ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
17 სექტემბერი, 2018


რეისი ლონდონი - ფამფალეთი

რეისი  ლონდონი -  ფამფალეთი

ლონდონი

რას წარმოიდგენდა ლორდი უილიამ ჰანოვერი, ინგლისელი  პერი,  დედოფალთან  ჩატარებული ცერემონიების  დროს ყოველთვის  წინა რიგში მდგომი და საზოგადოებაში ფრიად დაფასებული  პიროვნება,  თუ მისი ნაბოლარა,  მესამე ქალიშვილი,  მერი, რომელიც ყველაზე აღმატებულად  უყვარდა,  გათხოვების ნაცვლად სადღაც  ევროპა-აზიის საზღვარზე  ჩაკარგულ, რუსეთის  ყოფილ კოლონიაში, საქართველოში,  ინგლისური ენის მასწავლებლად გადაწყვეტდა სამუშაოდ  წასვლას. ლორდი შვიდ  ათეულ წელს იყო უკვე მიტანებული. რაც  მისი მეუღლე,  მშვენიერი  მეგი,  მიიცვალა,  ქალიშვილებზე  ამოსდიოდა მზე და მთვარე. ორი თვეც არ იყო გასული,  რაც უფროსი  ქალიშვილები, ორი კვირის შუალედში დააქორწინა.  საბედნიეროდ, ორივე ღირსეული სიძე შეხვდა.  უფროსის,  ქეითის,  მეუღლემ  უძრავი ქონების ვაჭრობით დააგროვა მილიონები,  მეორე სიძე კი  ტურისტულ ბიზნესში  საქმიანობდა  და  მსოფლიოში პირველი  ტურისტული სააგენტოს  შემქმნელი  ჯეიმს კუკის პირდაპირი შთამომავალი  იყო.
სერ უილიამი ამ ბოლო დროს ზედმეტ ემოციებს  ერიდებოდა -  წნევა  უთამაშებდა, ამიტომ ექიმის რჩევით  არასტაბილურად  მოთამაშე საყვარელი  გუნდის, ,,ვესტ-ჰემის“  თამაშებსაც იშვიათად ესწრებოდა, ასე რომ,  მისი ვიპ-ლოჟა სანახევროდ ცარიელი იყო.    თითქოს მერის ბედნიერებასაც ხელს აღარაფერი უშლიდა.    ახალი ამბის გაგებას  ჯერ მშვიდად შეხვდა,  ინგლისურ იუმორადაც კი ჩათვალა,  ყოჩაღ შვილო, რა კარგად  ხუმრობო,  ქალიშვილს უთხრა და  სიძეები და მომავალი სასიძო,  ალფრედ  კენტი,  სუფრასთან მიიწვია.  ალფრედის მამა, ტომას  კენტი მსხვილი  მაგნატი,  მულტიმილიონერი,  ცხვრის მატყლის და კბილის პასტის  უდიდესი მწარმოებელი, კლუბ ,,ბარნლის“  აქციების      ოცდაათი  პროცენტის  და  ლონდონის  ცენტრალურ  უბანში ოცდაათსართულიანი  ცათამბჯენის  მფლობელი, თან  მისი ბავშვობის მეგობარი იყო.  თვითონ  სერ ტომასი საოჯახო სადილზე    მოსვლას  ვერ ახერხებდა, რადგან ისიაშს ჰყავდა გაწამებული  და  წინა დღით  სიერა  ლეონეში გაფრინდა  ქოქოსის  რძის თბილი აბაზანების  მისაღებად,  რომელიც მისი  პირადი ექიმის  რჩევით, მხოლოდ დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში იყო უმაღლესი ხარისხის და  მხოლოდ იქ ინარჩუნებდა  თავის კონდიციებს. 
პირველი კერძი -  წვნიანი მდნარი ყველითა და ქათმის  ხორცით ისე მიირთვეს, ხმა არ ამოუღიათ. ასევე  დააგემოვნეს მეორე კერძიც - თევზი ტომატის სოუსში. ჰანოვერების ოჯახში ტრადიციად ჰქონდათ,  სუფრასთან ასაკით უფროსს  შეეძლო მხოლოდ პირველი სიტყვის თქმა,  მაგრამ ლორდი    მხოლოდ მერის ნათქვამზე ფიქრობდა, არ იცოდა, მართლა ხუმრობად მიეღო მისი  სურვილი,  თუ ეს სასტიკი სინამდვილე  მართლა დაატყდა თავს. აქედან გამომდინარე ორივე კერძი ისე დააბრუნეს სამზარეულოში, თქმითაც არაფერი უთქვამს და მას პირადად პირი თითქმის არაფრისთვის დაუკარებია.
მისტერ უილიამს  ზედმეტად პურიტანული აღზრდა უფლებას არ აძლევდა სხვებთან, თუნდაც  სიძეებთან  ერთად საყვედური ეთქვა ნაბოლარა შვილისთვის,  მაგრამ მაგიდის მოსამსამხურე პერსონალმა  როცა ჭურჭლის გამოცვლა დაიწყო, რათა მესამე  კერძად პუდინგი შემოეტანათ, მაინც ვერ  მოითმინა და მერის მიმართა:
- მერი, ჩემო ძვირფასო, რას ამბობდი, საქართველოო?
- დიახ, მამა,  უკვე გასაუბრებაც გავიარე, ორ დღეში მივფრინავ! მაპატიე, რომ აქამდე ვერ გითხარი, დღეს დამირეკეს,  როგორც მითხრეს,  მზად არიან კონტრაქტი გააფორმონ!
- საქართველო... საქართველო... -  გაიმეორა ლორდმა,  მწარე მოგონება ამოუტივტივდა: 1981 წელი,  თბილისის ,,დინამოს“  სტუმრობა ლონდონში, ამპტონ პარკზე,  თასების მფლობელთა თასის  მეოთხედფინალი  და წაგება ანგარიშთ 1 :4,  არადა მაშინ ინგლისის ნაკრების წევრის,  ,,ჯადოქარ“  ტრევორ ბრუკინგის დრო იყო ,,ჩაქუჩებში“,  რომელიც მართლაც სასაწაულებს ახდენდა მწვანე მინდორზე, მაგრამ ქართველებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს  და როგორც მეორე დღეს გაზეთები წერდნენ, პატარა კონცერტიც მოუწყვეს მასპინძლებს, ისე  რომ  ანგარიში შეიძლებოდა  1 : 24 – იც  კი ყოფილიყო. ახსოვდა რა გაწბილებულმა დატოვა  მაშინ ტრიბუნა.  თავი გააქნია, თითქოს სურდა  ის მწარე მოგონება დაევიწყებინა.
- მაგრამ  ალფრედმა  ცოტა ხნის  წინ შენი ხელი  მთხოვა და მე დავთანხმდი!
- ალფრედს სჯობდა ჯერ ჩემთვის  ეკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა?! - თქვა მერიმ მშვიდად, ისე,  რომ  არც  მამისკენ გაუხედავს, მით უმეტეს არც ალფრედისკენ, რომელიც ამ დროს  პუდინგს აგემოვნებდა.
- რატომ მაინც და მაინც საქართველო, დედამიწაზე ცოტა ეკზოტიკური ადგილია,  აი თუნდაც სეარა ლეონე,  სადაც ამჟამად ჩემი მეგობარი ტომასი აბაზანებს იღებს,  იქ ბრილიანტების საბადო  მაინცაა, საქართველოში რა ბრილიანტი ნახე ასეთი?!  - წყრომას ვერ  მალავდა ლორდი.
- მამა, იქნებ ამ საკითხზე  სხვა დროს  გვესაუბრა! - მორიდებით  უპასუხა მერიმ.
- სხვა დროს, სხვა დროს... შენ ვერ ხვდები, რომ სხვა დროსთვის დრო არასდროს არ რჩება!  - ოდნავ აუწია ხმას ლორდმა, რაც საერთოდ იშვიათად სჩვეოდა.
- მერი, შენ ყოველთვის ცდილობდი  დინების საწინააღმდეგოდ გეცურა! -  თქვა ქეითმა, უფროსმა დამ.
- უნდა და წავიდეს, რას უშლით? - ჩაილაპარაკა ჯეინმა ისეთი გამომეტეყველებით,  ალბათ შერლოკ ჰოლმსიც კი ვერ მიხვდებოდა მერიზე უფრო წუხდა თუ  მის სამემკვიდრეო წილზე,  რომელსაც, მამის  ხასიათიდან გამომდინარე,  აშკარად მოუწევდა პატრონის გამოცვლა.
ლორდმა ალფრედს გადახედა.  ის  კვლავ  მშვიდად მიირთმევდა დესერტს  ისე,  თითქოს  მის ბედსა და საბედოზე კი არა,  სადღაც შორს,  ასი სინათლის  წლით დაშორებულ პლანეტაზე  აღმოჩენილ წყლის მოლეკულებზე ლაპარაკობდნენ,  თუმცა  იმას რომ ნერვიულობდა,  აშკარად ამხელდა  ტუჩზე მიკრული  შოკოლადის კრემი და მწარე ღიმილი.
უღიმღამოდ ჩავლილი სადილის შემდეგ,  როცასტუმრები წავიდნენ,  ლორდმა მერის სთხოვა კაბინეტში შემოდიო.
- შვილო, მერი,  გასაგებია გინდა წასვლა,  შენ სრულწლოვანი ხარ, ვერ  დაგიშლი, მაგრამ მინდა ვიცოდე რატომ არ მოგწონს  ალფრედი  და რატომ მაინც და მაინც საქართველოში გადაწყვიტე გამგზავრება?
- მამა, ალფრედი არ მიყვარს,  მე მას უბრალოდ პატივს ვცემ  და პატივს ვცემ იმ  ბავშვობის მოგონებებს, რაც მასთან მაკავშირებს,  მაგრამ არ მიყვარს!
- დრო გავა და შეგიყვარდება!
- რომ შემიყვარდება, მერე მივთხოვდები!
- ნუ  მაგიჟებ,  მერი,  ალბათ  გინდა  ჭკუიდან შევიშალო?  ბავშვი აღარა ხარ,  ოცდაორი  წლის ხარ და  მგონი ოცი წელია იცნობ,  თუ აქამდე არ შეგიყვარდა, ახლა როცა  სადღაც დასაკარგავში აპირებ  წასვლას, მერე შეიყვარებ?! 
მერიმ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ენის წვერზე ადგა  სადღაც ამოკითხული ფრაზა,  რომ  ხან შორს ყოფნა უფრო აახლოებს  ადამიანებს, მაგრამ  არ უნდოდა ალფრედზე საუბარი, რომელსაც სრულ იდიოტად თვლიდა და ვერ წარმოედგინა  ყოველ  დილით,  გაღვიძებისას იდიოტის, თანაც  შიშველის  ხილვა საკუთარ  საწოლში, ამის უბრალო გაფიქრებაზეც  კი გააჟრჟოლა.
- კარგი, ვთქვათ არ გიყვარს ალფრედი და გარბიხარ, რატომ მაინც და მაინც საქართველო? 
მერის შეეძლო მოეყოლა,  რომ  ოქსფორდში,  აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლის დროს  გაეცნო ამ ქვეყანას.  დედამიწაზე არსებულ თოთხმეტ დამწერლობას შორის ვიზუალურად ყველაზე უფრო ქართულმა მოხიბლა  და გაუჩნდა სურვილი ესწავლა ეს ენა.  შეეძლო მოეყოლა,  როგორ გაუჭირდა ქართული ზმნების ათვისება,  როგორ საათობით უყურებდა ქართულ ფილმებს ინტერნეტით,  რათა  უკეთესად შეძლებოდა საუბარი ქართულად.  როგორ  გაეცნო მარჯორი და ოლივერ უორდოპების ნაშრომს ,,საქართველოს  სამეფოს ისტორია“,  მეთორმეტე საუკუნის  ქართველი  პოეტის შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ მარჯორისეულ თარგმანს,  როგორ გაეცნო ქართულ  ფოლკლორს,  შეეძლო გაეხსენებინა  სიმღერა ,,ჩაკრულო“ , რომელიც ამერიკელებმა კოსმოსში  გაგზავნეს, მაგრამ ჩათვალა რომ ეს ყველაფერი ზედმეტი და თან  ძალიან სენტიმენტალური ისტორია იქნებოდა და უბრალოდ უპასუხა:
- ეს უბრალოდ სამუშაოა, მამა!
- შეიძლება დავინტერესდე, რას გიხდიან ამ სამუშაოში?
- ორას ფუნტ სტერლინგამდე!
- ალბათ საათში,  არა?
- არა,  თვიურად!
- ხუმრობ შვილო?!  მისტერ ტომასი მწერს,  კბილის პასტის ქარხანაში მენეჯერი მჭირდება,  მერი თუ დათანხმდება,  კვირაში ანაზღაურება ათი ათასი ფუნტი სტერლინგი ექნებაო!
- მე მენეჯერი არ ვარ, მამა, არც კბილის პასტების წარმოებას  ვიცნობ,  ენების სპეციალისტი ვარ!
ეს ბოლო წვეთი იყო,  მერის ოლიმპიურმა სიმშვიდემ  მოთმინების ფიალა აუვსო და წონასწორობიდან გამოიყვანა  ყოველთვის თავშეკავებული  ლორდი:
- ხოდა წადი  საქართველოში,  აღარა ვარ მე შენი მამა,  მემკვიდრეობასაც დაემშვიდობე და  როცა კბილის პასტის წვნიანი  მოგენატრება,  არ დამირეკო! 
მერი კაბინეტიდან გავიდა, ლორდი კი დიდხანს სცემდა ბოლთას. საათის ისარი შუაღამის თორმეტს გადასცდა.  ადვოკატი, მისტერ ტომსონი,  ის  იყო შხაპის მიღებას აპირებდა, რათა ზედმიწევნით ზუსტად დაეცვა საქორწილო  კონტრაქტის  მეშვიდე მუხლი, რომელიც  ცოლქმრული  მოვალეობის შესრულების  ჟამს, უფრო სწორად კი წინა ჟამს  ცხელი  შხაპის მიღებას ავალდებულებდა, რომ მობილურმა დარეკა.  მელოდიამ  „მე ყოველთვის ვბერავ ბუშტებს“,  რაც საფეხბურთო კლუბ ,,ვესტ-ჰემის“  ჰიმნი იყო, მიახვედრა რომ ლორდი  უილიამ ჰანოვერი რეკავდა,  თუმცა რა მიხვედრა უნდოდა, ასეთ უდრო დროს მხოლოდ ლორდი თუ დაურეკავდა ხოლმე.  იგი  სასწრაფოდ იბარებდა, რადგან  ანდერძში მნიშვნელოვანი  პუნქტები იყო შესაცვლელი. მისტერ ტომსონმა  გაიფიქრა, ხვალ რომ  ჩაგვეტარებინა ეს პროცედურა,  ვითომ ამით რამე დაშავდებოდაო,  მაგრამ თქმით    არაფერი უთქვამს.

აეროპორტი

  მერის  სულიერი არავინ  ახლდა  აეროპორტში,  მაგრამ ახლდა ბედნიერების განცდა, იმისა რომ რაღაც სასიხარულოდ  შეუცნობელისკენ  მიდიოდა, რისთვისაც თითქოს მთელი ცხოვრება ემზადებოდა.  ის, რომ გაბრაზებულმა  მამამ განუცხადა, რომ  თუ წახვალ და დაგვემშვიდობები, სამემკვიდრეო წილსაც დაემშვიდობეო,  ოდნავადაც არ  აფერმკრთალებდა ამ  სიხარულს.  ,,British Airways”-ის  თვითმფრინავში,  რომელიც ლონდონი - თბილისის რეისს ასრულებდა, ძირითადად  ინგლისელები  ისხდნენ,  თუმცა ქართული საუბარიც ისმოდა.  მერი ფიქრობდა, კარგი იქნებოდა ქართველებთან ერთად ფრენა, ჩემი ქართულის ცოდნას  შევამოწმებდიო,    თუმცა არ გაუმართლა ,  მის გვერდით მჯდომი ორივე მგზავრი ინგლისელი აღმოჩნდა -  ახლადდაქორწინებული  წყვილი  იორკშირის საგრაფოდან, რომლებიც თაფლობის თვის გატარებას საქართველოში, სიყვარულის ქალაქ სიღნაღში აპირებდა.  ერთმანეთს  გაეცნენ.  ბიჭმა, მერის  გვარი რომ გაიგო, ლორდი უილიამ ჰანოვერი, ვესტ-ჰემის აქციების მფლობელი,  თქვენი რა არისო, -  ჰკითხა. მამაო,  წამოსცდა მერის  და მაშინვე ინანა.  როცა გოგო ტუალეტში იყო,    ბიჭმა ჯერ ხელზე ხელი დაადო და მერე ტელეფონი სთხოვა.  ,,ესეც თაფლობის თვეო“,  - მერიმ გაიფიქრა და ჯერ ხელი გაინთავისუფლა და მერე ბიჭს ამცნო, მამაჩემი ჩემი საქართველოში გამგზავრების წინააღმდეგი იყო და გაბრაზებულმა  ანდერძიდან საერთოდ ამომშალაო და  გაეცინა.  ბიჭს, თითქოს ცივი შხაპი მიეღო,  ფერი ეცვალა.  ამასობაში  გოგოც დაბრუნდა. 
ცოტა ხანს კიდე რომ ისაუბრა წყვილთან,  მერე თავი მოიმძინარა და  თვალდახუჭული ლონდონში ყოფნის  ბოლო დღეების ქრონიკას ალაგებდა გონებაში. როგორც მიხვდით, ლორდმა იმ საღამოსვე მოიყვანა ადვოკატი, მერის თვალწინ ძველი  ანდერძი  ოთხ ნაწილად  დახია და ახლით შეცვალა, სადაც მერის სამემკვიდრეო  წილი, ანუ მთელი მემკვიდრეობის მესამედი, რაც დაახლოებით  ათ მილიონ ფუნტ სტერლინგს აღწევდა,  თანაბრად  გადაანაწილა  უფროს  ქალიშვილებზე.  ლორდს,  რა თქმა უნდა,  ახსოვდა ლეგენდა მეფე ლირზე და  ამ ამბის შექსპირისეული ვერსიაც ზედმიწევნით  კარგად იცოდა, თუმცა ამან  ხელი  ვერ შეუშალა  ლირის მსგავსად მოქცეულიყო,  ის კია, რომ მეფისგან განსხვავებით  მას ასი მხლებელი არ სჭირდებოდა და არც ქალიშვილებთან დასჭირდებოდა თითო თვეობით გამგზავრება,  რადგან  ანდერძის აღსრულება    მხოლოდ მისი  იმ ქვეყნად გამგზავრების შემდეგ მოხდებოდა. 
ორი დღის  შემდეგ,  როცა დამშვიდობების წინ  მამას მერიმ  მიტევება სთხოვა,  მხოლოდ იმიტომ, რომ  არ მინდა ჩემმა  საქციელმა გული  გატკინოთ,  მემკვიდრეობა კი სულაც არ მაინტერესებსო, ლორდი შებრუნდა და    ფანჯრიდან ლონდონის წვიმიან  ქუჩას დაუწყო ცქერა  და ასე მალავდა ცრემლიან თვალებს.  სიამაყე უფლებას არ აძლევდა მობრუნებულიყო,  ხმაც  გამცემსო და ასე  უბრად და ზურგშექცეული აცილებდა ქალიშვილს.  მერისაც ცრემლი მოადგა თვალზე, ცოტა ხანი  უყურა მამის ზურგს,  ძალიან უნდოდა ახლოს  მისულიყო და მხრებზე მოხვეოდა  მას, მაგრამ  თავი შეიკავა, მამა თუ ცრემლებს დამინახავს, სისუსტეში ჩამითვლისო და  კაბინეტიდან გავიდა. ლორდი, თუმცა ასკეტის შთაბეჭდილებას სტოვებდა,  ჩვეულებრივი ადამიანი იყო.  მაინც ვერ  მოითმინა მამის გულმა  და  მობრუნდა,  მაგრამ  მხოლოდ მაშინ,  როცა  მერი კაბინეტიდან გადიოდა და მანაც  მხოლო მის ზურგსღა მოჰკრა თვალი.  მერე კაბინეტში მარტო დარჩენილი დიდხანს  ფიქრობდა,  იქნებ  სჯობდა  მერისთვის საქართველოში წასვლაზე  წინააღმდეგობა არ გამეწიაო  და ვერ გადაეწყვიტა ეს ყველაფერი რაც  ბოლო ხანებში ხდებოდა  მის თავს  ჯილდო  უფრო იყო თუ სასჯელი და  კიდევ ერთხელ დაურეკა  ადვოკატს, რათა ისევ წინანდელი ანდერძი აღედგინა, თუმცა ეს ყველაფერი არც მერის არ უნდა სცოდნოდა და არც უფროს გოგონებს.

თბილისი

სკოლა,    სადაც მერი მიავლინეს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში,  გურიაში იყო.  სოფელი ფამფალეთი, ასე ეწერა  მერის სამივლინებო ბარათში.  ავტოვაგზლამდე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა გოგომ მიაცილა.  იმან  მერის გვერდით მჯდომარე  ქალს უთხრა,  თქვენს სოფელში მოდის  მასწავლებლად და  სოფელში დირექტორი დახვდებაო.  ისიც დააყოლა  ინგლისელია, ქართული იცის,  მაგრამ მთლად ჩვენსავით არა  და აბა თქვენ იცით,  გზაში რა სიკეთით ამგზავრებთო.  -  ნუ გეშინია, ნენა, ციმ-ციმ  ჩევიყვანთ  ამ ბაღანას ფამფალეთშიო, -  უთხრა  ფამფალეთელმა ქალმა  და  მიკროავტობუსიც დაიძრა.
- მართლა ინგლისელი ხარ, ნენა?  -  მაშინვე გაუბა ქალმა საუბარი  მერის.
- კი, ქალბატონო, მართლა ინგლისელი! ოღონდ ნენა არ მქვია,  მერი მქვია!
- ქლა ქართულად გქვიებია,  ნენა,  მარა, გურიაში  გაგიჭირდება პაწა!  - გაეცინა ქალს.
- ცა, გასაგებად ელაპარაკე, -  მოუბრუნდა მძღოლი,  -  არ გააგიჟოთო, არ გითხრა იმ გოგომ? ვერ ხედავ,  არ ესმის  ჩვენებური?
- გზას უყურე მაქანე შენ! აი ბაღანე მე ჩამაბარეს, ხოდა ძაან კარგად ესმის ყოლისფერი,  ხო არ გაწუხებ, ნენა?
- არა, ქალბატონო,  მაგრამ მერი მქვია!
-   ხო,  ნენას ვეძახით  ყველა პატარას ჩვენ!  დამაყურე ახლა, მართლა სკოლაში მოხვალ,  ნენა?
- კი, მართლა სკოლაში!
- მერე ასე პატარა ბოვშვს, დაგიგდებენ ყურს ჩვენი გადარეული ბაღნები?  ხო, რა უნდა მეთქვა,  მოგისმენენ-თქვა?
- იმედი მაქვს,  დამიგდებენ ყურს!  - გაეცინა მერის.
- შეხე, ისწავლა უკვე გურული,  კაი ციცა ხარ, ხო იცი  შენ?!
- ე, ცა გაანებე თავი, თუ არა წავა  უკან!  - ახლა  წინა სავარძლიდან  მოიხედა მგზავრმა.
- მეისვენე შენ მაქანე,  რაცხა ძაან ჯავრობ ხო იცი?!  რძლად ხო არ გინდა, ცა?
- ე, უყურეთ ახლა ამას!  - ხალხს მიუბრუნდა წინა სავარძელზე მჯდომი,  მერე მერის გამოხედა,  - არაა ისე ცუდი ციცა, ჩემი შტერი ბაღნიზა მენანება კიდეც!
- ეტყობა  ძალიან გიჭირს ნენა, გურიაში რომ მოდიხარ სამუშაოდ,  ამას წინებზე ომი რო იყო, რუსებმა არც დაგვმბობეს, აი დოუბომბავთ უკვეო! - იცინის  ისევ  მერის გევრდით  მჯდომი.
- არა გაჭირვებით, არა...  ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს,  უბრალოდ სამუშაო გამოჩნდა და...
- აბა აბდალი ხარ  ნენა,  ხალხი ინგლისში გარბის სამუშაოდ  აქიდან და შენ  აქით მორბიხარ?!
- არა, აბიდალი არ  ვარ, ჩემი გვარი ჰანოვერია! - დაიბნა უცებ მერი,  ვერ მიხვდა რა შუაში იყო გვარი აბიდალი,  თან ფრანგი ფეხბურთელი  გაახსენდა,  ერიკ აბიდალი, კიბოს დამმარცხებელი.
- გადარევს აი შეჩვენებული ბაღანას!  - ისევ წინა სავარძელზე მყოფი მობრუნდა, - ე,  ცა მოასვენე აი ბოვშვი, რავა,  რადიო გადაყლაპე?
- მეისვენე შენ-თქვა, ხო გითხარი, ძაან კარგად ვჭუკჭუკობთ აქანე  ჩვენ! და ვის ოჯახში უნდა იცხოვრო, ნენა?
- აი,  აქ  წერია,  ნანა გოგუაძესთან!
- უჰ, ნანა გაგასუქებს აბა, იმისთანა ხაჭაპურები იცის! ნამეტანი კაი!  მეზობელი იქნები ჩემი. ხო,  ვერა  მქვია მე,  უარს კი არ გეუბნები რამეზე,  ისე მქვია ვერა, მარა შეგიძლია ვერიკო დამიძახო, მაინც ასე მეძახის ყველა... ხო, ნანა  კაი გოგოა,  ქმარიც  კაი ყავს, იონა,  სასმელი უყვარს პაწა, მარა სასმელი ვის არ უყვარს! სტუმარზე გიჟდება!  აგრონომია მაი ჩვენი,  სამაგიეროდ  ნანაა იმფერი გერსამანიე -  სკოლაშიც ყველას უყვარს და სახლში  დაწკრიალებული აქ ყოლისფერი.  კი, ნამეტანი კაი ოჯახია...  ბაღნებიც კაი გამოუვიდნენ კაი,  ორი გოგო, ნასწავლი, კულტურული, მარა რა გინდა?  ქალაქში გაუფრინდა  ორივე, სიძეები ქალაქლებია, აგერ გუშხამ    სავსე იყო მაგათი სახლი ბადიშებით,  ხოდა  ახლა, კლასი რომ იწყება დეიცალა ისთევლე, რაფერ  გოუხარდება ნანას, შვილივით  მიგიღებს..

ფამფალეთი

ის რომ ინგლისელი მასწავლებელი ასწავლიდა ფამფალეთში,  სკოლამ ერთი კვირით  ადრე გაიგო,  სკოლამ რომ გაიგო, ანუ მთელმა სოფელმა იცოდა უკვე. დირექტორმა, ბატონმა  შალვამ,  ქართულის მასწავლებელი, ნანა  დაიბარა  და შენთან უნდა აცხოვროო,  ბინის  ქირასაც გამოგიყოფენო. გაგიჟდი, სტუმარს ფული როგორ გამოვართვა, მომკლავს იონაო,  -  შეიცხადა იმან. ადამიანო, სტუმარი კი არა, განათლების სამინისტრო იხდის, თან შენი და იონას ხასიათი  რომ ვიცი, ისევ სტუმარს  მოახმართ  იმ ფულს  და ხაჭაპურებსაც არ მიაკლებთო.  სკოლაში წესად ჰქონდათ,  თუ სტუმარი ან საგამოცდო დამკვირვებელი ღამისთევით მოდიოდა,  აუცილებლად ნანა მასწავლებელთან აგზავნიდნენ,  იმიტომ რომ სოფლის ცენტრთან  ახლოს ცხოვრობდა    ორსართულიან კეთილმოწყობილ  წაბლის ხის სახლში, რომელსაც  ირგვლივ    უამრავი ხეხილით სავსე  დიდი ეზო  აკრავდა.
მერი  თვალებგაფართოებული  და გაოცებული  ათვალიერებდა საქართველოს სანახებს.  უკვირდა ეკლესიებისა და ციხე-სიმაგრეთა სიმრავლე,  თუმცა  იცოდა,  რომ  საქართველო ერთ-ერთი უძველესი  ქვეყანა იყო, რომელსაც განუწყვეტლივ უხდებოდა ათასი რჯულის მტრებთან  ბრძოლა.  განსაკუთრებით  გურიის მთებმა მოხიბლა. 
- ე, აია ფამფალეთიო!  -  უთხრა ვერიკომ, როცა სოფლის ცენტრში მძღოლმა ავტობუსი  გააჩერა და კარები გააღო.  ჩასვლისას მერიმაც სხვებსავით მიაწოდა მძღოლს ფული. იმან გამოხედა და ჩაიო, უთხრა.  მერის  ბანკნოტებიანი ხელი ასევე დარჩა გაშვერილი,  ვერ ხვდებოდა ფულის  გარდა ჩაი რატომ იყო საჭირო. დაბნეულმა ისევ ვერიკოს გამოხედა,  იმან,  ჩაიო, რომ გეუბნება,  ანუ არ გახდეინებს,  ე, ცა,  ჩაი ახლა, ე, დირექტორიც გიცდის ეგერო.  ისე სწრაფად ჩაიყვანა კიბიდან ძირს, მერიმ მძღოლისთვის მადლობის  გადახდაც  ძლივს მოასწრო. სოფლის ცენტრში სკოლის დირექტორი და ნანა  მასწავლებელი  დახვდა.  დირექტორმა სკოლა დაანახა, აქ მოგიწევს მუშაობაო,  ო, აბა ახლა ნამგზავრი ხარ და დაღლილი  იქნები,  წავედით ახლა შენს მასპინძელთან, რომ მოისვენოო. 
მოსვენების რა ვთქვათ,  მერი პირდაპირ  სუფრასთან დასვეს. ძველი ნაცნობიაო და    გვერდით ვერიკო მიუსვეს, მერე მასწავლებლები დასხდნენ. სტუმარი ჩამოგვდისო და იონამ მთელი სკოლა და ნახევარი სოფელი დაპატიჟა, თამადად  დირექტორად  დანიშნა.  მოსვლით, რა თქმა უნდა, ყველა მოვიდა.  ერთი დაგვიანებული,  ადგილები რომ შევსებული დახვდა, იონას ებოდიშებოდა,  სასწრაფო საქმე გამომიჩდა და უნდა მაპატიოო.  - არ გრცხვენია კაცო, მარცხვენ  სტუმართან, დამკარგავ  სამუდამოდ,  ახლა აქედან წასვლა შეიძლებაო?  - სტუმარს სახელოებზე ექაჩებოდა იონა და  მეზობლის ბავშვს  სახლში სკამებისთვის აგზავნიდა,  არიქა, შევრცხვით სტუმართანო,  -  ძახილით.
მერი  გაკვირვებით უყურებდა ფამფალეთელებს, რომლებსაც მეორე სართულის მისაღები და აივანი გაევსოთ  და  ვერიკოს ჩუმად ჰკითხა, მასპინძელთაგან რომელიმეს დაბადების დღეა თუ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან დღეს მომიწია მოსვლა და ამას ზეიმობთ, რატომ  არის ამდენი ხალხიო.  ვერიკომ აუხსნა, აი იონას ამბავია ყველაფერი, ამას სტუმარი მთელ ქვეყანას, მათ შორის ინგლისსაც ურჩევნია და ამიზა ახლა  შენი მოსვლაა ზეიმიო.
მაგიდაზე  ათასგვარი საჭმელები  ეწყო,  სუფრას იონას  მეზობლები  ემსახურებოდნენ და  ამატებდნენ კერძებს.  მერიმ  ვერიკოს ჩუმად  ჰკითხა,  ჩემს მასპინძელის ოჯახს  ამდენი მოახლე ჰყავსო?  მოახლე არა, ესენი ყველა მეზობლებია და  ასე ვეხმარებით ერთმანეთს სტუმარი რომ მოგვდისო,  - აუხსნა სიცილით იმან. მერიმ გაოცებით უსმენდა  გურულ სიმღერებს,  ანსამბლია მოწვეულიო? -  ახლა ამით დაინტერესდა. ანსამბლი რათ უნდა ამათ, ესენი ამღერე და აცეკვე, მეტი არაფერი უნდათ,  ესენიც  მეზობლებია ყველაო,  - აუხსნა ისევ ვერიკომ.  მერი  ახლა იმან  გააკვირვა,  რაზე  საუბრობდნენ სუფრის წევრები,  რადგან ყოველი წინადადების ბოლოს მაგიდაზე სიცილი ისმოდა,  თითქოს რომელიღაც  კომედიურ შოუში მოხვდა გადაღებაზე.  სიტყვები ნაცნობი იყო,  მაგრამ ისე სწრაფად საუბრობდნენ ფამფალეთლები, აზრის გამოტანას ვერ ასწრებდა.  ახლა ცდილობს ყურადღების დაძაბვას.
- რაფერ ხარ, ვერიკო, რაფერ? - ეკითხებიან მის გვერდით მჯდომს. მერიმ იცის უკვე, რაფერ ხარ -  როგორ ხარს, ნიშნავს.
- აი რა გამახსენე ცა!  ხო ხარ  ახლა ღირსი მოგიყვე რაფერც ვარ! - ეუბნება ვერიკო და მისი ჩათვლით, მთელი სუფრა იცინის. მერის ერიდება  იკითხოს, რატომაა  სასაცილო  ვერიკოს მდგომარეობა და არც კითხულობს და უხერხულობა რომ არ იგრძნოს ან ვერიკომ,  ან მაგიდის სხვა წევრებმა, ისიც იცინის და უკვირს,  როგორი ბედნიერია  ეს ხალხი და ცივი, ლონდონური  სადილები ახსენდება.
მასწავლებლებიდან სუფრას მხოლოდ ფიზიკის მასწავლებელი,  იმედა აკლდა  -    ზაფხულის არდადეგები  მეორე დღეს უმთავრდებოდა  და ბოლომდე გამოიყენა კუთვნილი შვებულება,  თან ბათუმში  გათხოვილ  ბიძაშვილთან  იყო წასული დაბადების  დღის მისალოცად.
ბოლო რეისის მიკროავტობუსიდან რომ ჩამოვიდა, ფამფალეთში უკვე  კაი გვარიანად ბნელოდა. იონადან წამოსული  ბიჭები, სოფლის ცენტრში წყაროსთან ისხდნენ ხის სკამზე და იონას პურმარილს ადგილობრივი წარმოების მარიხუანას აყოლებდნენ.  ავტობუსის შუქით თვალმოჭრილმა იმედამ ბიჭები  ვერც შენიშნა და  უმძრახად  აყვა სახლისკენ მიმავალ აღმართს.
- ბიო,  იმედო,  რა იყო,  ძამა, გაწყენიეთ რამე?
- ვაჰ, ბიჭებს გაუმარჯოს,  რაფერ ხართ, რაფერ? 
- მეიწი ძამა ერწამა აქეთ!
- რა ხთება, ბიჭებო, ხო მშვიდობა გაქვთ?!
-   ჩვენ კარგად ვართ, ძამა, ხოდა, კი ხარ  მასწავლებელი, ჩვენი  გამნათებელიც და რამე, მარა  გაანებო უნდა იმ ქალზე ფიქრს თავი?
- შეიშალე ძამა შენ? ქალზე ფიქრს თუ გავანებე თავი აბა რა ვქნა,  კაცზე ვიფიქრო?
- ფიზიკაზე იფიქრე, ხო გიყვარს?
- ისე ჩამაგდეთ ხო იცი საფიქრალში და რომელ ქალზე გავანებო ფიქრს თავი? - გაიცინა  იმედამ.
- არ გინდა ახლა აი ტუფტა ბაზარი,  იცი შენ!
- კი, მეცოდინება, მარა მაინც!
- ინგლისურის მასწავლებელზე!
- ნათელა მასწავლებელზე ამბობთ მაგას, თქვენ უპატრონოებო, დაშტერდით?  ოთხმოცის გახდება მალე, რა მოწიეთ ბიჭებო ამფერი?!  -  ისვ გაეცინა  იმედას.  ირგვლივ აშკარად იგრძნო  კანაფის სუნი.
      გვაღადავებ  კიდეც შეჩემაო  და  მერე დაახლოებით ისეთი სცენარი გათამაშდა, ქართულ ფილმში რომ არის - ,,სიყვარული ყველას უნდა“,  უბრალო ბურნუთას  რომ სცემენ სოფლის ბირჟავიკები.. . 
იმედამ მეორე დილით სარკეში თავის თავი რომ დაინახა, ვერ იცნო,  თვალები მსუბუქი ყოფაქცევის ქალსავით  ჰქონდა ჩალურჯებული.  არადა სკოლა იწყებოდა უკვე. კიდე კარგი, ამჯერად მხოლოდ მასწავლებლებთან მოუწევდა შეხვედრა და ბავშვებს მხოლოდ ორი კვირი ს შემდეგ ეწყებოდათ სწავლა.    მასწავლებლებისაც  ერიდებოდა,  შეეძლო დირექტორთან დაერეკა და განთავისუფლება ეთხოვა, მაგრამ  იფიქრა, რაც არი,  არისო და სკოლაში წასასვლელად დაიწყო სამზადისი.  მერე ეზოს გადაღმიდან ძახილიც მოესმა: ,,იმედაო“,  - ეძახდნენ.  კიბეზე რომ ჩამოდიოდა, დედამ დაინახა:  უიმე,  შვილო,  რას  გიგავს სახეო, -  შეიცხადა.  ხო კარგი  დედა, არაფერია!  ეს,  ბათუმში, ბულვარში ფეხი დამიცდა  და  წავიქეცი,  დამშვიდდიო.  ჭიშკართან გუშინდელი ბიჭები იყვნენ: იმედა მასწავლებელო, ხო იცით, რაფერ  პატივს გცემთ,  ძამაო,  - ეს ბიჭებიც და იმედაც დაახლოებით ერთ ასაკისანი იყვნენ,  ერთი საერთოდაც მისი პარალელურკლასელი იყო.    კიო, გეტყობათო,  - იმედამ.    რაფერ მოგვეჭრა თავი, ჩვენს სოფელში ჯერ მასწავლებელზე ხელი არ აწეულა,  მარა არ ვართ დამნაშავე, ჯერ იონასთან გამოვთვერით,  მერე პლანმა ქლა გაგვთიშა და  უნდა გვაპატიოო.  ნაპატიები ხართო, - იმედამ,  -  წაით ახლა სანამ კაი ჭკუაზე ვარო და სახლისკენ შებრუნდა, თუმცა ისევ მობრუნდა: მეიცათ ერწამა,  ვინ  ქალზე მეუბნებოდითო, ის მაინც გახსოვთო?  აუ, გვეგონა იცოდი, სკოლაში მიიღეს ახალი    მასწავლებელი, ინგლისელი,  ისეთი კოხტაა, მარა ალალ იყოს შენზე,  აი, ესეც  პადაგრევიო და ერთმა გაზეთში შეხვეული რაღაც ჩაუდო ხელში.  იმედამ გაზეთი გახსნა,  რომ გაიგო რაც იყო,  აი პლანია რო გაშტერებთ თქვენო,  ესღა თქვა, ერთჯერად  პარკს თავი შეუხსნა და იქვე ჭიშკართან ჩამომავალ რუში  ჩააბნია გამხმარი  კანაფი. 
ბიჭებმა იმედას გამნათებელი  რომ უწოდეს,  ამაში იყო სიმართლის მარცვალი.  იმ პერიოდში როცა საქართველოში  შუქი დედაქალაქსაც არ ჰქონდა,  ფამფალეთი იყო მხოლოდ განათებული.  მერვე კლასში ისწავლა ენერგიის მუდმივობის კანონი,  ინდუქციური დენის მიღების გზაც და ფიზიკის მასწავლებელს,  თომას,  უთხრა ერთხელ,  მასწ,  დენი ხო ატრიალებს ძრავს,  მე თუ ვთქვათ  წისქვილზე  დავაყენე ძრავი და ავამოძრავე, წესით  დენი  ხო უნდა მივიღოო.  კიო,  ასეაო,  თომა მასწავლებელმა, ათიანს  მარტო მაგაში გიწერ, ეს რომ მიხვდიო,  თუმცა  მანდ კონდენსატორები იქნება რამდენიმე საჭირო და შესაძლებელი იქნება საყოფაცხოვრებო დენის მიღებაო.  თომა მასწავლებლთან ერთად გამოთვალა თუ რა ბრუნიან ძრავზე  რა  ტევადობის კონდენსატორები იქნებოდა საჭირო.  ოზურგეთის  ბაზარში თავისი ხელით დაკრეფილი ხუთი  გიდელი  თეთრი მსხალი  გაყიდა, აღებული ფულით  საჭირო კონდენსატორები,  ღვედები და  საკისრები იყიდა, მერე ჯართად  გადასაგდებ  რუსულ სარეცხ  მანქანას  ძრავი ამოაცალა  და ყველაფერი მზად ჰქონდა.  სოფელში უამრავი  პატარ-პატარა ღელეები ჩამოდიოდა. მათზე  ზღაპრული ქოხებივით    იყო ჩაწიკწიკებული წისქვილები, რომლებსაც იმედას ინიციატივით ახალი ფუნქცია დაემატათ:  დღე სიმინდს ფქვავდნენ, ღამე კი  დენს იძლეოდნენ  და განათდა უბანი.  მერე სოფლის  სხვადასხვა კუთხეებიდანაც მოდიოდნენ იმედასთან საკონსულტაციოდ და განათდა სოფელი,  ისე, რომ საქართველოს ღამეულ ცაზე გადმოვლილ მფრინავებს ისე ხვდებოდა  თვალში  გაბრწყინებული  ფამფალეთი, როგორც მეორე  მსოფლიო ომის დროს ევროპის თავზე გადაფრენილებს ნეიტრალური შვეიცარია.
მთელ  სოფელს უყვარდა თომა მასწავლებელი,  იმას კი ერთი მოსწავლე, იმედა ერჩია მთელ სოფელს. იმედოს ეძახდა,  შენ უნდა შემცვალო იცოდე სკოლაშიო,  მართლაც ბედის ირონია იყო თუ  ენერგიის მუდმივობის კანონი,  სწორედ იმ ზაფხულს გარდაიცვალა,  როცა მისმა საყვარელმა მოსწავლემ  უნივერსიტეტში სწავლა  დაამთავრა  და დიპლომირებული ფიზიკის მასწავლებელი გახდა. იმედამ და სხვა მადლიერმა  მოსწავლეებმა  შიშველი ხელებით  მიაბარეს მიწას თომა  მასწავლებელი.   
ახალი მასწავლებელიც ისე შეიყვარეს ბავშვებმა,  როგორც თომა მასწავლებელი უყვარდათ.  იმედაც  უცნაურად წერდა  ნიშნებს, მაგალითად შეეძლო ათიანი დაეწერა მოსწავლისთვის,  თუ  ის საგაკვეთილო მასალის ნაცვლად ისწავლიდა  შესაბამის თემაზე ინტერნეტში ან ბიბლიოთეკაში მოძიებულ მასალას,  ან  მოსწავლე  თუ თვითონ შექმნიდა რომელიმე კანონის  შესაბამის  თვალსაჩინოებას და აღწერდა ცდას.  ერთხელ გაკვეთილზე სუფთა დაფის შუა ადგილას ცარცით წერტილი დასვა, აბა დამიწერეთ, რას ხედავთო. ყველამ წერტილი დაწერა, მხოლოდ ერთმა,  დაფა და მის შუაში წერტილიო, ხოდა ათიანიც დაუწერა ამ ბავშვს  და მადლობაც გამოუცხადა, მნიშვნელოვანსაც ამჩნევ და უმნიშვნელოსაცო.  ერთს კი საერთოდ იმიტომ დაუწერა ათიანი,  კლასელს  კარგად მოყოლილი გაკვეთილი და  მიღებული ათიანი  რომ მიულოცა:  რადგან მეგობრის სიხარული გიხარია, იმიტომ გიწერ, ესეც კანონია და ამ კანონს  მეგობრობა ჰქვიაო. 
სოფელში უკვე ყველამ გაიგო  იმედას ცემის    ამბავი,    რა თქმა უნდა,  გაიგო იონამაც. დილით  მეორე სართულზე თავის ოთახში მყოფ  მერის, ესმოდა  იონა ეზოში როგორ ბრაზობდა, ყველას ღვინო რავა დაელევინება, რა კაცი გალახეს მაგ გლახაკებმა, ნეტა იმედას ფრჩხილად მაინც ღირდეს რომელიმე.    იმედა რომ არის, იმისთანა კაცი ვინ ჰყავს ჩვენს სოფელს!  მაი  გათახსირებული ნარკომანები გზაზე არ შემხვდეს რომელიმე, თორემ ხელიდან ვერ წამართმევს ვერაკაციო.  მერე ნანა მასწავლებლი მოუყვა მერის,  შენი გულისთვის ბიჭებმა გუშინ ფიზიკის მასწავლებელი ცემესო, - თან ეცინებოდა.    მერი  უცებ ვერ მიხვდა, თუ ადამიანი ცემეს აქ სასაცილო რა იყო და  ფიზიკის მასწავლებელი  რომელი იყოო, -  ჰკითხა. საქმეც იმაშია, რომ საერთოდ არ ყოფილა გუშინ სოფელში  ფიზიკა,  არც  სუფრაზე ყოფილა,  სხვა ქალაქში  იყო ნათესავთან  წასული სტუმრად და  გვიან ღამით დაბრუნდაო, -  ისევ იცინოდა ის.
სკოლაში მისულ იმედას კოლეგები  ჯერ ჩვეულებრივ ესალმებოდნენ,  მერე რიგ-რიგობით ეკითხებოდნენ,  რა დაგემართაო, ისე,  ვითომ არ იცოდნენ, ვის გამოც და რის გამოც  ჰქონდა  შეცვლილი    ფიზიონომია. იმედაც რიგ-რიგობით ეუბნებოდა ყველას,  ყაჩაღები დამეცნენ თავზე ბათუმშიო.  -  უი, ეს რა მოგსვლიაო,  -    იტყოდნენ და იმედას  რომ არ გაეგო, ისე იცინოდნენ ჩუმ-ჩუმად საკლასო ოთახებში. სწორედ იმას  ფიქრობდა იმედა,    ის ვინღაა,  ვის გულისთვისაც  დამანგრიეს ცხვირ-პირიო, რომ  სამასწავლებლოში ნანა  მასწავლებელთან  ერთად ვიღაც გოგო შემოვიდა, არაგურული  იერით და ლამაზი, ჭორფლებიანი ცხვირით.    ნანა მასწავლებელმა, ამათ კი იცნობ ყველას, ფიზიკას გაგაცნობ ახლაო და  იმედასკენ წამოვიდნენ.  აი იმედო, ჩვენი ახალი  ინგლისურის მასწავლებელი, გაიცანიო.  მერიმ, დაინახა თუ არა იმედა, დალილავებულიც ძალიან მოეწონა    და ლოყები შეუფაკლდა. ისიც კი იფიქრა, ბოდიში ხომ არ მოვუხადო,  ჩემი გულისთვის რომ ცემესო, მაგრამ თვითონ არაფერში დამნაშავე არ იყო და  შეშინდა,  სულელად  არ ჩამთვალოსო და გამარჯობა, მე მერი მქვიაო, -  ესღა უთხრა მხოლოდ.  იმედამ ყურებს არ დაუჯერა, თუ ინგლისელია, ქართული საიდან იცის, ესენი მგონი მაშაყირებენო,  თუმცა გაგიმარჯოთო,  - მაინც თქვა და  ინსტიქტურად ხელიც გაუწოდა. დაბნეულ იმედას მშველელად სამასწავლებლოში შემოსული მდივანი გოგო გამოეცხადა:  იმედა მასწავლებელო, დირექტორი გიბარებთო.  მიდიოდა იმედა და ფიქრობდა, ალბათ ეს გოგოა, ვის გულისთვისაც მცემეს, რაფერი გაჩხიკულია, ნეტა რამეს მაინც გავდეს, აბა,  ჯულია რობერტს აქ არავინ გამოგზავნიდა, მით უმეტეს, რიჩარდ გირიო. არა, ისე სიმპატიური კი არის, ეს ჭორფლიანი ცხვირიც  უხდებაო. მერე ხელის ჩამორთმევის მომენტი გაახსენდა,  გამოუცნობ  ველში მოხვდა თითქოს და სხვა განზომილებაში გადავიდა, თან  რაღაც სხვანაირად დაიმუხტა და ახალმა, ჯერ უცნობმა, მაგრამ საამო ნაწილაკებმა  დაურბინეს  სხეულში.
სკოლაში დღის ბოლოს პედსაბჭო  ჩატარდა,  ბატონმა  შალვამ ახალ სასწავლო წელზე ისაუბრა, მიზნები და ამოცანები გააცნო კოლექტივს, ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების რაოდენობა გავზარდოთო, ესეც დააყოლა და  მერე სამასწავლებლოს სხვადასხვა კუთხეში მჯდომ მერის და იმედასაც გადახედა, კარგი იქნებოდა ინტეგრირებული გაკვეთილი,  ფიზიკა  -  ინგლისურიო. ტალღასავით  გადაურბინა  ჩუმმა ღიმილმა სახეზე ჯერ დირექტორს, მერე  სხვა  მასწავლებლებს,  მერის კიდევ ერთხელ შეუფაკლდა ლოყები,  იმედამ კი ახალ მასწავლებელს გამოხედა და მისი მზერაც რომ იგრძნო, გაიფიქრა, უი,  ცხვირიც ხო ლამაზი აქვს, თვალებიც რა ლამაზი ჰქონიაო.
მერის სოფელში  ჩამოსვლამ ორმაგად გაახარა სოფელი: ჯერ  ერთი,    გაუხარდათ რომ ინგლისელმა  ქართული  ასე კარგად  იცოდა, ალბათ ინგლისურიც ეცოდინებაო.  ნათელა მასწავლებელი  კარგა ხანია ითხოვდა, დავიღალე გამიშვით ახლა სახლში,  მამყოფეთ შვილიშვილებთანო და ღირსეული  შემცვლელი გამოუჩნდაო და  მეორეც,  გამოდის მარტო ჩვენ არ გვიჭირს, ინგლისშიც უჭირს  ხალხს სამუშაოს პოვნა, ა, ნახეთ ინგლისელი ფამფალეთში  რავა ჩამოვიდა სამუშაოდო. ვერიკომაც  აქო და ადიდა, გოგოა, კრასავიცა,  ისეთი ხასიათისაა, კაი, კაი , ნამეტანი კაიო. 
დაიწყო სასწავლო წელი. მერის ძალიან შეუყვარდა ფამფალეთლები, შეიძლება დალხინებული ცხოვრების არ მქონე, მაგრამ იმედიანი და იუმორით სავსე მუდამ  ღიმილიანი ხალხი.  იმედას და მერის მთელი სოფელი  ატყობდა, ერთმანეთის მიმართ  გულგრილი  რომ არ იყვნენ,    თუმცა ორივე კი ძალიან ცდილობდა დამალვას,  მაგრამ ყველამ იცის,  რასაც მალავ, ის ჩანს  სწორედ  ყველაზე უფრო.  გაკვეთილების შემდეგ რამდენჯერმე ერთად მოუწიათ სკოლიდან წამოსვლა,  მით უმეტეს გზაც ერთი ჰქონდათ,  იმედას სახლი იონას სახლიდან სულ სამი ეზოთ  იყო დაცილებული.  გზაში თან  ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაზე საუბრობდნენ, თან სხვადასხვა თემებზეც  და  ვერც კი ამჩნევდნენ, რა მალე ილეოდა გზა იონას  სახლამდე და  ღიმილით  როგორ აყოლებდნენ თვალს სოფლის მაცხოვრებლები.  ნანა მასწავლებელიც, თუ მარტო დარჩებოდა მერისთან, სულ იმედას ქებაში იყო. იონას კი მეზობლები  ეხუმრებოდნე უკვე,  მესამე გოგოს როის ათხოვო. ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, იმედას დედასთან, ქალბატონ გუგულისთანაც მიაღწია.
- შვილო, მართალია ხალხი ჩივა, ვინცხა ინგლისელს ყვარობსო!
- ვინცხაა, ქალო,  ინგლისელი? - იცინის იმედა.
- ვინცხაა, აბა კაი პატრონი ამ სიშორეზე ქალს რავა გამოუშვებს?
- ინგლისში ყოფნისას შეყვარებია საქართველო!
- ვიცი მე ვინც შეყვარებია,  მითხარი ნენა, მართალია, რასაც ამბობენ, მართლა შეყვარებულები ხართ?
- შეყვარებულები კი არა ინტეგრირებულები ვართ!
- შვილო,  რათ გინდა ინგლისელი და უპატრონო,  ხო    გეძლევა ბინიანი თბილისელი ქალი, რავარი წერილებს გწერს? რეიზა ხარ უარზე? გაგიჟებულია შენზე!
- გიჟი გვინდა, ქალო ოჯახში? თან  თბილისში  მისტუმრებ  ერთადერთ შვილს?
- ზილე აბა ტალახი აქანე!
- ტალახი, ქალბატონო გუგული, მოგეხსენებათ, როცა გაშრება მიწაა!
- რა ვიცი შვილო, მე შენზა კაი მინდა, მარა, რაფერც გულმა გითხრას,  ისე ქენი შენ! ისე ყველა აქებს,  ნამეტანი კაი ციცააო, ბაღნებიც აქებენ და მშობლებიც,  რა ვიცი, რა ვიცი!

ისევ ლონდონი

მერის საქართველოში გამგზავრებიდან სამი თვე იყო გასული. შუათანა  ქალიშვილთან, ჯეინთან  სტუმრად იყო ლორდი,  ქეითიც აქ იყო მეუღლესთან  ერთად.    თავს დასტრიალებდნენ  ქალიშვილები,  მხოლოდ ეს  იყო, მერის ლანძღავდნენ,  მამის ურჩსა და თავკერძას  ეძახდნენ.  პირველ  კერძად ცხვრის ხორცი იყო ტარხუნის სოუსში.    თავიდან ძალიან ეგემრიელა საკვები, მერე თითქოს კუჭში ბურღი დაუტრიალესო,  ცუდად იგრძნო თავი. ყველას დაემშვიდობა,  სასწრაფო საქმე მაქვსო...  როცა ოთახიდან გამოდიოდა,  უკან მოიხედა, შენიშნა  ქალიშვილები ერთმანეთს როგორ ეჩურჩულობდნენ და იცინოდნენ.  ლორდმა, მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მძღოლს, რობერტს,  უთხრა, თავს ცუდად ვგრძნობო და გრძნობაც  დაკარგა.  რობერტმა, რომელიც პირად მცველიც იყო და    გარკვეული სამედიცინო განთლებაც ჰქონდა მიღებული,  ლორდს ნიკაპზე ჩამომავალი დუჟი შენიშნა და ნამდვილად მოწამლულიაო,  იფიქრა და  პირდაპირ საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას  მიაყენა მანქანა.  გაუმართლათ, ჯეინის სახლი სამეფო ჰოსპიტლიდან მხოლოდ სამი წუთის სავალზე იყო და არც საცობები შეხვედრიათ  გზაში.    ოყნებისა და სხვა ათასგვარი უხერხული პროცედურების ჩატარებიდან  მხოლოდ  ერთი საათის შემდეგ დაუბრუნდა ლორდს გონება.    ჰოსპიტლის  მთავარმა  ექიმმა, რომელიც მთელი ამ პროცედურების განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია ლორდს,  ჯერ გადარჩენა  მიულოცა და მერე ჰკითხა,  -  მილორდ,  ძალიან ძლიერი  საწამლავის მცირე დოზა გქონდათ მიღებული, ორი წუთითაც რომ დაგგვიანებოდათ, ვეღარ გიშველიდით,  ნებას მომცემთ  გკითხოთ, სად  ისადილეთ,    ის რესტორანი სასწრაფოდ უნდა დაიხუროსო. ლორდმა    სთხოვა,  არ მახსოვს, სწრაფი კვების ობიექტი იყო, თან მსურს ჩემი თქვენთან  ვიზიტი საიდუმლოდ დარჩეს,  არავითარი  პრესა და ტელევიზია,  თუ    ამ  თხოვნას შემისრულებთ ხვალ საავადმყოფოს  ანგარიშზე  ექვსნიშნა რიცხვი დაგიჯდებათო.  სერ  უილიამ, სამწუხაროდ ინფორმაციამ გაჟონა,  თქვენი საავადმყოფოში ყოფნის ამბავი უკვე დედოფალს და პრემიერ-მინისტრს  მოხსენდა და სიენენმა გადმოსცა,  საავადმყოფოს შესასვლელთან  უკვე უამრავმა ტელე და  რადიო ჟურნალისტმა მოიყარა თავი, ხოლო  გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს პირადად სურს თქვენი ნახვა და  ჩემს ნებართვას ელოდებაო...
გაეღვიძა.  ცივ ოფლში ცურავდა  ლორდი უილიამ ჰანოვერი.  კარგა ხანს ვერ აცნობიერებდა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო თუ ცხადი.  საწოლზე წამომჯდარმა კამერდინერი იხმო,  ჯეინთან როდის ვაპირებთ წასვლასო, -  ჰკითხა. სამი დღის შემდეგ,  მილორდ,  - იყო პასუხი. გადაეცი ჯეინს,  რომ  ჩემი მასთან ვიზიტი  გადაიდო, ხვალ საქართველოში მივფრინავთ,  მერის ნახვა მინდაო, - თქვა და  თითქოს შვებით ამოისუნთქა.

რეისი ლონდონი -  ფამფალეთი

როგორც კამერდინერმა გაარკვია, მერი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში,  კერძოდ გურიაში, სოფელ ფამფალეთის საშუალო სკოლაში მუშაობდა.  ფამფალეთში აეროდრომი არ იყო,  სამაგიეროდ იყო საფეხბურთო  სტადიონი, სადაც შეიძლებოდა შვეულმფრენით დაშვება.  ჩარტერული რეისით  შეიძლებოდა  ბათუმში,  უამინდობის შემთხვევაში  კი  კოპიტნარში ან თბილისში ჩაფრენა.  გაუმართლათ,  მთელ საქართველოში  მზიანი ამინდი იდგა. შუადღე იყო,  როცა ფამფალეთის  საშუალო სკოლის  გვერდით  მდებარე  საფეხბურთო  სტადიონის თავზე  ლორდის მიერ ბათუმში  დაქირავებული კერძო შვეულმფრენი    გამოჩნდა.  სკოლაში მეოთხე გაკვეთილის ზარი  ახალი დარეკილი  იყო.  ამ დროს  მერის და იმედას, ისე გამოვიდა,  ორივეს ,,ფანჯარა“, ანუ შესვენება  ჰქონდათ და  სკოლის ბუფეტში, ფანჯარასთან თან  რძიან  ყავას სვამდნენ,    თან  ინტეგრირებული გაკვეთილის  საბოლოო გეგმას აყალიბებდნენ. ის  იყო  გაკვეთილის  სახელწოდებაზე შეთანხმდნენ, -  ,,დიდი ინგლისელი ფიზიკოსები“ და პირველ ადგილზე ნიუტონი დასვეს, რომ  ფამფალეთისთვის უცნაურმა  ხმამ მიიქცია მათი ყურადღება და შვეულფრენი შენიშნეს, რომელიც თანდათან ეშვებოდა დაბლა.  ფამფალეთში ყოველდღე ნამდვილად არ დაფრინავენ შვეულმფრენები. სკოლაში მეცადინეობა ჩაიშალა, მთელი სკოლა და  სოფლის მოსახლეობის ნაწილი  სტადიონზე  გამოეფინენ,  ნეტა ვინ გვეწვიაო.
სხვებს მერი და იმედაც გამოყვნენ.  როცა სკოლის  კიბეზე  ჩამოდიოდნენ, მერიმ ინსტიქტურად იმედას ჩასჭიდა ხელი.    იმედამ ისევ ის იმ საამო ნაწილაკების დინება იგრძნო სხეულში.  შვეულმფრენიდან პირველი  რობერტი  ჩამოვიდა,  მერე კი ლორდი ჰანოვერიც  გამოჩნდა. ,,ვაიმე, მამაო“ - ქართულად თქვა და  ფერი ეცვალა  მერის... -  ,,ნეტა ხო , მშვიდობააო“  და უფრო მოუჭირა ხელი იმედას, თითქოს ის სადმე აპირებდა გაქცევას,  თან,  -  რა ვქნაო, -  ჰკითხა.  ადამიანო, რა უნდა ქნა, თუ მამაშენია, მიირბინე  და ჩაეხუტეო, - უპასუხა  იმედამ.  ღმერთო, რა უცებ გადაწყვიტა პრობლემა,  როგორ მიყვარსო,  -  იმედაზე გაიფიქრა მერიმ,  -  მერე    ხელი გაუშვა და მამისკენ გაიქცა.
მართლაც არაფერი უთქვამს, ისე, უბრალოდ,  სიტყვის უთქმელად  მიირბინა მამასთან  და ჩაეხუტა.  ლორდს  ცრემლი მოადგა თვალებზე. ცოტა ხანს ასე ჩახუტებულები იყვნენ, მერე მერის ფიქრი დებს გადაწვდა, რაიმე ხომ არ შეემთხვათო.
-     მამა,  ხომ შვიდობაა,  ქეითი  და ჯეინი როგორ არიან!
- კარგად არიან. უბრალოდ ძალიან მომენატრე,  შვილო,  ნებას მომცემ ორიოდ დღე შენს გარემოცვაში გავატარო? -  თვალცრემლიანმა ლორდმა ხმადაბლა სთხოვა მერის.  რა თქმა უნდა,  მამაო, მერიმ უპასუხა და  სულაც არ მორიდებია, რომ  მთელი სოფელი იყო თითქმის სტადიონზე  თავმოყრილი, ახლა უკვე ატირებული,  მეორედ  ჩაეხუტა მამას.
ამ დროს თბილისიდან,  კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა სამინისტროდან,  სოფლის გამგებელთან დარეკეს, ინგლისის  ლორდთა პალატის წევრი, ლორდი ჰანოვერი  ეწვევა  თქვენს სოფელსო,  აბა თქვენ იცით  როგორ დახვდებითო.  ,,ბატონოო?“ - გამგებელმა იკითხა,  ისევ იგივე რომ გაუმეორეს, -  კი მარა რა უნდაო? -  გაკვირვებულმა დასვა ახალი  კითხვა.  თურმე მისი ქალიშვილი ასწავლის თქვენთან სოფელშიო,  - უპასუხეს.  გამგებელმა  დირექტორთან გადარეკა,  ბატონო შალვა, ახლა უნდა ვიგებდე ლორდის ქალიშვილი თუ მუშაობს  ჩვენს სკოლაშიო.  შე  კაი დედმამიშვილო, გამოგვიარო  უნდა ხანდახანო, - უპასუხა ბატონმა შალვამ, ის კი არ გაამხილა თვითონაც ახლა  რომ გაიგო ეს ყველაფერი და ტელეფონი რომ  გათიშა, მერე გადაულაპარაკა სასწავლო ნაწილს,  - იცოდი?  მერის მამა ლორდი  ყოფილაო. 
მერი  კი ამ დროს  მამას  ნანა მასწავლებელს და  და სხვა  თანამშრომლებს  აცნობდა.  იმედას ჯერი რომ დადგა, თვალგაბრწყინებულმა ყურში უჩურჩულა,  საქართველოში ჩემი  ბრილიანტი ვიპოვე, ეს არისო. ლორდმა,  იმედას გადახედა და ალფრედ კენტს შეადარა, ,,შეხედულებით კი ორივე ერთი მაიმუნიაო“, - გაიფიქრა.  ,,ალბათ ეს ქართველი მილიარდერიაო“,  -  უჩურჩულა მერის. 
- არა, მამა, მილიარდერი არ არის!
- მაშ ვინ არის? - გაკვირვებულმა გამოხედა  სიხარულით თვალებგაბრწინებულ  მერის ლორდმა.
- ფიზიკის  მასწავლებელი!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები