ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2014


უკვდავება

დუმილით მივუყვები უცნაურ პროცესიას,
დღეს ხალხი ბოლო გზაზე სიმართლეს მიაცილებს,
არავინ განიხილავს სიკვდილის სხვა ვერსიას,
იციან, რომ მკვლელებმა ისევ არ ააცდინეს.

სიმართლის ჭირისუფლად ტყუილი მიაბიჯებს
(მსვლელობას აჰყოლიან ბევრი სხვა ნაძირლებიც),
სასახლე შემოუდგამთ ლავიწზე მის ძმა-ბიჭებს
და მიჰყავთ ბოლო გზაზე, სიმართლე, გაჭირვებით.

შევდივართ პანთეონში, ბევრია საფლავები,
აგერ, სულ ცოტა ხნის წინ, სიკეთე დაუკრძალავთ,
საფლავს თვალს არიდებენ, იბრუნეს მსწრაფლ თავები,
იქითკენ გახედვაც კი ვიღაცას აუკრძალავს.

ცოტათი მოშორებით, მოძველო საფლავია,
ისეთი მარმარილო, დღეს აღარ იშოვება,
თარიღი წაშლილა და წარწერაც ძლივს ატყვია,
იქ უკვე რა ხანია, სძინავს პატიოსნებას.

საფლავი მოუვლელი, წინ კიდევ ბევრი გვხვდება,
რწმენაც აქ დაუმარხავთ, შენდობაც, სინანულიც,
მხოლოდ იმ ერთადერთის ქვა აქ არ დაიდგმება,
ის ერთი უკვდავია, ის არის სიყვარული!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები