ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2018


გემშვიდობები!

არდამვიწყებელი -
ასე დავირქმევ და
დაგემშვიდობები.
ალბათ გაიკვირვებ,
უფრო ასე მინდა,
ვიდრე გწერდე რომ
„ამოისუნთქებ“.
არდავიწყება კი ნიშნავს
ლექსად გწერდე,
ლექსში გახსენებდე,
ღამის სამ საათზე,
როცა ვერ ვიძინებ
და სხვა ფიქრებს შორის
უცებ გამოჩნდები.

პოეტს ვინც უჯერებს,
როგორ მწარედ ცდება!
მაგრამ არც იფიქრო,
რომ ის იტყუება!
ალბათ შენ იკითხავ
- ასე როგორ ხდება?
მოკლედ,
მე აგიხნი,
თუ ვერ,
შევეცდები მაინც.

წარმოიდგინე რომ
შენ ხარ მტკვარი,
მე კი უკვე მკვდარი,
ანუ არაგვი ვარ,
ჯვრიდან კარგად მოჩანს
როგორ გიერთდები,
ფაქტი ასეთია,
თორემ პოეზიას
სულაც არ უხდება
ასეთი სიტყვები:
„ახსნა“, „ფაქტი“
და სხვა, მისთანები.
რაგინდ შევეცადო,
მე ძველ კალაპოტში
ვეღარ დავბრუნდები,
შენში გავზავდი და
შევწყდი,
დავიკარგე,
ანუ გავქრი.

ახლა სხვანაირად
შევეცდები გითხრა:
ნათელ მზიან მოლზე
მდგომი სახლის ახლოს,
გაბმულია თოკი,
ბუმბერაზი მსხლების
შემაერთებელი,
მე კი ყოველ  დილას,
მზის ამოსვლის მერე,
ამ თოკს ვეხები და
ჩემს გაფენილ ზეწრებს
სიო აფრიალებს.
შენ კი ფანჯრის იქით,
თხელი ფარდის მიღმა,
დგახარ
და მიყურებ,
მისმენ,
გჯერა ჩემი -
რომ გადავიტანე
წვიმის ასი წელი...
და როცა ვიხრჩობოდი
ხელიც შემაშველე.
მაგრამ , მგონია რომ
წვიმებს შეჩვეული
მზეს ვეღარ გავუძლებ,
(აქ მე თავს ვიმართლებ,
რომ გემშვიდობები)
უფრო სწორად რომ ვთქვა,
არ  ხარ ვალდებული,
შენს მზიან მინდორზე
წვიმისას ისმენდე
და გათავისუფლებ!
ერთ მშვენიერ დილას,
(მარკესს დავესესხე)
თეთრ ფითქინა ზეწარს,
ანუ ბოლო წერილს,
რემედიოსივით
ცაში მეც გავყვები.

აი, ხედავ?
სრულ სიმართლეს ვამბობ!
და თან ვიტყუები,
რომ თითქოს ლექსებს ვწერ,
ან პოეტი მქვია, ან... და ა.შ.
ახლა დაჯერება
მხოლოდ შენზეა და
თუ გსურს - დაიჯერე,
მე გემშვიდობები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები