ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
#პროზა
ნინო დარბაისელი
უტოტო ხისა და კუტი პურის ამბავი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ზაფხულისპირს, ჩემს დედულეთში, ველისციხეში ახალ უმაღლესდამთავრებული გოგო გაიტაცეს. მე სხვებზე ადრე გავიგე ეს ამბავი. საერთოდაც, ოჯახში ყოველთვის ყველაზე ადრე ვიცოდი ყველაფერი - უბნის წყარო ჩვენგან ორ ნაბიჯზე იყო და დღეში ასჯერ გავრბოდი პაპაჩემის ნაჩუქარი, წარნაქიანი კოკურათი. ფანჯრიდან წყალზე მიმავალ ორ-სამ ქალს ერთად დავინახავდი თუ არა, იქ გავჩნდებოდი, ყურებდაცქვეტილი გვერდიდან ბრტყლად ავეკრობოდი ცემენტით ნალეს წყაროს გრილ, შეხავსულ კედელს და ვითომც იქ არ ვიყავი. ეს რომ წარმოიდგინოთ, ნანახი უნდა გქონდეთ ის მოთაღული, პატარა ნაშენი, კახეთში წყაროს მილს დღესაც რომ ბევრგან ადგას თავზე. უფრო პატარობისას, სამ- ოთხი წლისანი - შიგნითაც ვეტეოდით, გვერდის შეღრმავებულებში. ისე კი, ძალიან ჩუმადაც არ ლაპარაკობდნენ: - გაიტაცებდნენ, მა რა! გარე-გარე ყურებაი რო დაიწყებს გოგო.. -. ვინ იცის, ი ქალაქში გარე-გარე კიდეც დადიოდა... - სოფლამდე მართალ ამბავს ვინ მაიტანს, თორემა ამაობაში ფეხიც კარგა ექნება გადაბრუნებული.... მართლა შემჩნეული მქონდა, ქალაქიდან ჩამოსულები, უმაღლესდამთავრებულები, უმაღლესქუსლიანი ფეხსაცმელებით რომ დასეირნობდნენ სოფლიშუა მდგარი ჩვენი წოწოლა სახლის წინ, ოღრო-ჩოღროში, გუბეებს გარე-გარე უვლიდნენ და წამდაუწუმ ფეხი უბრუნდებოდათ. ენაზე კბილი ამეშვა და დიდი ქალივით ჩავერთე: -ქალაქში კი არა, აქაცა ჰქონდა ფეხი გადაბრუნებული... - რააო???? -არაფერი. ამბობს, რა! ბალღია. - ამაი უყურე! - აბა, ეხლა აქედან მოუსვი! . - ბაბოშენმა იცის, აქ რო ხარ? გაიქე, ბაღჩაში ქინძი ექნება და ცოტა ჩვენსა გადმაიტა.
ასე, ერთი კვირის ძებნის შემდეგ გოგო დააბრუნეს. ,,ვოლგებიანმა", ჯან-ღონიანმა ნათესავებმა სახლში შეიყვანეს თუ არა, ბაბომისი, თითქოს ქართულსა ცეკვავსო, ხელებგაშლილი გამოვარდა გარეთ და იქაურობას სამი წრე დაარტყა: -- მამილოცეთ, ხალხნო-ო, მამილოცეთ! არაფერიც არ მომხდარა, ჩვენი გოგო გაჰქცევიათ და ხეზე ასულაო. გაილია ზაფხულიც. შემოდგომაზე გოგო ცოტა შესუქდა. . წყაროზე - ქალები: -ქა, ი რობიზონაი გოგოი რამოტელა ყარფუზი უჭამია, მუცელ ძლივთ მიეტატება. (სახელი შეცვლილია. - ავტ.) - ყარფუზი არა და, ისა! მაგაი ბლომათ შავკუჭა ლობიო ექნება ნაჭამი. - აკი, ხეზეო?! - ჰოო, ხეზე, ხეზე, მაგრა უტოტო ხეზე აბღოტებასა - ეგრე სცოდნია... - ააა, თუ უტოტოზე ასულა, უნდა გაატანონ, თავზეით რა ძალაა! - ნამატი კი მაგათია და არც არავინ შაეცილება, მაგრა გოგოი სუ შინ ხო არ დააკუტებენ! თანაც ბიჭის დედამა, როცა გვინდოდა, არა და არა ქნეს და ეხლა კიდენა მაგის შემომშვებები ჩვენ აღარა ვართო. - შენ გული დაიარხეინე, მამამისმა რო მოინდომოი, ეგეთ უტოტო ხესა - ათს უყიდის. რაღაც საჩუმათო რომ თქვეს, მივხვდი, გაგებით - ბავშვმა ვერაფერი გავიგე, ერთი კი მახსოვს, გიორგობას ის გოგო და ბიჭი გაიპარნენ. გოგომ საიდანღაც “სროჩნი ტელეგრამა” გამოუგზავნა, ჩემით გავყევი და არ მეძებოთო. მუხლიჩოქით ახვეწნინეს, ოღონდ გვეჩვენეთ, შეგვირიგდით და დიდ ქორწილს გადაგიხდითო. იქიდან - ახალწლობებამდე ჩვენს საურმეში ქეიფი და ჰარი- ჰარალე აღარ მიჩუმებულა. სოფლის ყველა თონე ბოლავდა. ბალღებთან ერთად მეც გატრუნული ველოდებოდი საქორწილოდ ჩაკრული პურის ჩაკუტებას. აუჰ, იცით, რა არის, ცხელ-ცხელს რომ ამოაგდებენ, ზედმეტ მლაშე ნაცარს გადაწმინდავ და შეახრამუნებ ზერელედ დაჭრილ ყველთან ერთად! ზოგს ახალი ჩამიჩითაც უყვარს. კუტი პური - ობლისააო და ოქროს დედ-მამაც რომ ეხვიოს თავზე, ყველა ბალღი - მაინც ობოლია... და საერთოდაც, განა ყველანი ობლები არა ვართ, ვიდრე არ მივხვდებით, რომ მამა - ერთი გვყავს, მაგრამ მივხვდებით კია?
ნინო დარბაისელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კუტი პურივით გემრიელად წასაკითხია. კუტი პურივით გემრიელად წასაკითხია.
6. სათაურიც ენის სატეხ სავარჯიშებელია :) მშვენიერი ამაბავი და თხრობა . სათაურიც ენის სატეხ სავარჯიშებელია :) მშვენიერი ამაბავი და თხრობა .
5. მადლობა არმენ, მუხა, ჯონათან! მეც გადავიკითხე და ვიფიქრე, ასეთ დაძაბულ დროს სულ ასეთი მსუბუქი რამეები უნდა იკითხოს ადამიანმა. მადლობა არმენ, მუხა, ჯონათან! მეც გადავიკითხე და ვიფიქრე, ასეთ დაძაბულ დროს სულ ასეთი მსუბუქი რამეები უნდა იკითხოს ადამიანმა.
4. ხალასი და ხალისიანი ამბავი, ტკბილკახურად :)
ხალასი და ხალისიანი ამბავი, ტკბილკახურად :)
3. გემრიელი წერა იცი საერთოდ. გემრიელი წერა იცი საერთოდ.
2. კარგად დაწერილი ამბავია, სიამოვნებით ჩასაკითხი. ისე კი მიხარია, კაი ხანია რომ აღარ გამიგია არსაიდან, ვიღაც მოიტაცესო
კარგად დაწერილი ამბავია, სიამოვნებით ჩასაკითხი. ისე კი მიხარია, კაი ხანია რომ აღარ გამიგია არსაიდან, ვიღაც მოიტაცესო
1. ჟანრი შემეშალა მეათიათასედ. მეათიათასედ ვთხოვ ადმინს დამეხმაროს. ,,პროზა უნდა ეწეროს. ჟანრი შემეშალა მეათიათასედ. მეათიათასედ ვთხოვ ადმინს დამეხმაროს. ,,პროზა უნდა ეწეროს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|