 | ავტორი: გოლიაძე ჟანრი: პროზა 24 ივნისი, 2018 |
მაშინ არც წვიმდა, არც ცისარტყელა იყო ცაზე, სავსე მთვარეც არ გამოჩენილა ღამით. ძალიან კარგად მახსოვს. მოკლედ არაფერი წინაპირობა არ იყო რომანტიკოსობისთვის, მაგრამ მე მაინც მოგიყვებით პატარა ისტორიას, რომელიც შემოდგომის ერთ-ერთ დღეს გადამხდა თავს.
მე ნიკა ვარ. მესამე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეკონომიკის ლექციებს გულდასმით ვისმენ და მენქიუ ჩემი სამაგიდო წიგნი გახდა. რახან წიგნი ვახსენე, ბარემ იმასაც დავამატებ, რომ უბრალოდ ძალიან მიყვარს კითხვა და ადამიანები, რომლებიც გააზრებულად კითხულობენ. თუმცაღა ნაკითხი და რაღაც ეგეთი ჩემზე ვერ ითქმის. ერთი დარტყმული ტიპი ვარ. ვაკეთებ იმას რაც მინდა და როგორც მინდა. ნარცისი არ გეგონოთ. თან არც მომწონს, როცა სხვას როგორმე თავი მოვაწონოვო, ამის გამო წელზე ფეხებს, რომ იდგამენ. ზოგადად ასეა მოწყობილი დედამიწაზე ურთიერთობა ადამიანებს შორის.... უფროსწორად მე აზრზე არ ვარ ამის. ადამიანებთან ჩემ ენაზე ვერ დამილაპარაკია. ისევ საკუთარ თავს თუ გავებაასები ხოლმე ან სადმე რამეს მივაწერ, რას ვფიქრობ და რანაირად. ისიც გადაკრულად, აბა პირდაპირ რომ თქვა, რაც გინდა ან პირდაპირ, რომ დაწერო, ერთი ადამიანი თუ დარჩა შენ გვერდით ღმერთს ათასი მადლობა უნდა გადაუხადო. სწორედ ამიტომ ვარ მარტო. ეგაა და ეგ.
ნინო ფილოლოგიურზე სწავლობს. წელს ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ერთმანეთი ქობულეთში გავიცანით, აღარ მახსოვს როგორ მაგრამ ეგ ახლა რაში მჭირდება. ფაქტია, რომ ვიცნობ.
მე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდი, "სოფელ-ქობულეთში" ზუსტად ასე ჰქვია თავი მომიკვდეს, ოღონდ არ მკითხოთ რატომ და საიდან მოიგონეს ეს სახელიო. ნინოც პროვინციელი გახლდათ, იმის სოფელი ცოტა მოშორებით იყო სოფელ ქობულეთისგან. საერთოდ ქობულეთში ასე ხდება, თუ ვინმეს შენი ადგილმდებარეობის დადგენა სურს, სად ცხოვრობო კიარა რა გვარი ხარო იმას შეგეკითხება. მაგალითად თუ კახიძე ხარ გვარად გეტყვიან, შენ სამებელი იქნებიო, მესხიძე - აჭყვისთაველიო და ასე. ძალიან თბილი ადგილია ქობულეთი, ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთი უყვართ.
- პრივეტ ნიკა... როგორ ხარ?
- არამიშავს შენ?
- კარგად. ლექციები არ გაქ?
დეკანთან წავკამათდი და ბოლო სამი ლექცია გავაცდინე. ჩემთვის ვფიქრობ ახლა იკლავ თავს ნერვიულობით დავესწრები თუ არა ლექციას მეთქი. არ მიყვარს ასეთ რამეებს რომ ჩაჰკირკიტებენ ხოლმე. ასე მგონია ლაპარაკი სულ არ უნდა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გკითხოს.
- არა ნინო. დღეს ადრე დამიმთვარდა.
- კარგია, ისე როგორ გაგახსენდი?
ბედი არ გინდაა? - ვფიქრობ - მეთქი ტვინს დავამშვიდებ, ცოტას გავისეირნებ...
- ზუსტად ახლა ვფიქრობდი შენზე.
- მართლა? - გაუხარდა.
- არა, რა თქმა უნდა - მივხვდი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ სიმართლის თქმა ვარჩიე.
- არაუშავს - მეუბნება და იღიმის.
უბრალოდ ასეთი გოგო იყო. ყოველთვის ბედნიერის იერს ტოვებდა ადამიანებში. გადარეული ვყავდი. ათასი რჯულის ადამიანთან ვურთიერთობდი, მაგრამ მისნაირი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ყველას გამორჩეულად უყვარდა, ჯერ იმიტომ, რომ ულამაზესი იყო, ბიჭები ისე დასდევდნენ, როგორც ქარი აფრიალებს ქუჩაში ფოთლებს, მაგრამ ეს ღიმილით ეუბნებოდა, არაფერი არ გამოვა ჩვენ შორის პაკა-პაკაო. ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, ისეთი თბილი იყო და მოჩუქურთმებული საუბარი იცოდა ამან, რომ შემაგინოს იქნებ არც მეწყინოს მეთქი. მერედა ნაკითხი? ნინიმ უნდა თქვას რამე გამეგება წიგნებისო. მწერლებისა და ნაწარმოებების სახელებს ალფავიტის მიხედვით ჩამოგირაკრაკებდა. კარგი, ცუდი ყველაფერი წაკითხული ჰქონდა, ფილმებიც ბლომად ჰქონდა ნანახი. რავიცი, რა გითხრათ? ყველა გადარია თავისი ქარიზმატულობით, ენერგიულობით, მხიარულებით, ნიჭიერებით... გრამს ვერ უპოვიდი დასაწუნს. ურთიერთობაშიც ძალიან თავისუფალი იყო. ძერსკსა ან რამე ეგეთს ვერ იტყოდი მასზე. პირიქით სულ არ მოერიდებოდა შენთან ერთად სასეირნოდ გამოსულს, ტელეფონზე საუბრისას ხმამაღლა, რომ ეთქვა თავისი დაქალისთვის: "გოგო რუსთაველზე, ლამარას ბუტკა ხომ იცი? მეორადების ახალი ტავარია მოსული, რას იზამ მოხვალ?" და მოიპატიჟებდა მასაც. ასეთ რამეს გადავყავარ ჭკუიდან. ისე მომწონს, რომ ლამისაა გავრეკო. ან კომპლექსი რამის მიმართ... არა. სიგარეტს ნინო არ ეწეოდა, ჭრელა-ჭრულად თბემს არ იღებავდა და არც შემოტიტვლება უყვარდა ძალიან. მოკლეედ.... ქალი იყო საჭურუმებელი... მარა რად გინდა. მე ახლა მაგის სიყვარულობის თავი მქონდა? იმდენს ლაპარაკობდა იმდენს... მაგრამ მართლა თბილად ლაპარაკობდა. ვეუბნებოდი, რომ ბოლი აგდის დამშვიდი მეთქი. ის თავისას მიერეკებოდა. ამას გადავყავდი ჭკუიდან. რომ ეუბნები გაჩერდიო და არ ჩერდება. თან რას გიყვება? "დღეს დილით გრეჩიხას ვჭამდი და უცებ რას ვხედავ..." ასე, რომ დაიწყებს ამბის მოყოლას, ხომ ჩაგიკლა ყველანაირი სურვილი მოსმენის, მაგრამ ოოო თქვენ ნინოს არ იცნობდით. მეც კი არ ვიცნობდი ნინიკოს...
- იცი გუშინ...
- ახალი ფეხსაცმელი იყიდე იაფად?
- არა.
- გაზის ბალონს თავს უცვლიდი და სახეში მოგხვდა?
- არა კაცო...
- აბა?
- გუშინ აღამაშენებლის ქუჩაზე მივდიოდი და უცებ თვალი მოვკარი მუზეუმთან გაკრულ პატარა ბანერს, წარწერით: "პოეზიის საღამო". მონაწილეობენ ესა და ეს... ამა და ამ დროს... დასწრება თავისუფალია.
ვფიქრობ, ახლა ვინც ის ბანერი გააკრა ჯერ რა მაგარი მისაბერტყია მერე ის ხალხი ვინც ზედ აწერია . ვიღაც ჩემზე შერეკილი მიიღებს მონაწილეობას, აბა კაი მწერალს რა გამოიყვანს სცენაზე. ის თავისთვის დაწერს, არავის არ ანახებს, მაგრამ დიდებული რამე იქნება მეთქი.
- წავიდეთ? - ვეკითხები.
- ეგ უნდა მეკითხა ზუსტად. წამოხვალ ჩემთან ერთად?
- აბა რაა.
- მართლა?
- არა...
- უცებ რომ მეთანხმები ყველაფერზე მაშინვე ვხვდები, რომ მატყუებ.
არვიცი რატომ მაგრამ ისე მომხვდა ეს სიტყვები გულში...
- თუ გინდა გამოგყვები... მართლა.
- არა ნიკა. მადლობა - მეუბნება და იღიმება.
"მაპატიე თუ ცუდად გამომივიდა" - ვფიქრობ და ყელში ბურთივით მებჯინება ეს სიტყვები. მგონი ჩემი პრობლემაც ეგაა სულ ვფიქრობ და ვფიქრობ. იმის ნახევარს, რომ ვაკეთებდე რასაც გონებაში ვატრიალებ... ჰეეე... აქამდე თითქოს და თავს ვატყუებდი, რომ არ მაინტერესებდა ნინოსთან ურთიერთობა, მაგრამ ტყუილი იყო. მე ნელ-ნელა მიყვარდებოდა და ჩემი უკუღმართული ქცევებით ვხვდებოდი, რომ ბოლოს მე დავრჩებოდი გულნატკენი. ყველაფერს ძალიან კარგად ვხვდებოდი, მაგრამ ასეთი უხეირო ტიპი ვარ.
- გინდა გავისეირნოთ? - მეკითხება
მგონი პირველი შემთხვევა იყო, როცა დავფიქრდი მის მიერ დასმულ შეკითხვაზე. მარტივად მიხვდა მინდოდა თუ არა მასთან ერთად ყოფნა. გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ხელი გამომხვია. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩას მივუყვებოდით. შემოდგომა იყო, თუმცა მზე ისე აცხუნებდა გეგონება კოსმონავტებმა ლუპა დაუმონტაჟესო. თუ მე მეცხელებოდა ასე ამინდი... ვერ გეტყვით. მივდიოდით და ვერ აღვწერ რა მემართებოდა. თავი თითქოს დამიცარიელდა. ფერი დამეკარგა. სწორადაც კი ვერ ვიყურებდი წინ, ნაბიჯების გადადგმაზე ზედმეტი იყო საუბარი. უცებ ნინიმ ანბანის კოშკს მოჰკრა თვალი და მეუბენება:
- გინდა დავნაძლევდეთ, რომ ანბანს ბოლომდე ვერ ჩამოთვლი?
- მოსულა.
- რაზე დავნაძლევდეთ?
- რაზეც შენ გინდა.
- კარგი. როდესაც წააგებ, პირველ შემხვედრს გამოართმევ ტელეფონს, დამირეკავ და მეტყვი, რომ გიყვარვარ.
- ოოო სისულელეა... სხვა მოიფიქრე.
- რასაც გეუბნები შეასრულე!
- ვიცი რატომაც მეუბნები მაგას...
- მერე მითუმეტეს უნდა შეასრულო.
- თუ მოვიგებ?
- შენი ტვინის ამბავი, რომ ვიცი...
- ეი, ბი, სი, დი, ი, ეფ, ჯი.... - დავიწყე.
- ეეე ბრატ... დაეშვიი. გაგეხსნაა?
- რა გინდა? ანბანი უნდა ჩამოგითვალო.
- ა, ბ, გ, დ... ქართული ანბანი ნიკოლოოზ.
- ეიჩ, აი, ჯეი, ქეი, ელ, ემ...
- აი ეს ხართ ქართველები, ტორტს გიკვეთავ და ტოლმა მოგაქვს/
- მოვიგე.
- არ გრცხვენია?/
ამ ლაპარაკ-ლაპარაკში შუა პარკში აღმოვჩნდით. მე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გავაჩერე. ვთხოვე ტელეფონზე დამარეკინე მეთქი. რა წამს ზარი გავიდა ყურმილი დავკიდე. ცოტა გაკვირვებული კი მიყურებდა ის ბიჭი, მადლობით გავისტუმრე და ნინიკოს მოვუბრუნდი.
- შევასრულე.
- ...
- ნინი... შეილება?
მე მისი ხელი ავიღე და ვინაიდან ჩემი გულისცემა, დიაფრაგმის შუაში იგრძნობა, ზედ დავაფარე პულსს.
- ხედაავ? - ვეკითხები
- რას?
- მე მხედავ?/ რას და გულისცემას.
- გულისცემას ვგრძნობ რომანტიკოსო - მეუბნება და იცინის.
- მოკლედ შენთან არაფერი გამოვა - ვუთხარი და ხელი ჩამოვაშვებინე.
- ასე ფიქრობ?
- ნინი... ათასი იდიოტობა წამიკითხავს, მაგრამ არასდროს გამომიყენებია ცხოვრებაში ის რაც იქ ეწერა. ახლაც ასე ვარ. თუ ბედნიერი მომავალი გინდა, პირველ რიგში პულსი უნდა დაუმალო შენ სიყვარულსო. მომკალი და არ მჯერა ასეთი რამეების. თუ გინდა წადი, გზა დიდია. უბრალოდ რასაც გეტყვი და როგორც გეტყვი ყველაფერი სიმართლე იქნება. არვიცი რა მემართება, როცა გხედავ, შენთან ერთად ვერ გამოვხატავ ამას... მარტო ყოფნისას ძალიან თავისუფლად ვიჭერ თავს წარმოვიდგენ, როგორ ვსაუბრობთ პარკში, ქუჩაში რავიცი სადმე, როგორ ვუყურებთ ერთად მზის ჩასვლას...
- ოჰ... ოჰ... ოჰ...
- მაგრამ, როგორც კი შეგხვდები, მაშინვე მავიწყდება ყველაფერი და ერთად ორი სიტყვა ვერ მითქვამს შენთვის. მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ, არვიცი რა დავარქვა ამას. უბრალოდ თავს ვერ ვაკონტროლებ, რომ იდიოტად არ მოგაჩვენო თავი. მართლა არ ვარ ისეთი გამოთაყვანებული, მაგრამ შენთან ზურგის ტვინით ვიწყებ აზროვნებას. მე ვერ დაგპირდები ოქრო-ვერცხლს არ მოგაკლებ მეთქი, თუმცა ერთგულების ფიცის მოცემა მართლა შემიძლია. ისე თქვენ, რომ კაცმა გკითხოთ ყველა ბიჭი ერთნაირიაო...
- ...
- მაგრამ არაა მთლად ეგრეც. მოკლედ ლამაზი ხარ, ჭკვიანიც ხარ... უფრო ჭკვიანი ხარ... ხოდა მიყვარხარ რა... მართლა ძალიან მიყვარხარ!
არვიცი შეამჩნია თუ არა შუბლზე ცივი ოფლი, რომ მასხამდა. ძალიან ძნელია ასეთ დროს საუბარი. ჰაერი ისე გეწურება ფილტვებში, ლამისაა დაიხრჩო. თუ რა თქმა უნდა გულით ამბობ სათქმელს. ნინიმ, როგორც ყოველთვის ლოყაჩაჩხვლეტით გამიღიმა, მეორე ხელი თმაზე გადამისვა და მეუბნება:
- შაურმაზე ხომ დამპატიჟებ?
- კი (ყოველთვის)
- ბუფეტში ყოველდღე ლობიანებს ხომ მიყიდი?
- კი (არასდროს)
- მაშინ ვაჟბატონო, ჩემს მეორე ნახევრად გამომიცხადებიხარ! - მითხრა და გულში ჩამიკრა.
ჩემთვის მარტივად გამოსაცნობი იყო, რაც იმ სიტყვებში იგულისხმა. საერთოდ მერწმუნეთ, რომ ამ ქვეყნად ყველა გადაკრულად საუბრობს, მოქმედებს და ასე შემდეგ. შენ თუ ისე გაიგებ ყველაფერს, როგორც ისინი იქცევიან, მუღამიც დაეკარგება და შინაარსიც სათქმელს. ამოატრიალო უნდა მისი ნათქვამი. ამ შემთხვევაში ნინომ ორი კითხვა დამისვა: "ყოველთვის გეყვარები?" და "არასდროს არ მიღალატებო?" ეს იყო გოგო, რომელმაც ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. მან თვალი ამიხილა და ამ სამყაროში ბევრი ისეთი რამ დამანახა, რომელიც ჩემს ხელთ იყო და ვერ ვამჩნევდი. ყოველთვის ასე ხდება. ბედნიერების ქვაკუთხედში, როცა ფეხს შედგამ გონება გაითიშება და მხოლოდ გული დაიწყებს ბაგა-ბუგს. კალეიდოსკოპივით აჭრელდები და გალამაზდები, როცა ყოველი დღე გაზაფხულივით შენს თვალწინ აყვავილდება. ახლა კი ნინიკოს სიტყვებით დავასრულებ ამ ამბავს: "ჯანდაბა... მაგარ შარში გავებით. მგონი ერთმანეთი შეგვიყვარდა."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიალოგები პროზაში არ მომწონს საერთოდ , თუმცა აქ თითქოს რომატიკულია. დიალოგები პროზაში არ მომწონს საერთოდ , თუმცა აქ თითქოს რომატიკულია.
1. წავიკითხე 4 ქულას დავწერ ავანსად.
მგონია რომ თანდათან დაიხვეწებით
მშვენიერი გოგო ყოფილა ნინო. არსად გაუშვათ. მითუმეტეს მასაც უყვარხართ :)
მოქმედ გმირს ვეუბნები ამას, არა ავტორს :)
მოკლედ, 4 ჩემგან და დავიტოვებ იმედს ჩემთვის წავიკითხე 4 ქულას დავწერ ავანსად.
მგონია რომ თანდათან დაიხვეწებით
მშვენიერი გოგო ყოფილა ნინო. არსად გაუშვათ. მითუმეტეს მასაც უყვარხართ :)
მოქმედ გმირს ვეუბნები ამას, არა ავტორს :)
მოკლედ, 4 ჩემგან და დავიტოვებ იმედს ჩემთვის
|
|
მონაცემები არ არის |
|
|