ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2018


საფეხურები

წვიმდა. ნაცრისფერი ასფალტი გალუმპულიყო. ფიქრისთვის ხელი ჩაეჭიდა და წვიმის ფარდების მიღმა მიაბიჯებდა. რამდენი დრო გავიდა, წლებმა უკვალოდ ჩაიარა, არც არაფერი წაუღია და არც დაუტოვია.
მიდიოდა ქუჩაში მარინა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ძალიან მსუბუქი იყო და ჰაერში მიაბიჯებდა. ფეხებს უცნაურად და სასაცილოდ აპარტყუნებდა.
-რა უნდა ვქნა ახლა? - დაეკითხა ფიქრს, რომელიც მისი ფეხების პარტყუნისაგან აქეთ-იქით გაფანტული წყლის წვეთებს იცილებდა.
-ტა რა რა რაა, ტამ ტამ ტააამ,- ღიღინებდა ფიქრი და ახლა სულ რამდენიმე წამით საკუთარი სხეულისაგან გასვლა და სიზმრის კანში შეძვრომას ნატრობდა.
-წავიდე? დროა?- ახლა უფრო ხმამაღლა დაეკითხა გაკრეჭილ, არასერიოზულ ფიქრს.
ქუჩაში მის გვერდით ადგილი განთავისუფლდა, ხალხი გაეცალა, ნაბიჯს აუჩქარეს.
-ქოლგები, ქოლგები, ქოლგეეები,- აგრძელებდა ფიქრთან საუბარს მარინა, - რას იტყვი ჯუმბერ?- ასე დაარქვა ფიქრს ამ ორი წლის წინ,- აბა თუ იცი, ვის ჰგვანან?
-წყაროზე შეკრებილ წვივებგაშიშვლებულ ქალიშვილებს, - გაეპასუხა ჯუმბერი.
მარინა გაჩერდა, ჯუმბერას მოუბრუნდა და სახეში შეხედა. ხმამაღლა გაეცინა.
-სულ ქალიშვილებზე როგორ ფიქრობ, ჰაა?
ფიქრს თვალები ჩაუმუქდა და ღიმილი დამალა.
-ქალიშვილები, ქალიშვილები, - მარინა შუა გზაზე გაილაჯა და ქოლგებს გახედა, - აი, ის ვარდისფერი, ალბათ, ნიტაა. მაღალი კანჭები აქვს და ქერა თმა, უბნის ბოლოში რომ თენგო ცხოვრობს იმას ეპრანჭება. ბიჭს დაინახავს და ჭორფლიან სახეზე სიწითლე ედღაბნება. ოოო, ეს ცისფერი ქალბატონი რა ლამაზია, რა ლამაზი და თავხედი. კოლექცია აქვს გულების, იპარავს და მერე სათითაოდ უწურავს სისხლს. აი, ეს შავკაბიანი, ნინოა. არც ისე პატარაა, მაგრამ ქალიშვილად მოკვდება. 15 წლის წინ დაღუპვია სატრფო, რაღაც ქუჩური გარჩევის მსხვერპლი გამხდარა. დადის თავჩაღუნილი, თალხი კაბით და ჯიბეში დარდი უზის. ეს თეთრი, გაზაფხულისყვავილებიანკაბიანი, კიკინებიანი ბავშვი, თავად ბედნიერებაა, დადის, ლურჯი თვალებით და ღიმილებს ფაფასავით არიგებს კარდაკარ. . .
ჯუმბერა იდგა და მარინას ტვინში ლაბირინთებს ხლართავდა. ქალმა იგრძნო სხეულში ჯუმბერას არსებობა და გული დაუმძიმდა.
-რამ დაგაღონა, ქალბატონო? მძიმე ვარ? - ჰკითხა ჯუმბერამ. მარინა არ გაპასუხებია, იდგა და მხრების გამართვას ცდილობდა, ტვირთი კი ხერხემალს ლოდივით აწვა.
შეეცოდა ჯუმბერას და ისევ გამოძვრა სხეულიდან. ახლა თავად გამოსდო ხელკავი ფიქრმა და ქუჩას ცეკვა-ცეკვით დაუყვა.
წვიმა ნელ-ნელა დაუძლურდა და ბოლოს კანფეტით გაჩერებული აბღავლებული ბავშვივით გაჩუმდა. ცას ღიმილი გადაეფარა სახეზე. მარინამ და ჯუმბერამ გუბე იპოვნეს და ფეხები გააგრილეს.
ქუჩაში ქალმა ჩამოიარა, მარინამ თვალი გააყოლა და დაინახა, ჯუმბერას ძმები როგორ ეკიდებოდნენ კაბის კალთაზე.
-რა აზრი აქვს, ყველაფერი დასრულდა, მიდი, გაბედე! - ჩასისინებდნენ ყურში ქალს ბოროტი ფიქრები.
-არაა! გადით! გაეთრიეთ! არ შეეხოთ! თავისი გასაჭირი ეყოფა,- ყვირილით გაედევნა მარინა, ერთი-ორ ფიქრს თავში უთაქა, ყველაზე გამხდარი და მოხერხებული ფიქრი, დაიხარა და მოქნეული ხელი ქალს მოხვდა ზურგში. ახლა ქალი აკივლდა:
-მიშველეთ, მიშველეეთ!
მარინა კუთხეში დაყენებული ბავშვივით დადგა ტროტუარზე. დაღლილობა იგრძნო, ძალა გამოეცალა. ჯუმბერამ ხელი შეაშველა.
-რაც შენი საქმე არაა, რატომ ერევი? რამდენჯერ უნდა მოგივიდეს ასე?! - დატუქსა ჯუმბერამ მარინა.
-შემეცოდა, მაგას 3 წლის ბიჭი ჰყავს, ბესიკი ჰქვია. ახლა ეს ხიდს იპოვნიდა და ის შენი თანასოფლელი ტეტიები, სიხარულით ჰკრავდნენ ხელს. და მერე რისთვის? ქმარმა უღალატა? მერე რა. ღალატი, ღალატია. 3 წლის ბესიკი კი სულ სხვაა. ვინ იცის რა ბედი ელის. ეეჰ, ქალიიიი უბედურებისთვის არისოოო გა ჩე ნი ლიიი, რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რით ვერ მიხვდნენ, რომ სხვაგვარად ჩვენი ცხოვრება არ შე ი ძლე ბააა! სხვა გამოსავალი არაა, უნდა ჩაისვა უბეში ტკივილი და აწოვო ძუძუ, უნდა გამოზარდო და შეიყვარო, უნდა შეეჩვიო მასთან ერთად ცხოვრებას, აბა, როგორ გინდათ? მა რა გგონიააათ?- ყურში ჩაჰყვიროდა მარინა ჯუმბერას.
ფიქრმა განიერი მხრები გაშალა და თვალები ააფახულა. წრე შეკრულიყო და მათ ირგვლივ ხალხი სანახაობას ადევნებდა თვალს. ჯუმბერამ გულში ერთი კი დაიკრა მჯიღი, მაგრამ მარინას ყურადღება ვეღარ მიიპყრო. ზურგით მიწას მიჰკვროდა მარინა, ხელები გაეშალა, თითქოს თოვლში ჩაწოლილ ბავშვს ანგელოზის დახატვა უნდაო. იწვა და ცას აჰყურებდა. ჯუმბერა ფეხზე წამოდგა, მარინას გვერდში ფეხი წაჰკრა, ქალი არ განძრეულა, იწვა მიწაზე და ცის ფერში სიმშვიდის ტანგოს ადევნებდა თვალს სიხარულისაგან გაფართოებული თვალებით.
- ქალო, არ გესმის? - გაბრაზდა ჯუმბერა, მაგრამ ახლა მარინას ფიქრის თავი არ ჰქონდა.
ჯუმბერა გულზეხელებგადაჯვარედინებული ჩადგა ხალხს შორის.
-მოქალაქევ, ადექით თუ შეიძლება, საჯარო სივრცეში ასეთი საქციელი მიუღებელია,- თავს წამოადგა ახალგაზრდა პოლიციელი.
მარინამ ცას თვალი მოაშორა და პოლიციელს ახედა. თაფლისფერი, ბავშვური თვალები ჰქონდა ოფიცერს და სულ ტყუილად ცდილობდა წარბების შეყრით გაბრაზებული გამომეტყველება მიეღო. გულიდან გაეღიმა მარინას და ისევ ცას ახედა. სიმშიდე ბოლო ტრიუკს აკეთებდა. მუსიკა ნელ-ნელა სუსტდებოდა და სცენაზე დარდი მთაში გაწოლილი ნისლივით დიდდებოდა.
-მოქალაქევ, ადექით თუ შეიძლება! - კიდევ ერთხელ სცადა პოლიციელმა გაბრაზებული, მკაცრი სახე მიეღო.
-ხედავ რა ხდება, ოფიცერო? - ჰკითხა მარინამ და ცრემლიანი თვალები შეანათა,- ერთი ღრუბელიც კი არაა.
პოლიციელმა წარბები შუბლზე აძგიბა.
-ღრუბელი არაა, სუულ პატარა ნაგლეჯიც არაა, რომ ფეხის მოსაკიდებელი ნახო ადამიანმა და ახვიდე.
-უკაცრავად, სად? - გაოცდა თაფლისფერთვალება ოფიცერი, რომელსაც გუჯა ერქმევაო, ასე გადაწყვიტა ჯუმბერამ.
-ცაზე,ცაზე, ბატონო პოლიციელო.... ახლა რა ვქნა? - ხმა იატაკზე დავარდნელი ბროლივით დაემსხვრა მარინას, - როგორ ავიდე?
ხალხმა გაიცინა. აქა-იქ ტელეფონმომარჯვებული ახალგაზრდები სანახაობას ქირქილით აფიქსირებდნენ ვიდეოზე.
გუჯა გასწორდა, სიცილის შეკავება სცადა, რაცია ამოიღო ჯიბიდან და ბრიგადა 03 25-ს სასწრაფოს გამოძახება სთხოვა. ფსიქიატრიულის პაციენტია, აცნობა ოპერატორს.
მარინა ახლა მოკუნტული იწვა და მიწას გულში იხუტებდა.
-როცა ცუდადაა მიწაზე წოლა უნდება,- ფეხები ააბაკუნეს სიტყვებმა ჯუმბერას გულში.
მარინა წამოჯდა და თვალების ცეცება დაიწყო.
-რა გინდა? - დაეკითხა ფიქრი.
-კიბე მინდა, კიბე.
-რაა? - გაოცდა ფიქრი.
-ავიდოდი ზევით, ნახე სიმშვიდე როგორ ცეკვავდა? მეც მინდა, მინდა, მინდააა,- ატირდა მარინა. ჯუმბერამ თავზე ხელი გადაუსვა და ღრმად ამოიოხრა.
ისევ გაწვიმდა, სიცივე ჯერ ვნებიანად შეეხო კანს და მერე ძვლებში შეძვრა. ხალხის წრეს ერთი ახალგაზრდა გამოეყო, ქურთუკი გაიხადა და მარინას ეკალდაყრილ მხრებზე მოასხა. მარინამ და ჯუმბერამ ბიჭის შიშველ მკავებს შეავლეს მზერა.
ქალმა ტირილი შეწყვიტა და გაოცებულმა გააყოლა მზერა. მერე ჯუმბერას ბალნიან მკლავს დაეყრდნო და გაჭირვებით წამოდგა. მარინამ წელი გაასწორა და ფიქრს თვალებში ჩახედა, ჯუმბერამ თავი დაუქნია, მართალი ხარო. მარინას ბედნიერებისაგან ყბა მოექცა, მერე ხელები გაშალა, ქურთუკი ტალახში მოისროლა და ბიჭს გაედევნა. მხარში ძლიერად ჩაასო დასაჭრელი, ჭუჭყითგამოტენილი ფრჩხილები და თავისკენ მთელი სისწრაფით შემოაბრუნა.
-ეს საფეხურია? - შეეკითხა შიშში ამოვლებული ხმით, ემანდ უარი არ მითხრასო.
-საფეხურია, საფეხური, დეიდა,- გაეღიმა ბიჭს, თავი გაითავისუფლა და გზა განაგრძო.
მარინა ერთხანს ასე გარნდებული იდგა და სიტყვებს ეძებდა. სიტყვები დამალობანას თამაშობდნენ და ტვინის ხვეულებში ისე მიმალულიყვნენ, თავბრუ დაეხვა, მერე ხსოვნის უკან ამოფარებული ერთ სიტყვას მიაგნო, „დაასტუკა“ და აყვირდა:
-ვიპოვნეე, ვიპოვნე, ვიპოვნეეეე,- არაადამიანური ხმით აყვირდა მარინა, ჯუმბერასკენ გაიქცა, გულში ჩაიკრა და ცეკვა დაიწყო.
ასე ჩახუტებულები აიყვანა ექიმმა სასწრაფოს მანქანაში, არაფერი გაუგონიათ, მარინა საკუთარ სიხარულში იყო გახვეული, ჯუმბერა კი ისევ ღიღინებდა:
-ტა რა რა რაა, ტამ ტამ ტააამ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები