ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ოქტომბერი, 2018


აფხაზეთზე

აფხაზური კანტატა

I

ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.

ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.

გადიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გამოტოპა ენგური.

II

რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.

ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.

ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ ოდესმე დააცხიკვებდა,
- ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.

ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.

ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შესძრა მთელი სამურზაყანო.

III

ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.

მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.

ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,

თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,

შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.

IV

ოდიშში ვარ, ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…

ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.

წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…

ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.

შოთა ნიშნიანიძე

აფხაზეთზე ყოველთვის შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ მახსენდება, რომელსაც თავის დროზე მსახიობი დიმიტრი ჯაიანი კითხულობდა ძალიან ემოციურად.


https://www.youtube.com/watch?v=EZ8kdE-xR6c



1990-იანი წლების დასაწყისიდან, მას მერე, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, არაერთი ქართველი და აფხაზი პოეტის ლექსი წავიკითხე აფხაზეთზე, მაგრამ ნიშნიანიძის ლექსზე უკეთესი არსად შემხვედრია. შეიძლება ვინმემ ჩემი ეს სიტყვები გადაჭარბებულად მიიჩნიოს, მაგრამ ვფიქრობ, შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ ყველაზე ცნობილი ლექსია - აფხაზეთზე დაწერილებიდან!

მე ოთხმოციანელთა თაობის წარმომადგენელი ვარ! - იმ ოთხმოციანელთა, რომელთაც ბავშვობა წაართვეს, რომელთაც ომების მეტი არაფერი უნახავთ. ჯერ იყო ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი, შემდეგ კიდევ ერთი - აგვისტოს ომი.

დღეს ჩემი სოხუმი სევდისფერია... სოხუმელი არ ვარ, ფოთელი ვარ, მაგრამ სოხუმი ჩემთვის ისეთივე მშობლიურია, როგორც ფოთი.

1991 წლის გაზაფხულზე - საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან და ბაბუასთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული აფხაზეთი, ჯერ კიდევ ქართველები აკონტროლებდნენ სიტუაციას ადგილობრივებთან ერთად.

ახლაც თვალწინ მიდგას თვალწარმტაცი ბუნება, ზღვის პეიზაჟი, ლამაზი გოგო-ბიჭები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, გულში იკრავდნენ ერთმანეთს, ლექსებს უძღვნიდნენ აფხაზეთს, სიმღერებსა და ცეკვებს დახვეწილად ასრულებდნენ. მერე კი...

მერე ჩვენ შორის მესამე ძალა ჩადგა და გაგვთიშა, გაგვთიშა მხოლოდ დროებით. აფხაზეთის ომში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ქართველი აფხაზს იფარებდა თავის სახლში და აფხაზი ქართველს.

ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.

აფხაზეთის სიყვარულმა ლექსების მთელი ციკლი შემაქმნევინა აფხაზეთზე, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

ძმაო ქართველო, დაო აფხაზო...

,,ვარადას“ ვუსმენ სულგანაბული,
ამ მიწის ცრემლმა არსად გამიშვა...
და მახსენდება: ჩემი მამული
როგორ იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

აღარ ტარდება ისინდი ჩვენში,
მესამე ძალამ ისე გაგვთიშა;
ნაღდ ქართველთა და აფხაზთა ხელში
სხვა პეწი ჰქონდა სოხუმს, სხვა ნიშა.

თუმც გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი,
დროებითია ჩვენი გათიშვა,
ვარ მადლობელი ყველა იმ დედის,
რომელმაც გმირი ჯარისკაცი შვა.

მე ფსოუს წყალი კიდევ მწყურია,
ოცნების წყარო თუ არ დამიშრა,
მჯერა: ვიხილავ დიოსკურიას,
ფოტოც დამრჩება ალბომს სანიშნად.

ძმაო ქართველო, დაო აფხაზო,
ხელი ჩამჭიდეთ, არსად გამიშვათ,
რომ სათანადოდ მეც დავაფასო
ის, ვინც იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს