ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2009


ჩემი სავარჯიშოებიდან:ჰაიკუ



გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ჰოკუს/ჰაიკუს თხზვა თავისებურ პოეტურ მოდად იქცა. ამ მოდას არც მე ჩამოვრჩენილვარ. დღეს მინიმალისტურად წოდებულ ლექსებს ადრევე ვწერდი , მაგრამ ეს იაპონური ლექსი სხვაგვარად მიზიდავდა, მიზიდავდა შემოქმედებითი და ტექნიკური ამოცანები, რომელიც ავტორს უნდა გადაეჭრა მისი შექმნისას . ვუკვირდებოდი ქართული პოეზიის ნიმუშებს და ვეძებდი სახეებს , რომელთა ''გარდაქმნაც'' შესაძლებელი იყო ჰაიკუდ. ორიგინალური ბევრი არაფერი შემიქმნია, უფრო ჩემთვის ვვარჯიშობდი. მერე ნაწერები გამებნა და ორიოდე მათგანი დამახსომდა.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან-ხეზე გადაფრინდა ჩიტი .


მეჩვენებოდა, რომ გრანელის ლექსის ეს ფრაგმენტი ემბრიონალურად ჰაიკუს შეიცავდა.
დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენებით შემექმნა ჰაიკუ ისე, რომ შემენარჩუნებინა პირველწყარო, ავტორის მითითებით.
ერთი ვერსიის თანახმად, გრანელმა თავისი ფსევდონიმი აიღო ლათინური სიტყვიდან ''გრანულა'' -/მარცვლი/ .
სეზონი გაზაფხული ზამთრით შევცვალე, ხიდან ხეზე გადაფრენა გაზაფხულური მოძრაობა იყო, სამაგიეროდ , ზამთარში შეიძლება მიწაზე იყოს რაიმე საზრდო, მარცვალი...ამ კონკრეტული პლანის იქით შესაძლებელია განზოგადებაც...მოკლედ , ჰაიკუ ასეთი გამოვიდა.

ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ჩიტი
ვეღარ ფრინდება.


ახლა ალბათ ასეთ ანჟამბამანურ ვერსიას ვარჩევდი:


გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.

მთლად ''მოქართულებული'',ორიგინალთან პირდაპირ დიალოგზე გასული ვერსია,რომელსაც აღარ დასჭირდება გრანელის სახელზე მინიშნება, ასეთი იქნება,მაგრამ ამ შემთხვევაში ტექსტს დაეკარგება მიღმიერი პლანები და განზოგადების საშუალება, ხოლო მკითხველს - მისი ინტერპრეტირების სიამოვნება:


გაზაფხულამდე

დადგა ზამთარი.
ტოტიდან ტოტზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.

პ.ს. კანონიკური სქემა / 5-7-5 / ამ სამი ვერსიის განსხვავებული რიტმული ჟღერადობის მიუხედავად, სამივეგან დაცულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები