ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიჯეი
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2018


ძალით ნატენი ქვითკირები

ადამიანი ადამიანისთვის თავშესაფარია. მოვლილი, შენახული ან კიდევ გაპარტახებული, კედლებგაფხაჭნილი და კვითკირჩამოცვენილი თავშესაფარი...
აქ ადამიანი მანამდე რჩება, სანამ მის თავს თავსხმა წვიმაა. ხშირად თვეობით და წლობითაც კი შეიძლება წვიმდეს...
ზოგი მოდის და ამ თავშესაფარს უვლის, ალამაზებს, ჩამოცვენილ ქვითკირს უკან, ბზარებში ტენის. გაპარტახებულ ბინას ადამიანის ნასახლარს ამსგავსებს.
ერთ დღეს ამდენი წვიმისგან დაღლილი სამყარო გადაწყვეტს, რომ ცოტახნით ჯაჭვის ცხრაკლიტულში დამწყვდეული მზის სხივები გაათავისუფლოს...
და თავშესაფრის მდგმურის თავზეც აღარ წვიმს, როგორც უწინ. პირიქით, ახლა მზის სხივები დასთამაშებენ.  საიდანღაც ქარს ყვავილების სურნელიც მოაქვს, ამყრალებული მიწის „სურნელის“ ნაცვლად.
და ისიც ტოვებს... თავშესაფარს ტოვებს.
დღეს წავა და საღამოს დაბრუნდება. ხვალაც წავა და მეორე დილამდე არ მოვა, მერე კვირობით, თვეობით მიდის. წლობითაც კი მიდიან ადამიანები...
ძალით ნატენი ქვითკირებიც ნელ-ნელა იწყებენ ცვენას. კედლებს ემატება ბზარი, იატაკიც გაარღვიეს სარეველებმა. კარმაც დაიწყო ჭრიალი. რამდენი ხანია არ გაუზეთიათ...
ერთ დღესაც მზის სხივები უკან ბრუნდებიან ცისქვეშა კუნჭულებში.
ავდარია! ისევ ამყრალდა მიწა...
ის ძველი ადამიანი ახლა თავშესაფრიდან თავშესაფარში დაეხეტება, წვიმისგან დამძიმებული მხრების შეშრობას ცდილობს.
არსად არ არის მისი ადგილი, ყველგან დაასწრეს.
ოდესღაც მიტოვებულ სამდგმურეთსაც მიადგება ერთ დღეს. დამძიმებული უპეებიდან ვერც კი იყურება, მაგრამ გრძნობს, რომ აქ აღარ არის მისი ადგილი, უკვე დაასწრეს...
თავშესაფარს „ახლები“ ჰყავს.
იატაკიდან დამპალი და ძირგამოთხრილი სარეველები ჩანან. შიგადაშიგ ბზარებს ეტყობა, რომ ქვითკირს ტენიან.
ახლა უცხოები არიან ისინი, ვინც ოდესღაც ერთ ჭერს იყოფდნენ!
მიწა და მგზავრი ერთნაირად ყარან. წვიმა კიდევ კარგა ხანს აღარ დაიშლის თავისას!
მზეც ცისქვეშეთშია გამომწყვდეული, ცხრაკლიტულა ციხეში...
ის ადამიანი „ღიმილის“ მიღმა დგას და საკუთარი სუნი ახრჩობს...
გზას გააგრძელებს, აუცილებლად წავა, აუცილებლად ეცდება გაზაფხულამდე რამე იპოვოს, თორემ ასე სული შეუშფოთდება, აუმყრალდება და მიწად იქცევა, ჭაობად, ნესტად...
ალბათ ძალიან დაიგვიანა, რაღას იპოვის?!
მზემ ისე შორს გაიტყუა, რომ უკან დასაბრუნებლად დრო აღარ ეყო...
ის ადამიანი „ღიმილის“ მიღმა დგას, სადაც მიწა ყარს და ჰაერსაც მჟავე სუნი აქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები