ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2018


ზარდახშის ბალერინა 3

              მესამე თავი
    მაკუნა საბურთალოზე, დოლიძის კუთხეში, ჩამოხტა, მეგობრებს უნდა შევხვდეო და ეთუნას დაუთმო საჭე. გადაჩვეულიყო ეთო ქართულ გზებზე სიარულს. გაოცებული იყო  უწესრიგობით, ყველა მხრიდან უჭრიდნენ გზას, უსიგნალებდნენ, მესამე ხაზში უმუხრუჭებდნენ.  ძლივს გააღწია სააკაძის მოედნიდან და ქალაქიდან სანამ გავიდოდა, გულმა მაინც ვერ მოუთმინა, წერეთელზე გაიარა.  საკუთარი სახლის სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა, აივანს ახედა. ბავშვის ტანსაცმელი გადმოეფინათ. პატარა, სასაცილო შარვლები საქანელაზე მსხდარი ბავშვებივით ქანაობდნენ თოკზე. აივანს საღებავი გადასცლოდა, გახუნებულიყო.  ერთი ფანჯარა ამოეშენებინათ, თეთრ ფარდაზე გაბმული ფერადი ნათურები ციცინათელებივით ქრებოდნენ და ინთებოდნენ. სამზარეულოს ფანჯრის მინაზე თეთრი ფიფქები მიეკრათ.
-ნეტა ახლა რა ფერია სამზარეულოს კედლები? - დაეკითხა საკუთარ თავს.
  ბავშვობის  სამზარეულო გაახსენდა. სალათისფერ კედლებს დედას გამომცხვარი ხაჭაპურის სუნი ისევ შერჩენოდა ეთუნას ხსოვნაში. 
    დედა მოენატრა.
    მამა კარგად არ ახსოვს, ეთუნა 4 წლისაც არ იყო, რომ გარდაიცვალა, ნადირობისას ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. მამა არა, მაგრამ ის ავბედითი დღე ახსოვს:
  ზაფხული იყო, აგვისტოს ხვატი, თბილისი იწვოდა და სოფელში წავიდნენ. ახმაურდნენ სახლის მოწყენილი კედლები, აწრიალდა შავებში ჩაცმული ბებია. ქათამი დაკლა, ხინკალს მოვახვევო, დაკეპა ხორცი. მეზობლები შემოვიდნენ. ბიძაშვილები იყვნენ. ატყდა ჟრიამული, ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ეთუნას ჰაერში აგდებდნენ, ლოყებს უჩქმეტდნენ.
  წავინადიროთო, მონატრებული იქნები, შეაგულიანა გოჩა  ბიძაშვილმა. სხვებიც აჰყვნენ. თოფები გადატენეს. საგზალი გაუმზადა დედამ. წასვლისას აკოცა შვილს მამამ. დათვი უნდა მოგიყვანოვო, დაჰპირდა.
  ეთუნასთვის სოფელი სამოთხე იყო. მწვანე მთები წამომართულიყვნენ და ხორუმის მოცეკვავეებივით მხარდამხარ შემოსალტოდნენ სოფელს.  მდინარე  გრგვინავდა. ცხვრები გაშლილიყვნენ მდელოზე და ბალხს წიწკნიდნენ. ეზოში დაფუსფუსებდა ბებო. სახლის წინ პატარა წყაროსთან გაიყვანა  ეთუნამ თავისი ცხვირგატეხილი თოჯინა სერგო. ჯერ ცივ წყალში აბანავა, მერე  მზის გულზე შეაშრო. ნაჭრებში გადაახვია. გულში ჩაკრულმა მიაძინა. სანამ სერგო გაიღვიძებდა, ტალახის ტორტები დააცხო, აჭამა ბავშვს. თავის პატარა მუხლისთავებზე დაისვა და ელაპარაკებოდა, მამიკო მალე მოვაო. დიდი დათვი უნდა მოკლას, ის დათვი ძალიან საშიშია, ჩამოდის და ბებოს პატარა ბეკეკოებს იპარავსო.
    დათვი კი არა და არ გამოჩნდა იმ დღეს ტყეში. იცინეს ბიძაშვილებმა, შეგვარცხვინა დედაკაცებშიო ნადირმა. რა ჩავუტანოთ ახლა ნანადირევს რომ ელიანო. იქვე ფერდაზე მიწვნენ, ნაჩქარევად გამზადებული სადილი ამოალაგეს. პური გატეხეს, ცხვრის ყველი მიატანეს. არ მოისვენა შავმა მეძებარმა, იწევდა სუფრისკენ, გაუჯავრდნენ, არ ეპუებოდა მონადირეების ბრაზს. გოდერძიმ სანადირო თოფი გამოაბა კუდზე, იფიქრა ძაღლს შეაკავებდა, დათვის საფანტით დატენილი, დამძიმებული თოფი. არ მოეწონა მურას თავისუფლების შეზღუდვა, აწკმუვლდა, მოსვენება დაკარგა. ლევანს შეეცოდა და ხორცის ნაჭერი გადაუგდო ძაღლს. ფერდაზე გადაგორდა ხორცი. წაიგრძელა მურამ კისერი და პირი ვერ მიაწვდინა საჭმელს. უკან გადადგა ნაბიჯი, მკერდის კუნთები დაძაბა და კიდევ ერთხელ გაიწია ხორცისკენ.
  ბიჭები ჰყვებოდნენ გასული წლის სანადირო სეზონზე, არაგვის კალმახს აქებდნენ, დავობდნენ, არაყი სჯობდა თუ ღვინო. იცინოდნენ. ძაღლმა პირი მიაწვიდა მიგდებულ ლუკმას და  თოფმა იგრიალა, კეფაში მოხვდა გოდერძის ტყვია და ყბა გამოუნგრია, ზურგით გადაეხმო მიწას, სისხლი შადრევანივით გადმოვიდა ფერდაკარგულ ლოყებზე. ამასაც არ დასჯერდა, მეორე ტყვია გოჩას  მოხვდა შუბლში. გოდერძისაგან განსხვავებით მან თვალებში ჩახედა სიკვდილს და ტვინგასხმული გადაგორდა სუფრაზე. 
    ბავშვის სმენას მისწვდა თოფის გრიალი. ჩემმა მამიკომ მოკლაო დათვი, გაბრწყინებული თვალებით ახარა ცისფერთვალება თოჯინას. ჯერ ღმუილის მსგავსი ხმები მოჰყვა ქარს სოფელში და მერე დუმილი ჩამოდგა კარში მდგარი ჭირისუფალივით და ერთ ხანს თითქოს ფოთლებიც კი არ გაშრიალებულა. მერე შემოვიდნენ, მხარგანიერი ვაჟკაცები და ეზოში შემოიტანეს გოჩას შუაზე გადახსნილთავიანი სხეული. ეთუნა სირბილით შევიდა სახლში, მამიკოს ნახვა უნდოდა, მაგრამ ის რაც მისი მამიკოსაგან დარჩენილიყო, რამდენიმე წელი ესიზმრებოდა და ტრილით აღვიძებდა.
  ხსოვნას მამის სხეულის ნარჩენების გარდა, ჩარჩა ბებიის განწირული კივილი. უცბად ჩამობნელებული, გადაშავებული მთები და დედა, რომელსაც რამდენიმე დღე  ხმა არ ამოუღია, იჯდა გაფითრებული, ერთ წერტილს მიშტერებული და ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია.
-იტირე, გოგო, ქვის ხომ არ ხარ?! - ეხვეწებოდნენ შავებში ჩაცმული ნათესავები.
  ქვის იყო რუსუდანი და არც ერთი ცრემლი არ დაუნახვებია სანახაობაზე მოსული მოტირალებისათვის. არც ეთუნას უნახავს ატირებული დედა, მაგრამ მას შემდეგ ხშირად ამჩნევდა ჩაწითლებულ თვალებს და სევდას, რომელიც საზღვრისპირას მდგარი ჯარისკაცებივით, შემოწყობოდა ქუთუთოებს.
  მთელი ზაფხული სოფელში გაატარეს და შემოდგომის დასაწყისში დაბრუნდნენ თბილისში. პირველი, რაც რუსუდანმა ქალაქში ჩამოსვლისას გააკეთა, სალონში წასვლა იყო. ეთუნას ყველაზე მეტად დედის თმა უყვარდა. შავი თმა ჰქონდა, ნისლივით სქელი და ღრუბელივით რბილი. წელს სწვდებოდა მისი კულულები და რუსუდანმა, თბილისში დაბრუნების პირველსავე დღეს, ნაწნავი კისერთან  გადაიკვეთა და ახლა ის იყო სხვა ადამიანი. თითქოს მისი სახის ნაკვთებიც უფრო მკაცრი გახდა, ღიმილი დამალობანას თამაშისას კედელს ამოფარებული ბავშვებივით გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში მიმალულიყო. მისი ნაბიჯებიც იყო უფრო მყარი, თავდაჯერებული, თითქოს უბრალოდ კი არ მიდიოდა, ბრძოლის ველზე იდგა და წინ ვინც გადაეღობებოდა, ცოცხალს არ დასტოვდა.
  ადამიანს ხასიათი დაბადებიდან არ დაჰყვება, ის წლებთან ერთად იწრთობა და რაც უფრო დიდი ტკივილი აქვს გამოვლილი, უფრო მყარი და მტკიცე ხდება. უბედურებები ქმნიან ძლიერ პიროვნებებს, თორემ განცხრომაში მცხოვრები კაცი თვალახვეულივით მიაბიჯებს, ხელების ცეცებით მიუყვება საცალფეხო ბილიკებს და ვინ იცის, რომელ ხრამში ჩაიჩეხება. უბედურება კი მის ცხოვრებაში იყო წარმოუდგენლად დიდი და ისიც გახდა შეუპოვარი. აქამდე თუ მიუყვებოდა გზას და არ იცოდა, საით მოუწევდა გადახვევა. ახლა უკვე მიმართულება ჰქონდა აღებული, გაჩერების უფლება აღარ  ჰქონდა, მოწყენისა და საკუთარი თავის შეცოდებისათვის არ ეცალა, ტირილის ფუფუნება არ ჰქონდა. არა, რუსუდანი არ იყო ქალი, რომელიც ჩადრს ჩამოიფარებდა და ხელს გაიწვდიდა, დავქვრივდი, მოდით და ლუკმა-პური მომიტანეთო, არავის მისცემდა უფლებას მისი შვილისათვის დაყვედრებული ლუკმა მიეწვდია, არავის დააწვებოდა ტვირთად.
  რამდენიმე დღის განმავლობაში იჯდა რუსუდანი სარწეველა სავარძელში, თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა. მერე ადგა, სარკეში ჩაიხედა და საკუთარ თავს უთხრა: არ გაბედო ტირილი, არ გაბედო საკუთარი თავის შეცოდება. შვილი გყავს და ვალდებული ხარ, სხვისი ხელის შემყურე არ გახადო. შვილი გყავს, რომელსაც უნდა ასწავლო, რომ სიკვდილი არ არსებობს, ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლით არაფერი მთავრდება, პირიქით ახალი ცხოვრება იწყება, უფრო დიდი, უფრო სრულფასოვანი ცხოვრება. გარდაცვალება შვებაა, ამქვეყნის საწუხარისაგან თავის დაღწევაა. სიკვდილი  ჩვენ, ადამიანებმა, გამოვიგონოთ, რომ ამით დედამიწისათვის მნიშვნელობა შეგვეძინა, თითქოს და თუ აქ არ ხარ, ყოველდღიური წვრილმანებისთვის  არ იბრძვი, მატერიას თუ აღარ აგროვებ, კვდები. მთავრდება  თითქოს ამით არსებობა...
    ფიქრი სამყაროზე, სადაც გარდაცვალების შემდეგ გრძელდება ცხოვრება, ყოფას უადვილებდა რუსუდანს და მერე შვილსაც ასწავლიდა: მამა არ მომკვდარა, ააგერ, იქ, ზემოთ, ცაში გადავიდა საცხოვრებლად და ის ჩვენ გვხედავს. თუ მოგენატრება, შეგიძლია, ესაუბრო და რაც ყველაზე მთავარა, რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის გახსოვდეს, მამა ამას ხედავს და არაფერი გააკეთო ისეთი, რაც მას ეწყინება, რომ მერე  შეხვედრისას არ  გაგიბრაზდეს.
  სჯეროდა ეთუნას, რომ მამა ღრუბლებზე ცხოვრობდა და ბაბუაწვერას ატანდა მასთან მოკითხვას: არ მოიწყინო, მამიკო, მე კარგად ვიქცევი, დედიკოც კარგადაა.
  დედა კი არ იყო კარგად. რთული იყო პირველი წლები. თბილისს ეკიდა ცეცხლი. რუსუდანი  18 მანეთის სანაცვლოდ მუშაობდა და იმ 18 მანეთსაც „უყინავდნენ“, ეთუნას ობლობის პენსია კი მცირე იყო იმისთვის, რომ მთელი თვე ეყიდათ პური.
  სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა მშიერი სხეულის დაყუჩება, გაყინულ საწოლში შეწოლა. ითმენდა. არ უნდოდა ბავშვს ეგრძნო, რომ ცხოვრების უღელს ერთი ხარის ქედი ზიდავდა.
-არ მშია, დედა, შენ ჭამე,- ეფერებოდა შვილს დასუსტებული ხელებით, მაგრამ ბავშვები იმაზე ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩვენ, უფროსებს, წარმოგვიდგენია. მათ გონებას უფლის ხმის გაგებაც კი შეუძლია, ეს მხოლოდ შემდეგ, ასაკთან ერთად იხშობა გონების კარი, იბინდება ყოფითი წვრილამანებით. რამდენი გენიალური წიგნი შეიქმნებოდა, პატარებმა წერა რომ იცოდნენ, იქნება მაშინ მაინც მივხვედრილიყავით, რად ვაქციეთ საკუთარი თავები.
  და ისწავლა წერა ეთუნამ. მდელოზე შეფენილი გზააბნეული ბატკნებივით გაბნეული, უსწორ-მასწორო ასოებით დაწერა თოვლის პაპისთვის გასაგზავნი წერილი:
  „თოვლის პაპა, დარწმუნებული არ ვარ, რომ არსებობ, მაგრამ მაინც მინდა, რაღაც გთხოვო. მამა დიდ მოგზაურობაში წავიდა, იქ, საიდანაც ამ მიწაზე აღარ ბრუნდებიან. სახლში მხოლოდ მე და დედა ვართ, ისე გვიჭირს, პურსაც ვერ ვყიდულობთ,  დედა და-ძმას რითი მიყიდდა?!
  ჩემი დედიკო, მსოფლიოში ყველაზე კარგი დედაა, ის ბევრს მუშაობს, რომ მე მშიერი არ ვიყო. ძალიან მინდა, ჭამას გადავეჩვიო, რომ დედას წვალება აღარ მოუხდეს, მაგრამ ვერ ვახერხებ, ძალიან მშივდება. არა, არ გეგონოს, რომ  ტკბილეულს გთხოვ. 
  შევამჩნიე, რომ დედას ფეხსაცმელს ძირი გასძვრომია და მშიერი ლეკვივით დაუღია პირი.  როცა სახლში ბრუნდება, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს, დამზრალი ფეხების გალღობას.
  მართალია, სასწაულების არ მჯერა, მაგრამ თუ მაინც არსებობ, იქნება ჩემს დედიკოს ფეხსაცმელი გამოუგზავნო. თუ დედა გაცივდა, ისიც მამიკოსთან წავა და მე ჯერ ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ მარტომ ვიცხოვრო.
  თოვლი პაპა, თუ შესძლებ, დედიკოს ფეხსაცმელი გამოუგზავნე, არ დაგავიწყდეს, 38 ზომა.“
  იმ წელს ფული თითქმის არ ჰქონდათ და შემორჩენილი კაპიკებით, მთელი თვის  გატანას აპირებდა და როცა ნაძვის ხის ქვეშ წერილი შენიშნა, ტანში გასცრა. ძალიან რთულია, 6 წლის ობოლ გოგოს აუხსნა, რატომ არ მოვა თოვლის პაპა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი კარგად იქცეოდა. აკანკალებული ხელით გაშალა შვილის დაწერილი წერილი  და მერე მთელი ღამე იჯდა ფანჯარასთან და ცას შეჰყურებდა.
  რუსუდანს მიაჩნდა, რომ ყველა ადამიანს თავისი წილი ღმერთი ჰყავდა სულში, უბრალოდ, ზოგი აღიარებდა მის არსებობას და ზოგი მთელი ძალით ხუჭავდა თვალებს და ამ დროს ისე სასაცილოდ გამოიყურება, როგორც სირაქლემა, რომელსაც სჯერა, რომ თავის ჩაღუნვით უჩინარი გახდება. რუსუდანს თავისი წილი ღმერთი ჰყავდა გულში, რომელიც განყენებულად კი არ არსებობდა, მისი მეგობარი იყო, რომელსაც სხვის დაწერილ ლოცვებს კი არ უკითხავდა, ესაუბრებოდა,  თავის გასაჭირს უყვებოდა და პასუხებსაც ელოდებოდა.
  იჯდა მთელი ღამე ფარდაგადაწეულ ფანჯარასთან და ესაუბრებოდა ღმერთს:
  „ვიცი, ეს არაა ადგილი ბედნიერებისათვის, რაც უფრო მძიმეა ჯვარი, მით უფრო მსუბუქი ცხოვრება გველოდება, რაც მეტად გიჭირს, მეტად ახლოს ხარ ცასთან, მე ვიცი, მაგრამ ახლა ჩემზე არ ვსაუბრობთ, ამ წუთას ჩემს შვილზე მინდა, დაგელაპარაკო. ის ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ სასწაულების აღარ სჯეროდეს, ტკივილები შენთან გვაახლოებენ, მაგრამ იმედგაცრუებები გვაშორებენ, არ მინდა ჩემს შვილს იმედი გაუქრეს გულიდან. დამეხმარე, სჯეროდეს სასწაულების.“
  მეორე დილით, ჯერ პირველი სხივიც არ იყო ამოსული, ვიღაცამ კარზე მორიდებით დააკაკუნა.
-ეთუნა, გაიღვიძე, ბებო ჩამოვიდა,- გასძახა შვილს, კარი რომ გააღო და ზღურბლთან მდგარი დედამთილი შენიშნა.
  ეთერმა სანოვაგით დატვირთული ჩანთები სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა და 30 მანეთი ჩაუდო რძალს გაყინულ თითებში.
  იმ წელს ნაძვის ხის ქვეშ ეთუნამ მხოლოდ ერთი საჩუქარი იპოვნა, თბილი ფეხსაცმელი, 38 ზომა.
  რუსუდანმა  კი კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააგრძელა ბრძოლა და ცხოვრება დაუბრუნდა  თავის კალაპოტს, ეთუნას  მკრთალადღა ახსოვდა  დედა, რომელიც მოკვდა მამასთან ერთად და მის ნაცვლად დაიბადა სხვა ქალი, რომელიც შვილს წამითაც არ მოშორებია გვერდიდან, რომელშიც ეთუნა მთელ სამყაროს ხედავდა, რომელიც უყვარდა ყველა იმ ადამიანის ნაცვლად, ვინც მის ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბედმა მათ გარეშე ცხოვრება არგუნა.
    გაცილებით მეტი იყო ეთუნასთვის, ვიდრე უბრალოდ დედა, ის საყრდენი იყო, რომელიც საძირკველის გარეშე აშენებული ცხოვრებას ამაგრებდა.  არასოდეს უკითხავს: დედა, როგორ ხარ?!- ეშინოდა, არ ეთქვა, რომ ცუდად. ეგონა, რომ მას ცუდად ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
    რუსუდანი შვილის საქართველოდან წასვლიდან 5 წელში გარდაიცვალა. ეთუნამ რომ გაიგო, უკვე დაკრძალული ჰყავდათ. ვერ დაიტირა. იქნება შემთხვევითი არ იყო ეს ყველაფერი, მას  ხომ სძულდა ცრემლი, მას ტირილი ყველაზე დიდ სისუსტედ მიაჩნდა. ეთუნამ დედის დავიწყება სცადა. საკუთარ თავს მასზე ფიქრი აუკრძალა, ტვინს აიძულა, არ შემოეშვა გულში დედაზე აცრემლებული ფიქრები.
  ერთხელ ესიზმრა მხოლოდ, იჯდა რუსუდანი ხავერდის შავ კაბაში გამოწყობილი, უკან გადავარცხნილი თმით, გაფითრებული და სევდიანი ჩანდა. იჯდა დედოფალივით მედიდური და ყელმოღერებული და ფანჯრიდან იყურებოდა. მერე  სკამი, რომელზეც დედა იჯდა უკუნ ღამეში, უფსკრულის პირას აღმოჩნდა. ქვემოდან, სიღრმიდან, ძლივს აღწევდა ხმა, ეთუნამ მიაყურადა, ეს ხმა მას ეკუთვნოდა, დედა მიშველეო განწირული ყვიროდა. დედა კი იჯდა სკამზე, უფსკრულის  პირას, თავისი შავი კაბით და სადღაც შორს იყურებოდა.
  შეშინებულს გამოეღვიძა ეთუნას. ცრუმორწმუნე არ იყო, მაგრამ იფიქრა, ნამდვილად რაღაც გასაჭირი მელოდებაო. არც შესცდა, გასაჭირმა არ დაახანა, მეტიც, მისი ცხოვრების თანამგზარი გახდა. 
  დგას ახლა თავისი ყოფილი სახლის სადარბაზოსთან ეთუნა და მოგონებებს ებრძვის.  ვიღაცამ აივნიდან საახალწლო შუშხუნა  ისროლა და ფიქრებიდან გამოიყვანა. ქუჩაში ყიჟინით მოდიოდნენ მთვრალი კაცები. თავს სძლია, ცრემლი შეიმშრალა და მანქანის ძრავი ჩართა. არ სურდა, ყოფილ მეზობლებს  ქურდულად მოპარული, ცხოვრება აწეწილი, მომავალ და წარსულ დაკარგული შეემჩნიათ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები