ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
30 მაისი, 2018


ჯუზეპე-ჯულიეტას სინდრომი


დაქალი მეუბნება, ეს რა ჭურჭლის დალაგება აგიტყდაო. მეხუთე დღეა და რომ ვნერვიულობ, ამას ხომ არ ვეტყვი! უბრალოებს ცალკე ვაწყობ, რომ თუ მოვა თავზე უნდა დავაფშვნა-მეთქი. ჯერ ხო საქართველოში არ მასვენებდა! მაგის ჟიშ-ჯილაგში ყველა ნორმალურია, ეგ რაღად გამოვიდა ასეთი დაცენტრილი. ან იმ დღეს წყაროზე რად გაველ? ეშმაკი რომ შეგიჯდება! ვხედავ, მანქანა მოქრის, მერე ისე დაატორმუზა, გზას სულ ბოლი ადინა... ფარნა არა ზის? ცალთვალაანთ ნატოს ქალაქელი ბიძაშვილი. ბავშვობაში სულ ერთად ვთამაშობდით, იტალიურსაც ერთად ვსწავლობდით, პაპამისს ცალი თვალი იტალიაში ფაშისტებმა დაუფსეს, სამაგიეროდ ჰოსპიტალში იტალიური ასწავლეს. ამას კი თვალი ორივე აქვს, ისეა ცალტვინა... მანქანიდან გადმოდის: გოგო, ლამზირა, წყალს ვერ დამალევინებო? აჰა, წყარო და სვი რამდენიც გინდოდეს-მეთქი! აბა ცოლად მაინც გამომყევიო! აბა, გიჟი არ არის? მესამე დღეს სადღაც თივა უყიდია, იმოდენა გული ამინთო გორაზე, სამი დღე აქრობდნენ მეხანძრეებიც და ვერტმფრენებიც. დაიჭირეს კიდეც, სასამართლოც იყო, სიყვარული აპატიესო… ზუსტად მაშინ იყო დაქალი მწერს იტალიიდან, სანამდე უნდა იყო სოფელში უსაქმოდ, ჩამოდი, ექიმის დიპლომი ხომ გაქვს, ექთნის ადგილს მაინც გიშოვნი, ხელფასი კი იმდენია, მანდ დიდი-დიდი, სიზმარში ნახო, ისიც ერთხელო. ამას მოვცილდე და მეთქი ჯანდაბაშიც წავალ! ხოდა ჩამოვედი, დაქალს კლინიკის მთავარი ექიმი ჰყავს ქმრად. მიმიყვანა, ესო ჩემი დააო, მიმიღეს როგორც მიწვეული მედდა. სამუშო ასეთია, ორ ქვრივ, დაფშტვენილ კლიენტს ვუვლი. თავიდან კი ორივე ნორმალური ყოფილა, მარტო რომ დაჩენილან მერე გაურეკიათ, ხოდა დილით ჯუზეპე, მომღერალი - სულ მღერის, საღამოს იქვე, მეორე ქუჩაზე, ჯულიეტა - ის ტირის. სამი თვე ვარ ასე, დილით სიმღერა - საღამოს ტირილი. ერთიც მტირალას შვილი მირეკავს, იქნებ ამ ერთხელ დილითაც მოხვიდეთო, ამ დროს ინტერნეტში წერილი მომსვლია. ის გიჟი მწერს, უნდა ჩამოვიდე და მოგიტაცოო. ხოდა არ ვიცი რატო, ორი წერილი დავწერე: ერთი, რაც უნდა გამეგზავნა, სულ არანორმალური ვეძახე, მეორე კი, ვთქვათ და მყვარებოდა რას მივწერდი. მეც კაი დაფშტვენილს, არ ამრევია?! მეორე წერილი გამიგზავნია - რომანტიკული! ხუთ წუთში პასუხი მოვიდა, სულ ვგრძნობდი, რომ გიყვარდი, ხუთ დღეში მანდა ვარო!
    კლიენტებთან მაგვიანდებოდა. იმ დილით, ეს ჯუზეპე - მომღერალი, მივიყვანე მტირალა ჯულიეტასთან. თავიდან კი შეუბერეს ძველებურად, ერთი მღერის, მეორე ტირის, უცებ გაჩერდნენ, გაკვირვებულები ერთმანეთს მიაშტერდნენ, ის გიჟური სხივი გაუქრათ თვალებში დაა ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ახლა კი ორ დღეში ჯვარსაც იწერენ. თურმე ბავშვობის სიყვარული, მინავლული გაუღვივდათ. ამათი მილიონერი შვილები გადარევას არიან სიხარულით, სულ ,,პროფესსორე” მეძახეს! ქორწილშიც დაპატიჟებულიც ვარ, კლინიკამაც იმდენი ფული მომცა პრემიად, ლამის აქვე საკუთარი კლინიკა გავხსნა.
ამასობაში ჩამობნელდა, ქუჩიდან ქართული სიმღერა მესმის, ,,გინდ მეძინოს..“ ჩემი დაქალი ფანჯარასთან მირბის... უი, ნახე, შენი სატრფო მოსულა, სერენადას გიმღერისო! დამაინტერესა, მეც გადავიხედე: ვიღაც ტიპები, ხელში ანთებული ჯამები, შუაში ფარნა, ქართულ ჩოხაში - მართლა გიჟი, თუმცა მომენატრა, ან იქნებ საქართველო მომენატრა, ან ჯამ-ჭურჭელი მეცოდება! არადა ველოდი, თან ცრემლიც მომდის. მგონი ჯუზეპე-ჯულიეტას სინდრომი გადაგვედო, ისა მღერის - მე ვტირი! თურმე მიყვარს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები