ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2018


* * *

ცას კბილი გაკრა ბინდმა. ამინდმა
შემოახია ფარდები ფანჯრებს.
ასკინკილებით პატარა ბიჭი
პატარა გოგოს ნაფეხურს დასდევს.

ზმუის ნახირი. ჟღალწვერა მწყემსი
წკეპლას უმიზნებს უძილარ  ძროხებს,
ღამე იღლება და განთიადი
შიშნაჭამივით ათეთრებს სოფელს.

ომი კივილით მძვინვარებს სადღაც,
ჯარისკაცები სანგარში შეყავს,
მერე სიკვდილი მათ ცივ სახეებს
გულღრძო გერივით აფარებს ზეწარს.

თქვლეფს დამწიფებულ ციფრებს საათი,
და აბანაკებს მტერივით წამებს,
სისხამ აყრილი გოგოკალმახა
მიეზიდება სახლისკენ სათლებს.

რძე - გამომშრალი სარეცხებივით,-
ებღაუჭება დამსკდარ მკერდს ჩვილი,
სახურავებზე კატა ნადირობს,
დამშეული კბეჩს წერილებს ჩრჩილი.

ბნელ ორღობეში ფხიზლობს ჭრიჭინა,
დრო ობლის კვერებს სისინით აცხობს.
აკვირტებული გოგოყვავილა
სიზმრებს უყვება უზმოზე წყაროს.

ლურჯი კაბები მტვრიან კარადებს 
წამსვლელ მდგმურივით ჩქარ-ჩქარა ცლიან.
და ნაფეხურებს სოფლის ტალახზე
ქვაფენილები წკაპუნით ცვლიან.

...
ყელში ხელს უჭერს კედლებს ხვიარა,
ოფლი ერთბაშად შეიშრეს წლებმა,
და გამურული საცეცხლურებით
ძველი ბუხარი თავის თავს ქექავს...

...
სველ ფილაქანზე ლანდი ცახცახებს.
საწვეთურებში წკავწკავებს წვიმა
და ამღვრეული დინებასავით
მოხუცი ქვრივის ფიქრები მიაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები