადავდივარ, რკინის ჭიშკრებში შევდივარ და რამდენიმე წამის შემდეგ თეთრი ფილებით მოგებულ, ყვავილებით მდიდარ, გაზონებიან ეზოში ვხვდები. ეზოც თეთრი იყო და შენობაც, - შეკირული თუ შეღებილი. მარჯვნივ მუხის ვეება ხეა. მგონი ინსტიტუტის ეზოში ვარ, კვლევითი ინსტიტუტის, საიდანაც შრომითი საქმიანობა დამიწყია. ვერ გამიგია, - აქ რამ მომიყვანა, ვის ან რას დავეძებ. არა, არა! - აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მერე კი - ბევრი მათგანი შეიცვალა; თუმცა განა მხოლოდ ისინი, - იქნებ მეც შევიცვალე. ან იქნებ, - მეც და ისინიც. ან იქნებ - არც არავინ შეცვლილა, უბრალოდ, - კოკასა შიგა რაც იდგა, გარეთ გამოვიდა. ბევრი უკვე წასულა, - კარგი კაცები და სანდომიანი ქალები, მცოდნენი და საქმიანები. ახლებიც ბევრი მოსულან, - თითქმის არავის ვიცნობ. არა, - მაინც რამ მომიყვანა? იქნებ იმედმა, ოდესღაც გაჩენილმა, - თანაზიარობისა და თანამოაზრეობის, ქვეყნის თუ პირადი ტკივილების თანაგანცდის, ან უბრალოდ, - მოსმენის, გაგების იმედმა. შენობისკენ მივდივარ. აგერ კიბე, შენობას მიწყობილი საფეხურებით. საფეხურებთან ფანჯარა, შიგნით - ისტორიის განყოფილება. აქედან ოთახში ყველას და ყველაფერს დაინახავ. ვგრძნობ, - შიგნიდან ვიღაც მიქნევს ხელს. შენობაში შევდივარ, ნახევრადბნელ დერეფანს უკან ვტოვებ და ისტორიკოსების კარებს მორიდებით ვაღებ; ვიღაც მხვდება მომღიმარი, მეხვევა, ბეჭებზე ტორებს მითათუნებს. ო, ეს ხომ უჩაბერია, უჩაბერი! კი, ნამდვილად ისაა. ასე მე შევარქვი, დიდი ხნის წინათ შევარქვი. მეც ვეხვევი. რაღაც სიტყვებს ვეუბნები. შემდეგ ორივე ვშოშმინდებით. აქეთ-იქით ვიცქირები; ჩვენ წინ მაგიდაა, - მას ვიღაც უცხოები უსხედან. უჩაბერი მათ ჩემს ვინაობას აცნობს. მგონი პურმარილი აქვთ, - ჰო ასეა, ჭიქები უდგათ და მწირი მისატანებელიც ულაგიათ, თითქმის სტუდენტური. ფანჯრის ახლოს მდგომი მეორე მაგიდიდან ვიღაც დგება, ჩემკენ ღიმილით მოემართება, შემდეგ მეხვევა, მკითხულობს, - ვერ გამიგია ვინ არის. -,,მალხაზი ვარ, მახო, ვერ მიცანი?" უხერხულობას ვგრძნობ, - თითქოს სადღაც მინახავს, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ბოდიშს ვუხდი, - გაოცებულია. უჩაბერი მთხოვს ჩამოვჯდე. მეც ვთანხმდები. საიდანღაც მუცლიან, საკმაოდ დიდ ბოთლს იღებს და ღვინოს (ჰო, ღვინოს!) მისხამს. ვხვდები: ჩვენი შეხვედრისა უნდა, რომ თქვას. მე მას შევყურებ, ვცდილობ მოვუსმინო, სხვებს კი თითქოს ვერც ვამჩნევ. გამკვირვებია, - ინსტიტუტში სხედან და ღრეობენ. იქნებ მეჩვენება, იქნებ სიზმარია, ან იქნებ - დუქანში ვართ. არა, არა, - ასეთი მუხის ხე ქალაქში მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტშია, ასეთი თეთრი ეზო, თეთრივე აივნიანი შენობით. უჩაბერი სათქმელს მორჩა, თანამესუფრეებს ჭიქა მიუჭახუნა და ჩემი დალოცვა მოითხოვა. მათაც ერთმანეთის მიყოლებით დამლოცეს და ჭიქები დაცალეს. მადლობის გადახდის დრო დამიდგა. მალხაზად გაცნობილი განმარტოებით, საკუთარ მაგიდას უზის და ნაწერებში იცქირება. გადაფურცლავს, გადაფურცლავს, საქაღალდეში ალაგებს და კრავს. ნეტავ, სად შევხვედრივარ, სად მინახავს? მადლობის სათქმელად ჭიქას ხელს ვავლებ, მინდა ავწიო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ვგრძნობ, - აღარც ენა მემორჩილება. თავს ძალას ვატან და როგორღაც ვახერხებ სიტყვების გამოთქმას, თუმცა ჭიქას მაინც ვერ ვწევ (არც ხელს ვუშვებ). - ,,ინსტიტუტში რატომ სვამთ, საქეიფო ადგილი სამეცადინოში რატომ აგრევიათ?" - მიკვირს, მშვიდად რომ ვსაუბრობ. უჩაბერი მიყურებს, მოკრძალებით იღიმის და მეუბნება: - ,,ახლა სხვა დროა, ახლა შეიძლება”. - ,,დირექტორი ან სხვა ვინმე ზემდგომი რომ შემოვიდეს, არ გეშინიათ?" - ,,დირექტორი!? ჩვენი დირექტორი ნოინია, ნოინი, ვერაფერს გვეტყვის!” სხვებს ეღიმებათ. ბარვის დროს გამოცხადებული ნოინი მახსენდება, მამა-პაპის დანატოვარს რომ მედავებოდა. მიკვირს, - ყველგან ნოინები როგორ არიან? - ,,კარგით, თუ არ გეშინიათ, - რიდი მაინც არავისი გაქვთ?" -,,ქართველები ვართ და ღვინოს ვსვამთ, ვისი უნდა გვერიდებოდეს,” - როხროხით მპასუხობს უჩაბერი. - ,,ღვინოც აღარ დავლიოთ!? ღვთისგან ნაბოძები მამული დავკარგეთ, ზოგიც წაგვართვეს და ბოღმაც აღარ მოვკლათ!? ღმერთმა ისევ რომ წამოიწყოს მიწების დანაწილება და კვლავ დავავიწყდეთ, ხომ უნდა ვეახლოთ და შევთხოვოთ ჩვენი წილი. რომ გვკითხავს, - აქამდე სად იყავითო, ხომ უნდა ვუთხრათ სიმართლე, - ვქეიფობდით, თქვენს სადიდებელს მივირთმევდით და შეგვაგვიანდაო! ახლა კი, - დაგვდე პატივი და დალიე სამადლობელი!” -,, მითიც საქმეა. მითი თავშესაფარია, ციხესიმაგრეა, სადაც უკეთესი მომავლის იმედი აფარებს თავს. მაგრამ მითი უნარდაკარგულთა თავშესაფარიცაა, პასუხისმგებლობის მომავლისთვის გადაბარებაა და სადღეისოდ მისგან განთავისუფლება.” მინდოდა კიდევ მეთქვა რაღაც, მაგრამ დავდუმდი, - წარმოთქმულიც საკმარისად მივიჩნიე. ჭიქა ავწიე, სასმელი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპით დავუშვი. შემდეგი ორი სადღეგრძელოც უსიტყვოდ მივიღე. ვუსმენდი უჩაბერს და მის თანამესუფრეებს და შიგადაშიგ განცალკევებულად მჯდომი მალხაზისკენ ვაპარებდი მზერას. მეხსიერებას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ ეს კაცი ახლა ვერაფრით გამიხსენებია. უჩაბერი ჭიქების ხელახლა შევსებას შეუდგა. მე დრო ვიხელთე და წასვლის სურვილი გავახმოვანე. სუფრა ჩემს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა. საერთო მადლობა ვთქვი, ყველას გამოვემშვიდობე, მალხაზსაც და ოთახიდან გავედი. სიმსუბუქეს ვგრძნობ, - ალბათ სხვებს აღარ შევუვლი. ეზოში გავედი. მზე არ იყო, მხოლოდ თეთრი ქვაფენილისგან მოდიოდა ცოტა ნათელი. ახლაღა შევნიშნე, - ინსტიტუტის ეზოს სიცარიელე დაპატრონებოდა, მუხის ხე შუაზე გადაეჭრათ და იქაურობა ტრიალ მინდორს დამსგავსებოდა. გადაჭრილი ხე მარცხნივ მოვიტოვე და ქუჩისკენ მიმავალ მოხრეშილ ბილიკს დავადექი. ქუჩის ტროტუარზე, ინსტიტუტის რკინის ჭიშკრებთან, მაღალი, გამხდარი კაცი წინ და უკან ნერვიულად დააბიჯებდა. საზაფხულო ჩალისფერი შარვალი და მოკლემკლავიანი პერანგი ეცვა. თავზე კი, ჩალისფერივე პანამის ქუდი ეხურა. ხელში სამარხების სათხრელი წერაქვი ჰქონდა. წამოვიდოდა ჭიშკრებისკენ ნაღვლიანი თუ გაბრაზებული იერით და ისევ უკან გაბრუნდებოდა. შიგნით შესვლა არ უცდია. მისი ჩაცმულობაც მეცნო და სილუეტიც. შორიდან მომავალს უფრო ნათლად აღვიქვამდი, ახლოს მოსულს კი, - ვერა. მეორე ბოლოში გასული ისევ შემობრუნდა, გამართული, მაგრამ ნერვული ნაბიჯებით ჩემკენ წამოვიდა და შუამდე მოსულმა უკმეხად მომაძახა: ,, - შენც დალიე!?" დანაშაულზე წასწრებულის განწყობით გამომეღვიძა. ოფლი მსუბუქად მესხა, - უფრო ნიკაპსა და შუბლზე. აივანზე გამავალი შემინული კარებიდან შუქი საძინებელში შემოსულიყო. მივხვდი, - გათენებულიყო. სხეული ცივი მქონდა. საბანი კარგად მოვირგე და შიგ მოვიკუნტე. მინდოდა ხელახლა ჩავმთბარიყავი და ცოტა ხნით კიდევ ჩამძინებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ავდექი, ფეხები ფლოსტებში გავყავი და აივანზე საცვლების ამარა გავედი. აივნის ქვემოთ, ნაძვების ჩაყოლებაზე ზღვა იწყებოდა, - მოლივლივე, თვალთუწვდენი სიგრძე-განის ლურჯზედაპირიანი სიბრტყე. უცნაური სიზმრებისთვის თავი ვერ დამეღწია. აპრილის გრილი დილა იყო, უფრო კი, - ცივი. უცებ მზე მომინდა, ამომავალი სხივების ჟივილ-ხივილი და კისკისი. ჩემი აივანი კი ამის ნებას არ იძლეოდა, - ქაფურისა თუ მაგნოლიის ხეებით გარშემორტყმული დასავლეთს მისჩერებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ყოჩაღ! ძალიან მომეწონა! 5 ყოჩაღ! ძალიან მომეწონა! 5
12. კარგად წერ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!! კარგად წერ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!!
11. მადლობა ლიკუშა-ლიკოს. მადლობა ლიკუშა-ლიკოს.
10. საინეტერესოა ნამდვილად... :) საინეტერესოა ნამდვილად... :)
9. ღმერთმა გისმინოს, იანგულო. ღმერთმა გისმინოს, იანგულო.
8. რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია. გამგები გაიგებს.
ცხვირაპრეხილი რომელიც მოახლოებისას ჩვენებური აღმოჩნდება და სმა ინსტიტუტში. ეეჰ.
''ქართველზე უკეთ არავის ეხერხება ქართველის დამარცხება'' - საშინელი მაგრამ მართალი ნათქვამია.
გვჭირდება გამღვიძებელი ნამდვილად. დიდი მადლობა ანანია და ამოვიყვანთ (!) მზეს... 5 რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია. გამგები გაიგებს.
ცხვირაპრეხილი რომელიც მოახლოებისას ჩვენებური აღმოჩნდება და სმა ინსტიტუტში. ეეჰ.
``ქართველზე უკეთ არავის ეხერხება ქართველის დამარცხება`` - საშინელი მაგრამ მართალი ნათქვამია.
გვჭირდება გამღვიძებელი ნამდვილად. დიდი მადლობა ანანია და ამოვიყვანთ (!) მზეს... 5
7. მადლობა ია-ია-ს. მადლობა ია-ია-ს.
6. მომეწონა! კარგადაა ჩამოყალიბებული სათქმელი :) მომეწონა! კარგადაა ჩამოყალიბებული სათქმელი :)
5. მოყვარულს! ყველაფერი სწორია, ოღონდ ეს ბათუმია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მოყვარულს! ყველაფერი სწორია, ოღონდ ეს ბათუმია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
4. სხვა ნიშანს ვაპირებდი:))) სხვა ნიშანს ვაპირებდი:)))
3. სოხუმი გამახსენდა- მთა , ზღვა, ზღვის ნაპირ-ნაპირ გაყოლებული ლიანდაგები, თეთრი ქალაქი. ქერა,ცხვირაპრეხილი და იარაღიანი, რუსი რა თქმა უნდა, და რა ვიცი - აფხაზეთში დაბრუნებას გავს თითქოს:)) სოხუმი გამახსენდა- მთა , ზღვა, ზღვის ნაპირ-ნაპირ გაყოლებული ლიანდაგები, თეთრი ქალაქი. ქერა,ცხვირაპრეხილი და იარაღიანი, რუსი რა თქმა უნდა, და რა ვიცი - აფხაზეთში დაბრუნებას გავს თითქოს:))
2. საოცრად საინტერესო იყო.... რეალობა სრულიად შებრულებული, ირეალური თვალით დანახული..... შთამბეჭდავი იყო ნოინის სახე... წარმატებები ნიჭიერ ავტორს......:) საოცრად საინტერესო იყო.... რეალობა სრულიად შებრულებული, ირეალური თვალით დანახული..... შთამბეჭდავი იყო ნოინის სახე... წარმატებები ნიჭიერ ავტორს......:)
1. ,,ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში..." გ.ტაბიძე
,, ...ამ უღმერთო სამოთხეში მზეც იღიმის ჯოჯოხეთად." ვ. ღლონტი
,, ძაღლიც შეჰღმუის ცას მიშველეო, მაგრამ საშველი მაინც შორია." მ. გელოვანი
სანამ მზის ნატრული, მის ნათებას იხილავდეს:
,,ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ" ნ. ჩერქეზიშვილი ,,ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში..." გ.ტაბიძე
,, ...ამ უღმერთო სამოთხეში მზეც იღიმის ჯოჯოხეთად." ვ. ღლონტი
,, ძაღლიც შეჰღმუის ცას მიშველეო, მაგრამ საშველი მაინც შორია." მ. გელოვანი
სანამ მზის ნატრული, მის ნათებას იხილავდეს:
,,ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ" ნ. ჩერქეზიშვილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|