ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2018


სათადარიგო განთიადი



ახლა სიყრუე მენატრება ამ ხმების მსმენელს.
კედელს ფრჩხილები ჩამოვუსვი და მუნკიც კივის.
აქ დაიტბორა ოთახები და აისბერგებს
მებადურები უზომავენ სიცივის ტკივილს.
აქ ჩვენ მარტო ვართ. ბევრი ვართ და ვართ მაინც მარტო.
სველი ხელებით ეფერება წვიმა ნაძვის ტოტს.
ისევ შემთვრალი დაბრუნება. ქუჩები. მეტრო.
განთიადები, თუმცა უფრო სათადარიგო.
დამძიმებული მიმიკებით მივყვები მგზავრებს.
ცები ბევრ ახალს მიყვებიან. ცა ხომ ბევრია.
იცი? წერილი ძველი ფოსტით გამოგიგზავნე,
ფოსტალიონს კი თურმე გზაში ჩასძინებია
და გაუძარცვავთ, წაუღიათ ჩემი კონვერტიც.
დასაჯერებლად ძნელი არი ვიცი და (დადგეს),
რატომ გიყვები, ეს არ ვიცი. გამოვტოვებდი
აქ ადგილს, თუმცა ვერ გავიგე, ჩვენს მთავარ სათქმელს
რა ადგენს. მიტომ უცნაური სიტყვების წყობით
მოვდივარ შენთან. და არ ვიცი, რა მძულს და რა მსურს.
წვიმიანია. საღამოა. ქუჩაში ტბორი
ისე უდგება ჩემს სიმშვიდეს, როგორც სხვის წარსულს.
და მეორდება ყველაფერი. მეც ისევ, როგორც
ადრე
ვიყავი. ვიმეორებ ხვალინდელ სცენარს.
მოსაწყენია ეს ღიმილიც. სიმშვიდის ლოგო.
მოსაწყენია არყოფნაზე ამდენი წერა.
რიტმის ძიებით აღტკინებულ ბაყაყის ყიყინს
ვუსმენ და მზერა სმენასავით სადღაც გამირბის.
ჩაწყობილია კარის უკან ღამეთა რიგი.
გამთენიებიც, მაგრამ უფრო სათადარიგოდ.
წესების დაცვით მოძრაობენ მხოლოდ მთვრალები,
ოღონდ მთავარი ის არის, რომ წესი გაიგონ.

იზრდება წვიმის შინაარსი. ფორმით კი ისევ
იქნებ იმგვარად წვიმდეს, როგორც აწი იწვიმებს.
მე შენს ხასიათს გულახდილი სიტყვისკენ ვიწვევ,
ისევე, როგორც ერთ დროს ჩემი გამოვიწვიე.
ვერ ვიტყვით თუმცა დარწმუნებით ვერაფერ ახალს,
ისევ მომხდარს თუ შევაჯამებ. დასკვნებს არ ვაწყობ.
ხვალ რა მოხდება? ალბათ სადმე შემთხვევით გნახავ,
და მოგექცევი ისე, როგორც საკუთარ აწმყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები