ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2018


///

... ტოტები შეარხია,ბეღურების ბუმბულები და ოდნავ შეყვითლებული ფოთლები ჩამოიბერტყა,ფესვებით,ოდნავ ნესტიანი ადგილები მოძებნა მიწის სიღრმეში და დილის მზისაგან კენწერო გაცხელებულმა,ხშირი ფოთლებით დანიავება სცადა.ჯერ კიდევ მოზარდი,ჯანმრთელი ნერგი იყო ამ ხეებისგან დაცლილ მინდორზე რომ მოიყვანეს(არ ახსოვს ვინ და რატომ) და იმის მერე ნაადრევად დაკოჟრილს,ხასიათი დაუმძიმდა,აღარც მზის სხივები ახარებდა და ჩიტების ჭიკჭიკიც ნერვებს უშლიდახოლმე.

იმ დღეს ღრუბლები მოუსვენრად დაცურავდნენ ცაზე და მალევე ცოტახნით მზესაც ჩამოეფარნენ.მანაც შვება იგრძნო,სიგრილე ესიამოვნა,შვებით და ღრმად ამოიშრიალა და  თვალებიდან ფოთლები გადაიწია.პირველი რაც დაინახა,როგორც ყოველთვის მის წინ გაშლილი,დიდი მინდორი იყო,რომლის სიმწვანესაც აქა–იქ ამოსული ბაბუაწვერები არღვევდნენ მხოლოდ.აი მაგალითად ზუსტად მის წინ,ჯარისკაცებივით ერთ ხაზზე,მწყობრში ამოსულ სამ ბაბუაწვერას თუ გააყოლებდა მზერას დაინახავდა კიდე... მოიცადეთ,სადაა ის ბაბუაწვერები?უფრო სწორად ეს რა ეფარება რომ ბაბუაწვერებს ვეღარ ხედავს?ტოტები შეარხია,მერქნიანი თვალები მოიფშვნიტა და კარგად დააკვირდა.არა,ნამდვილად არ სძინავს,მაგრამ აქ აშკარად მარტო თვითონ იყო ხე წლების მანძილზე და ბაბუაწვერების დანახვასაც არაფერი უშლიდა დღემდე.წინ ჩამოფარებულ დაუპატიჟებელ სტუმარს ნელნელა ააყოლა თვალი,აი პირველი ტოტებიც,კიდევ ტოტები,ლამაზი დიდი შრიალა ფოთლებით.მან უეცრად შრიალი შეწყვიტა,სრულ სიჩუმეში ფოთოლ–ფოთოლ ათვალიერებდა მოსულს,რაც უფრო დიდხანს უყურებდა,უფრო  მეტად ფუსფუსებდნენ მისი ფესვები,თითქოს მაგრად ეჭიდებოდნენ მიწას,რომ რეალობას დაბრუნებოდა,მაგრამ ფესვებში ძალა გამოცლოდა და ისე ირწეოდა,როგორც  იმ ქარების დროს,თებერვლის თვეში რომ იცოდა ამ მხარეში.ხან კენწეროდან დაუყვებოდა ხან პირიქით დაბლიდან ააყოლებდა მზერას და ასე გაუჩერებლად.

სტუმარი ნამგზავრი იყო,დაღლილი და როგორც ჩანს გვიან შეამჩნია რომ მის წინ მდგომი,დაჟინებით აკვირდებოდა.ჯერ აქეთ იქით შეარხია ტოტები,სწრაფად მოავლო თვალი რაც შეიძლებოდა შეუმჩნევლად გარშემო მინდორს,კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ მის გარდა აქ მხოლოდ ერთი ხე იყო და ისიც ნამდვილად მას აკვირდებოდა.ტოტები სახიდან მოიშორა და ოდნავ დამფრთხალმა(როგორც წინა საცხოვრებელ ადგილზე,მის ხშირ ტოტებში,მავნე ბავშვებისგან ქვის სროლით დამფრთხალი ჩიტები იმალებოდნენხოლმე) შეხედა და ოდნავ შესამჩნევად თავიც დახარა.

ახალ მოსულის მზერა რომ მისკენ იყო მიმართული ცოტა გვიან მიხვდა,თავიდან დაიბნა,გვერდით გაიხედა,მერე ზევით,ვითო ცას შეჰყურებდა,მერე ისევ დაბლა,მაგრამ მიხვდა სასაცილოდ გამოიყურებოდა და ეცადა უფრო მშვიდი სახე მიეღო,თავადაც თვალი თვალში გაესწორებინა.მთლად გასწორება არ გამოუვიდა,მაგრამ სადღაც თვალებსა და პირველ წყვილ ტოტებს შორის უყურებდა.დაინახა ახალ მოსულმა ოდნავ თავიც რომ დახარა და მანაც სცადა თავი დაეკრა მისალმების ნიშნად.ახალ მოსულმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.ღიმილის დანახვამ ცოტა გაათამამა და გამოლაპარაკება სცადა.პირველ ჯერზე არ გამოუვიდა,სასაცილოდ ნაზი შრიალის ხმა  აღმოხდა,ტოტები აიფარა პირზე,ჩაახველა და თავიდან სცადა.ამჯერად თავისი ნაცნობი ხმა გაიგო და  მისალმებასაც მოაბა თავი.მისალმებას მისალმებითვე უპასუხა ახალ მოსულმა და ნელნელა უფრო და უფრო თამამად აშრიალდნენ.

ღრუბლებს ამასობაში მზისთვის თავი დაენებებინათ,ისიც ისევ მთელი მონდომებით აგზავნიდა სხივებს მინდორზე,სადაც საოცარი სანახაობა  დაწყებულიყო.მწვანე დიდ მინდორზე,ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი ხე შრიალებდა,ხან ჩურჩულივით  ჩუმი შრიალი იყო,ხან გულიანი სიცილივით ხმამაღალი,მთელი ტანი,ტოტები რომ ირხეოდნენ და ამ მოულოდნელი სანახაობით გაკვირვებული,ჯარისკაცებივით ბაბუაწვერები,რომლებსაც გაკვირვებისგან ოდნავ მწკრივიც კი დაერღვიათ თითქოს,ერთმა გაოცებისგან ისეთი ამოისუნთქა,მის გვერდით მდგომს კინაღამ მთელი ბუსუსები გააცალა კეფიდან.

გადიოდა დღეები,დღეებს თვეები მიჰყვა,მას უკვე აღარ ეზარებოდა დილაობით თვალების გახელა,(სამაგიეროდ ღამე ძილი აღარ ეკარებოდა) აღარც ჩიტების ჭიკჭიკი უშლიდა ნერვებს,მხოლოდ მაშინ შეარხევდა ტოტებს და ააფრენდა ხოლმე მათ,როცა მის წინ მდგომთან მარტო დარჩენა უნდოდა.

ამბის დასაწყისში მას ფიქრი გაუწყდა,როდესაც სამი ჯარისკაცივით ბაბუაწვერის იქით,კაცმა არ იცის საიდან,როგორ ან ვისგან დადგმული,ხის სკამი იყო,რომელსაც ახალ მოსული ეფარებოდა თუ ოდნავ არ გადაიხრებოდა.ამ ბოლო რამდენიმე ხნის წინ ამ სკამთან ორნი მოდიოდნენხოლმე.რაც დრო გადიოდა უფრო ხშირად და დიდიხნით რჩებოდნენ.სკამზე ჩამოჯდებოდნენ,საუბრობდნენ,იცინოდნენ,მერე უბრალოდ ერთი მეორეს მხარზე თავს დაადებდა და ასე გაუნძრევლად გაჰყურებდნენ სივრცეს და კაცმა და ხემ არ იცის რაზე ფიქრობდნენ.მათი შემყურეები,ხვდებოდნენ თუ რა აკლდათ მათ.უნდოდათ ერთმანეთს ისე შეხებოდნენ როგორც ის ორი სკამზე.ერთ დღესაც გადაწყვიტეს ეცადათ,მათ ერთმანეთისკენ გაიწვდინეს ტოტები,მაგრამ მაინც დიდი იყო მანძილი მათ შორის,მხოლოდ  ერთმანეთის სუნთქვა მიუახლოვდათ ფოთლებით.როგორ არ ცდილობდნენ,რომელი ტოტით,მაგრამ ერთი წამითაც ვერ ახერხებდნენ შეხებოდნენ ერთმანეთს.ამ მცდელობებში თვეებს წლებიც მიჰყვა,ეცვლებოდნენ ერთმანეთს ზაფხულის მზიანი და ზამთრის თოვლიანი დღეები.გრძელი,ყინულივით ცივი  და თბილი,ჭრიჭინების ხმით ავსებული ღამეები.არ ცხრებოდა მათი სურვილი,ერთხელ მაინც შეხებოდნენ ერთმანეთს და არ ბეზრდებოდათ არც იმ ორს სკამთან მოსვლა.მერე რა რომ უკვე ორივეს თმა გათეთრებოდა და მწვანე მინდორს,ბაბუაწვერებთან ერთად მათი სითეთრეც შერეოდა,თან სიარულიც ორივეს უჭირდა უკვე.სკამის გარშემოც სიცილით ვეღარ დარბოდნენ,მაგრამ ერთმანეთის მხარზე თავის დადება კი მაინც შეეძლოთ და ისევ სივრცეში მაცქერალები,ალბათ უკვე ხედავდნენ რაღაცას,რისთვისაც ერთმანეთი არ ემეტებოდათ და გულში ერთმანეთს ასწრებდნენ წასვლას.

ერთ დღესაც(ალბათ რომელსაც შეეფერება სიტყვა „დასასრული“) სკამთან მხოლოდ ერთი,ბაბუაწვერასავით თეთრი თავი გამოჩნდა.გაჭირვებით დაჯდა და გვერდით გაიხედა,ზურგიდანაც კი ადვილი წარმოსადგენი იყო,რა სიცარიელე და მონატრება ირეკლებოდა მის ცრემლისგან აციმციმებულ თვალებში.ამ სევდიანი სანახაობით  ტოტებ გაშეშებულებს,რაღაცის მოქნევის ხმამ მოსჭრათ ყური და ტკივილისგან ტოტებ დამანჭულმა ძლივს ამოიშრიალა.ერთ მოქნევას მეორე მოყვა,მეორეს მესამე.მისი ნელნელა დანაფოტებული სხეულის ნაწილები,მის წინ მდგომს ფესვებთან უცვიოდა და ეს სულაც არ იყო ის შეხება რაზეც ორივე ოცნებობდა.

მან ბოლო ძალები მოიკრიბა,რომ თავისი ბებერი ფესვები აემოძრავებინა,მიწისთვის მოეცილებინა და სანამ ჯერ კიდევ გრძნობა შერჩენოდა,მისი შეხება წაეღო თან.მის მცდელობას,მის წინ მდგომიც აჰყვა.ორივე,მთელი შერჩენილი ძალით ცდილობდნენ მოწყვეტოდნენ მიწას და ერთმანეთზე დაეტოვათ თავისი კვალი.მიწას ნელ–ნელა ბზარები დაეტყო,ბზარები გაიზარდა,გაიზარდა და ფესვები გამოჩნდნენ ზედაპირზე.ფესვები,რომლებმაც წლების განმავლობაში,ერთმანეთს ხან გვალვიან ამინდებში წყალი უწილადეს,ხანაც პირიქით ზედმეტი წყლისგან იცავდენ ერთმანეთს.მიწის ზედაპირზე ამოცოცებულმა ფესვებმა ძალა დაკარგეს,თავის შემაგრება გაუჭირდათ,გადაიწივნენ,მოდუნდნენ,ჯერ ყველაზე დიდი,ყველაზე ბებერი ტოტები შეეხნენ ერთმანეთს,შემდეგ კი ერთბაშად მოწყდნენ ადგილიდან და მიწაზე დაცემამდე ერთ სხეულად იქცნენ.ერთ დიდ ბედნიერებად,რომელიც მათ ბებერ,დანაოჭებულ მერქანს,თოვლის ნამქერივით შეეყინა.

არც თუ ისე დიდიხნის შემდეგ,ეს პირველი და უკანასკნელი შეხებისგან გამოწვეული ბედნიერება,მხოლოდ ერთს უწილადეს,იმ სკამის სტუმარს,რომელსაც მისი კიკინებიანი გოგოსკენ მიმავალ გზაზე,ერთადერთ მეგზურად გაჰყვნენ.

მწვანე მინდორი,ახლა უკვე სულ მწვანე იყო,ჯარისკაცებივით ბაბუაწვერები,მინდორში მორბენალმა,პატარა ბიჭმა მოწყვიტა,სკამთან მდგომ პატარა,კიკინებიან გოგოს მიუტანა,რომელმაც ღიმილით გამოართვა,სული შეუბერა,კაცმა და ხემ არ იცის რა ჩაიფიქრა და აქოშინებულ,თვალებ  აციმციმებულ ბიჭს ხელი ხელზე ჩაჰკიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები