| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 29 იანვარი, 2009 |
კვირის კაცი და/ანუ მეც ავალ ევერესტზე
ამბავი რომელსაც გიამბობთ შეიძლება სულაც არ მეამბნა, რომ არა ომი, .მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ინტერნეტი და ევერესტი. ჩვენი ტურისტული ფირმა დიდი ნამდვილად არ არის, მაგრამ სამუშაო ასე თუ ისე გვქონდა. აგვისტოს ომმა და მსოფლიო კრიზისმა ის მცირე კლიენტურაც დაგვიფრთხო თუ გაგვიღატაკა და თანამშრომლები ძირითადად ინტერნეტ-თამაშებით ვიყავით დაკავებული. უფროსი მთელი ნახევარი იანვარი, როცა ვახერხებდით სამსახურში მოსვლას (შემიძლია ვთქვა საახალწლო სუფრებს არანაირი კრიზისი არ დატყობია) გაღიმებული არ დაგვინახავს. მერე ბედობის დღეს შეგვკრიბა და ღიმილიანმა, უნდა გაგახაროთო, გაგვიცხადა. პრემიებს გვირიგებს ან ხელფასი გვემატებაო - ეს ორივე ვერსია უცებ მიჩურჩულა ნათიამ, ჩემმა თანამშრომელმა. ჩვენი მაგიდები გვერდი-გვერდითაა. უფროსმა უცებ გადააგდო ცივი წყალი და საფუძველშივე ჩაახრჩო ორივე - უფასო თვენახევრიან შვებულებაში გიშვებთ, მანამდე სიტუაცია დარეგულირდება გაზაფხულიც მოვა და შეიძლება ტურისტებმაც იმატონო. მოკლედ მარტში გელითო. ამ ინფორმაციის შემდეგ რაღაც ვერ შევატყვე ჩემს კოლეგებს დიდი სიხარული... თუმცა არც პროტესტი გამოუთქვამს ვინმეს და ისე დავიშალეთ, როგორც ბაბილონის გოდოლის მშენებლები და გაურკვეველი ბურტყუნით დავიწყეთ საკუთარი მაგიდებიდან საჭირო ნივთების შენახვა-აბარგება... ერთი ნათია იყო გახარებული, მე თვითონ ვაპირებდი უფასო შვებულების აღებას, გუდაურში მივდივართ დაქალებიო, მიჩურჩულა. დიდად არც მე დამწყვეტია გული, ის ბურტყუნიც სხვათა სოლიდარობის გამომხატველი უფრო იყო, იმიტომ რომ მეორე დღეს ბიძაშვილის დაბადების დღეზე ვიყავი დაპატიჟებული ბათუმში და მაინც უნდა დამერეკა სამსახურში - ოდნავ შეცვლილი ხმით (ბათუმიდან), მაღალი სიცხე მაქვს და სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ოფისში მოსვლას-მეთქი. საღამოს კი `თბილისის-ბათუმის~ მატარებლის ვაგონში, ვფიქრობდი - რატოა მშვენიერი სიცოცხლე, რადგან ძალიან ძნელია `პლაცკარტი~ ვაგონის `ბაკავოი კოიკაზე~ წამოწოლილმა ეს აღიქვა. თავიდან მშვენიერი დაბალი ადგილი მქონდა, მაგრამ ერთმა ქალმა ჯერ ზედა საწოლში გადამიცვალეო, მეორემ კი ბაკავოის ვერ ვიტან, შენი ჭირიმე, იქნებ მეც გადამიცვალოთო... კაი ბატონო-მეთქი... ასე გარდამავალი თასივით რომ მოვიარე რამდენიმე ადგილი, სასწრაფოდ წამოვწექი, აქაც არ გადამაცვლევინონ-მეთქი, თუმცა ალბათ უბილეთოდ დარჩენილი მგზავრი თუ მთხოვდა, იქნებ ბილეთი მომცეო, თორემ სხვა უარესი ადგილი არც იყო ვაგონში... ალბათ დაახლოებით გორთან ვიქნებდით, ავტომატების სროლა რომ ატყდა. ვცდილობ გავარკვიო საიდან გვიტევენ. ვფიქრობ ან ძარცვაა, ან ოკუპანტები შემოგვესია და გადავწყვიტე ცოცხალი თავით არ ჩავბარდე, მით უმეტეს ცოტა ფული და ტელეფონი, რომელიც ერთგულად მემსახურება (ერთ საჭმელს არ მიკეთებს თორემ სხვას არაფერს არ მაკლებს), არავის დავუთმო მთავარი ტელეფონი კი არ არის ,ან ფული, მთავარია ღირსება. სროლა კი გაგრძელდა, მაგრამ არც მძარცველები სჩანს, არც რუსი ოკუპანტები. თურმე ტელეფონზე ჰქონია ზარად ერთ მგზავრს ავტომატის სროლა დაყენებული. არადა ეს კაცი სანამ დაწვებოდა, იძახდა, თუმცა კი არ არის ისე ქურდობა ადრე რომ იყო, მაგრამ მაინც ვერ ვენდობი და ტუფლებიანად ვწვები საერთოდ მატარებელშიო. მართლაც ფეხსაცმელ-პალტოიანად იყო წამოწოლილი. რიგ-რიგობით ვაღვიძეთ, მაგრამ რა - სული ვერ ჩავადგმევინეთ. ერთმა თქვა, ამას ავტომატის სროლა რას უშველის, ბომბის, სასურველია ატომურის, აფეთქების ხმა უნდა ჰქონდეს ჩაწერილიო. მერე ვაგონის ბოლოდან გამოვიდა ვიღაც და ალბათ იმიტომ სძინავს ტანსაცმელით და ტუფლებით, ვინმემ რამე არ მოპაროსო – ვითომ აღმოჩენა გააკეთა. თან, ამას ჯიბეები შიგნიდან ექნება გამოკერებულიო – დაამატა და ჯიბეების სინჯვა დაუწყო, არ ვიცი ტელეფონს ეძებდა თუ ავტომატს. ის კი ვიცი ვერაფერი ვერ უნახა. ავტომატის ხმა კი ისმოდა მაგრამ რომელი ჯიბიდან ეს გაურკვეველი იყო. მესამემ რაის შიგნიდან გამოკერება უშველის ამას, ტანსაცმელი კი არა ტყავი გახადე, თუ რამე გეიგოსო. ამასობაში შეწყდა ავტომატის კანანადა. დავისვენეთ ცოტა, მარა რად გინდა?! ნახევარ საათში ერთხელ ატყდებოდა ისევ სროლები, სანამ მივხვდებოდით, რომ ტელეფონი იყო, ვაცეცებდით აქეთ იქეთ თვალებს, მერე ისევ იწყებოდა გაღვიძების უშედეგო პროცესი, ამასობაშიც ტყვიებიც ილეოდა და ვისვენებდით ისევ, სანამ `აბოიმს~ გამოცვლიდა... მერე უკვე ისე შევეჩვიე ავტომატის ხმას, სიჩუმემ გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ცარიელი იყო იმ ის ადგილი, მოიპარეს ის კაცი ალბათ-მეთქი... ჩავილაპარაკე. იქვე ერთ-ერთი ის ქალი იყო წამოწოლილი, მე რომ ადგილი გადავუცვალე. იმასაც გაღვიძებოდა ეტყობა და გამცილებელს დაუწყო ძახილი, არიქა კაცი მოგვპარესო. მოვიდა გამცილებელი შეშინებული... დაუწყო ქალმა ახსნა, აქ ავტომატიანი კაცი იწვა და მოიპარესო... არ მოუპარავთ ქალბატონო ის კაცი, ჩადიოდა ხაშურში, დაწყნარდითო, დაამშვიდა იმან და მე შემომხედა, ვერ არის ეს ქალიო, თვალებში წავუკითხე... სულ მაინტერესებს, როგორ მოახერხა და მისით გაიღვიძა იმ კაცმა, ან ნეტა ვინ გააღვიძა?! ალბათ ვერასდროს ვერ ამოვხსნი ამ საიდუმლოს... მახინჯაურის სადგურში ჩასულს სხვას რომ შეყვარებულები და ცოლ-შვილი დახვდა, მე წვიმა. იქვე ტაქსი დავიჭირე (თუ მან დამიჭირა, ეს არ ვიცი, აბა 10 ლარი მახინჯაურიდან ბათუმამდე რა ამბავია). იანვარში არ აქვს დიდი მნიშვნელობა წვიმა არის თუ დარი, ზღვაში მაინც ვერ შეხვალ და წვიმა ასე მგონია უხდება კიდეც ბათუმს. ელექტროდენის შუქზე ჩანდა უზარმაზარი ტალღები როგორ აწყდებოდა სანაპიროს და სათნო, თეთრწვერა, მაგრამ გაბრაზებული მოხუცივით ბორგავდა ზღვა... თხუთმეტ წუთში, ზარი არ მუშაობდა და ტელეფონით ვურეკავდი ბიძაშვილს, კარები გამიღე-მეთქი. გოჩამ (ასე ქვია ჩემს ბიძაშვილს) ახლა დავლიოთ ჯო, შუადღეზე თუ ნაშუადღევს, სტუმრები რომ მოვლენო? მე ვუთხარი, ომი და უბედურება გადავიტანე, თუ ძმა ხარ ახლა ცოტას დავიძინებ-მეთქი. კაიო, მარა შეცივნული იქნები ჯო და, დავაი, ბუზის არაყი ვრეკოთ ახლა თითო-თითოო და შენ ნახე მერე როგორ ჩაითბუნები და რა ტკბილ სიზმრებს ნახავო და. სულ და-ებით ლაპარაკობს, მეც აღარ ვე-და-ვე. თხილი და არაყი გამოიღო კარადიდან. თავი მტკიოდა წუხანდელ ნაომარს და რომ დავკარი პატარა რომკით, ისე კარგად წავიდა, უცებ მომირჩა თავიც და დაღლილობაც გაქრა... ცოტა ხანში კაი მთვრალი ვიყავი უკვე და ლოგინამდე მივედი თუ მივფრინდი ვერ მივხვდი. მერე სიზმარში უკვე ცაში დავფრინავდი და ერთ-ორ ანგელოზს რომ გადავასწარი გზაში, ფრენის მოწმობა ჩამომართვეს, ღერძულა ხაზი გადაკვეთეო, ვედავე , ცაში რა უნდა ხაზებს-მეთქი მარა ვინ დაგიგდო ყური... რომ გამეღვიძა პირველი საათი ხდებოდა... უფრო სწორად ბიჭების ჟრიამულმა გამაღვიძა. გოჩას ხუთი წლის ტყუპი ბიჭებს, გიორგის და იურის, ომობანას თამაში ჰქონდათ გაჩაღებული. შენ იყავი ამერიკელი, მე ვიქნები რუსიო, ყვიროდნენ, არადა ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან. არა უშავს, ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული. სამზარეულოში ნანა, გოჩას მეუღლე. გოჩამ დაიბარა, მაგი როგორც კი გაიღვიძებს ზღვაზე წავა მარა, არსად არ გაუშვა, დამელოდოსო, აუცილებელი საქმე მაქვსო... ვიცოდი რა საქმეც ექნებოდა, ხოდა გავექეცი კიდე ერთ დათრობას და ზღვისკენ წავედი... ბათუმში ყველა გზა ზღვისაკენ მიდის და ზღვასთან მთავრდება... წვრილი წვეთები მოდიოდნენ ციდან. თითქოს, ჩემი სიზმარში ნანახი ანგელოზები დამდგარიყვნენ და წმინდა საცერში ატარებდნენ წვიმის წვეთებს. ვგიჟდებიო ვერ ვიტყვი მაგრამ კაია ასეთი წვიმა, თითქოს არც გასველებს... ზღვაზე ჩონგბურთის კორტებთან გავედი. პლაჟი ცარიელი იყო თითქმის... ორი მოხუცი ეძებდა ზღვის გამორიყულ შეშას... იქვე პატარა 10-11 წლის ბიჭი იდგა და ზღვას უყურებდა... მივესალმე. - გაუმარჯოს კაცურ კაცს! - გაგიმარჯოთ! – თავაზიანად მომესალმა ისიც. - ზღვას ხომ ვერ მასწავლი სად არის, აქეთ გამომიშვეს! – მოვიშტერე თავი. ბავშვებს უყვარს შტერი უფროსები... - ა ზღვა.... – გაუხარდა, ალბათ რაღაცით რომ დამეხმარა. - აგაშენა ღმერთმა! აბა, როგორი წყალია, ღირს ცურვა? - ახლა არ შეიძლება ბანაობა, თან დიდი ტალღებია და თან ცივია წყალი! - კაი, მჯერა შენი, არ გავცურავ მაშინ, ბათუმელი ხარ? - ქუთაისელი... - აქ ვისთან ჩამოხვედი, არდადეგები გაქვს ახლა ხო? - აქ ვცხოვრობ... - აბა ქუთაისელიო! - ქუთაისში ბებია და ბაბუაა... - კაი კაცი. ლექსი თუ იცი შენ! - ვიცი! - აბა თქვი! `ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე, რაა მამული, წინაპართაგან წავიდა ყველა სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული~ - ისე გულდასმით ჩაარაკრაკა, გეგონებოდა გამოცდაზეა და ეს ლექსი სტიპენდიის საკითხს უწყვეტსო. - იცი ვისი ლექსია? - ვიცი, გალაკტიონის... - ვა, მაგარია. კიდევ გეცოდინება შენ სხვა... - `მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენ სიყვარულს ვერ გავექეცი, ნუ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი...~ - აგაშენა ღმერთმა, მაგარი კაცი ხარ. ვინა მაინც ის, რომ დაგჭრა ასე უიარაღოდ?! - ანა... - ანა ვინაა?! - კლასელია, ადრე ერთად ვსწავლობდით... ახლა ის თბილისში სწავლობს და ზაფხულობთ ჩამოდის, მერე ზღვაზე გამოვდივართ... ის რომ არ არის მაშინ მარტო გამოვდივარ... - ე. ი. შეგიყვარდა ანა და აუხსენი სიყვარული, ა კაცი! - არ ამიხსნია მაგრამ იცის! - აბა რა იცის რომ გიყვარს? - იცის! გაიგო! - და როგორ გაიგო?! - მე ძმაკაცს ვუთხარი, ძმაკაცმა დედაჩემს, დედაჩემმა ანას ბებიას! - და ე. ი. ანამ ის რომ შენ გიყვარს ბებიამისისგან გაიგო?! - ხო! - გადამრევ შენ, გეთქვა პირდაპირ! - მომერიდა! - რაის მოგერიდა, სიყვარულის?! თან ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქეს?! კაი. ხოდა რომ გაიგო რა თქვა ანამ. - არაფერი. - როგორ სულ არაფერი?! ან არ გაუხარდა, ან არ ეწყინა, ან რამე? - არც იმდენად გამოუხატია სიხარული, მარა არც აღშფოთება გამოუხატავს! რა მაგარი კაცია, განსაკუთრებით მომეწონა სიტყვები, გამოუხატია და აღშფოთება. - ანუ დუმილი, დუმილი კიდე თანხმობის ნიშანია ხო იცი, ე. ი. მალე ცოლადაც მოიყვან! - ჯერ ცოლად ვერ მოვიყვან, არ შეიძლება, ზრდასრული არ ვარ... - რამდენი წლის ხარ ახლა შენ... - თერთმეტის. - რაღა დარჩა, შვიდი წელი, იცი შვიდი წელი რა მალე გავა, აბა მითხარი, რამდენ წელიწადში იქნება შვიდი წელი. ეს რო ვკითხე, დააყოვნა პასუხის გაცემა. ალბათ გაიფიქრა, ეს კაცი მთლად ნორმალური არ უნდა იყოს, ღირს კი საუბრის გაგრძელებაო. - შვიდში, – მიპასუხა მაინც, თან ცოტა გულდაწყვეტით, რა უინტერესო მოსაუბრეაო ალბათ. - გეგონოს, ეს ადრე იყო შვიდი წელი შვიდში რომ დგებოდა, სადღაც ინტერნეტში ვნახე დედამიწას სისწრაფე მოემატაო... უფრო სწრაფად ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ალბათ დედამიწის გარშემოც, ანუ შემოკლდა დღე-ღამეც და წელიწადიც. გაკვირვებული თვალებით მიყურებს. ვფიქრობ, ნეტა რას მიპასუხებს. - საათი რომ ძველებურად მუშაობს? ახლა რა ვუთხრა?! ეს კაცი ჩემზე ჭკვიანია. ფილოსოფოსია უკვე. მომიგო აშკარად. მგონი მიხვდა რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო, რომ მის არგუმენტს ვერაფრით შევეწინააღმდეგებოდი და ამჯერად თვითონ მეკითხება. - თქვენ შეყვარებული გყავთ ბიძია თუ ცოლი? - მე არც შეყვარებული მყავს და არც ცოლი... - რამდენი წლის ხართ? - უუ, ქვეყანა... - მერე რატომ არ მოგყავთ... ლაპარაკით და გამომეტყველებით კაი კაცი ჩანხართ! - არ მოტყუვდე, ეჰ, ეს შენ ხარ კაი კაცი, შეყვარებული გყავს ოჯახის შექმნას ფიქრობ... - თქვენი ბედიც მოვა... - ე. ი. მეც ავალ ევერესტზე?! - ევერესტი ვინაა?! – მკითხა გაკვირვებულმა... უჰ, გამიხარდა ძლივს არ ვაჯობე... - როგორ არ იცი?! ევერესტი, ანუ ჯომოლუნგმა არის ყველაზე მაღალი მწვერვალი დედამიწაზე, ანუ ყველაზე მაღალი ადგილი... - ანუ გამოდის ყველაზე მაღალი მწვერვალი ქალის სიყვარულია ბიძია? - ასე გამოდის... - ხო, მაშინ შენც ახვალ ევერსტზე... ასე იყო ერთ ქალი ჩვენთან მეზობლად გაუთხოვარი და გამოუჩნდა კაცი... - უ, ეს რა მითხარი... აქაც დავაგვიანე... ეს აქ? ბათუმში? - არა ოზურგეთში... - შენ ვერ გავიგე, ქუთაისში ცხოვრობ, ბათუმში ცხოვრობ, ოზურგეთში ცხოვრობ... - ოზურგეთიდან დედაჩემია და მეორე ბებია და ბაბუა იქ ცხოვრობს... - მოკლედ მთელი მსოფლიო შენია... სხვა რა ხდება ბათუმში... - არაფერი ისეთი... კვირის კაცი მოვიდა ისევ... - რაო?! კვირის კაცი ვინაა?! - ასე ეძახიან, უკვე ექვსი თევა ყოველ კვირა დღეს, სამ საათზე მოდის და ერთ სკამზე ზის. ხალხი ამბობს ეტყობა შეყვარებულს ელოდებაო, თუმცა ამასთან მისული ქალი არავის უნახავს ჯერ, ის კი არა, ისეთი სახე აქვს, შეკითხვასაც ვერ უბედავ ვერავინ. ისე, ამობენ თბილისელიაო... - ახლაც იქ არის? - კი... - წავიდეთ აბა ერთი, ვნახოთ! დამსუსხა, ზაფხული გამახსენდა. აგვისტოს პირველი რიცხვები იყო, შაბათს, 9-ში, ბათუმში მივდიოდით თანამშრომლები... ერთ სასტუმროში ადგილები დაჯავშნული იყო უკვე... ძალიან გვიხაროდა ყველას... მე ნათიას ხუმრობით `ადნოკლასნიკებში~ საქმროს ვურჩევდი... მერე ერთი სურათი ნათიას ვანახე და... არა უშავს, პივაზე წავაო... ბიჭმა თბილისელი ვარ, მაგრამ ახლა ბათუმში ვარ ძმაკაცებთან ერთადო... მერე იმათ რა ისაუბრეს არ ვიცი... მე გავედი, რო დავბრუნდი, უკვე ნათია არ უყო კომპთან, ხოდა პაემანი დავუთქვი ნათია სახელით იმ ბიჭს, ეს მახსოვს... ბულვარის ცენტრალურ შესასვლელამდე ჩავედით. ისევ ცრიდა. მესამე სკამზე მართლა ის იჯდა, ვინც მაშინ ნათიას ამოვურჩიე, ოღონდ იქ სურათზე გაღიმებული იყო, ახლა კი ისეთი სახე ჰქონდა, რომ იტყვიან ცხვირ-პირი ჩამოტიროსო... ბიძია, წავალ აბა მე, დედა გამიბრაზდება. – ფიქრებდან გამოარკვია საბას ხმამ. - კარგი საბა, მაგარი კაცი ხარ, ხო ვართ ძმაკაცები... - კი! - აბა შევხვდებით კიდე! ანას მიხედე ანას, კარგი გოგო ჩანს და აბა შენ იცი. - კაი. კარგად აბა... - კარგად... საბა წავიდა. მე კი ამ კაცს მინდა გამოველაპარაკო, მაგრამ როგორ, იმას ხო არ ვეეტყვი, რომელი საათია-მეთქი... აბა რა ვკითხო?! მოვიფიქრე... - გამარჯობა, უკაცრავად დიდი ხანი ხართ აქ? - სამი საათიდან... - ცუდად არ გამიგოთ, პაემანზე დავიგვიანე, ტელეფონი ბატარეაც დამიჯდა და ვერ ვრეკავ. შეიძლება თვითონაც მირეკავდა, აქ გოგო ხო არ დაგინახავთ?! - მე სამზე მოვედი... არავინ გამოჩენილა... - ე. ი. მომატყუა... არა რა ქალის ნდობა?! - რა იცი ძმა რა ხდება, თუ უყვარხარ და თუ გიყვარს უნდა დაელოდო?! - და რამდენი უნდა ველოდო?! - გააჩნია, როგორ გიყვართ, რა დოზით! მე უკვე ექვსი თვეა ველოდები! - როგორ თუ ექვსი თვე?! ხოდა მომიყვა ეს კაცი, როგორ ისვენებდა შარშან აგვისტოს პირველ რიცხვებში ძმაკაცებთან ერთად ბათუმში, ერთ წვიმიან დღეს როცა ზღვაზე შეუძლებელი იყო გასვლა, როგორ გაიცნო `ერთ საიტზე ვიღაც გოგონა, როგორ ისაუბრეს თითქმის მთელი დღე. როგორ ეძახდნენ გაცნობის დღეს ერთმანეთს დამთხვეულებს, იმიტომ რომ ხო ერთი და იმავე კითხვები ჰქონდათ, პასუხებიც ემთხვეოდა თითქმის... მხატვარიც ერთი დაიგივე მოწონდათ (პიკასო), ფილმიც ერთი და იგივე უყვარდათ (`სიყვარული ხოლერის დროს~)... მწერალიც, (მარკესი), წიგნიც (მარკესის - `მარტოობის ასი წელიწადი~) ... მომღერალიც (ჯონ ლენონი)... სიმღერაც (ჯონ ლენონის - `ეჭვიანი ბიჭი~). როგორ მიხვდნენ მაშინ, რომ ორივემ იპოვა თავისი მეორე ნახევარი, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება ეძებო და ვერ ნახო. როგორ მოასწრეს სიყვარულის ახსნა და პაემნის დანიშვნაც. მერე ომი და უბედურება დაიწყო. ის საიტი სადაც ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს საერთოდ გაითიშა... კვირას უნდა შეხვედროდნენ, მაშინ 10 აგვისტოს უწევდა, ვერ მოახერხა ბიჭმა მოსვლა იმიტომ რომ რეზერვში გამოიძახეს... დარწმუნებულია, რომ ის გოგო მოვიდოდა და ახლა ბრაზობს, რომ თვითონ ვერ მივიდა... თუმცა გაუგებს, რატო ვერ მოვიდა მაშინ იმ კვირას და ერთ კვირა დღეს აუცილებლად მოვა და მაშინ ეტყვის, რომ ძალიან უყვარს, რომ უმისოდ მისმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა, რომ თუ საჭირო იქნება მთელი ცხოვრება დაელოდება მას... –ამ სიტყვებით დაამთავრა მონოლოგი და ისე ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ყვინთვაში ეჯიბრებოდა ვინმეს. - მგონი აუცილებლად მოვა... ისეთი წინათგრძნობა მაქვს, აი, ახლა შემდეგ კვირა დღეს აუცილებლად! - ვთქვი მე. - მართლა?! - ხო... ტყუილების ამოსაცნობი აპარატი რომ ჰქონოდა, მიხვდებოდა ეს კაცი რომ ცოტა ამაფორიაქა მისმა მონაყოლმა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი და დავემშვიდობე. იმ მანძილზე რომ გამოვცდი რომ ხმას ვერ აგიგებდა ნათიას დავურეკე... - ნათია, ბათუმში ვარ, იქეთ კვირას უნდა ჩამოხვიდე! ჩამოდი, გაიგე? - რას გიჟობ?! - არაფერსაც არ ვგიჟობ, მშვენიერი ბიჭია, ცოტა კი შეგიშლია, მარა არა უშავს გაუვლის... - ვის შეუშლია, მე?! - არა, მე?! აბა ვის?! შენ გახსოვს, ზაფხულში ინტერნეტში ვიღაც რომ გაგიჩითე, კარგი ბიჭი ჩანს მეთქი? - ხო, მერე?! - მერე ის რომ შენც მოგეწონა, რა მერე რომ გადარიე მაშინ ის ბიჭი, დაგავიწყდა?! - მე გავაგიჟე?! - მე რა შუაში ვარ, კი ბატონო, თავიდან შენ მკარნახობდი და პასუხებს მე ვწერდი?! მერე ხო, მე გასული ვიყავი, შენ მახსოვს სადილზეც არ წამოხვედი. ის კი არა კომპიუტერს ვერ მოგაცილე მთელი დღე... - ხო, გამახსენდა! კაი ბიჭი იყო. კაი, ჩემი ბრალია, მერე რა ხდება?! - მერე პაემანი რომ დაუნიშნე იმ ბიჭს, დაგავიწყდა?! - პაემანი მე დავუნიშნე?! - აუ გამახსენდა, მგონი პაემანი მე დავუნიშნე, შენ მერე რაღაც საქმეზე გახვედი, ხო მახსოვს შენ გასული იყავი, უფროსმა გითხრა რაღაც საბუთები შემომიტანეო. ის გწერდა, შევხვდეთო. მე ვუთხარი, კვირას იყო ბულვარიდან პლაჟზე მთავარ გასასვლეთან, მარჯვენა მხარეს მესამე სკამთან სამ საათზე მოდი-მეთქი, შენთვის თქმა კი დამავიწყდა... - შენ კაცის მოტეხვას მიპირებდი არა?! - ხო, ასე გამოდის... დღეს იცი ვის ვესაუბრე? - ვის ესაუბრებოდი, ალბათ მაგ ბიჭს! - ხო მართალი ხარ, იცი როგორ უყვარხარ, ნათია, აფრენს შენზე... შენია ბედია რა... - მიდი... - გეუბნები... მაგარი ბიჭია, გახსოვს, მაშინ შენც დაგაინტერესა, განათლებული ჩანსო, მახსოვს სიყვარულიც აუხსენით ერთმანეთს... - ხო, ვმაიმუნობდით... - მაიმუნობდით კი არა, ჩემი მეორე ნახევარი ვნახე მაშინო... იმის შემდეგ ყოველ კვირა დღეს ჩამოდის თბილისიდან და გელის... - მიდი! - ხო-მეთქი! ხო ჩამოხვალ კვირას! - შენ გიჟი ხომ არა ხარ?! - ჩამო რა ნათი... შენი ბედია გეუბნები... დაბერდი ხო ხედავ... - ჩემი შენ გითხარიო... - ნუ გეშინია, საბამ მითხრა, რომ ჩემი ბედიც გამოჩნდებაო... - საბა ვინღაა?! - ჩემი ახალი ძმაკაცი, თერთმეტი წლისაა და ორი წელი შეყვარებულია უკვე. საბამ გამაცნო კვირის კაცი... - კვირის კაცი ვინ არის... - შენს კაცს მთელი ბათუმი კვირის კაცს ეძახის თურმე... - გიჟი ხარ... - ვიცი! ხო ჩამოხვალ... - მოიცა, მანდ რატო ჩამოვიდე, ის ხო თბილისში მოდის... - ნათია, არა რა, ყველაფერს გააფუჭებ, ჩამოდი რა, მე ვუთხარი იცი ისეთი წინათგრძნობა მაქვს-მეთქი, აუცილელად მოვა ამ კვირას-მეთქი... ხო ჩამოხვალ?! - ხო კაი ჯანდაბა შენს თავს... შენ ხო კაცი ვერ მოგიშორებს... ...ის ერთი კვირა პრაქტიკულად არ გამოვფხიზლებულვარ, გოჩას საერთოდ ერთკვირიანი დაბადების დღეები აქვს. ხან ერთი ძმაკაცი მოუვიდოდა დაგვიანებული, ხან მეორე... ერთი კვირის მერე მართლა ჩამოვიდა ნათია. რო დამირეკა და მითხრა ბათუმში ვარო, აქ რა გინდა-მეთქი... სულ დამვიწყებოდა წინა კვირის ამბები. მერე კაფეში ვიყავით: საბა, ნათია და მე. წვიმდა. ნათიას სული ელეოდა, მართლა იქნება?! ამ წვიმაშიცო?! კვირის კაცია თუ წვიმის კაციო?! საბამ, გავიქცევი და ვნახავო! მე ვუთხარი, არ გინდა, ერთად ვნახოთ-მეთქი, მაგრამ მაინც წავიდა. ცოტა ხანში უკან მობრუნებულმა და ღიმილიანმა, კი იქ არისო, გვითხრა. ნათია მეუბნება, რაღა შენ და რაღა ფაშისტი და რუსი ოკუპანტი, ცოდოა წავიდეთ, ფილტვების ანთება არ დამართოო. მე რა შუაში ვიყავი, ხოდა წავედით. ბულვარში 4-ზე გავედით, ჯერ შორიდან დამანახე ვინ მიყვარსო, თუ ვის ვუყვარვარო. კვირის კაცი ჩვეულებრივ იჯდა მესამე სკამზე მაგთი ფიქსის რეკლამიან ბილბორდთან, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა, კავშირი ყველასათვის, შუაში კი ვიღაცას საღებავით მიეწერა, `სტოპ რაშენ~... ... თაფლობის თვე პარიზში ჰქონდათ. ნათიას ვეუბნებოდი, თაფლი წაიღე-მეთქი, და რად მინდა, ჩემი თაფლიც და შაქარყინულიც ის არისო... ხო, შენ კი მისი ევერესტი-მეთქი და რაიო, ვერ გაიგო, საბას კითხე-მეთქი... რას გაიგებს, ისე გაბრუებულია სიყვარულით... არ ვიცი ქორწილში დამპატიჟებენ თუ არა, ის კი ვიცი რომ სიძე საცემრად დამსდევს. მართლა სირბილით კი არ დამსდევს. ასე უთქვამს ნათიასთვის, სადაც ვნახავ ვცემო, სულ მაგის ბრალია, რომ ექვსი თვის დაგვიანებით გნახეო, იმას კი არა ფიქრობს რომ ნახა საერთოდ ვისი დამსახურებაა. ხოდა ცემა მორევაზეა... მაგან ის კი არ იცის ბავშვობაში მეზობელს წიგნი რომ გამოვართვი, კრივის თვითმასწავლებელი იყო და სულ ზეპირად ვიცი ქროსები, აპერკოტები და ჰუკები... ისე დიდად რომ არ იკლავს თავს ჩემი ნახვით, ეს აშკარაა... სამსახურში ვარ ყოველ დღე. ისიც ყოველ დღე აკითხავს ნათიას, მაგრამ შენობაში არ შემოდის. კაცი ევერესტზე ავიყვანე და ახლა აქეთ მემუქრება... არა უშავს როგორც საბა ამბობს, მეც ავალ ევერესტზე...
27.01.2009 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მადლობა თეკლე... ყველას მადლობა ვინც მეხმიანებით და მკითხულობთ
მადლობა თეკლე... ყველას მადლობა ვინც მეხმიანებით და მკითხულობთ
25. ჰოდა, პუბლიკაციას გილოცავ ;) ჰოდა, პუბლიკაციას გილოცავ ;)
24. კარგია ლევან! ნიამორი"--ხომ არა? გამიხარდა ;) კარგია ლევან! ნიამორი"--ხომ არა? გამიხარდა ;)
22. მაგრად წერს ეს კაცი და როგორც ვატყობ არა მარტო მე ვფიქრობ ასე.. :) მაგრად წერს ეს კაცი და როგორც ვატყობ არა მარტო მე ვფიქრობ ასე.. :)
20. ძალიან საინტერესოა:) ძალიან საინტერესოა:)
19. ბრწყინვალეა! ბრწყინვალეა!
18. ჯერ არ ვიცი სხვები, მაგრამ ეს თავისი მუბუქი ირონიულობით და რაღაც ლაღი თხრობით მომეწონა. რაც შეეხება ამბის დამაჯერებლობას, რა მეტი ,,დაუჯერებელი’’ ამბები არ ხდება თუ?... თხრობისას კი იჯერებ და ეს არის სწორედ წერის ოსტსტობა. გმადლობთ,ლევან.:) ჯერ არ ვიცი სხვები, მაგრამ ეს თავისი მუბუქი ირონიულობით და რაღაც ლაღი თხრობით მომეწონა. რაც შეეხება ამბის დამაჯერებლობას, რა მეტი ,,დაუჯერებელი’’ ამბები არ ხდება თუ?... თხრობისას კი იჯერებ და ეს არის სწორედ წერის ოსტსტობა. გმადლობთ,ლევან.:)
17. ლევან ლორია ჩამოყალიბებული და კარგი პროზაიკოსი. კეთილშობილი პიროვნება.. ეს ნაწერი და თქვენი ბოლო ნაწერები,ზედმეტად მარტივია და ცოტა დაბალი დონეა თქვენთვის.. ნუ ეს 6 თვიანი მოლოდინის ხაზი კი არადამაჯერებელია.სიუჯეტადაც და თქვენი გადმოცემითაც.ანუ ამბავი შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი,ან თითიდან გამოწოვილი იყოს,მაგრამ ავტორმა ისე გადმოგცეს დაგაჯეროს.. მომიტევეთ,ძალიან ''პრიმიტიული'' პროზაა.. ეს რომ ძალიან ახალგაზრდის ან დამწყების იყოს,მაშინ სხვაა.. თხრობაც არაა ლაღი,რაც იუმორისტულ ტონს უხდება ხოლმე. არ ჩანს ავტორის ''დონე'' ანუ''მასწერსტვო''..
მომიტევოს ავტორმა და ვაფიქსირებ დიდ პატივისცემას მისი შემოქმედების და პიროვნების მიმართ. გულწრფელი სიმპატიით :) ლევან ლორია ჩამოყალიბებული და კარგი პროზაიკოსი. კეთილშობილი პიროვნება.. ეს ნაწერი და თქვენი ბოლო ნაწერები,ზედმეტად მარტივია და ცოტა დაბალი დონეა თქვენთვის.. ნუ ეს 6 თვიანი მოლოდინის ხაზი კი არადამაჯერებელია.სიუჯეტადაც და თქვენი გადმოცემითაც.ანუ ამბავი შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი,ან თითიდან გამოწოვილი იყოს,მაგრამ ავტორმა ისე გადმოგცეს დაგაჯეროს.. მომიტევეთ,ძალიან ``პრიმიტიული`` პროზაა.. ეს რომ ძალიან ახალგაზრდის ან დამწყების იყოს,მაშინ სხვაა.. თხრობაც არაა ლაღი,რაც იუმორისტულ ტონს უხდება ხოლმე. არ ჩანს ავტორის ``დონე`` ანუ``მასწერსტვო``..
მომიტევოს ავტორმა და ვაფიქსირებ დიდ პატივისცემას მისი შემოქმედების და პიროვნების მიმართ. გულწრფელი სიმპატიით :)
16. კარგად წერ. ეგრე გააგრძელე :) კარგად წერ. ეგრე გააგრძელე :)
15. კარგიააა "ნიამორის" სუნი მცეემს :) კარგიააა "ნიამორის" სუნი მცეემს :)
14. :)) ბათუმში რომ იყავი მაგაში რა არის გასაკვირი :D :)) ბათუმში რომ იყავი მაგაში რა არის გასაკვირი :D
13. ყველას მადლობა, ვინც მიკითხეთ ან უბრალოდ მეწვიეთ... 1. პასუხი ნეკერას: უკვე ნოველას ვწერდი ''ნიამორზე'' რომ გავიგე და ცოტა გავა''ნიამორე''...:) 2. პასუხი ნეტოჩკას: ორიოდე კვირის წინ მართლა ვიყავი ბათუმში... :) ყველას მადლობა, ვინც მიკითხეთ ან უბრალოდ მეწვიეთ... 1. პასუხი ნეკერას: უკვე ნოველას ვწერდი ``ნიამორზე`` რომ გავიგე და ცოტა გავა``ნიამორე``...:) 2. პასუხი ნეტოჩკას: ორიოდე კვირის წინ მართლა ვიყავი ბათუმში... :)
12. ძალიან მაგარი ხარ ლევან :) "ნიამორისთვის" დაწერე, ხო? :)
ძალიან მაგარი ხარ ლევან :) "ნიამორისთვის" დაწერე, ხო? :)
11. კარგი ხუმრბობა ხუმრობათ მაგრამ სასვენი ნიშნებიც კარგი ვეშჩია : ) გაიხარე ! კარგი ხუმრბობა ხუმრობათ მაგრამ სასვენი ნიშნებიც კარგი ვეშჩია : ) გაიხარე !
9. :) ხომ გითხარი, ყოველთვის ვკითხულობ შენს ნაწარმოებებსო.... :) ხომ გითხარი, ყოველთვის ვკითხულობ შენს ნაწარმოებებსო....
8. კარგად იკითხება, წყალივით... კარგად იკითხება, წყალივით...
7. სალამი, ლევან! სალამი, ლევან!
5. ვერ ვმალავ ემოციებსსს!!! მართლაც # 1 პროზაიკოსი ხარ!!! ვეთანხმები თამარს!!! ვერ ვმალავ ემოციებსსს!!! მართლაც # 1 პროზაიკოსი ხარ!!! ვეთანხმები თამარს!!!
4. არაჩვეულებრივიააა!!!!!!!!!!!!!!!! ყოჩაღ!!!
შენ იყავი ამერიკელი, მე ვიქნები რუსიო, ყვიროდნენ, არადა ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან. და სხვა ფრაზების შესანიშნავია.
ისე სხვებზე კარგად ზრუნააავ!!! ;)
მშვენიერიაააა!!!
შენი კალამი ქვეყნის ხვედრია!!! ჯიგარო! ქართველო ვაჟკაცო, შემოგევლეეე!!!! არაჩვეულებრივიააა!!!!!!!!!!!!!!!! ყოჩაღ!!!
შენ იყავი ამერიკელი, მე ვიქნები რუსიო, ყვიროდნენ, არადა ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან. და სხვა ფრაზების შესანიშნავია.
ისე სხვებზე კარგად ზრუნააავ!!! ;)
მშვენიერიაააა!!!
შენი კალამი ქვეყნის ხვედრია!!! ჯიგარო! ქართველო ვაჟკაცო, შემოგევლეეე!!!!
3. "კაცი ევერესტზე ავიყვანე და ახლა აქეთ მემუქრება... არა უშავს როგორც საბა ამბობს, მეც ავალ ევერესტზე..."
გაიხარე, ლევან! ტყუილად კი არ ხარ ჩემთვის ამ საიტის N 1 პროზაიკოსი? დიიიიიიდი 5 შენ! "კაცი ევერესტზე ავიყვანე და ახლა აქეთ მემუქრება... არა უშავს როგორც საბა ამბობს, მეც ავალ ევერესტზე..."
გაიხარე, ლევან! ტყუილად კი არ ხარ ჩემთვის ამ საიტის N 1 პროზაიკოსი? დიიიიიიდი 5 შენ!
2. :) მაგარი რამეა :) :) მაგარი რამეა :)
1. უუფ თვალი ვე რმოვწყვიტე ისე წავიკითხე :D ძალიან საინტერესოდ ყვები
აი კი ვიცი არაპროფესიული კითხვა რომ არის, მარგამ ესეთ რაღაცეებს რომ ვკიტხულობ სულ მიანტერსებს, ნეტა ამრთლა თუ მოხდა :)) უუფ თვალი ვე რმოვწყვიტე ისე წავიკითხე :D ძალიან საინტერესოდ ყვები
აი კი ვიცი არაპროფესიული კითხვა რომ არის, მარგამ ესეთ რაღაცეებს რომ ვკიტხულობ სულ მიანტერსებს, ნეტა ამრთლა თუ მოხდა :))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|