ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2018


ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი

მთებს შეადნა ფიფქები
მთვარეს ძილი გაუტყდა
შენ რომ არ მაფიქრდები
მე იმ ღამეს რა ვუთხრა.

ნელი ვალსით ხვდებიან
მოოქროვილ დაისებს,
რა ვქნა, უკვე წლებია
შენით ვცოცხლობ და ისევ

ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვები,
როგორც ძაღლი მარჩენალს,
იოლია ნოტების
ხმაურისგან გარჩევა

მოგიმღერე მეათედ,
ხედავ, ტრფობით დავიწვი,
მოდიხარ და გინათებს
ორიოდე ლავიწი

ჩემი ვნების სანიშნე.
თმაჩაწნული იები,
მაგ თვალების ბალიშებს
რომ ვერ ჩაეძიები,

ვუცქერ, როგორც არასდროს
გული ჯანყზე წამსვლელი,
ყველა სუნთქვას დარაჯობს.
ჩვეულ ეშხით გავსებენ

ვერწასული მერცხლები,
ლამის სევდით დამღალონ,
და ხელიდან მეცლება
ზამთრის გრძელი საღამო

სადაც შენზე ყვებიან
ეს შიშველი კედლები,
რა ვქნა, უკვე წლებია,
მინდა, მაგრამ ვერ ვკვდები.

რადგან ასე მარტივად
ხელს ვერაფრით გაგიშვებ,
მე-ამხელა სატირა
შენ -მთლიანად საგიშრეს

ვარდზე მწველი მშვენებით
გულს რომ წამლად ედება.
ფრთებს ითხოვენ ხელები
რათა იქცნენ მტრედებად

და სულ ყველა წერილი
მხოლოდ თვითონ აფრინონ.
ახლად ამოწვერილი
გვირილების საფირმო

თაიგულით ვაპირებ
შენი მზერა გავართო,
მანამ ზღვის ამ ნაპირებს
ჩვენზე თხრობით დავათრობ.

ცას ვერ მოსწყდნენ ფიფქები,
მთვარეს ძილი გაუტყდა,
შენ რომ არ მაფიქრდები
მე იმ ღამეს რა ვუთხრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს