ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2018


უჯრა

სიმარტივეა. ოთახები. ძველი მარაგი
გათავდა. დარჩა არაფერი. აღარც იმედი.
ისევ უაზრო ხასიათი. სპლინი. ქალაქი.
კარგი ის არის, რომ არ შევხვდი. ვაწყენინებდი
ვიცი რამეს და რაც მესმოდა, დღეს ისევ მესმის.
მაგრამ სულ ერთიც სულ ერთია. მკვდარი სულები.
გოგოლი. ხიდი. არტერია. ცხედრების მწყემსი.
ღამის ქალაქი და ბავშვები გათიშულები
რაღაც აბებით. მეკარება ძილი ნაკლებად.
დროდადრო ისევ ვიშველიებ საუბარს შენთან.
უაზრო სვლაა. მაინც მოსჩანს ლიანდაგები.
სითბონარევად გაიღიმებ. და იტყვი - წერდა,
შენც წერდი. ახლაც გეწერება. უფრო გარკვევით
იცრემლებიან ეგ თვალები. მკრთალი სიწყნარე.
ზემოთ წყნეთია, ვიღაცების აგარაკები.
დაბლა ჩავდივარ. გული მწყდება, ვერ შევიყვარე
ადგილი. არე. სიმარტოვე. ქალაქის სენი
დეპრესია და გულგრილობა სხვისი უფროა.
დგას დარღვეული პროსოდია ჩემი ლექსების.
და ნახატები შინაარსით მეტად უფორმო.

ქალები. ხმები. აზრისაგან დაცლის მსხვერპლები.
ცნობა უცნობის. ცნობა ჩემი და შენი ცნობა
აღარ შედგება. ამინდია. სხივი იმსხვრევა.
და დედამიწა ჩემთვის, ჩვენთვის უფრო უცხოა
ვიდრე ოდესმე იქნებოდა. ან ვიდრე გვახსოვს
იცი, რა გინდა, გეჩვენება და ესეც იცი.
რომ შეიძლება დაგვავიწყდეს სულ ერთი ასო,
და კაციშვილმა ვერ გაიგოს, თუ როგორ იწვი.

მოხვალ და იტყვი. მეც მოგისმენ. სიტყვები რაღაც
თამაშებს თვითონ თამაშობენ და ჩვენც ვუჯერებთ.
ათი წლის შემდეგ ამ ლექსს ალბათ ჩვენ ერთად ვნახავთ
სახლში. ოთახში. მაგიდაში. მარჯვნივ. უჯრაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს