 | ავტორი: სოფი მილაძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 ივნისი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ქვეყანა და მის უძველეს, დახუთულ, უჰაერო და ნაგვიან დედაქალაქში იყო ერთი საავადმყოფო, სახელად "ინფექციური". ინფექციურის ეზოში მიმობნეულ, მტვრიან, დანგრეულ, უსახურ შენობებში ძნელი იყო გზის გაგნება. და კიდევ ბევრი რამ იყო იქ ძნელი...
ამ ქვეყანაში იყვნენ ნაცმოძ, ქოცმოძ და კიდევ ათასმოძ ბიძიები და დეიდები, შრამ, შხამ და გაურკვეველი ქიმიკატებით შემკული არსებები, ღრეკილნი, გვაჯნი, უსახურნი, ბნელნი. უმეტესად - ტვინით, სინდისითა და სულით.
ამ ნაცმოძ და ქოცმოძ არსებებს უყვარდათ ლარუკები, დოლარუკები და მისთანუკები. ამისათვის დაიწესეს პრემიუკები. მერე სახელი შეუცვალეს და დაარქვეს დანამატუკები. მათ ყოველთვის ჰქონდათ ძვირიანი ქაღალდუკები.
იყო ერთი პატარა ბიჭი, სახელად იოანე, სულ წლისა და სამი თვისა. იოანეს და მის დედიკოს არ ჰქონდათ ლარუკები (დოლარუკებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!) და ვაგლახ, იოანე მოხვდა ინფექციურში!
იყო ერთი თერმომეტრი, ერთადერთი თერმომეტრი ინფექციურის საბავშო განყოფილებაში და დადიოდა მორიგეობით თერმომეტრი იგი და ზომავდა პაწია იღლიებსა და ტაკუნებში მაღალ-დაბალ სიცხეებს.
და იყო ფანჯარა, არ იყო ბადე და იყვნენ კოღონი, ღრიალა (არა წუილა!) კოღონი და იყო დედა იოანესი, სიცხიანი შვილის თავთით მჯდომი და მგლისხახა კოღოთა მაგერიებელი.
ამ ქვეყანაში იყო არჩევნები. ნაცმოძ და ქოცმოძ ბიძია-დეიდებს უნდოდათ და სჭირდებოდათ ხმები არჩევნებზე. კიდევ ბევრი რამ უნდოდათ, ალბათ... (ნეტავ, შემწვარი ბადრიჯანი ხომ არა?!) მაგრამ ამ ბიძიებს თავის რამდენიმესანტიმეტრიან ხორცმეტებზე ეკიდათ მთელი ქვეყანა, სიცხიანი ბავშვებიც და ის ერთადეთი თერმომეტრიც! დეიდებსაც ეკიდათ, უმეტესად - დოლარუკებით მოსუქებულ მიშენებებზე...
იყო იოანეს ბაბუაც (ეჰ, ის მართლაც იყო, ცხონებული). ამბობდა ხოლმე - პროჭმოჭერით საქმე არა კეთდებაო! (მაგრამ ეს ხმების მოყვარულ ბიძიებს არ ესმოდათ). იყო იოანეს დედაც და უკვირდა: კაცო, ეს ქოცმოძ, ნაცმოძ, მრავალმოძები ამდენს რო ჭამენ, მერე როგორღა უჭერენო?!
იყო კაცი, თემურ ბაბლუანი. უყვარდა ფილმების გადაღება და მისი ერთ-ერთი ფილმის რომელიღაც პერსონაჟის ერთი ფრაზა მთელმა ქალაქმა იცოდა - "თქვენ გინდათ ჩემი ფული? მე თქვენს დედებს მოვ***ავ!" - ასე ჟღერდა. ეს პერსონაჟი ახლა ალბათ დაიყვირებდა: "თქვენ გინდათ ჩემი ხმა არჩევნებზე? მე თქვენს დედებს მოვ***ავ!!!" (საკითხავი კია, ვინ - ვისას, მაგრამ...)
იყო კაცი. ნამდვილი კაცი, გურამი. რჩეულიშვილი. "დამალეთ ეს ქვეყანა! დამალეთ!" - გმინავდა...
ამ ქვეყანაში იყო ფიქრი და ოცნება გაბრწყინებასა და გადარჩენაზე... იყო, იყო და იყო... მეტი რაღა უნდა ყოფილიყო?!
ჭირი იყო, ლხინი არ იყო. ქატო იყო, ფქვილი არ იყო... იყო შარდის სუნი და ნერწყვთა გუბე...
ფიქრთგასართველი წყალიც აყროლებული იყო... და გმინავდა გურამი - დამალეთ ეს ქვეყანა, და-მა-ლეთ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თაზო, შენ ყოველთვის სწორად გესმის ის, რასაც ვწერ. გმადლობ. თაზო, შენ ყოველთვის სწორად გესმის ის, რასაც ვწერ. გმადლობ.
1. სამწუხარო რეალობაა ნამდვილად სოფი.. როგორც ნამუშევარი ძალიან მომეწონა. სამწუხარო რეალობაა ნამდვილად სოფი.. როგორც ნამუშევარი ძალიან მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|