ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2018


ვენერა და ჩემი ჩაფლავებული ოცნება

გამოგიტყდებით და დიდი მოუსვენარი ვინმე ვიყავი. სახლში ერთი სული ჰქონდათ, როდის გათენდებოდა და სკოლაში წავიდოდი, სკოლაში მეხვეწებოდნენ: კუპატაძე, რას გვერჩი, ბიჭო, ასეთი რა დაგიშავეთ, რომ სისხლს გვიშრობ? თუ სწავლა არ გინდა, ნუ მოხვალ ბიძიკო და მოგაშავებთ იმ სამიანებს. მე კი ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა სკოლა და ჩემი მწვანეთვალება შეყვარებული. არც ერთ გაკვეთილს არ ვაცდენდი. ეგ კი არა და ხან ისე ამიჩქარდებოდა გული, დროს ვეღარ ვუცდიდი და მთელი საათით ადრე დავერჭობოდი ჩვენს გვერდებგამომპალ სკოლაში.
ავიხირე მინისტრი უნდა გავხდე-მეთქი. ვაი შენს პატრონს უბედურს!-მითხრეს სკოლაში. ვაი ჩვენს თავს უბედურს!-თქვეს სახლში. მე კი ვიფიქრე, ვიფიქრე და აზრი მაინც არ შევიცვალე. სხვა ყველაფერს სჭირდებოდა შრომა, მხოლოდ პოლიტიკოსს შეეძლო ლაპარაკითა და მხარ-თეძოზე კოტრიალით ფულის შოვნა. ფული გიყვარდეთ და კი მჭირდებოდა. ამ სოფელს მინდოდა მოვშორებოდი, კარგი მესვა, გვარიანად მეჭამა და ქალებს რაც შეეხება, ჩემი მწვანეთვალებაც მეყოფოდა.
მთელი წელი მე ვაწვეტდი ნერვებს მასწავლებლებს, წლის ბოლოს ისინი დადიოდნენ სახეგადაბადრულები, მე კი მაწანწალა ძაღლივით დავდევდი უკან და ვეხვეწებოდი:
-პრიროდა მას, დამიწერე 3, ვენაცვალე შენს ხელებს.
-პრიროდას მოგცემ მე შენ, უზრდელო, გაფუჭებულო, გათახსირებულო, -ლანძღვა-ლანძღვით გაივლიდა ნავთიანი ტილოთი მოწმენდილ დერეფანს და სამასწავლებლოში ჯერ შესული არ იყო, რომ უკვე სიას აყოლებდა პუტკუნა თითებს: კვახაძე, კერესელიძე, კუ პა ტა ძეე, კუპატაძე და ჯანდაბა და დოზანა შენ, ერთი სიტყვა რომ ვერ შეგასვებინე მაგ გამობენტერებულ თავში,- და დამიწერდა მრგვალ, ლამაზ სამიანს.
-მას, მას, მაას,- ახლა ქართულს ავედევნებოდი.
-დაგიწერე, შვილო, უკვე,- გამიღიმებდა და სულ ღიღინი-ღიღინით გამცდებოდა ჩვენი ქართულის ლამაზი მასწავლებელი.
-ჩუნჩუტო, ხომ იცინე მთელი წელი, ახლა მე უნდა გავიცინო,- მომიჯახუნებდა ცხვირწინ კარს მათემატიკის მასწავლებელი. მე კედელს უდარდელად მივეყუდებოდი და ველოდებოდი. ზუსტად 2 წუთში გამოდიოდა, ყდამოგლეჯილ რვეულს გამომიტანდა და სახეზე მომაგდებდა, ამოხსენი ეს განტოლებები და დაგიწერ, არა და ვერ ეღირსები ნიშანს. რადგან მე გასულ წელსაც ამ მდგომარეობაში ვიყავი და გასულ წელსაც ეს განტოლებები ამოვახსნევინე ჩემს სტუნდენტ დას, მეორე დილითვე მიმქონდა ჩაწიკწიკებული რვეული.
-აჰა, აბა შეხე რა გონებას აფუჭებს!- დაიჯღანებოდა, თავში ჩამცხებდა იმ ნატანჯ რვეულს და დამიწერდა დამაკმაყოფილებელს.
ასე ხვეწნა-მუდარით გადავდიოდი კლასიდან კლასში. მაგრამ მეცხრეში ჩემი ქიმიის მასწავლებელი გათხოვდა, ჩემდა ჭირად, და ყავარჯნის კაკუნით შემოვიდა კლასში ჩემი მეზობელი ვენერა. მასწავლებელი კი შეიცვალა, მაგრამ მე არ შევცვლილვარ და როცა ვენერას წლის ბოლოს მივადექი, შესაბრალისი სახით, ამხედ-დამხედა, ლოყა მომაჩმიტა და არაო!-მგლიჯა სახეში მოულოდნელად მოხვედრილი მუშტივით.
იმ საღამოს სახლში მივაკითხე, ერთი კალათა ვაშლი მივუტანე. თქვენი ბაღისააო? კი, აბა რა, უწამლია-მეთქი, მადლობა, კარგი ბიჭი ხარო, გამომართვა კალათა, მაგრამ არაო.
დედაჩემმა ოცნებაც კი არ გაბედო, რომ მე მივალ და შენს ნიშანზე დაველაპარაკებიო. მერე ვენერას ერთი ვილისი შეშა დავუჩეხე და ისე კოხტად დავულაგე კიბის ქვეშ, მესიამოვნა, პატარა ბაღჩაც ჩავუბარე, რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ შენო, შემაქო, მაგრამ ნიშანი არ გამოვაო ასე. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და გამომაყოლა საშემოდგომო და ის ზაფხული ნამდვილ კოშმარად მიქცია. თითქოს მეტი საქმე არ ჰქონდა, როგორც მე ანკესს ავიღებდი და მდინარისაკენ დავეშვებოდი:
-კუპატაძე!- დასჭყივლებდა აივნიდან,- ვინ ჩაგიბარებს გაკვეთილს შენ თუ იცი? - გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე ზაფხული ვენერასთან და მენდელეევთან ერთად. ბოლოს როგორც იქნა მაღირსა ნიშანი, ძალიან დაბოღმილი ვიყავი და ვუთხარი:
-ვენერა მას, მოვა დრო, მე მინისტრი გავხდები და თქვენ დამიკაკუნებთ კაბინეტზე, კუპატაძე, შეიძლებაო!- გადაიხარხარა, მანამ არ აგიდგეს გვერდები შენო.
წვალებ-წვალებით დავამთავრე სკოლა და ატესტატი ავიღე. წიგნი არ გადამიშლია, ღამ-ღამობით ბებიაჩემის გარდიროვის წინ დავდგებოდი და სიტყვით გამოსვლაში ვვარჯიშობდი, სულ ბრტყელ-ბრტყელებს ვისროდი, მინისტრობისთვის ვემზადებოდი. გამოცდაზე გავედი, მაგრამ ჩავფლავდი.
მაშინ კიდე სხვა დრო იყო, ვინ გაგაჩერებდა ასე უსაქმურს, მე ვერც სტუდენტი გავხდი და ვერც მინისტრი, ამიტომ სამსახური გამომინახეს, ელექტრიკად მომაწყეს.
ერთი დღეც არის და მაშინ უკვე 6-7 წელიც იქნებოდა გასული სკოლის დამთავრებიდან, ძელზე ვარ ასული, რაღაც დაზიანებაა, "კოგტები" მაცვია და ერთი ხელით საკუთარი თავის დაჭერას ვცდილობ, მეორე ხელით სადენებს ვეჩალიჩები და კაკუნი მესმის. ჩავიხედე დაბლა და დგას ვენერა, იღლიაში თავისი ლაკის რეძიკული ამოუჩრია და ყავარჯენს უკაკუნებს ძელს, გაოცებულმა შევხედე, თავადაც ამომცინა:
-კუპატაძე, შეიძლება? - მკითხა და გზა სიცილ-სიცილით გააგრძელა.
აზრი არ შემიცვლია იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრობას დიდი ჭკუა-გონება არ სჭირდება, მაგრამ რაღაც უნარები მაინც საჭიროა ალბათ, მე ძელზე აძრომა ვისწავლე, ასე ვთქვათ, უფრო მაღლა მივიწევ, ცისკენ, ერთ ადგილში შეძრომა ჩემი საქმე არ გამოდგა, ამიტომ დავრჩი ელექტრიკად. რაღაცნაირად შევეგუე კიდევაც ჩემს ცხოვრებას, ჩემს მწვანეთვალება გოგოზე დავქორწინდი, ორი ბიჭი მყავს, დიდი ყალთაბანდები არიან. ბევრი რამე შეიცვალა ჩვენს სოფელში, გზები გაიყვნეს, სკოლაც შეარემონტეს, ვიღაცებმა სახლები მიატოვეს, სხვებმა სააგარაკედ იყიდეს, მოკლედ ჩაიარა ათასმა წყალმა, ვენერაც მოკვდა აგერ უკვე მეთორმეტე წელი დაიწყო, მაგრამ მე მაინც "კოგტების" ყველა ჩაცმისას მაგონდება, აქეთ-იქით ვიხედები შეშინებული და მეჩვენება, რომ ახლა უნდა დამიძახოს: კუპაატაძეე, შეიძლება თქვენს კაბინეტში შემოვიდე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები