ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: საბავშვო
14 სექტემბერი, 2010


ყველაფერი ტყუილია!(პოეზია)

                                        "-თახვი სკოლის დარაჯია,
                                          ხანჯალს მალავს ქამარში..."
                                                                  ნათი ჯანაშია

"თახვი-სკოლის დარაჯი,
ხანჯალს მალავს ქამარში,"
მელაკუდამ გაცვალა
ფარშევანგი მამალში,
ბულბული სვამს ყავას და
გოგლიმოგლს ჭამს ყვავიო,
წეროს უყვარს კურდღელი,
სულ დაკარგა თავიო,
ჭიანჭველა ქურდად ზის
და ჟირაფით თარეშობს,
მის კისერზე იპოვა
გრძელი საპირფარეშო,
თურმე კოჭლი აქლემი
მეფეთმეფედ დანიშნეს,
ლომს შეაჭრეს ფაფარი,
გასვლა თვალით ანიშნეს,
ზღარბი პარიკმახერთან
მიდის თურმე ვირითა,
თმაც შეიჭრა და სუფთად
გაიპარსა პირი და
ახლა ხვდება საცოლეს,
მშვენიერი გველია,
გადაგვარდა ქვეყანა
დელი-დელი-დელია!
ზვიგენსა სცემს ჭიჭყინა,
თაგვი კატას აშინებს,
ამოქოქავს ნიანგი
თავის კატერ-მაშინას,
სპილო დაციგურაობს
ყინულზე და ხორთუმი
აქვს ხმალივით გაწვდილი,
და მარწყვებით მორთული,
რწყილს შეაჯდა აქლემი,
უდაბნოში მიჰქრიან,
მგელი შველმა მონათლა
და დაარქვეს ფიქრია,
მომღერალი ბულბული
ყვავის ხმაზე ყრანტალებს,
ბეჰემოტი გუბეში
წეროსავით ტანტალებს,
ბეღურა ზის არწივზე,
მტრედი ქორებს აჭენებს,
ირემი სჭამს კოცონთან
მწვადის მსუქან ნაჭ(ე)რებს,
მგელი ბალახს მიირთმევს,
გაეღუნა კბილია,
ბატკანი სწვავს ხბოს მწვადებს,
ძროხა კმაყოფილია,
მელაკუდა გათხოვდა,
მამალი ყავს ქმარია,
ყვავი მღერის სინაზით
ავე-ავე მარია!
აბა მეტი რა გითხრათ,
აბა რით გაგახაროთ,
დახრულია ზეცა და
დახეულა სამყარო,
სპილოც დასვეს კვერცხებზე,
დათვიც გახდა მღვდელიო,
ესეც აბდა-უბდა და
დელი-დელი-დელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები