ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: საბავშვო
26 ნოემბერი, 2010


შემოდგომა


გადაჰყვა ფერები ოქტომბერს,
მიქრიან ქედებზე დღეები,
აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს
ნიავის ჩურჩულში ტყეები.

საბძელთან დავცალეთ ძარები,
მარანში ღვინდება მაჭარი,
სუყველგან ავიღეთ ყანები:
სად - ქერი, სად - ფეტვი და ჭვავი.

ვაგროვეთ წაბლი და წიფელი,
კაკალი მოვიდა იმდენი,
იქით რომ ზიდავდნენ ციყვები,
აქეთ ჩვენ ავავსეთ გიდლები.

ტყისპირას მწიფდება კუნელი,
ფერდობზე - შქერი და ასკილი.
გაისმა მწყემსების ძახილი -
მთებიდან ბრუნდება ნახირი.

ბეღელში ბლომად გვაქვს სიმინდი,
ხორბალი - ასამდე ბათმანი...
დათოვოს ტყეები და მთანი,
ვეღარას დაგვაკლებს ზამთარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები