 | ავტორი: პალატამერვე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 მაისი, 2018 |
* * * ისეთი ხმაურია, თალიე, გეგონება, რაინდებს აუჯანყდნენ წისქვილები. – ასი წლის მკვდრებმა ჩირაღდნები ჩამოირიგეს და ფარცა-ფერხულს უნათებენ ჩემს სახლს გალავნად. შემომძახებენ "მასპინძელოს " ყოველ წრეზე და ტკბილი სიმღერით ქვევრს მივსებენ დალოცვილები. შენ კი, თალიე, სევდიანო ჩემო თალიე, ამ ერთი წვეთი ერთგულებით, რომ შეაბერდი რუსულ სამოვარს, არაფერს იტყვი! __ ბაღი ჭაობად გამიხდია, ნეკნები ჩალად. ხანდახან, თალიე, შენც ხდები უხეში - ის ერთი, სულ უბრალო ნეკერჩხალი, ის ერთი - ასწლოვან მუხებში. ქარები ქროდნენ და ქარები ცხრებოდნენო (წვიმები იყო! წვიმები ფესვებმა დალიეს). გაჰქონდათ თანდათან ხეები ცხედრებივით, თანდათან წარსული დგებოდა, თალიე.
* * * ვარ მომლოდინე. დაძაბული. მდუმარე. მკაცრი. თითქოს ვხედავდე, გაშლილ ველზე როგორ მოქრიან შავი მხედრები, რათა შვილის დაღუპვა მამცნონ.
ორბის ირაოს ვაყოლებდე თითქოს-და მზერას ან ზღვრების გაღმა ვაცილებდე ნისლის ხომალდებს. არა, თალიე, სადღაც ხევში ლემადე მღერის. მეც გულისყურით, გულამოსკვნილს ვუსმენ ლემადეს.
___
ვარ მომლოდინე. დაძაბული. მდუმარე. მკაცრი. თითქოს ვხედავდე, გაშლილ ველზე როგორ მოქრიან შავი მხედრები, რათა შვილის დაღუპვა მამცნონ.
არა, თალიე, აღარავინ მომდგარა ყორეს და ჩვენს მხარეში, რა ხანია სდუმან ტაძრები. თალიე, სახლში შემაბრუნე, თალიე, თორემ მწყურვალე მგზავრის მოლოდინში სული გამძვრება
* * * საით მიფრინავენ, როგორ კვდებიან. - ვიმღეროთ, ვიმღეროთ ერთხელაც. ჩვენს და ღმერთს შორის სალი კლდეებია, უდაბნოებია იმხელა. იცინე თალიე. გაიხსენე, როგორ ქარიშხალში დაგკრძალეს. სამ დღეში მეც უნდა გამასვენონ, სამი დღის სამყოფი საგზალით.
იმღერე, იმღერე. ზამთარია! ისეთი თოვაა, მალეა სიკვდილი, ცხენებიც მზად არიან, საით წამიყვანონ, თალიე?! თარიც ჩემშია და ქაიდამიც. ძაღლებმა მდიონ და მიყეფონ. აგერ, დაქცეულ კარ-მიდამოს, კოჭლი მსახურები იყოფენ. დრო კი უფსკერო მორევია, ეს ქარიც ჩადგება, აშარი. ამინდს ამინდი მორევია, მდინარეები დამშრალან. როგორღა ამბობენ?! ხავსია თუ მტვერი მოედება ქარაფებს და მაინც -კაცის ხასიათი და მაინც - არ სჯერა არაფრის.
იმღერე იმღერე, ზამთარია! ისეთი თოვაა, მალეა სიკვდილი, ცხენებიც მზად არიან, საით წამიყვანონ, თალიე?!
* * * მიმინო მზერას ვერ მიაპყრობს, თვალს მოჭრის მყისვე მზის მწველი სხივი, განა კაცს შესწევს?!
ბასრია იგი ისარივით, იმ მშვილდოსნისა, კოშკთა მცველთაგან ცეცხლში მარტო რომ დარჩენილა და სასიკვდილოდ დაჭრილს ჯერაც უნარი შესწევს - ბასრია იგი, ისარივით შურისძიების.
მაგრამ, ხომ ამბობენ, თალიე?! მაგრამ, ხომ გსმენია, თალიე?! - არის უძინართა აისები. დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება.
ესხმის "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს", (ცეცხლის მახვილი ხელთ არის!) მერე უძინართა დაისები... თუმცა, მკვირცხლად და მხნედ არის, ვითარც დაჭრილი მხედარი გზის ბოლოს სისხლისგან დაიცლება.
და ვდგავართ ორნი, ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს, მე ჩამავალ მზეს მივაცილებ, შენ - ეგებები.
სამარჩიელო
როგორ თუ არაფერი?! ზღვებს ხომ ვხნავდი, ქვიშას ხომ ვთესდი, წყალი ხომ ვნაყე. ხორბლის მარცვალი ამიზიდავს მთაზე, ახლა კი, ვზივარ აგერ და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:
ალისასა - მალისასა, უხილავის მალვისა, - ჩემი გულის ცეცხლი ქვასა, დაყივლებას მამლისა.
ზღვასაც ვხნავ და ქვიშას ვთესავ, ზენა ქარზე ცულსაც ვლესავ, გულო, შენ ვერ გაგიმკლავდი, გულო, ჩადექ საგულესა!
იქით მდინარეს ხორგი მიაქვს დაბლა, სოფლისკენ, აქეთაც მგზავრი გამოჩნდება მთას მიმავალი, აღარც წყალს ვატან გულის ნადებს, აღარც კაცს ვუმხელ. ვზივარ ჩემთვის და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:
ალისასა - მალისასა, ჩემი გულის ცეცხლი ქვასა...
გამდინარე წყალს
ტანთ ათასი მგლის ტყავი ეცვა. ათასივე ჩემს სახლში გაფინა და ამზეურა, მერე სისხლი გადამისხა ამ მხეცმა -გამხადა ქვესკნელის აზნაური.
სამარეში ჩავყევი ღამით, მიწა მაგემა მისხალ-მისხალ, მიწა კი არა - შხამი, შხამი კი არა -სისხლი, სისხლი კი არა ... ვმარჩიელობ. წყალი ტბორი იყო თუ გამდინარე, მითხრა: ლილითის ნაშიერო ! სული - ვერცხლისა ცხრა დინარი, ხორცი- ვერცხლისა რვა დინარი. ექვსი დინარი ყურთასმენა. თქვა და ცხრა მთის და ცხრა მდინარის იქით გაქრა და დამასვენა. ახლა სიზმარი ცხადი არის!
თუ გინდ წყევლა შემიბრუნდეს ასმაგად, ეშმაკს -სული, სიკვდილს ცული, ახია! ბეთანიას არ წახვიდე, ტბასთან გადი, მზე რომ ჩავა სამჯერ თქვი სახელი.
მარჩიელობ. მარჩიელო, სიზმრებს გეტყვი: გზები იყო. გაუვალი, ათასი. ქარიშხლები, წვიმები, სეტყვა. მერე უცებ დავიხოცეთ სად და სად. . - რას ხედავ? მითხარი! - გზებია, მხედარო. - საითკენ? მითხარი! - ოთხივე მხარეში, "ხეთა რიგს, ხეთა ჯარს..." ვხედავო, "ქარი ქრის, ქარი ქრის" - თარეშობს.
მარილი დაყარე, მისხალი. სანამდე სიზმრები დამღლიან, მთებს იქით პატარა სახლია, ვისია, ვინ ცხოვრობს, მითხარი.
* * * პირის შეკვრა მიბრძანე და ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას მოვანდომებ ასერთ წელიწადს! უნდა ვიმღერო - სადაც მე ვდგავარ, მთავრდებიან მდინარეები. სადაც მე ვდგავარ - ქარია.
ამომიშენე კედლები და ძილი მიბრძანე - ჩაძირულ გემებს დავისიზმრებ, სკივრებს, ზარდახშებს. ზღვის ფსკერზე დავრჩე - სევდიანი მემოზინები მომიყვებიან მითებს ხმელეთზე.
გაბზარულაო, პაპაჩემის საფლავის ქვა და ათოვს ნასახლარს. ჭა ჩამშრალაო, დაქცეულა, ჩამქრალა კერა, მოთქვამს სულელი. კაცო, ამისთვის თუ მოსულხარ, ამ ქვეყანაზე, არ დაგელია წვეთი წყალი, ქვა არ დაგედო.
აი, მე ვდგავარ მდინარეთა დასალიერთან, სიზმრებს ვკითხულობ. ხორგივით მოაქვთ, მომლოდინე დედების შიში. შენ კი, გაბზარულ ქვას დასტირი, პაპაშენისას.
წადი და მოსდე მთელ ქვეყანას ჩემი ამბავი, რომ მე აქ ვდგავარ, მდინარეთა დასალიერთან, სიზმრებს ვკითხულობ.
* * *
ჩვენ უკეთ ვიცით, ვინ ვიყავით, როგორ ვიცხოვრეთ. ჩვენი სახლები ნატყვიარ სახლებზე ადრე დაბერდნენ. ჩვენმა ქვრივებმა ისწავლეს ქსოვა და მკითხაობა. ქოთნის ყვავილებს დაარქვეს სახელები, კატები გაიჩინეს და სულ უფრო ხშირად კითხულობენ ბლოკს და ბოანეს.
(ისე ლამაზად ბერდებიან ჩვენი ქვრივები, როგორ არ უნდა მოვმკვდარიყავით?! )
ჩვენ უკეთ ვიცით, ჩვენი სულის წონის სიმძიმე, რადგან ერთხელაც ჩამოვწყვიტეთ ციდან ვარსკვლავი, რადგან ერთხელაც ჩამოვკიდეთ ჭაღზე მარყუჟი, ჰოდა, ჩვენ ვიცით, ჩვენი სულის წონის სიმძიმე
და სხვამ არავინ. სხვამ არავინ, რადგან საუბრებს სუნი ვარჩიეთ პალატების, სველი რკინიგზის სუნი. ვინც ღამეს აჩრდილებთან ვყოფდით თანაბრად და სისხლისღვრამდე გვიცეკვია მამლის ყივილზე
ჩვენ უკეთ ვიცით - ვინ ვიყავით, როგორ ვიცხოვრეთ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. არაფერი ახალი? ესენი ვისწავლეთ უკვე )) არაფერი ახალი? ესენი ვისწავლეთ უკვე ))
6. უმაგრესი და უმაღლესი პოეზიაა უმაგრესი და უმაღლესი პოეზიაა
5. რა უნდა უქნას ამხელა ნიჭს კაცმა, კი-არა-და ღმერთმა?!
ჩემთვის ძვირფასია თალიეს ლექსები, იცის ავტორმა ეგ... იქნებ იმიტომაც მოიტანე? კარგი, შეგირიგდები. :) თუ გინდა შენც. + + + ბაღი ჭაობად გამიხდია, ნეკნები ჩალად. ხანდახან, თალიე, შენც ხდები უხეში - ის ერთი, სულ უბრალო ნეკერჩხალი, ის ერთი - ასწლოვან მუხებში. ქარები ქროდნენ და ქარები ცხრებოდნენო (წვიმები იყო! წვიმები ფესვებმა დალიეს). გაჰქონდათ თანდათან ხეები ცხედრებივით, თანდათან წარსული დგებოდა, თალიე. + + + 5.
რა უნდა უქნას ამხელა ნიჭს კაცმა, კი-არა-და ღმერთმა?!
ჩემთვის ძვირფასია თალიეს ლექსები, იცის ავტორმა ეგ... იქნებ იმიტომაც მოიტანე? კარგი, შეგირიგდები. :) თუ გინდა შენც. + + + ბაღი ჭაობად გამიხდია, ნეკნები ჩალად. ხანდახან, თალიე, შენც ხდები უხეში - ის ერთი, სულ უბრალო ნეკერჩხალი, ის ერთი - ასწლოვან მუხებში. ქარები ქროდნენ და ქარები ცხრებოდნენო (წვიმები იყო! წვიმები ფესვებმა დალიეს). გაჰქონდათ თანდათან ხეები ცხედრებივით, თანდათან წარსული დგებოდა, თალიე. + + + 5.
4. მთლიანობაშიც ანათებს, მაგრამ არის ადგილები - რომელიც ელავს.
გვარში ხომ არ გაქვთ? :)
მთლიანობაშიც ანათებს, მაგრამ არის ადგილები - რომელიც ელავს.
გვარში ხომ არ გაქვთ? :)
3. არ წავიკითხავ ამ... "ძველმანებს" ;)
არ წავიკითხავ ამ... "ძველმანებს" ;)
2. კარგია აქ "პოეზიისთვის" თვალის მოკვრა :)
უბრალოდ ძალიან შესამჩნევია!
კარგია აქ "პოეზიისთვის" თვალის მოკვრა :)
უბრალოდ ძალიან შესამჩნევია!
1. ,,ვით მარგალიტი“ და ახალი გაქვს რამე ? ,,ვით მარგალიტი“ და ახალი გაქვს რამე ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|