ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2011


ბუძას კურდღლები

(ჩემი სოფლის ამბებიდან)

იმ ზამთარს ჩვენს სოფელში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ხალხს საქმე შემოელია, დაიწყო ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და მხიარული საუბრები. თუმცა ჩვენებურები მთისა და ტყის გარეშე როგორ გასძლებდნენ? ერთხელ ჩვენმა მეზობელმა ბუძამ მარხილში შეაბა ხარები და მაღლა მთისაკენ გაემართა თივის ჩამოსატანად. თვით ჩვენი სოფელიც მთაშია, მაღლა მთას კი ალპური სათიბებით დამშვენებულ ქედს ვეძახით.
- ორი ზვინი დამრჩა იქ, ვეღარ მოვასწარი ჩამოტანა, მერე გზები ისე გააფუჭა შემოდგომის წვიმებმა, ურემი ვერ გაივლიდა, ახლა მარხილით უნდა ჩამოვიტანოო, - უთქვამს ბუძას.
თივა ზამთარში მოაქვთო? გაიკვირვებთ თქვენ. მართლაც საკვირველია, თანაც იმ სიშორეს წასვლა თოვლიანი გზით.
ძნელია გაუკვალავ გზაზე მგზავრობა. განთიადისას წასული ბუძა შუადღემდე ძლივს ასულა მთაში. თანაც მთელი დღე თოვდა თურმე, მაღლა მთაზე უფრო დიდი თოვლი ყოფილა. მისულა დათოვილ ზვინებთან. მოუცლია თოვლი ერთი ზვინისთვის, ჯერ ხარებისათვის დაუყრია თივა, მერე კი მარხილზე დაუწყია დადება.
ჰოდა, უცებ გამომხტარან ზვინიდან კურდღლები და შემოხვევიან ბუძას.
- რას გვიშვრები, სად მიგაქვს ეს თივაო, ჩვენ რაღა გვეშველება ამ ზამთარში, ჩვენი თავშესაფარიც ეს არის და საკვებიცო.
კურდღლების ლაპარაკი ვის გაუგონიაო,  გაგეცინებათ თქვენ,  მაგრამ ბუძა ასე ამბობს, მელაპარაკნენო.
- თივა ჩემია და უნდა წავიღო, მე მოვთიბე, მოვაგროვე და დავზვინე, თქვენ რა უფლებით ითვისებთო? - გაღიმებია კეთილად ბუძას.
- ვიცით, რომ შენია, ზაფხულში გხედავდით ხანდახან ბუჩქებიდან, როცა თიბავდი და აგროვებდიო, - უთქვამს დედა კურდღელს, - მაგრამ ზამთარში რომ აქ დარჩენილი დავინახეთ ეს ზვინები, ბინის ძებნაზე აღარ გვიზრუნია. ახლა შენ რომ ეს თივა წაიღო, რაღა გვეშველება? უმადურები კი არ გეგონოთ - სულ შენს ქებაში ვართო.
სულ ხუთი კურდღელი ყოფილა: დედა კურდღელი, მამა კურდღელი და სამიც მოზრდილი ბაჭია.
- კარგით ერთი, თქვენ თოვლშიც კარგად იკეთებთ ბინას, სიცივე ვერაფერს გაკლებთო, - უთქვამს ბუძას.
- ჰო, მაგრამ სად თოვლში ცხოვრება და სად ზვინში? თანაც, თუ გაჭირდა, საკვებადაც გამოვიყენებთ ამ თივასო.
- მეორე ზვინსაც არ მატანთო? - იქვე მდგარი მეორე ზვინისკენ გაუხედავს ბუძას.
- მეორე წაიღე, მაგაში ვინ შეგეცილებაო? - უთქვამთ კურდღლებს.
შესცოდებია ბუძას კურდღლები, აუღია თივის ნაწილი ზვინიდან, უჭმევია ხარებისათვის, ცოტაც მარხილზე დაუდევს, გზაში რომ ვაჭამოო. მერე შეუბულულებია ისევ და მომზადებულა წამოსასვლელად.
- გვიტოვებ ამ ზვინსო? - შესციცინებდნენ თურმე კურდღლები თვალებში.
- აბა, რას ვშვრები? ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთო, - გაღიმებია ბუძას, თან დაუმატებია, - ამასაც გიტოვებთ და მეორესაც, მარტო ერთი რა წასაღებია? ხომ დაინახეთ, ცოტა მოვაკელი, ერთ ჯერზე რომ ჭამონ ხარებმა, ცოტაც მიმაქვს, გზაში შესვენებისას რომ ვაჭამო, დანარჩენი კი თქვენი იყოსო.
გახარებიათ ძალიან კურდღლებს. გახალისებულებს ცეკვა-თამაში გაუმართავთ. იმათ ყურებას არაფერი სჯობდაო, ამბობდა ბუძა. ჩემი ნიშა და ლამაზაც კი გამიმხიარულეს,  თითქოს გაღიმებული უყურებდნენო.
უცქერია ბუძას თოვლში გახვეული მთებისთვის კარგა ხანს. გაუშლია მერე საგზალი, კურდღლებიც მიუწვევია. ბოლოს კი შეუბამს ხარები მარხილში და წამოსულა შინ. კურდღლებს კარგა მანძილზე გამოუცილებიათ და მერე მასაც და მის ხარებსაც სიყვარულით დამშვიდობებიან.
ჰოდა, საღამოს ჩვენმა ბუძამ თივის მაგიერ შეშა ჩამოიტანა სოფელში. ხელცარიელი ხომ არ დაბრუნდებოდა? ტყეში რომ ჩამოსულა, ზეხმელი წიფელი მოუჭრია და იმით გაუვსია მარხილი. ზეხმელს იცით რას ეძახიან? - ზეზეულად გამხმარი ხეა, საუკეთესო შეშად ითვლება.
მეზობლებს კი მოკლედ უთხრა:
- კურდღლებს დაუბინავებიათ ჩემს ზვინებში და იმათ დავუტოვე თივა. თუმცა მაინც კარგია, რომ ავედი, იმ უკაცრიელი, თოვლიანი მთის სილამაზე ვიხილე ამ შუა ზამთარში, იმაზე უკეთესს ვერაფერს ნახავს კაცის თვალიო.
- რაო,  რაო? - იცინოდნენ გაკვირვებული მეზობლები, - არ დაუჯერეს ეს ამბავი, - ალბათ,  მოიპარა ვინმე უკეთურმა შენი თივაო.
მაგრამ მალე გაირკვა სიმართლე. სამი დღის შემდეგ, თოვა რომ შეწყდა, მაღალი მთის იქითა მხარეს მდებარე მონასტრიდან გადმოსულმა ბერებმა დაადასტურეს:
- ბუძას ზვინები იქა დგასო.
მიეცა ზოგიერთ მეზობლს სალაპარაკო. დაუწყეს დაცინვა ბუძას:
- რას გედარდებოდა ის კურდღლებიო? - ეუბნებოდა ერთი.
- რას შვრები, აღარ მიდიხარ შენი კურდღლების სანახავადო? - ეკითხებოდა მეორე.
- საბძელი ისევ სავსე გაქვს, შენს კურდღლებს კი თივა გამოლევიათ, იქნებ აუტანო ცოტაო, - ენას იქავებდა მესამე.
თუმცა დასაცინი რა ჰქონდა ჩვენს ბუძას? ყველამ ვიცით, რომ კაცი სიკეთით ფასდება ამ ქვეყანაზე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები