ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2018


დაბრუნება

ღამეები უშენოდ... ბევრი არა, მაგრამ უსასრულოდ გრძელი ღამეები...ეს არ იყო მხოლოდ სიბნელე, ეს სიბნელეში ბნელი სულის ბრმად ბორიალი იყო...ეს ყველაზე დიდი ძილი იყო გახელილი, ცრემლაკინძული თვალებით!..
ათასჯერ მაინც დავუსვი თავს ერთი და იგივე კითხვა: რა ვუთხარი ისეთი, რამაც ასე გაანაწყენა და ისე წავიდა, რომ არც კი გამაფთხილა არ  დაბრუნების შესახებ?.. მტკიოდა უსაშველოდ...მტკიოდა უშენოდ გატარებული ყველა წუთი, ყველა საათი...ფანჯრისკენ არ მინდოდა გახედვა, იქ მდგარი საწოლი ხომ ისევ აუშლელი იყო...ყველაფერმა აზრი დაკარგა, იმედგაცრუებამ და უინტერესობამ მოიცვა სივრცე, თითქოს განცდებმა და შეგრძნებებმა ხელი აიღეს ჩემზე...
ვეღარ ვამჩნევდი, ვეღარ ვგრძნობდი, ჩვენი ხელით გამშვენებულ ბაღში აყვავებული, უამრავი ყვავილის სურნელს, უხეშ ხმაურად ჩამესმოდა ჩვენს ფანჯარასთან ატკვარცალებული ვაშლისა და ატმის ფოთლების შრიალი, სადღაც გამქრალიყო წვიმის მელოდიაც, მზე აცხუნებდა, თუმცა მე მციოდა...მციოდა გაუსაძლისად...ტკივილისზღვრად...სიგიჟისტოლად, მაგრამ მაინც ვერ შევძელი შენთვის დაბრუნება მეთხოვა, არა იმიტომ რომ ეს თავმოყვარეობას შემილახავდა ან სიამაყეს დამაკარგვინებდა, არამედ იმიტომ რომ ვფიქრობდი შენ აღარ გინდოდა ჩემთან, შენ აღარ გათრობდა ჩვენი ბაღის სურნელება და აღარც ვაშლსა და ატამს ჰქონდა ისეთივე მომაჯადოებელი გემო.
და რომ მეგონა უკვე დაგკარგე, და რომ მეგონა ჩვენგან მხოლოდ მე და შენ დარჩა, და რომ სიცოცხლის გამოგონება დავიწყე, აი ამ დროს  მოხვედი შენც...მე და შენ ისევ "გავჩვენდით" და გამიფერდა თვალებში სხივი,  შეწყვეტილმა ღიმილმა რიტმულად დაიწყო ცეკვა, ცისკარივით აბრჭყვიალდა კუთხეში მიგდებული უმოქმედო სუნთქვა და ხელახლა ვიშვი მე,
ხელახლა გავადამიანდი,
ხელახლა ვიგრძენი თუ რაოდენ ვუყვარვარ ღმერთს!...
ჩვენ ვუყვარვართ ღმერთს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები