ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2018


მიტოს ბიჭი

  დიდი კაცი გახდა მიტოს ბიჭი. ქალაქში წავიდა, ბევრს მიაღწია. რამდენჯერმე ტელევიზორშიც იჯდა. დიდი კაცია და დიდკაცურად საუბრობდა.
  ჰალსტუხით დადის მიტოს ბიჭი, გაპრიალებული ფეხსაცმელი აცვია, უკან გადავარცხნილი, გალაკული თმა აქვს.
  ხანდახან სოფელში ამოდის მიტოს ბიჭი, მაშინ მოვა ხოლმე დაღლილ სხეულებს სოფლის ცენტრში რომ ვასვენებთ.  მთელი დღის დაქანცულები ვსხედვართ და დარდსა და სევდას ვუზიარებთ ერთურთს. ვლაპარაკობთ ამ მთისას და იმ მთისას: აგერ ვანოს ვაზს  ჭრაქი  შესევია, დარდობს ვანო, გადაუყვითლდაო ფოთლები ახალ ყლორტებს. ჯემალას ძროხა ისევ გაბერწებულა, ალეს ცხვარს სამი ბატკანი გაუჩენია, მუცელში ალბათ ვიწროდ იყვნენო და ერთს კისერი აქვს მოგრეხილი, მაგრამ მაინც გადავარჩინეო. საბალახოდ რომ მიმყავს, ეს კისერმოგრეხილი ბატკანი იჩოქება და ისე წიწკნისო ბალახს, ყველაზე მეტად მიყვარსო ის ავადმყოფი ბატკანი,- ამბობს მეცხვარე ალე. კოკლოაანთ მარუსა ჩავარდნილა ლოგინად, წნევას დაურტყია. ლადოს ბიჭს უმაღლესში ჩაუბარებია, ჭკვიანი ბალღია, მათემატიკა უნდა ისწავლოსო . . .
  საღამოობით ამოდის მიტოს ბიჭი ქალაქიდან, როცა ჩვენ სალაყბოდ  ვართ შეკრეფილნი, წყაროს პირას ვსხედვართ და ვყვებით ამ მთისას და იმ მთისას. ისე არასდროს გაივლის, მოვა ხოლმე გააჩერებს თავის გაკრიალებულ ვერცხლისფერ მანქანას, მინას ჩამოსწევს და ასე მანქანიდან გვესალმება, ისეთი სუნი გამოდის ხოლმე მანქანიდან, ისეთი რომა მერე კარგა ხანს ცხვირი გვეწვის, აბა როგორ იქნება, კაცო, ჩვენ ბოსლისა და მიწის სუნს ვართ ნაჩვევი მხოლოდ.
  მოვა ხოლმე მიტოს ბიჭი, გამარჯობა, მშრომელ ხალხსო. დაისვენეთ, დაისვენეთ, მადლია თქვენზეო. მერე ღრმად ჩაისუნთქავს  ჰაერს და: „ვააჰ, ვაჰ, რა ჰაერია, ბედნიერები ხართ რა, ხალხო. თქვენ არ იცით ქალაქში რა ხდება, იწვის ქალაქი, ჰაერი აღარაა, ამდენი გამონაბოლქვით იხრჩობა უკვე ადამიანი,“- ამას კიდევ ერთ-ორ ჭკვიანურს მიამატებს და აბა, ჰეო, თქვენ იცითო და დაძრავს ხოლმე თავის გაკრიალებულ, ვერცხლისფერ მანქანას და დასტოვებს დუხის სურნელს, რომელიც ცხვირს გვწვავს, რადგან ჩვენ ამაგეების სუნებს არ ვართ ნაჩვევი, ვინ მოგვაშავა ან ჩვენ და ან ჩვენს ქალებს ვარდის წყლები, ჩვენ მხოლოდ თონეში გამომცხვარი პურის, ახლადდაკრეფილი ჟოლოს, მთის კალთაზე შეფენილი ყოჩივარდების სუნი ვიცით.
  წავა ხოლმე, ჩვენ ვსხედვართ და ვფიქრობთ, კარგა ხანს ხმას აღარ ვიღებთ და მერე რაღაცნაირად  მწუხრებივით ვიშლებით. არა, ვინ მამაძაღლი მაგისი გვშურდეს, მაგრამ გულში კი გამკბენს ხოლმე გველივით, თუ ჰაერი გინდოდა, შე კაი კაცო მჯდარიყავი და გესუნთქა, ვინ დაგიშალა, ჰა? ვინმემ გითხრა, მარტო ჩემია და შენ წადი და ქალაქის ასფალტზე იარე და გამონაბოლქვი ისუნთქეო?! გითხრა ვინმემ ამ მთების ყურება მხოლოდ ჩვენ გვინდა და შენ ადექი და ბიტონის კედლებს შეჰყურეო?!
    ერთი საღამოა და ბოსტანში ვიყავი, მთელი დღე კარტოფილი ვთოხნე და წელს ვეღარ ვმართავ, დაღლილი ვარ, მკლავები მტკივა, ადრე სხვაგვარად შემეძლო, ახლა ასაკმა თავისი ქნა ალბათ. ეს დაღლილი მოვედი და სახლის წინვე ჩამოვჯექი ქვაზე. მუხლისთავებზე მაქვს ხელები დასვენებული და ჩავყურებ მიწას, ამის მადლს კი ვენაცვალე, ჩავყურებ და  ველაპარაკები, ვუყვები ჩემს ფიქრებსა და დარდებს. ისე უხმაუროთ მოაყენა მიტოს ბიჭმა თავისი ვერცხლისფერი მაქანა ვერც კი გავიგე. გააჩერა და მინას ჩაუწია. მომესალმა, როგორ ხარო, აბა ხომ არ დაბერდიო? ბრალი იმას ვინც ვერ ბერდება, თორემ მე რა მიშავს, დავბერდები და მიმაწვენენ ჩემი ქალის გვერდით-მეთქი, ვუთხარი. მერე გამიბა, ხან რა თქვა, ხან - რა. შევატყვე რაღაცის თქმა უნდოდა და იქამდე მისასვლელ გზებს სინჯავდა.
  მერე ფონი მოსინჯა, შესვლა შეიძლება არ დამძირავსო და განათლებაზე დაიწყო ლაპარაკი: საშინელი ქვეყანა გვაქვს, არაფერი ჩვენ არ ვიცით, ჩამორჩენილები ვართ, ვერ ვვითარდებით.  მისდგა და ამ ჩვენს ქვეყანას ყველა ტალახი და ლოდი შიგ გულში არ ესროლა?  ვახ, კაცოო, ვფიქრობ ჩემთვის, ეს საწყალი ქვეყანა რა შუაშია, ჩვენ თუ უნიათობი ვართ-მეთქი, მაგრამ არაფერს ვეუბნები, ვაცლი, მინდა გავიგო, რისთვის ამტვრიანებს  გაზიზინებულ მანქანას სოფლის ორღობეში.
  ილანძღა, იმუქრა, იწყევლა, თან ისე კი არა, სულ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით - უცხო ენებში მოისუსტებდი და ყოჩაღ შენ მიტოს ბიჭო, რამდენი ფინ-ფანფური სიტყვა გისწავლია-მეთქი, ვფიქრობ. მიარა, მიარა გარშემო და მივიდა სათქმელთან: დღემდე იმიტომ ვრჩებით მესამე კატეგორიის ქვეყნების რიცხვში, რომ ჩვენ არ ვიცით არსებულის დაფასება. დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელება, მაგრამ აქტივობები ამ სფეროში ნულის ტოლია.  აკადემიურ თანამდებობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ შეიძლება სოფლის მასწავლებლის  შრომის უგულვებელყოფა? თანამდებობრივი სარგო როგორ არ უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ პედაგოგს დამატებითი შემოსავლის ძიება არ უხდებოდეს. რა დამავიწყებს, დილით რომ შემოდიოდი და ძროხებისგან აყოლილი სუნი შემოგდევდა კლასში, სულ ვფიქრობ,  ესე იგი როგორ გიჭირდათ, რომ დილაუთენია დგებოდით და ჯერ საქონელს უვლიდით და მერე სკოლისაკენ მოიჩქაროდათ, რომ ჩვენთვის რამე გესწავლებინათ.
  თავი ავწიე და სახეში შევხედე, დამცინავი ღიმილი ტუჩის კუთხეებში ისე ჩანდა, თითქოს გაპარსვისას რამდენიმე ღერი ბეწვი შერჩენოდა. არ მწყენია,  გამეცინა, როგორი პატარა ყოფილხარ მიტოს გადიდკაცებულო ბიჭო. კი ვიფიქრე ვუთხრა-მეთქი, რომ იმ ძროხებს იმიტომ ვინახავდი, რომ ჩემი დაობლებული ტყუპებისათვის რძე დამელევინებინა და მშობიარობას გადაყოლი დედის ძუძუ შემეცვალა, მაგრამ მხოლოდ ის ვთქვი: ახლა რომ ლაპარაკობდი, იცი რას მივხვდი, შვილო? ჯობდა სკოლისთვის თავი დამენებებინა და უფრო ბევრი ძროხა გამეზარდა.
  სახტად დარჩა მიტოს ბიჭი. სწრაფად დასძრა მანქანა და წავიდა, არც კი მახსოვს დამემშვიდობა თუ არა. წავიდა და მე ჩემი საფიქარლი დამიტოვა, დაფასება მართლაც არ ვიცით ქართველმა ხალხმა, თორემ რომ ვიცოდეთ, მოხუც მშობლებს ლოდინად ვაქცევდით? შემებრალა ორ ჯოხზე დაყრდნობილი მიტო, კუნძზე ჩამომჯდარი რომ აპობდა ამ ზამთარს შეშას.
  ბევრს მიაღწია მიტოს ბიჭმა, ქალაქში ცხოვრობს, ბლომად ფული უშოვნია, რამდენჯერმე ტელევიზორშიც იჯდა.
  კარგი ბავშვი იყო მიტოს ბიჭი, სანამ დიდი კაცი არ გახდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები