ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 თებერვალი, 2015


გაიყვანა თუ არა დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია სხვადასხვა ასპარეზზე ზნეობამ

        რომან ,,დათა თუთაშხიას” მთავარი მთხრობელი - გრაფი სეგედი ნაწარმოების დასაწყისში სხვასთან ერთად ამგვარ დასკვნასაც აკეთებს: ,,განგებამ ისინი (დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია – ა.ბ.) თანაბრად მდიდარი შესაძლებლობებით მოუვლინა ქვეყანას, მაგრამ ზნეობამ სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა.”

        აღნიშნული დასკვნა, ცხადია, ზოგადია, ამიტომ იგი დაზუსტებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნაწილი – გაიყვანა თუ არა დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია სხვადასხვა ასპარეზზე ზნეობამ? ეს იყო სხვადასხვა (ზოგადად) თუ ურთიერთსაპირისპირო (კონკრეტულად) ასპარეზი? აშკარაა, რომ ურთიერთსაპირისპირო იყო. შესაბამისად, თავიდანვე დასმული კითხვა, ამ დაზუსტების შემდეგ, ასეთ სახეს იღებს: გაიყვანა თუ არა აღნიშნულ ურთიერთსაპირისპირო ასპარეზზე ბიძაშვილ-მამიდაშვილი ზნეობამ?
 
        თავიდან გავარკვიოთ, თუ რა გარემო პირობებში წარიმართა თუთაშხიასა და ზარანდიას  მიერ ცხოვრების გზების არჩევა, შემდეგ კი ზნეობრივი კუთხითაც შევხედოთ საკითს.

        ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების საწყის ეტაპზე დათა თუთაშხია მეჯოგე იყო და აბრაგად ათას რვაას ოთხმოცდახუთ წელს გავიდა, როცა  ცხრამეტი წლისა იყო. ხაზგასმით უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დათა თუთაშხიამ მეჯოგეობა იძულებით, შემთხვევის გამო (პორუჩიკ ანდრიევსკის გრძნობისმიერი ნაბიჯი) მიატოვა. ამ მომენტისთვის მუშნი ზარანდია აქციზის მოხელედ მუშაობდა და დამატებითი შემოსავლის მისაღებად ხსენებულ ანდრიევსკის (რომელიც მოსკოვის გუბერნიის ტახტის აზნაური და გადამდგარი პორუჩიკი იყო) დაწესებულებაში გადამწერად მუშაობდა.

        ათას რვაას ოთხმოცდაათ წელს, ანუ თუთაშხიას გააბრაგებიდან ხუთი წლის შემდეგ, მუშნი ზარანდია აქციზიდან ჟანდარმერიაში გადადის (საკუთარი ნება-სურვილით) და იქ აგრძელებს კარიერას უმცროსი ჟანდარმის რანგში.
 
        რატომ შეიცვალა ზარანდიამ სამსახური? რატომ გადავიდა იგი იმ სიბრტყის (ასპარეზის) საპირისპირო სიბრტყეში, რომელშიაც თუთაშხია თავიდან უნებლიეთ, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა? რატომ დასჭირდა მას ამისთვის ხუთი წელი? ლოგიკის ძალით, თუთაშხიას რეაქციას ანდრიევსკის გრძნობისმიერ ნაბიჯზე ზარანდიას მხრიდან მხარდაჭერა თუ არა, სიმპათია მაინც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ამგვარი რამ ნაწარმოებში არსად ჩანს. ნაცვლად ამისა, გვხდება მისი დასაბუთებული წერილი არსებული იმპერიული სახელმწიფო წყობილების, როგორც გარკვეული სოციალური სისტემის  დაცვის თაობაზე, მასში განსახორციელებელი აუცილებელი ცვლილებების და, საერთოდ, ყოველგვარი სიახლის მიუღებლობაზე, რომლითაც იგი წარსდგა ჯერ ნათლიის – გრიგოლ ფაღავას, ხოლო შემდეგ, ამ უკანასკნელის მეშვეობით, გრაფი სეგედის წინაშე.

        აქვე საჭიროა ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში სიცხადის შეტანა: რატომ გავიდა დათა თუთაშხია აბრაგად? რატომ არ დაკმაყოფილდა იგი პორუჩიკ ანდრიევსკისთან გამართული დუელის (თუმცა სასიკვდილოდ დაჭრილი ოფიცერი ამ დაპირისპირებას დუელად არ თვლიდა) შემდეგ მიმალვაში ყოფნით? სეგედის ერთ შეფასებას კითხვად თუ ვაქცევთ, იგი ასეთ სახეს მიიღებს: რატომ ეხუმრებოდა და ეთამაშებოდა აბრაგი გაუგებარი თავგამოდებით სახრჩობელას თუ არა, კატორღას მაინც?

        გრაფი სეგედი იქვე იძლევა ამ კითხვის ერთ სავარაუდო პასუხს: ,,თუთაშხიას, ეტყობა, ეხალისებოდა პოლიციასთან და ჟანდარმერიასთან ამგვარ დამოკიდებულებაში ყოფნა, რაც, იქნებ, იმითაც აიხსნებოდეს, რომ ხალხში  ყოველი მისი პატარა წარმატებაც კი დიდ გამოხმაურებას პოულობდა, ამაღლებდა მის ავტორიტეტს, აკმაყოფილებდა მის პატივმოყვარეობას.”

        შეიძლება ითქვას იმის შესახებაც, რომ ახალგაზრდა თუთაშხიას უარი სასამართლოს წინაშე წარდგომისა და მისი გადაწყვეტილება აბრაგად გასვლისა, არა მხოლოდ საკუთრივ მისი, ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, არამედ ოჯახის (მამა) და საზოგადოების მხრიდან ჩაგონებული და მხარდაჭერილი. ცხადია, იგი ამ ფასეულობებით (ეროვნული) იყო აღზრდილი. აქ ასევე შეიძლება მოვიგონოთ მაგალი ზარანდიას შენიშვნა, რომელიც მან მეუღლის, თამარ ზარანდიას მისამართით გააკეთა, გააბრაგებული შვილის ერთ-ერთი სტუმრობისას მათსავე ოჯახში: ,,...არც მამა-პაპა ჰყოლია მაგას, გარემოებას რომ ურიგდებოდა, ისეთი, და არც ჩვენ გაგვიზრდია ეს კაცი დაშოშმინებული და მშვიდი ცხოვრებისთვის.”
 
        ამგვარად, დათა თუთაშხია უნებლიეთ, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა ჩათრეული დუელში, თუმცა აბრაგად გასვლა მისი შეგნებული, გაცნობიერებული ნაბიჯი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ დუელი თუთაშხიასთვის ერთგვარი საბაბი იყო აბრაგად გასასვლელად; შესაბამისად, დუელამდელი მისი ცხოვრება - ესაა მოსამზადებელი პერიოდი, არსებული წყობილების (იმპერიული) წინააღმდეგ მიმართული.

        რამდენად ზნეობრივი იყო დათა თუთაშხიას ცხოვრების გზა მეჯოგეობიდან აბრაგად გასვლამდე და რა ძირითადი მომენტები შეიძლება გამოიყოს ამ გზის დასახასიათებლად?

        ა) ანდრიევსკის დუელში გამოწვევა (არა შურისძიება, ან სხვა რამ): ,,მკადრა რაღაც, არც მე, არც ჩემს ოჯახს და არც თვითონ რომ არ ეკადრებოდა, ისეთი. ვერც მე ვაპატიე, არც მან დაუწყო ძებნა შერიგებას.” აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს დაპირისპირება ურთიერთთანხმობის საფუძველზე მოხდა, რასაც დაჭრილი პორუჩიკი თავადვე ადასტურებს დაკითვის ოქმში. ბ)თუთაშხიას პირველი გასროლის უფლება ჰქონდა, მაგრამ მან ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა – განგებ ააცილა დაპირისპირებულს. გ) პორუჩიკ ანდრიევსკისგან მკლავში დაჭრილმა, შეშინების მიზნით მარჯვენა თვალში დაუმიზნა დამჭრელს.  იგრძნო რა გადამდგარმა ოფიცერმა, რომ უეჭველი ხვდებოდა ტყვია, თვალი გაარიდა ლულას. ამის შემდეგ, თუთაშხიამაც მკლავში ესროლა, მაგრამ ვერ ივარაუდა საკუთარი დაჭრილი მკლავის სისუსტე, ტყვია მუცელში მოახვედრა და სასიკვდილოდ დაჭრა ტახტის აზნაური. შეიძლება ითქვას, რომ თუთაშხიას ანდრიევსკი შემოაკვდა. რამდენად ზნეობრივი იყო თუთაშხიასაგან პასუხისმგებლობაზე თავის არიდება? როგორც უკვე ითქვა, დაპირირსპირება ურთიერთთანხმობის საფუძველზე მოხდა. ამასთან, მომაკვდავი ოფიცერი კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა თუთაშხიას მიმართ რაიმე სახით საქმის აღძვრისა.  გარდა ამისა,  მომავალი აბრაგის ამ საქციელს ის გამართლება აქვს, რომ იგი არ დაემორჩილა კანონებს, რომლებიც დამპყრობელ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. შესაბამისად, დათა თუთაშხიას გადაწყვეტილება აბრაგად გასვლისა, იყო დამპყრობელი ქვეყნის და მისი სამართლებრივი ნორმების საწინააღმდეგო, საკუთარი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ გადადგმული შეგნებული, თუმცა პირად ასპექტში დიდი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება, რაც, უდავოდ, ზნეობრივი საქციელი იყო მისი მხრიდან.
             
        ახლა დავუბრუნდეთ მუშნი ზარანდიას და გავარკვიოთ, თუ რამდენად ზნეობრივი იყო მისი ცხოვრების გზა, აქციზის მოხელეობიდან უმცროსი ჟანდარმის ჩინამდე და რატომ აირჩია მან იმ ასპარეზის საპირისპირო ასპარეზი, რომელზეც მისი ბიძაშვილი ხუთი წლის გასული იყო?

        ცნობილია, რომ ასპარეზი საზოგადოებაში მრავალია. ერთ-ერთზე ზარანდია უკვე იყო თუთაშხიას გააბრაგების მომენტისთვის - აქციზის მოხელე. უნდა ითქვას იმის თაობაზეც, რომ მომავალ ჟანდარმს გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და პორუჩიკ ანდრიევსკის დღიურების მიხედვით, მას ჰუმანიტარული მეცნიერებები, განსაკუთრებით კი სამართალი აინტერესებდა და ეხერხებოდა კიდეც. თუმცა აქვე იმაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ სამართლის სფეროც ზოგადია და იქაც მრავალი მიმართულება შეიძლება აირჩიოს დაინტერესებულმა პირმა. მიუხედავად ამისა, ზარანდია ირჩევს იმის საპირისპირო ასპარეზს, რომელზეც მისი ბიძაშვილი უკვე ხუთი წლის გასული იყო. ცხადია, მას ამის უფლება ჰქონდა, თუმცა მისი ასეთი გადაწყვეტილება სათანადო ანალიზს და შესაბამის შეფასებას საჭიროებს.

        როგორც უკვე აღინიშნა, პორუჩიკ ანდრიევსკისთან გამართული დუელის შემდეგ თუთაშხიამ უარი თქვა იმპერიული სახელმწიფოს სასამართლო წესებზე, რაც  ამ კანონების და მათი დამდგენელი ინსტიტუტის უარყოფას ნიშნავდა. ამ ფონზე კი ზარანდია სწორედ აღნიშნული კანონების და მისი შემომღები სახელმწიფოს იდეურ დამცველად გვევლინება და იღებს გადაწყვეტილებას, - პრაქტიკულად განახორციელოს ის აზრები, რომლებიც მან ნათლიისადმი გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიბა.

        ზემოაღნიშნული ხუთწლიანი პერიოდის შესახებ (1885-1890წწ.) ნაწარმოებში  მწირი ცნობები მოიპოვება, თუმცა რაც არის, ისიც რეალურ სამსახურს გაგვიწევს დასახული მიზნის მიღწევაში. მთავარი ინფორმაცია კი ნაწარმოების დანარჩენ, ძირითად ნაწილშია, რომლის ექსტრაპოლაციაც ასევე უნდა დაგვეხმაროს აღნიშნული მიზნის მიღწევაში.

        მუშნი ზარანდია თავის ნათლიას, თავად გრიგოლ ფაღავას, ზემოხსენებულ წერილში სწერდა, რომ მის შექმნას სრული ერთი წელი მოანდომა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზარანდიამ ჟანდარმად 1890 წელს დაიწყო მუშაობა, მაშინ გამოვა, რომ წერილის წერას იგი 1889 წელს უნდა შესდგომოდა. სეგედის ცნობითვე, 1889 წელს აბრაგი თუთაშხია უკვალოდ (ჟანდარმებისთვის) გაქრა, ანუ მან დაასრულა საქართველოში აბრაგობის ოთხწლიანი პერიოდი და გაუჩინარდა. სეგედის შეფასებით - თუთაშხიას ჟანდარმებთან თამაში მობეზრდა, ვინაიდან ისინი სუსტ მოწინააღმდეგებად მიიჩნია.

        შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ მუშნი ზარანდიას სწორედ თუთაშხიას გაუჩინარებამ ააღებინა ხელში კალამი? ამ ფაქტმა ხომ არ აღუვსო მას ,,მოთმინების” ფიალა, ხომ არ იქცა იგი მისთვის იმ ათვლის წერტილად, რომლის შემდეგაც ხელი მიჰყო ზემოაღნიშნული წერილის წერას, ანუ იმას, რისი მეშვეობითაც ჟანდარმერიაში საკუთარი გადაბარგება იდეოლოგიურად დაასაბუთა და უზრუნველყო?

        ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, ვინაიდან მასთან  დაკავშირებით ნაწარმოებში მხოლოდ წლებზეა საუბარი და არა თვეებზე, თუმცა, ვარაუდის დონეზე, სწორედ აბრაგის გაუჩინარება უნდა ქცეულიყო წერილის შექმნის ერთ-ერთ უპირველეს საბაბად. ზოგადად შეიძლება იმის თქმაც, რომ თუთაშხიას მოუხელთებლობამ და იმპერიული სახელმწიფოს, როგორც მდევნელის უძლურებამ უზარმაზარი თავისუფალი (ცარიელი) სივრცე გააჩინა (შექმნა), რომელიც ვიღაცას უნდა შეევსო, დაეკავებინა. ასეთი ვინმე აღმოჩნდა მუშნი ზარანდია – აბრაგის მამიდაშვილი, პატარაობიდანვე მასთან თანაშეზრდილი და, შეიძლება ითქვას, მისი პიროვნების ყველაზე დიდი მცოდნე.
 
        როგორ შეიძლება გავიგოთ ზარანდიას მიერ ზემოაღნიშნული წერილის შექმნის ფაქტი? უპირველეს ყოვლისა, ესაა სახელმწიფოს (იმპერიულის) სასარგებლოდ, მის მხარდასაჭერად გადადგმული კონკრეტული, დასაბუთებული ნაბიჯი. რას უნდა გამოეწვია მისი მხრიდან ასეთი საქციელი? პირველ რიგში, იმ რეაქციას და შედეგებს, რაც თუთაშხიას გააბრაგებას მოჰყვა:
  ა) მშობლების (განსაკუთრებით მამის) ღია თუ ფარული სიმპათია, რომელიც  აბრაგის მხარეს იყო;
  ბ) საზოგადოების დიდი ნაწილიც აბრაგს თანაუგრძნობდა;
  გ) სახელმწიფოს მხრიდან აბრაგის ხანგრძლივვადიანი მოუხელთებლობა;
  გ) ამ ფონზე დასაცავი და მხარდასაჭერი თავად სახელმწიფო (იმპერიული) იყო, რომლის ჟანდარმებთან ურთიერთობას თუთაშხია ,,საუკეთესო გასართობს” ეძახდა (ზარანდიას გამოჩენამდე).

        აქ კი ისმის სხვა კითხვა: რატომ თავადაც არ იქცა ზარანდია ძმის, ოჯახის, იმ საზოგადოების ფასეულობების გამზიარებლად, რომელსაც თავადაც ეკუთვნოდა? რატომ გამოვიდა იგი თავის წერილში არსებული მდგომარეობის (რომელიც მისსავე ქვეყანაში უცხო იმპერიამ შექმნა) დამცველად და მისი შეცვლის მოწინააღმდეგედ? ამ კითხვას მოგვიანებით ვუპასუხებთ, ახლა კი სხვას გავცეთ პასუხი: რისთვის (ან ვისთვის) უნდა დასჭირვებოდა ზარანდიას აღნიშნული წერილის შექმნა?

        ჯერ ერთი, მან დასაბუთებული, წერილობითი (ანუ ფაქტობრივი) პასუხი გასცა (გაემიჯნა) იმ ფასეულობებს, რომლებიც მამის, მაგალი ზარანდიას ოჯახში იყო გაბატონებული და რომელთა მეშვეობითაც აღიზარდნენ ,,სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულის” შვილები. უფრო ზუსტად: მაგალი ზარანდიას ოჯახში ეროვნული და ზოგადკაცობრიული ფასეულობები ისე ძლიერი იყო, რომ სხვაგვარი ქცევა (მათგან გაქცევა) ღრმა დასაბუთებას მოითხოვდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოანდომა ზარანდიამ წერილის შექმნას სრული ერთი წელი. მეორე, მუშნი ზარანდიას აღნიშნული წერილი ერთი რიგითი (თუ არარიგითი) თანამდებობის დასაკავებლად ან განსხვავებული ხელფასის მისაღებად არ სჭირდებოდა. მან ამ წერილით თავიდანვე ამცნო იმპერიულ სახელმწიფოს მასთან სულიერი წილნაყარობის ამბავი და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სხვა გზას (იმპერიის ერთგულქვეშევრდომობა) სამომავლოდ აღარ (და ვეღარ) აირჩევდა. მესამე, ზარანდიამ აღნიშნული წერილით წინდაწინ გაითვალისწინა ის სიტუაცია, რომ ჟანდარმერიაში სამსახურის დაწყებისას და, მით უმეტეს,  კარიერული ზრდის გზაზე მას ალალი ბიძაშვილის უკანონო ცხოვრება შემაბრკოლებელ გარემოებად ამოუტივტივდებოდა (პრევენცია).

        რატომ აირჩია მუშნი ზარანდიამ იმის საპირისპირო ასპარეზი, რომელზეც მისი ბიძაშვილი უკვე ხუთი წლის გასული იყო? რა უნდა ქცეულიყო მისთვის მამოძრავებელ ძალად? კავკასიის მეფისნაცვალთან გამართული ერთი მნიშვნელოვანი თათბირის დამთავრების შემდეგ, ახალბედა ჟანდარმი ამ შეხვედრის მასპინძლის დასმულ კითხვას: ,, ...თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს თქვენს ბიძაშვილზე, ყაჩაღ თუთაშხიაზედაც გაავრცელებთ? მშვიდად პასუხობს: ,, ... დიახ, თქვენო მაღალაღმატებულებავ! გამოგიტყდებით, ერთგვარი აზარტითაც, რადგან იგი ღირსეული მოწინააღმდეგეა...”
 
        ვფიქრობ, სწორედ აზარტი იქცა იმ მთავარ ძალად, რომელმაც ზარანდიას წერილის შექმნა გადააწყვეტინა და იმპერიულ სახელმწიფოსთან ერთად თუთაშხიას მადევრად აქცია. ჟანდარმერიაში გადაბარგებამდე და თუთაშხიას უშუალო დევნამდე ზარანდიასთვის ძნელად აღსაქმელი უნდა ყოფილიყო აბრაგის მრავალწლიანი მოუხელთებლობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის მხრიდან, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ დევნილს იგი პატარაობიდანვე იცნობდა.  შესაბამისად, აქციზიდან ჟანდარმერიაში ზარანდიას გადაბარგების საფუძველი უფრო აზარტი იყო, ვიდრე სხვა რამ ფასეულობა. სხვაგვარად რომ ვთქვა, მუშნის ზნეობას ამ პერიოდში აზარტი განსაზღვრავდა, რომელიც კარიერული ზრდის კვალობაზე პატივმოყვარეობაში გადაეზარდა.
 
        მიუხედავად აღნიშნულისა, ზარანდიას ცხოვრებაში რაღაც სხვა გარემოებებიც უნდა არსებულიყვნენ, რომლებიც მის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯის საფუძვლად იქცნენ. მუშნის ნაბიჯი სწორედ რომ რადიკალური იყო და ჩვენი ვალია, გავარკვიოთ: მისი მხრიდან ეს იყო სულიერი მდგომარეობის ბუნებრივი გამოვლინება თუ რეაქცია იმ გარემო პირობებზე, რომლებშიაც აღიზარდა-ჩამოყალიბდა? ავჩქარდები და ვიტყვი, რომ აქ უადგილოა შეფასება, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი აკაკის ,,გამზრდელიდან:” ,,...განა მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა.”
 
        ნაწარმოების დასაწყისში სეგედი მკითხველს წინდაწინ ამცნობს იმ მიღწევებს, რომლებიც ჰქონდა ჟანდარმერული კარიერის გზაზე ზარანდიას. იგი ამბობს: ,,მუშნი ზარანდიამ ჟანდარმერიაში ოცდასამი წელი იმსახურა და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ფიასკო, ხუთი ორდენი, სამი რიგსგარეშე ჩინი, პეტერბურგში სამსახურის პერიოდში მისი უდიდებულესობის აუდიენცია პირადი საჩუქრითა და ჟანდარმერიის პოლკოვნიკის წოდება. თუნდ რიგიანად განათლებული, მაგრამ მდაბიო წარმოშობის კაცისთვის ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო.”
 
        ამრიგად, დათა თუთაშხიას უკანონო ცხოვრების მიუხედავად, მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია ჟანდარმერული კარიერის ოცდასამწლიანი პერიოდის მანძილზე აღწევს ამ სფეროსთვის და მისი წარმომავლობის მქონე ადამიანისთვის უპრეცედენტო წარმატებებს, ანუ აბრაგის კანონგარეშე ცხოვრება ჟანდარმისთვის კარიერული წინსვლის გზაზე დაბრკოლებად ვერ იქცა. მიუხედავად ამისა, ზარანდია იღებს გადაწყვეტილებას დათა თუთაშხიას ფიზიკური განადგურების შესახებ, რის თაობაზეც იგი გაკვრით ამცნობს გრაფს  მასთან სახლში სტუმრობისას. სეგედიმ ვერ შეძლო დაემალა გაოცება იმის გამო, რომ ,, - დათა თუთაშხიას საქმეს ზარანდიასთვის სადღეისოდაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა...” უფრო მეტიც, მან სტუმრად მყოფ ჟანდარმთან საუბარში  გამოთქვა ,, ...გაკვირვება იმით, რომ ზარანდიას საგანგებოდ მოუცლია თუთაშხიას საქმისთვის, და ეჭვიც, თუ რამდენად გამართლებული იყო დათა თუთაშხიას ესოდენ დაჟინებული დევნა და ისიც საკუთარი მამიდაშვილის მხრივ.” ამ საუბრისას მასპინძელმა სტუმრის ახალი განზრახვა გამოარკვია-დააზუსტა, რომელიც ჟანდარმს აბრაგის მიმართ გასჩენოდა - კარიერული წარმატებების  გამდიდრება საკუთარი ბიძაშვილის მოკვლით და მისგან ზნეობრივი გმირის შექმნით.

        უნდა ითქვას იმის თაობაზეც, რომ მუშნი ზარანდიას გადაწყვეტილება დათა თუთაშხიასაგან ზნეობრივი გმირის შექმნის შესახებ (მისი მოკვლის გზით) არ გახლდათ იმპერიულ სახელმწიფოსთან, მის ორგანოებთან შეთანხმებული ოპერაცია ან მათგან წამოსული ინიციატივა, როგორც ეს იყო ,,კილიკიის,” აბრაგის ციხეში ჩასმის, თუ სხვა შემთხვევებში. ეს გახლდათ ზარანდიას არსებაში გაჩენილი, საკუთრივ მისგან წამოსული იდეა-გეგმა! სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ უნდა აერჩია მას სეგედისთან სტუმრობისას საუბრის მინიშნებითი ფორმა.

        დავუბრუნდეთ პასუხგაუცემელ კითხვებს.  რატომ არ იქცა თავად მუშნი ზარანდია ძმის, ოჯახის, იმ საზოგადოების ფასეულობების გამზიარებლად, რომელსაც თავადაც ეკუთვნოდა? რატომ გამოვიდა იგი თავის წერილში არსებული მდგომარეობის (რომელიც უცხო სახელმწიფომ მის ქვეყანაში შექმნა) დამცველად და მისი შეცვლის მოწინააღმდეგედ?
 
        რატომ უნდა შესდგომოდა ,,სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულის” ღვიძლი შვილი მამის და, საერთოდ, ოჯახის საპირისპირო გზას?  რას უნდა  გამოეწვია მუშნი ზარანდიას ,,გაქცევა”? ნაწარმოების დასაწყისში გრაფი სეგედი მკითხველს მოუთხრობს ელე თუთაშხიას ისტორიას და ამბობს: ,,...თუმც ღმერთმა მშვენიერება ყოველგვარი სიკეთისა და სათნოების წყაროდ დასახა, მაგრამ წესს გამონაკლისიც უნდა ჰქონდეს, და ამჯერად მშვენიერებამ (ელე თუთაშხიას - ა.ბ.) უბედურება შვა.” რა მოხდა მუშნი ზარანდიას შემთხვევაში, რა გამონაკლისს ჰქონდა ადგილი, რატომ უარყო მან ახალგაზრდობაშივე მამის (საერთოდ მშობლის), ოჯახის, საზოგადოების ფასეულობები და რატომ ჩადგა იგი დამპყრობლის სამსახურში, ანუ რატომ იშვა ,,სახლი სათნოებისა და სახლი სიყვარულის” გარემოში ძმის (შესაბამისად მამის)  მკვლელი?

        ხომ არ დაედო მუშნი ზარანდიას საქციელს (მოუხელთებელი ძმის მოხელთების მიზნით იმპერიის სამსახურში ჩადგომა) საფუძვლად ის გარემოება, რომ მას დათა თუთაშხიას სახით ბავშვობაშივე (პატარაობიდანვე) გამოუჩნდა მშობლის სიყვარულის მოცილე? ხომ არ იქცა მოზარდი თუთაშხია იმ ფასეულობების უკეთ ამთვისებელ-გამზიარებლად, რასაც ოჯახი (განსაკუთრებით მამა) ქადაგებდა, ვიდრე ღვიძლი შვილი - მუშნი ზარანდია? ნაწარმოებში ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება,  თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, როცა თუთაშხია და ზარანდია მამის  ოჯახში ხვდებიან ერთმანეთს, სადაც ჟანდარმი აბრაგ ძმას და საკუთარ მშობლებს ციხის ვარიანტს გაუხმოვანებს. ამ შეხვედრაზე თამარ და მაგალი ზარანდიები აშკარად დაუპირისპირდებიან მეფის სამსახურში მყოფ შვილს და პირდაპირი ფორმით გამოხატავენ სიმპათიას აბრაგი შვილის მიმართ. დათა თუთაშხიასადმი განსაკუთრებული მოპყრობის ფაქტებს აღმზრდელი მშობლების მხრიდან ნაწარმოებში სხვაგანაც ვხდებით, თუმცა აქ უფრო უპრიანია მოვიგონოთ რომანის ერთ-ერთი მთხრობლის, ზარანდიების ოჯახის შვილობილის, შალვა ზარანდიას (გოგნიაშვილი) ნაამბობი, როცა იგი მკითხველს იმ წესის შესახებ ამცნობს, რომელიც მაშინდელ სამეგრელოში არსებობდა: ,,აყვანილი შვილი ამყვანს საკუთარი შვილებისგან არ უნდა გამოერჩია, სირცხვილად ითვლებოდაო.” შესაძლებელია, სწორედ ამ წესმა იქონია გარკვეული ტიპის გავლენა (გამონაკლისი) მოზარდი ზარანდიას აღზრდა-ფორმირებაზე.
 
        დათა თუთაშხიასთან დამოკიდებულებაში ბავშვობიდან გამოყოლილი წყენის გამო ანგარიშსწორების მცდელობის სხვა მაგალითი გახლავთ ძობა ძიგუა (მისი საქციელი), რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ემზადებოდა (იარაღით) აბრაგთან შესახვედრად. აქ საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების მომენტამდე დათა თუთაშხია ძიგუასთვის პირადი მტერი იყო. ძიგუას მხრიდან ეს იყო პირად წყენაზე დაფუძნებული ანგარიშსწორების მცდელობა (რაზეც მან მოგვიანებით უარი თქვა) მაშინ, როცა მუშნი ზარანდიასთვის თუთაშხიასთან დაპირისპირებამ პირადულობის და პიროვნულობის საზღვრები გადალახა და ოჯახთან და საკუთარ ხალხთან, მათ ფასეულობებთან დაპირისპირების ფორმა მიიღო. 

        ნაწარმოებიდან ცნობილია, რომ როგორც დათა თუთაშხია, ისე მუშნი ზარანდია თავიანთი ცხოვრების ბოლო ეტაპზე ბოროტების სიკეთედ გარდაქმნის იდეამდე მიდიან (ზარანდია, სავარაუდოდ, ამ იდეამდე თუთაშხიასგან უნდა მისულიყო, ვინაიდან მან აბრაგის შესახებ ყველაფერი იცოდა, მათ შორის ისიც, თუ ვისთან როდის რა თქვა, რა აზრი გაახმოვანა). აღზევებული ჟანდარმი ბოროტების სიკეთედ გარდაქმნას დათა თუთაშხიას მოკვლასა და მისგან ზნეობრივი გმირის შექმნასთან აკავშირებს მაშინ, როცა აბრაგი თავის ბალყარელ ძმადნაფიცთან, ბილალ ზანკშისთან, შეხვედრისას ასე აყალიბებს ამ იდეის არსს: ,,ბოროტის ნამოქმედარს უნდა ხედავდესო აბრაგი და სიკეთედ უნდა აქცევდესო მას.”

          ბოროტების სიკეთედ გარდაქმნის ზარანდიასეული გაგება, რომელიც მან სეგედისთან საუბრისას გაახმოვანა, უნაყოფოა და ლოგიკას მოკლებული. ჟანდარმმა თავისი კარიერის საწყის ეტაპზე ძლიერ შეარყია აბრაგის რეპუტაცია ხალხის თვალში, შემდეგ ხუთი წლით გადაუმალა იგი მას და მხოლოდ ამის შემდეგ დააყენა აბრაგისგან ზნეობრივი გმირის შექმნის იდეა. ზარანდიას ქცევის ალოგიკურობა სწორედ იმაშია, რომ სახელგატეხილი და საკუთარი ფეხით იმპერიული სახელმწიფოს ციხეში მისული აბრაგისგან ზნეობრივი გმირის შექმნა ძალზე რთულია.  ამიტომ ამ ფორმალური განცხადებების უკან შურისძიებას მოწყურებული ჟანდარმი იკვეთება, - არა ზნეობრივი იდეის ავტორი და მისი შესაძლო განმახორციელებელი. სწორედ ამიტომ იყო, რომ საიმპერიო საქმეებს გარიდებულმა, პენსიაზე გასულმა სეგედიმ პოლკოვნიკის აღნიშნული იდეა, როგორც ულოგიკო, დაუფარავი გაბრაზებით, მისი გახმოვანება-მოსმენისთანავე გაანადგურა: ,,შეშკოვსკის ეტყობა ეს რწმენა (ბოროტების სიკეთედ გარდაქმნის ზარანდიასეული გაგება - ა.ბ.) არ გააჩნდა, თორემ პუგაჩოვს და რადიშევს ჯერ ოცდაათ ვერცხლად გაჰყიდდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძიებდა მათ საქმეებს.”

        აი, ზოგი მოსაზრება იმ ,,ზნეობის” შესახებ, რომელმაც მუშნი ზარანდია გააბრაგებული ოჯახიშვილის საპირისპირო ასპარეზზე გაიყვანა, იმპერიულ სახელმწიფოსთან ერთად მის მადევრად და საბოლოო ჯამში, მკვლელად აქცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები