ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მაისი, 2011


ზღვა-მამრი

  რა მშვიდი ხარ, რა წყნარი, არც კი იძვრი...  სანაპიროდან  თვალმისაწვდომამდე სწორი ხარ და დავანებული. ნაპირთან კი, სადაც ეს-ესაა ჩავიმუხლე, შენი პაწია, ერთი ციდა ტალღები ისე ნელა და უმწეოდ ეხლებიან ნაპირს, ისე უღონოდ აღებენ პირს, როგორც უწყლოდ დარჩენილი თევზი. არ გამიწყრე, იქნებ ვერ ვთქვი სათქმელი ისე, შენს დღევანდელ ყოფას რომ შეჰფერის. ცხადია, შენ ახლა მომაკვდავს კი არა, მოსვენებულს უფრო ჰგავხარ. ასე მგონია, ამ ნაპირთან მე კი არა, შენ ისვენებ. მგონი ისევ ვერ მოვაბი თავი სათქმელს –– ეს მე მოვსულვარ შენს ნაპირთან  დასასვენებლად, შენ კი, საკუთარ თავში დავანებული, საკუთარ არსებაში ისვენებ.

      შენ ახლა ნაპირზე ფიქრი, მგონი, საერთოდ არ გაწუხებს. იქნებ იმიტომ, რომ იცი, - მაინც ვერავინ წაგართმევს, ვერავინ შეგეცილება, როგორც ჩემი ეზოს ქოფაკს ძვალს. არ აიმრიზო, – ნაპირი ხომ ნაპირალია, შენი ნაპირალი. ჰოდა, ახლა შენთან რომ მოვსულვარ, შენი ნაპირალი გამომივლია და თავს წამოგდგომივარ, უფრო სწორად ჩავმუხლურვარ, ჩემი სტუმრობა რომ გამცნო, შენი გავიგო და ჩემი გაგიზიარო.

      ნაპირი შენი ნაპირალია-მეთქი, რომ გითხარი, ვიცი, არ გაგიკვირდება და არც მიწყენ. შენ და ჩემს მყეფარა უმცროს მეგობარს მესაკუთრის უფრო დიდი ინსტინქტი გაქვთ, ვიდრე ჩემს მოდგმას. იგი ხეებს ასველებს და მისთვის უცხო  მამულებს  თავის სასარგებლოდ ჯავშნავს, შენ კი ნაპირს ასველებ და საკუთარი ტალღებისთვის საგორაოს თუ საკენჭაოს იკეთებ.

      ახლა შენი სტუმარი ვარ-მეთქი, გითხარი, თუმცა ამჟამად შინ არ შემოვალ, არ ვიბანავებ, ისე ვისაუბროთ. შენ კარგად იცი, - სტუმრად გადარეულთან და გაცოფებულთან არავინ დადის. დაგინახე, კარგ გუნება–განწყობაზე რომ იყავი და  მოვედი. ისე, გაბრაზებულ-გაცოფებულიც ბევრჯერ მინახავხარ, თუმცა შორიდან,  ახლოს არასოდეს მოვსულვარ. სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიოო, - ნათქვამია და გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო, - ესეც გამიგონია. თუმცა, გაშველებაზე თუ მიდგება საქმე, შენ ვინ უნდა გაგაშველოს და ვისგან? ესეც რომ არა, გაბრაზებულს სასეიროდ გამოსული თვალი უფრო აცოფებსო, - ცნობილია და შენ სხვების დაუხმარებლად რომ აგვარებ საკუთარ ცხოვრებას, - ეგეც ყველამ კარგად იცის.

      ნუ იფიქრებ, თითქოს მიკვირდეს შენი გაბრაზება და გაცოფება. ისე, სიმართლე გითხრა, მე შენი სიმშვიდე უფრო მაოცებს. რამდენი ვინმე გიშლის  ნერვებს და გაცოფებს. ნეტავ სეირის სანახავად სჩადიან, თუ, უბრალოდ,  ბოროტი ზრახვები აქვთ? აი, თუნდაც გუშინ, საღამოხანს, შებნელებულზე, სახლში რომ ვბრუნდებოდი ქვეითად, გზა შენს ზემოთ, შენგან რამდენიმე ათეული ნაბიჯის მოშორებით მედო და, სიმართლე გითხრა, ვერც კი გხედავდი, მაგრამ სმენით, გაგონებით  ცხადად გავიგონე, თუ როგორ ულაწუნებდი ნახევარარშინიან ტალღებს ნაპირს, უფრო დანამდვილებით – ხმელეთს. გზამ ცოტა ზემოთ რომ ამიყვანა, მხოლოდ მაშინ გავარჩიე, გამოვარკვიე შენი ტალღების მოქმედება, – შორიდან კი არ მოიწევდნენ ნაპირისკენ, ქაფად კი არ ედებოდნენ მას, არამედ ადგილზევე დგებოდნენ ყალყზე და ერთი თუ ორი მტკავლის მოშორებით ტკაცანით ეხეთქებოდნენ  ხმელეთს. მომეჩვენა, თითქოს შეგნებულად შებნელებულზე აკეთებდი ამას, არავის რომ არ გაეგონა, არავის რომ არ შეენიშნე.

      რა ვქნა, ნუ გეწყინება და ნუ გამიბრაზდები, - განგებ არ მოვქცეულვარ ასე, - ჩემთვის მივდიოდი და უნებლიე მოწმე შევიქენი. ისე კი, გულახდილად უნდა გითხრა, - ძალიან გამეტებით ულაწუნებდი! ვერ ვიტყვი, ბოროტებას სჩადიოდი-მეთქი – ვინაიდან ამ საქმისა არა ვიცი რა. თუმცა კი გეტყვი – ბოროტი სხვა არაფერია, თუ არა სამყაროთა შეუსაბამობა, ერთ მსოფლსიბრტყეში მეორის ვერ ასახვა, ერთ მსოფლსიბრტყეზე მეორის ვერ მორგება. ბოროტი ერთი მსოფლსიბრტყის რეაქციაა მეორესთან თანადაუმთხვევლობის გამო, იგი სამყაროთა გამრუდებული სურვილია. იქნებ თქვა, მითხრა, - ვინ რა გაგიმრუდა, რამ გაგახელა და გაგაშმაგა? ვისთან ვერ პოვე თანხმობა? თუმცა რა, - შესაკითხიც არაფერია. განა ნაპირს  არ ულაწუნებდი!? ეჭვიანობის გამო ხომ არა?

      ჩემი აზრი ნუ დაგაინტერესებს, - მე ახლა ვერაფერს გეტყვი, ვერაფერს გიპასუხებ, ვინაიდან  ხეირიანად ისიც კი არ ვიცი, მამრი ხარ თუ მდედრი, – მხოლოდ ვარაუდი ძალმიძს. ბევრ ჩემ წინამორბედს მდედრი ეგონე ან იქნებ შენ მოაჩვენე თავი ასე. ისე, თუ არ მომეშვები, გეტყვი: შენ უფრო მამრი ხარ! თუმცა, - რას მიქვია უფრო. უბრალოდ მამრი ხარ, მამრი, ხმელეთი  კი – ნაპირიანად თუ ველმინდვრებიანმთაგორაკებიანად – მდედრი! განა სხვა ვინ ულაწუნებს ასე, თუ არა მამრი? ესეც რომ არა, რაც შენ ნაპირს  ეფერები, ელივლივები და ელოლიავები, განა ეს უფრო მამრის საქციელს არა ჰგავს? შენ თაოსნობის დიდი ნება და მუხტი გაგაჩნია. შენი სურვილი მიეახლო ნაპირს, როგორც სატრფოს, მუდმივია, – უნდა ეს მას  თუ არა. შენი მამრული ვნება მუდამ ყალყზეა, მუდმივ მზადყოფნაშია. შენ დაუღალავი მიჯნური ხარ, ეს კი მამრის უპირველესი ნიშან-თვისებაა. შენ განუწყვეტლივ აწვალებ შენს მიჯნურს – სიცოცხლის, ხალისის, განახლების ტალღებს თუ შხეფებს ასხურებ მას და ცდილობ მისგანაც იგივე მიიღო.

      თქვენი სხეულების ჯახირი ერთხელ მინახავს თუ ორჯერ? ისე, მე რომ მკითხონ, ეს ცხოვრება არსით არსის ხილვა და ამის გამო ატეხილი ჯახირია, - ფორმების ჯახირი. და თქვენ ხომ ბუნებრივად აკეთებთ ამას, მოურიდებლად. ან კი, - ვისი უნდა გერიდებოდეთ და გრცხვენოდეთ? ვერც იმას გეტყვი, - იციან თუ არა ადამიანებმა რაიმე თქვენი ქცევის შესახებ, - მე მათგან არასოდეს არაფერი მსმენია, არაფერი გამიგონია. ისე კი, აწი, ალბათ, უფრო მეტად დაგაკვირდებიან.

      მე თქვენ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოებებში მინახავხართ, უფრო სწორად, შენ, თორემ შენი მიჯნური სიყვარულში ტრადიციული გაგებისაა, - არც კი იძვრის. ეგებ არც არაფერი ხდება თქვენ შორის? იქნებ თვალი მატყუებს, ან იქნებ – გონება ვერ აღიქვამს წაღმა? არა, არა, - ყველაფერი ისეა, როგორც ვამბობ. მე შენი მსუბუქი ფლირტიც მინახავს შენს მიჯნურთან და უძლიერესი კოიტუსებიც. ნუ მეტყვი – მოგჩვენებიაო. ნაპირიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით წამოიწევი, როგორც სიყვარულში ვნებაგახელებული მამრი კუდუსუნის ორი ბორცვით, მოაქანებ ტალღებს ნაპირისკენ და აჭედებ ნაპირთან ტალღას ტალღაში, როგორც მამრი ასოს ასოში!  ასე  ბორგავ და ბობოქრობ მთელი დღე  დაუცხრომლად. ახლა ის ვიკითხოთ, მეორე დღეს, დილით, როგორი ხარ, – დამშვიდებული, დაწყნარებული და არა ისეთი, გუშინ რომ იყავი ვნებისაგან ამღვრეული და გაშმაგებული.

      შეიძლება მითხრა, მკითხო – მერე და, სად არის ჩვენი სიყვარულის ნაყოფიო? ჰმ, განა ხმელეთს ნაყოფი აკლია? რა თქვი?  შეუსაბამოდ  ვსაუბრობ? თუ ასე  ფიქრობ, ასე გგონია, მაშინ შენ შენი თქვი ან, თქმას თუ ვერ ახერხებ, მაგრძნობინე როგორმე, თუნდაც მანიშნე. მე ჩემს სათქმელს ვამბობ, ჩემს ნანახ-განცდილს გადმოგცემ, გიზიარებ. სხვა მოვა, - თავისას გეტყვის, თავისას გაგიმხელს. ისე კი, ყველაზე დიდი სიმშვიდე შენ ახლა გმართებს – მოსმენის სიმშვიდე!

      არამკითხე არ მიწოდო, მაგრამ გეტყვი, - მე შენი ოჯახური ჩხუბიც მინახავს. შორიდან, - რა თქმა უნდა.  არც გამკვირვებია, - ოჯახში ვინ არ ჩხუბობს. საქმე ის არის, რის გამო ან რა ზომით. შერიგების მოთავეც შენ ხარ – მოსაფერებელ-დასაყვავებელი ტალღებით ცდილობ სიმშვიდე დაუბრუნო თანამაცხოვრებელსა და ნაპირის მოზიარეს. მე რომ მკითხონ, ესეც მამრის თვისებაა, ქცევის ნიშანია. უფრო მეტსაც  გეტყვი, - ყველა წამოწყებული ჩხუბი ქალური საწყისის გამარჯვებაა მამრისაზე და, პირიქით, ყველა ჩამოგდებული მშვიდობა – მამრული საწყისისა მდედრისაზე. ამიტომაც მიგიჩნიე მამრად.

      რა მითხარი? საიდან ვიცი, - ჩხუბობ თუ არა? ვიცი, ვიცი და გეტყვი:  ოცი, ოცდაათი მეტრის მოშორებით წამოსწევ, წამოაგორებ, ააბობოქრებ მაღალ, ძარღვიან ტალღებს, მოიტან ნაპირთან, ადგილზე ფშვნი და აქუცმაცებ, თითქოს ვიღაცას მუშტებს უბრახუნებდე გაბრაზებული.

      მამრი ხარ-მეთქი, გითხარი და მგონი, არცთუ უსაფუძვლოდ. ერთს გეტყვი კიდევ:  შენ არათუ დაუღალავი მიჯნური ხარ, არამედ მიმზიდველიც. შენ ზოგს თავად დასდევ, ეფერები და ელოლიავები, ზოგი კი - შენკენ მოიჩქარის ვნებამორეული გასაგრილებლად.

      ვის ვგულისხმობ? ვითომ თავად არ იცოდე. თავს ნუ იკატუნებ! ის ზოგჯერ ყველას დასანახად მოეშურება შენკენ სიყვარულისაგან ვნებაამხედრებული და ზოგჯერ ღრუბლებს ამოფარებული მოიპარება ჩუმად, თითქოს ვიღაცის რიდი ჰქონოდეს. ვინ არის? - მზე! აბა ვის არ უნახავს მისი სისხამდილიდანვე ანთებული, სიხარულისაგან გაბრწყინებული თვალები. არასოდეს არავის  უკითხავს – ნეტავ ასეთი რა სიხარული აქვსო მზეს? გეტყვი, გაგანდობ: გულის სწორ მამრთან შეხვედრა-პაემანის წინ აქვს ხოლმე ამგვარი სიხარული მდედრს! მერე და, როგორი გულიდან წამოსული, ალესილ-ამხედრებულია მისი სხივები, როგორ მარდად დახტიან და კისკისებენ. მერე კი, როცა შესამჩნევად გადმოიწევს და გადმოიხრება შენკენ, მერე იწყება - „ზღაპარი სიყვარულისა.“ ჯერ სხივები ჰკარგავენ სიმარდეს და კისკისს თავს ანებებენ, შემდეგ მზე თანდათანობით იცვლის ფერს, ელვარებას ჰკარგავს, აქა-იქ სიწითლეც გადაჰკრავს, გადაუვლის, თითქოს სასურველსა და სანატრელს ანაზდად თუ უცაბედად შეეფეთაო. შენც სხვანაირი ხდები ამ დროს, - უფრო მშვიდი და ხავერდოვანი, ისეთი, როგორიც არის ხოლმე მამრი სატრფოს მოლოდინში. მერე და მერე უფრო გადმოიხრება მზე შენკენ და თავადაც უფრო სხვანაირი ხდება. როგორი? - აწითლებულ-აჭარხლებული! ალბათ სირცხვილის დიდი გრძნობა თუ აქვს – შენთან ტრფობის დიდი სურვილი და იმავდროულად სირცხვილის ჭარბი გრძნობა. მაგრამ შენთან შეხვედრა-შეყრის სურვილი ჯაბნის სხვა გრძნობებს. ისე, მე თუ მკითხავს ვინმე, - შენნაირი სატრფო არა თუ დედამიწის ზურგზე, მთელ სამყაროშიც არავის ჰყავს! რა ლამაზია, როცა ძალიან გიახლოვდება ალანძული და კრძალვა-რიდით შემკული, უფრო დიდი ხდება და ფართო, უფრო წითელი. და მერე როგორ იღვენთება. ადამიანები ამას მზის ჩასვლას უწოდებენ და გულდაწყვეტილები მიაცილებენ მზერით. ის კი არ იციან – მზე კი არ ჩადის, არამედ შენთან ჩამოდის ვნებააღძრული და ვნებამორეული. როგორ ჩამოდის? ბილიკებით, მზის ბილიკებით. ჩამოდის და რჩება ღამით. ან კი, რა ოსტატურად ჩაიგორებ ახლად ჩამოსულს ჰორიზონტს იქით, კულისებში და, როცა სულ მიეფარებით თვალს, მთვარე და ვარსკვლავები ჩნდებიან ცაზე, როგორც სცენაზე. ალბათ ყურადღების გადატანის და გაფანტვის მიზნით, ვინმე ზედმეტად რომ არ დაინტერესდეს, - სად ხართ და რატომ.

      მეორე დღეს კი, ალიონზე, კმაყოფილების მორევიდან ამოსული მზის ნახვას ხომ არაფერი სჯობს, – ისევ სხივამხედრებულია, ისევ სხივებშეისრული... ისევ მარდად დახტიან და კისკისებენ მისი სხივები.

      შენც რა მშვიდი ხარ ამ დროს, მშვიდი და გრილი, ფერად დაწმენდილი, ისეთივე, როგორიც ახლა, როცა არც კი იძვრი, სანაპიროდან ჰორიზონტის ზოლამდე სწორი და დავანებული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები