ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
14 ოქტომბერი, 2014


ანტონიმების თამაში

ანტონიმებით თამაში

საზრიანი ბავშვების
თამაშია ერთგვარი,
შიგ ჩაერთო ნათია,
ხატო, ზურო, ემზარი.
„ანტონიმი“- სიტყვაა,-
სიტყვის საპირისპირო,
დაფიქრდი და წყნარად თქვი
და არ წამოიყვირო.
„განიერი“-„ვიწრო“,
ძმას კარნახობს ციცო.
„მაღალი“ და„დაბალი“,
ნეტავ, თიკო სად არის?
გზა- „გრძელი“, გზა-„მოკლე“,-
უპასუხებს ცოტნე.
დათვი „დიდი“, „პატარა“
დედამ ზურგით ატარა,
„აღმართი და დაღმართი,
არცერთია წაღმართი.“
ზამთარია „ცივი“,
სიცივისგან ვტირი,
ზაფხული კი„ცხელი“,
მზეა მეტად მწველი.
ნემსი არის„წვრილი’’,
მახათი კი- „მსხვილი“.
მაკაკაა „გამხდარი“,
„მსუქანი“ კი- აფთარი.
„ცრუ“წრიპინებს კანკალით,
გაიმარჯვებს „მართალი.“
ხე დაჰყურებს ბუჩქებს
და ვერ ჩაიცუცქებს,
ბუჩქი არის„დაბალი“,
ხოლო, ხე კი -„მაღალი“.
კუდღელია „ჩქარი“,
მიქრის როგორც ქარი,
ჩქარა დარბის მგელიც,
კუ კი არის „ნელი“.
სიამაყის იერით,
ლომი არის „ძლიერი“,
მის ანტონიმს ველი,
„სუსტი“ არის შველი
. „მახინჯი“ და „ლამაზი,“-
ამბობს ბიჭი რამაზი.
წიგნი არის„სქელი“,
რვეული კი -„თხელი“.
ღამე არის „ბნელი“ ,
თვალთახედვა- ძნელი
და ავანთეთ სანთელი,
დადგა ქოხში „ნათელი“.
მომზადება სადილის
არის მეტად „ადვილი“,
დაიბანო ხელი,
არც ეს არის „ძნელი“.
ვერ იპარავს მელიკო,
არის ძლიერ ხნიერი,
დაწანწალებს ტყე- ღრეში,
ის დღედაღამ „მშიერი“.
არ მობეზრდა დათუჩას
ფუღუროსთან დანდალი,
თაფლი ნახა მსუნაგმა,
მიტომ არის „მაძღარი“.
გახსოვთ ალბათ, ზღაპარში,
სამი გოჭის მტერი,
გაიხსენეთ ,ვინ იყო
ის „ბოროტი“ მგელი.
ხოლო გოჭი ნაფნაფი,
შრომით ქანცგაწყვეტილი,
ძმების მოყვარულია
და ძალიან „კეთილი“.
მე დროებით დაგტოვებთ
და გენდობით ამაში,
კვლავაც რომ გააგრძელოთ
თქვენ უჩემოდ თამაში.
მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები