| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 15 ივნისი, 2018 |
როგორ გინდა გაიპარო ახლა აქედან, თუმცა ახსნა-განმარტებების თავი არ მაქვს, უნდა გავიპარო და მორჩა, გადაცმის დროც არ რჩება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - ახლა, მთავარია, გავიქცე, თუნდაც სადედოფლო მორთულობით, ან შიშველი, მაგრამ შიშველს ეს ნაჭრები სჯობს, არადა რამდენი ვარჩიე, ახლა კი უბრალო ტანსაცმელი გახდა ჩემთვის. ზუსტად ხუთ წუთში სვეტიცხოველში ჯვრის დასაწერად უნდა წავსულიყავით, სახლში არეულობაა, დაქალები, ნათესავები ისე ესაუბრებიან ერთმანეთს, ისეთი გნიასია, როგორც ბაზარში წინასაახალწლოდ. ჩემთვის არავის სცხელა, იქნებ სცხელათ კიდეც, მაგრამ აბა ვინ წარმოიდგენს ახლა, რასაც ვაპირებ. კარს ვაღებ, კიბეებზე ჩამოვრბივარ... ლიმუზინიც აქვეა, კუკლით, არადა გავაფრთხილე, კუკლა გოიმობაა, არ დამანახოთ-თქო, ხოდა ჰყავდეს ახლა ეს კუკლა. იქვე შუქნიშანია, ვხედავ წითელ შუქზე ცარიელი ტაქსი დგას, ჩართული ძრავით. კარს ვაღებ და უკანა სავარძელზე ვწვები. - როგორც კი მწვანე აინთება, გაზს ბოლომდე მიაწექი, რაც შეიძლება აქედან შორს წადი, ხვალ ას ლარს ჩაგირიცხავ ანგარიშზე! - ვამბობ. ტაქსის მძღოლი ჩემკენ ბრუნდება და ყელმოღერებული ზემოდან დაახლოებით ისე მიყურებს, თითქოს უცხოპლანეტელი დაენახოს. ისე კი ბევრი ამბობს დავინახეთო, მაგრამ არა მგონია სიმართლეს ამბობდნენ, მაშინ სხვასაც უნდა დაენახა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხო კამერებია, მეორე ნაბიჯზე კი - ტელევიზიები და პაპარაცები დადარაჯებული, როგორია ექსკლუზივი უცხოპლანეტელთან ან სელფი. ახლა რომელიღაც კამერა მეც მიღებს ალბათ. მანქანა, რაც შეიძლება, მალე უნდა გამოვიცვალო. თუმცა ჯერ არც დავძრულვართ, ანუ ისევ წითელი ანთია, არადა ხუთ წუთში განგაში გამოცხადდება და ძებნას დამიწყებენ... მოიშალა ეს შუქნიშანია თუ ჯანდაბა? ტაქსისტი კი გაბურძგნილი, წვერგაუპარსავი ტიპი ისევ მე მიყურებს. მანქანების სიგნალები მესმის, მაყრიონი ხომ არ დაიძრა, სულ მინდოდა ეს ხმა მომესმინა ჩემს ქორწილში. რა ქორწილი, ფაფუ ქორწილი. შუქნიშანთან ვდგავართ და ეტყობა, მწვანე აინთო, ანუ სხვებს ვუშლით. გაბურძგნულმა როგორც იქნა თავი მიატრიალა და დავიძარით. დრო და დრო კვლავ გადმომხედავს. ცოტა ხანში ვეკითხები: - მოგვდევენ?! - ქუჩა სავსეა მანქანებით, როგორ გავარკვიო, რომელი მოგვდევს, რომელი თავის გზით მიდის! - ჩვენ უკან არის ვინმე? - კი. - ვინ? - ყვითელი მარშუტკა, სამოცდაჩვიდმეტი, ხალხით სავსე! მინდა ვუთხრა, გადააგდე სავარცხელი, მაგრამ ამ ტიპს, შანსი არ არის სავარცხელი ჰქონდეს, და თუ აქვს, მით უმეტეს, არ უნდა გადააგდოს. თან ჩემი საყვარელი ციფრია შვიდი, შვიდში დავიბადე, დღესაც შვიდია და უნდა მექორწინა. გამოვერკვიე ფიქრებიდან: - ისინი ჩვენ არ მოგვდევენ! - ვამბობ. მგონი დროა მანქანა შევიცვალო, ვინმეს შეეძლო დავენახე, როგორ ჩავჯექი, უფრო სწორად ჩავწექი ტაქსში. - პირველივე შესახვევში მოუხვიე! - მარცხნივ თუ მარჯვნივ? - სულერთია! უცებ მკვეთრად მოუხვია მარჯვნივ. ამას იმიტომ მივხვდი, რომ მარცხნივ მოვცურდი და კარს თავით მიველეწე. მახსენდება, კითხვა იყო ფიზიკის გამოცდაზე, მანქანამ მოუხვია მარჯვნივ, საითკენ გადაიხრება მგზავრიო. მგონი, ეს ვიცოდი მხოლოდ ზუსტად, დანარჩენი ისე ალალ-ბედზე მოვნიშნე, გამიმართლა. იქ კი გამიმართლა, მაგრამ ცხოვრების უმთავრეს გამოცდაზე მწარედ ჩავიჭერი... - ცოტა ნელა, ე, კარტოფილი ხომ არ მიგაქვს! - ნეტა კარტოფილი მიმქონდეს! - ჩაიბუტბუტა. ვითომ არ გამიგონია, მართლაც რას ვერჩი ამ ბიჭს, თავსატეხი გავუჩინე, ამი გაბურძგნილ თავს კიდე ეს უნდოდა, თან მე თვითონ ვუთხარი მოუხვიე-მეთქი. - სადმე, მიყრუებულ ადგილას გააჩერე და ანგარიშის ნომერი დამიტოვე, ხვალ ფულს ჩაგირიცხავ! - გავეცი ახალი ბრძანება ისე, რომ თავი კვლავ არ წამომიწევია. - გაქცეული პატარძალი? - თქვენი საქმე არ არის? - მინდა გითხრათ, დიდი ვერაფერი ფილმია! - რას უწუნებ? - ლამაზი ქალი სჯობს, თუ როგორ ითარგმნება? - ლამაზმანი! - მანდაც მარშალია ხო რეჟისორი? თან იგივე სასტავია მსახიობების. - კი, გარი მარშალი! - ვამბობ და თან მეცინება. ცოტა ხანში საკურთხეველთან უნდა ვიდგე და ჯვარს ვიწერდე, მე ვიღაც გაბურძგნილ ტაქსის მძღოლთან ფილმებს ვარჩევ. ისე, სულ მაინტერესებდა, რატო ჰქვია ძაღლების სპეციალისტს კინოლოგი, ანუ ფილმების სპეციალისტს რა ჰქვია, ძაღლოლოგი? რა ფიქრები მაწუხებს, მგონი ნევროზი მაქვს! - სადმე, მყუდრო ადგილას გააჩერე და ჩავალ! - წასვლას სად აპირებ! - არ ვიცი, სადმე დავიმალები! - უკვე ანგარიშებსაც ვაბარებ! - უფრო სწორად, არ არის თქვენი საქმე. მე გეკითხებით, თქვენ სად მიდიხართ? - მე, ბებიაჩემთან! - ისე, ცოტა ზრდილობა არ გაწყენდათ! - უზრდელობა სად შემამჩნიეთ? ა, ხო ბებიაჩემთან-თქო, მართლა ბებიაჩემთან მივდივარ, თან მყუდრო ადგილი თუ გინდათ, ბებიაჩემია მყუდრო ადგილას! - ანუ სასაფლაოზეა? - სასაფლაოზე რატო? - გაკვირვებულმა გადმომხედა. მთლად ნორმალური არ უნდა იყოს - სასაფლაოზე რა უნდათ? საქმრო სექსუალური მანიაკი და მორფინისტი, ტაქსის მძღოლი გიჟი! ვინ მისცა ამას მართვის მოწმობა, ნეპოტიზმით ექნება აღებული. ბევრი კითხვა რომ არ დასვას, პირდაპირ ვუხსნი. - მოკვდა ალბათ! - და რატო უნდა მომოკვდარიყო? - რა ვიცი, რატომ კვდებიან! - ბებიაჩემი, ეკა, არის ყველაზე ცოცხალი ბებია და ამასთან ერთად არის სიმყუდროვის გარანტი დედამიწაზე - დღეს ხუთჯერ დამირეკა აუცილებლად მოდი, რაღაცა გიყიდეო! ახლა ზუსტად იქ მივდივარ! - მარტო ცხოვრობს? - მარტო რატო, ტიტიკოსთან ერთად! - ტიტიკო ვინღაა? - ტიტიკო თუ არ იცი, ბევრი დაგიკარგავს! - ბაბუაშენია? - არა, ბაბუჩემი არ არის, თუთიყუშია, თან გოგო? - ტიტიკო რატომ ჰქვია? - რა ვიცი, ორი წლის წინ მოფრინდა. თავიდან ბებიაჩემს ბიჭი ეგონა, ხოდა ტიტიკო დაარქვა, მერე ფრინველების მაღაზიაში ჰყავდა და აღმოჩნდა, რომ გოგოა, სახელი კი ისევ ტიტიკო შერჩა. - შენ სადღა ცხოვრობ? - დავსვი კითხვა, არადა, სჯობდა ენაზე კბილი დამეჭირა, რაში მაინტერესებს, სად ცხოვრობს ეს გაბურძგნული ტიპი! - მე - ბაბუაჩემთან! - მპასუხობს. გადამრევს ეს ტაქსისტი, მაგრამ ახლა ვეღარ ვფიქრობ უკვე, რომ უზრდელობს ან ღადაობს, ანუ მართლა ბაბუამისთან ცხოვრობს. გამოდის, რომ ბებია და ბაბუა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ადრეც ინგრეოდა ოჯახები, ნუ ეს შექმნის მერე, მე კი შექმნამდე დავანგრიე, ასე სჯობს: სჯობს ადრე, ვიდრე გვიან დროს. - გაყრილები არიან? - გაყრილები არანაირად, იმიტომ რომ შეყრილებიც არასდროს ყოფილან! - იცინის. - ა, ვხვდები მგონი დედის დედა და მამის მამა, ხო! - ყოჩაღ, უნარებს მარტივად ჩააბარებ! მაინც რა არის ადამიანი, სიამოვნებს შექება გაბურძგნილი ტაქსისტისგანაც კი. მართლა ხომ არ წავყვე ბებიამისთან? ძებნას დამიწყებენ, ნაცნობებთან რომ არ ვიქნები, სასტუმროებში გადარეკავენ, ან სასტუმროში ასე უპასპორტოდ და უფულოდ ვინ მიმიღებს? მგონი კარგი ვარიანტია. - უხერხული არ იქნება ბებიაშენს დაუპატიჟებლად რომ მივადგე? - რატომ იქნება უხერხული, სტუმარი უყვარს, თნ ძაან მაგარი ბებო მყავს, აი ნახავ! უცებ მისი ტელეფონი რეკავს. ტაქსისტმა ნომერს დახედა. - ამას, მგონი ჩვენი ესმის! ხო, ბებო მოვდივარ! - უპასუხა და პასუხს არც დალოდებია, გათიშა. - მისმინე, მაშინ, მოდი, მანქანა გააჩერე სადმე, ისეთ ადგილას, კამერები არ იყოს და ხალხი და სხვა ტაქსში გადავსხდეთ! - იქნებ და არც არავინ მოგსდევს ? - ეცინება. - რაც გითხარი, გააკეთე! - ვაჰ, რა გადარჩენილია ის ბიჭი, შენ ვინ გაგიძლებს! - ამაზე შენ ნუ ინერვიულებ, მალე დაბერდები! - იქნებ და ის შენი საქმროც ახლა თავქუდმოგლეჯილი გარბის! - არ ისვენებს. ბედი არ გინდა - გაბურძგნილი ტაქსისტის დასაცინიც გავხდი. სჯობს თავის თავს მიხედოს - პირდაპირი მნიშვნელობით! იმას აღარ ვამბობ, რომ სასიძო რისი გამქცევია, ბოლოჯერ სავარძელში მისვენებული და ვენაში წამალგაჩხერილი დავინახე. მანქანამ შეუხვია და გაჩერდა. - სხვა მანქანას რომ გააჩერებ, მანიშნე და გადმოვალ! მანქანიდან გადავიდა თუ არა, მესმის მუხრუჭების ღრჭიალის ხმა. ალბათ მოგვდევდნენ, ანუ მოგვაგნეს, მეცოდება ეს გაბურძგნული ტიპი, წიხლქვეშ არ გაიგდონ ჩემ გამო. თავი წამოვწიე, ვხედავ ვიღაცას გადაეხვია. - მანქანას ჭირს რამე? - მანქანას არა, მე! - შენ რა გჭირს? - მანქანაში კლიენტი მყავს, ბებიაჩემთან უნდა მიგვიყვანო შენი მანქანით! - აბა სადა? - მანქანას აკვირდება. - წამოწოლილია სავარძელზე! - ბაზარი არ არის, ძმა, წავედით! - უკანა კარი გააღოს! - ვიძლევი ბრძანებას მანქანიდან. თვითონ ჩემი (უი, ჩემი გახდა) ტაქსისტი აღებს ახლადგამოჩეკილი მეგობრის მანქანის უკანა კარს, მერე ჩემს მანქანასთან მოდის და კარს მიღებს. მე იამაიკელი სპრინტერი როა, უსაინ ბოლტი, იმის სისწრაფით, ვინაცვლებ ახალ მანქანაში. ახლა იქ წამოვწექი. ის, მეორე, მიყურებს და ეს ესაა, ყბა ჩამოუვარდება. - მოიტაცე? - მესმის, რომ ჩუმად ეკითხება. - წავედით დროზე! - ვიძლევი მე ბრძანებას. მივდივართ. წამოწოლილიც ვამჩნევ, ჩემს ტაქსისტს ძმაკაცი ხელებით როგორ ანიშნებს, ვინ არისო. ისიც ხელებით პასუხობს, აზრზე არ ვარო. ძმაკაცმა, ამას ვინ ჭამსო, თან ცერა თითს სწევს, ანუ ჩემზე - კარგი გოგოაო. კარგობის რა შეამჩნიეო, ტაქსისტი ეკითხება, ისიც ხელებით, უკვე აღარაა ჩემი, ვხედავ საფეთქელთან აპირებს ხელის მიტანს. აპირებს კი არა, ატრიალებს უკვე ბურღივით, ანუ ეუბნება, მგონი აფრენსო. - მანდ, თქვენ, მორჩით რა ჩემზე ჭორაობას! - ვამბობ. დამიჯერეს. ეს კია, დრო და დრო ტაქსისტი გადმომხედავს და იღიმის. მაცალოს ამ გაბურძგნილმა, როგორ უთხრა ჩემზე, აფრენსო! საკმაოდ ვიარეთ, მგონი იმდენად საშიში აღარ არის უკვე. წამოვიწიე, ამასობაში თურმე თბილისს გავცდით. მანქანამ ზაჰესთან მცხეთის გზაზე გადაუხვია, სვეტიცხოველიც გამოჩნდა, ხუთზე იქ ჯვარი უნდა დამეწერა, მამა ბასილი, ჩემი მოძღვარი მელოდება. მანქანის საათს ვუყურებ, ოთხია უკვე. მტკვარზე გადებულ ხიდზე გადავედით, ცენტრალური ქუჩა გავიარეთ, ქალაქს ცოტაზე გავცდით და მანქანა ლამაზ ორსართულიან სახლთან ჩერდება. მოვედითო, გაბურძგნილმა. დამელოდე, მალე ჩამოვალო, - ძმაკაცს ეუბნება და მანქანის კარებს მიღებს. რა ჯენტლმენია! ჩაცმულობა კი არა ჯენტლმენური აქვს, დახეული ჯინსები აცვია და მაიკა, ბურნუთას რომ ეცვა, ფილმში ,,სიყვარული ყველას უნდა“, ზუსტად ისეთი. ეზო კი სულ ყვავილებითაა სავსე და საოცარი სურნელი დგას. კიბით მეორე სართულზე, აივანზე ავდივართ. - ბებო, სად ხარ? - მოხვედი, შე სალახანა, ბიჭო რამდენჯერ უნდა დამარეკინო! - მესმის ხმა. - აი, ხო მოვედი, ბებო, სტუმარი გვყავს! - უი, მაპატიე გენაცვალე! მისაღებ ოთახში სიმპატიური მოხუცი ქალბატონი გვეგებება. სადად მოწყობილი ოთახია, ნათელი ფერები და კედლებზე სურათები. მაგიდაზე გალიაა, გალიაში ლამაზი თუთიყუში - ალბათ, ტიტიკო. - ბიჭო, შე ეშმაკის ფეხო, ცოლი მოიყვანე? რა ლამაზია! აკი შეყვარებული არ მყავსო! - ბებო, ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ! - შენ რა იცი, მე რას ვფიქრობ? ხედავ, ტიტიკო, ფიქრს მასწავლის! - სალახანა! სალახანა... - ყვირის ტიტიკო. - ჰო, კარგი ტიტიკო, სტუმარი გვყავს მაინც, ყველაფერს საკუთარ სახელს ნუ დაარქმევ! ტიტიკო, რა ვიცი შერცხვაო თუ რა, თვალებზე ფრთებს იფარებს. დავრეტიანდიო და ერთ სრულ ბრუნს აკეთებს გალიაში გარჭობილ მწვანე ჯოხზე. იმდენად საყვარელია და სასაცილო, ღიმილს ვერ ვიკავებ! ის კი შებრუნდა ზურგი მოგვაქცია და რაღაცას ჟღურტულებს თავისით, სიტყვებსაც ვარჩევ: ,,გვეშველება, გვეშველება... ამათ ხელში გვეშველება... გვეშველება...“ ტიტიკოს თავი გავანებო, მე რა მეშველება. ან სახლში რა ხდება ნეტა ახლა. კიდევ კარგი დედა ცაშია, მეორედ მომიკვდებოდა, მამას მაინც არ ევასებოდა ის ტიპი. დავურეკავ. ოღონდ ახლა არა, ცოტა გვიან, ჩაწყნარდეს ყველაფერი. - ამისგან ვერაფერს გავიგებ, გენაცვალე, შენ მაინც მითხარი, შეყვარებულები ხართ, ხო? რა ლამაზი სადედოფლო კაბა გაცვია, ჯვარი დაიწერეთ? - არა, ქალბატონო, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ და თქვენთან მოვედი, ცოტა ხნით რომ შემიფაროთ, საკუთარი ქორწილიდან გამოვიპარე! - შვილო, როგორ არ შეგიფარებ, არავის გავატან შენს თავს, ალბათ ვინმემ გაწყენინა ხო, ვინმემ რა ალბათ საქმრომ, დიდი ვიგინდარა უნდა იყოს, შენ რომ გაგაბრაზა! მომიყევი ერთი აბა, რა მოხდა! - დივანზე მსვამს, გულში მიხუტებს და თმებზე მეფერება. რაღაცნაირი სურნელი ასდის, ოჯახური, თბილი, სასიამოვნო. ზღაპრებიდან გადმოსულ ბებოს ჰგავს. ლამის ავტირდე, ბებოს არ მცხვენია, ამ ტაქსისტის მერიდება! - გავიდეს ეს და მოვყვები! - სულ წავალ, ქვემოთ ძმაკაცი მელოდება, თან მანქანას უნდა მივაკითხო! - სად წახვალ ბიჭო, ასე ტოვებ სტუმარს, თან ის მაინც არ გაინტერესებს, რატომ დაგიბარე? - სალხანა, სალახანა... - ყვირის ტიტიკო. - შენ მაინც გაჩუმდი, შე ქალო! - ახლა ტიტიკოს უბრუნდება ტაქსისტი. - გვეშველება რამე, გვეშველება რამე... - აგრძელებს ტიტიკო. უცებ ბებო ფრანგულად ალაპარაკდა. - lle est belle, tu ne l'aimes pas? * - რა კარგია, რომ ფრანგული ვიცი. - მომწონს კი არა და შენ რომ ამისთვის გზაში გესმინა ასე არ იტყოდი! - ამბობს გაბურძგნილი, ისიც ფრანგულად, თან მიყურებს და იცინის. მოიცა, გზაში ისეთი რა ვთქვი? ბებო გახსენებას არ მაცლის, ისევ ფრანგულად აგრძელებს: - ნუ ბოდიალობ რაღაცას, ვხედავ რომ მოგწონს, გეტყობა, მოხარშულს გიცნობ, ცოლად მოიყვანე! - კარგი ხო, ვთქვათ მომწონს, მერე გოგოს არ ეკითხები?! - გოგო სადედოფლო კაბით პირდაპირ მანქანაში ჩაგიხტა, მეტი რა ქნას?! - ეს შემთხვევითობა იყო და გამოუვალი მდგომარეობა! - დეგენერატო, მოსწონხარ, კი არ მოსწონხარ, უყვარხარ! ამას უტყუარს გეუბნები, ისე გიყურებს! ქალის ამბავს მე მასწავლი? მისმინე, სასწაული გითხრა, იცი რატომ დაგიბარე, წუხელ ბაბუაშენი ვნახე სიზმარში, წადი და ბიჭს ჩოხა-ახალუხი უყიდე, ზუსტად ისეთი, მე რომ ქორწილში მეცვა და ჩემი ზომის, დღეს შუადღით დასჭირდებაო - იქიდანაც დავალებებს მაძლევს, ჰოდა რა მექნა, მოგიტანე, აჰა - დაგჭირდა, კიდეც? ახლა გადიხარ, ბანაობ, წვერს იპარსავ, გამოეწყობი და გამოხვალ! - კარგი რა, ბებო, გინდა, გვაღადაოს! - რომ ვკვდებოდე ახლა, ერთ ნატვრას შემისრულებ?! - ჰო, კარგი, არ მოკვდე, ისე შეგისრულებს ერთ ნატვრას! - ჰოდა, შემისრულე, გადი და გამოიცვალე, ჯვარი უნდა დაგწერო! - უიმე, გამიგიჟა ბებია, სულ ჩემი ბრალია რა, ხო ენთო ყვითელი, წავსულიყავი, ამ შარს ხო ავცდებოდი! - ჰოდა წასულიყავი, მე გაგაჩერე?! - ვამბობ მეც, ფრანგულად. ორივე გაკვირვებული მიყურებენ, თვითონ რომ იციან, ვითომ რა, მეც გამიკვირდეს? - უიმე, გენაცვალე, ჩემი ანგელოზი! - ქართულად მეუბნება უკვე ბებო და გულში მიხუტებს. ტაქსისტი სხვა ოთახში გავიდა. მე და ბებო დივანზე ვსხედვართ და ვუყვები, როგორ უნდა დაგვეწერა დღეს სვეტიცხოველში ჯვარი ბიჭთან, რომელიც მეგონა, მიყვარდა. როგორ დავინახე ჩემი დაქალის, რომელიც თან მეჯვარეც უნდა ყოფილიყო, ტელეფონში ჩემი საქმროს სურათი, მესიჯს წერდა. დაქალი ტუალეტში იყო გასული, ტელეფონი მაგიდაზე დარჩა. ვიფიქრე, რაღაცა კითხვა აქვს, ალბათ, ჩემთან და ვერ მიკავშირდება-მეთქი. მესენჯერში კი წინა, ერთად გატარებული ,,გიჟური“ ღამის ინტიმურ-სექსუალური დეტალები ჰქონდათ აღწერილი, ბოლოს კი, როდის გავიმეოროთო? - ჩემი დაქალი წერდა. მანამდე აქეთ შემოგვიარე, ერთი კუბი გაიკეთეო - იყო პასუხი... ვიცოდი რომელ ოთახშიც იყვნენ სასიძო და მისი ძმაკაცები და შევედი, იქ კი სასასიძო ხელზე ქამარგადაჭერილი დამხვდა, საკუთარი ხელით იკეთებდა ნემსს ვენაში. გაშტერებული თვალებით შემომხედა, ვერაფერი ვთქვი, ტელეფონი იქვე დავუგდე და ქუჩაში გამოვვარდი... ამას ვყვები, თან ცრემლებს ვაღვარღვარებ. ბებო მაწყნარებს, მაკიაჟს მისწორებს და თმებზე მეფერება. უცებ კარი იღება ქართულ თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ტიპი გამოდის, ძველ ქართულ ფილმებში რომ ტიპებია, აი, ისეთი. უი, ჩემი ტაქსისტი, უიმე რა სიმპატიურია, იმ ზღაპარში მეგონა თავი, ბაყაყი რომ პრინცად გადაიქცევა! - ტიტიკო, ხედავ ბიჭს, როგორ მოუხდა ჩოხა?! - სალახანა, სალახანა... - ყვირის ტიტიკო.. - კარგი ტიტიკო, აღარ არის სალახანა, თურმე კაცი გვყავს ოჯახში! - უხარია ბებოს. - გვეშველება რამე... - ყვირის ტიტიკომ. - გვეშველება, ტიტიკო! აბა ერთად დადექით. უიმე რა კარგები ხართ, როგორ უხდებით ერთმანეთს! - ორი სალახანა, ორი სალახანა... - ყვირის ტიტიკო. ამ თუთიყუშს ხო თავი ვერ მოვაწონე, რა. - გაჩერდი ტიტიკო, თორემ ჯვრისწერაზე არ წაგიყვან! - ეუბნება ბებო. - ათასი ბოდიში, ათასი ბოდიში... - იძახის ტიტიკო და დარცხვენილი თვალებზე ფრთებს იფარებს. ისევ ბრუნს აკეთებს მწვანე ჯოხის გარშემო. რომელ ჯვრის წერაზე - გააზრებასაც ვერ ვასწრებ. - აბა მივდივართ, შენი ძმაკაცი ხო გველოდება, შენი მეჯვარე ის იქნება, მე კი შენი ბებია ვარ და მეჯვარე ვერ ვიქნები. მოიცა ჩემს დაქალს დავურეკო, დარწმუნებული იყავი ის არასდროს გიღალატებს! - მე მეუბნება ახლა და მობილურით რეკავს. - ვერონიკა, გოგო, როგორ ხარ? - როგორ ვიქნები, კატენკა, ძვირფასო, ტოჩინოშინმა წააგო! - მესმის ვერონიკას ხმა. - არა უშავს, ამ ბაშოზე ნახე ოძეკი თუ არ გახდეს! გამოეწყვე და სასწრაფოდ ჩვენთან გადმოდი. ავტომატიც წამოაყოლე. - გოგო, სადა მაქვს ავტომატი, ჩემმა უტვინო სიძემ პოლიციას ჩააბარა. - მაშინ შენ გადმოდი. მანქანიანი ძმაკაცი იქვე გველოდებოდა. როცა ასეთი საქორწილო მაყრიონი დაგვინახა, გაოცებისგან კიდევ ერთხელ ჩამოუვარდა ყბა. ხუთზე სვეტიცხოველის ხალხით სავსე ეზოში ვიყავით. რა კარგი წყვილიაო, რამდენიმემ-თქვა და გამიხარდა. უცებ მამაჩემი დავინახე, ჩემკენ მოდიოდა, აღელვებული - მამა! აქ ხარ? მა, აქ როგორ მომაგენი! - არსად რომ არ იყავი, სად წავიდოდა და მოძღვართან-მეთქი! - მა, იცი, მივხვდი, რომ არ მიყვარს, შენც ხო არ მოგწონდა! - მე არ მომწონდა, შვილო, მაგრამ არა მგონია, რომელიმე მამას სიძე მოსწონდეს! - მა, ესეც ახალი სიძე, არ გამიბრაზდე, რა?! - ეს როდის გაიცანი, შვილო? - საუკუნეა ვიცნობ! - ვაიმე მახსენდება სახელი არ ვიცი, სახელი არ მკითხოს! - ალექსანდრე! - ამბობს უცებ ჩემი ტაქსისტი, ნუთუ მიხვდა, უნებურად ხელზე ხელს ვუჭერ, ის მეორე ხელს მამაჩემს უწვდის, ისიც ართმევს და თვალებში ჩამდგარი მზიანი მზერით უყურებს - ვაშა, მოეწონა. - ცოტა ადრეც უნდა გვეთქვა, გვაპატიეთ, თქვენი ქალიშვილი მიყვარს და მინდა მისი ხელი გთხოვოთ! ჩემი გულჩვილი მამიკო, ცრემლი დავუნახე თვალთან. მამას ჯერ ეკა ბებო, ტიტიკო, სუმოს მოყვარული ჩემი მეჯვარე ბებია და მაყრიონის სხვა წევრები გავაცანი, მერე მამა ბასილი ვნახეთ. კარგია, რომ არ დააგვიანეთ, თქვენს მერე კიდევ ორი წყვილი იწერს ჯვარსო, თან გაკვირვებული უყურებს ტიტიკოს, რომელიც გალიაში ,,მრავალჟამიერო, მრავალჟამიერო...“ - იძახის. საკურთხეველთან რომ მივდიოდით, ვგრძნობ, რაღაცა უნდა მითხრას, ხელი მომიჭირა, ყური მივწიე მისკენ, თან ვფიქრობ, რამეს სასიამოვნოს მეტყვის. დაპირებულ ას ლარს როდის ჩამირიცხავო - ჩუმად მეკითხება, სალახანა-მეთქი, მეც ვუჩურჩულე. მერე ტუჩით ყურზე შემეხო, ჯერ მიყვარხარო და სახელი რა გქვიაო - დაამატა. მე, ანასტასია-მეთქი... -------- * (ფრანგ.) რა მშვენიერი გოგოა, ხო მოგწონს?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა საწყენია ეს თავის დროზე რომ არ მქონდა წაკითხული
ლაღი თხრობა, დამაჯერებელი ( ერთი წუთითაც არ შემოპარვია ეჭვი რომ შეუძლებელია ასე მომხდარიყო ) და რაც მთავარია სასიამოვნო იუმორი და თბილი განწყობა
ლორიასეულია ცალსახად :)
მშვენიერია ლევან ალალად 5 რა საწყენია ეს თავის დროზე რომ არ მქონდა წაკითხული
ლაღი თხრობა, დამაჯერებელი ( ერთი წუთითაც არ შემოპარვია ეჭვი რომ შეუძლებელია ასე მომხდარიყო ) და რაც მთავარია სასიამოვნო იუმორი და თბილი განწყობა
ლორიასეულია ცალსახად :)
მშვენიერია ლევან ალალად 5
2. სათაურში მე, ანასტასია ... წერია, ასევე მთავრდება ნოველა, საქმროს ეუბნება მე, ანასტასია მქვიაო.... ასე რომ მე არაფერ შუაში ვარ ანასტასია ყვება თავის ისტორიას.... მადლობა, რომ მომიკითხეთ :) სათაურში მე, ანასტასია ... წერია, ასევე მთავრდება ნოველა, საქმროს ეუბნება მე, ანასტასია მქვიაო.... ასე რომ მე არაფერ შუაში ვარ ანასტასია ყვება თავის ისტორიას.... მადლობა, რომ მომიკითხეთ :)
1. რაღაც ვერ გავიგე, მთხრობელი ანასტასია ყოფილა. სათაურში კი მე და ანასტასია იკიYხება.
პოზიტიური, მაგრამ არარეალური ისტორია იყო რაღაც ვერ გავიგე, მთხრობელი ანასტასია ყოფილა. სათაურში კი მე და ანასტასია იკიYხება.
პოზიტიური, მაგრამ არარეალური ისტორია იყო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|