ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2018


ცენტრალური სადგური.

                                                                                                            ***

-ეს გოგონა ხომ არ გინახავთ?
-არა, მეგობარო.
-უკაცრავად, ხომ არ გეცნობათ?!- ყოველ გამვლელს ფოტოს აჩეჩებდა. -ამ მატარებელს უნდა გამოჰყოლოდა ჩემამდე.
-არ ვიცი ვინ არის, უკაცრავად-კიდევ ერთმა მგზავრმა აარიდა თავი მის მომაბეზრებელ კითხვებს.
-ბოდიში ქალბატონო... ეს გოგონა ხომ არ გინახავთ?
-არ დაიღალე შვილო?! ყოველ დღე როგორ შეიძლება ერთი და იგივე კითხვით მოხვიდე?
-გეშლებათ ქალბატონო რაღაც. ამ ცენტრალური სადგურში პირველად ვარ. ჩემს შეყვარებულს ველოდები, საცოლეს. დიახ, ცოლობა უნდა ვთხოვო ზუსტად აქ, ამ ცენტრალურ სადგურში.
-აქ რატომ გადაწყვიტე?
-ბოლოს აქ ვნახე და ეს ფოტო დამიტოვა. მერე ომი დაიწყო, მე ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძოდი და იქიდან მაინც საღსალამათმა გამოვაღწიე. ამ ფოტომ გადამარჩინა, ხომ ხვდებით?!
-მაშინ კიდევ დაელოდე.
-ამ მატარებლს უნდა გამოჰყოლოდა მაგრამ არსად ჩანს...
-იქნებ გადაიფიქრა?
-არა, ქალბატონო, ამ მატარებელს უნდა გამოჰყოლოდა ასე მითხრა.
-გამიშვი, შვილო, თუ ღმერთი გწამს ვერ ხედავ რამდენი ბარგი მაქვს?!- უსიამოვნოდ გაეცალა ქალი ახალგაზრდა ბიჭს.
-დაგეხმარებით გინდათ?! -მოულოდნელად ხელებში სწვდა და ბარგის გამორთმევას ცდილობდა.
-გამეცალე, არანორმალურო... -შეუტია ქალმა, რომელმაც მადლობის მაგივრად ბიჭს ხელი ჰკრა და მისგან დასაღწევად ნაბიჯებს აუჩქარა. -შენ ვის უნდა დაეხმარო, თავად ხარ დასახმარებელი.
-ვიფიქრე დავეხმარები თქო, სანამ ჩემი საცოლე ჩამოვიდოდა.
-შენ საცოლეს აქ არაფერი ესაქმება, შენნაირი არანორმალურის გვერდით.
-იცით... მითხრა რომ ვუყვარვარ.
-ადამიანებს ერთმანეთი, რომ ჰყვარებოდათ ომი აღარ იქნებოდა, შვილო!-უკანასკნელი სიტყვები მიაძახა ქალმა და კიბეებისკენ დაეშვა.
-ამიტომაც დავასრულე ომი.-თავისთვის ჩაიჩურჩულა ბიჭმა და ამჯერად ფოტოთი ხელში სხვა მგზავრებისკენ გადაინაცვლა. -ეს გოგონა ხომ არ გინახავთ?
-არა.


                                                                                                                                   
                                                                                                                  ***

  ომის შემდგომ მსოფლიო და სრულიად სამყარო სრულ სიცარიელეში აღმოჩნდა. ემოციებისგან დაცლილი და გამოფიტული სახეებით დაიარებოდნენ ადამიანები, რომელთა არსებობაც არ არსებობას უდრიდა. ამ მძიმე ტალღას თან საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისიც თან ახლდა, რის გამოც ქვეყნის მთავარსარდლები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილები. არც ჩემი ქვეყანა გამოირჩეოდა უკეთესი მდგომარეობით. ზევიდან მიიღეს განკარგულება, რომ ქვეყნის ნებისმიერი სტრუქტურა თუ ორგანიზაცია აქტიურად უნდა ჩართულიყო გამოსავლის ძიებაში, რათა ქვეყანა ამ ჭაობიდან სწრაფად ამოეყვანათ. გაგიკვირდებათ თუ აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს განკარგულება ჩვენს რედაქციასაც კი შეეხო. მაშინ ჯერ კიდევ სტაჟიორი ვიყავი და ჩემი ყოფნა არ ყოფნის საქმე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბედისწერა სწორედ ამ მოულოდნელმა ბრძანებამ შეცვალა, როდესაც მთავარმა რედაქტორმა ყველანი თავისთან გვიხმო და მისთვის არა დამახასიათებელი მღელვარების ფონზე ახალი დავალება მოგვცა. "მოიძიეთ ისტორიები, საინტერესო ადგილები და ადამიანები, რომელთა ამბავიც ჯერ არავის გაუგია. მჭირდება ნებისმიერი რამ, რაც ქვეყნის საზღვრებს მიღმა მყოფ ადამიანს მიცემს ძალასა და ენერგიას, რათა ამ რთული პერიოდის მიუხედავთ მაინც ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ნანახით აღფრთოვანებულმა კიდევ უფრო მეტი დამთვალიერებელი მოიზიდოს ჩვენსკენ." - ეს იყო და ეს. ოდნავ არასერიოზულად მომეჩვენა მისი ნათქვამი მაგრამ რას ვიზამდი?! თუ საინტერესოს ვერაფერს ვნახავდი ერთი კვირის განმავლობაში მაშინ ახალი სამსახურის ძებნა მომიწევდა, რაც ამ მდგომარეობითვის თითქმის შეუძლებებლიც კი იქნებოდა. მოვკიდე ხელი ფურცელსა და კალამს და გზას გავუდექი. არც კი ვიცოდი, რით უნდა დამეწყო. ქვეყანა არც ღირსშესანიშნაობებით, არც სამზარეულოთი და არც მდიდარი ისტორიით არ გამოირჩეოდა. როგორც იტყვიან ეს ნემსის ძებნას ჰგავდა თივის ზვინში. სად აღარ წავედი და ვის აღარ მივადექი, მაგრამ ამაოდ. ვიწერდი სხვადასხვა ისტორიებს, თუმცა თავადვე ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო ის რაც "მათ" ასე ძალიან სჭირდებოდათ. ხან მაღალ მთიან სოფლებში ვიყავი და ხან სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დავეხეტებოდი სიახლეების ძიებაში. ამ ტრაგედიების მიღმა ხალხისგან მხოლოდ უსაზღვროდ ტკივილიან ისტორიებს თუ მოვისმენდი ხოლმე. ოჯახი არ იყო დარჩენილი დანაკარგის გარეშე. ზოგმა შვილი, ზოგმა მეუღლე ან მამა დაკარგა. დროსთან ერთად ჩემი საქმიანობა მარაზმად მეჩვენებოდა, რადგან არ შეიძლება ვიღაცის ტკივილი შენს კეთილდღეობად გამოიყენო. ეს რეალობა კი ჩემს რედაქტორს ნაკლებად ანაღვლებდა. საღამოს მისულს ფურცლებს უკმაყოფილოდ გადახევდა ხოლმე და ისევ უკან მიშვებდა. ასე გასტანა რამოდენიმე დღემ. სანუგეშოდაც ვერავინ ვერაფერი ვერ მოიძია. ვერც მოცემულ დროში ვერ ვეტეოდით. პირდაპირ გეტყვით იმასაც, რომ ჩემი რედაქტორი შეურაცხადს ჰგავდა. იცოდა, რომ თუ მოცემულ დავალებას თავს ვერ გაართმევდა მთლიანად დაუხურავდნენ დაწესებულებას. ახლა რედაქციებს შორის ღვივდებოდა ნელ-ნელა "ცივი ომი".

                                                                                                                        ***

-ცენტრალური სადგური იხურება...
-შეიძლება, რომ აქ დავრჩე?
-დილამდე მატარებელი არ იქნება.
-იცით მე ჩემს  შეყვარებულს ველოდებოდი...-უთხრა მამაკაცმა მისკენ მომავალ დაცვის უფროსს, რომელიც აშკარად ცდილობდა მომაბეზრებელი კითხვებისგან თავი დროზე დაეღწია. 
-ცენტრალური სადგური იხურება. -მშვიდად გაუმეორა, თუმცა ახლოს მისული უხასიათოდ კი შეიშმუშნა მის დანახვაზე. -სჯობს წახვიდე.
-ჩემი შეყვარებული არ ჩამოსულა.
-მეგობარო... მატარებელი დილამდე არ იქნება.
-შეიძლება, რომ აქ დავრჩე?
-რისთვის?
-სიტყვა მივეცით ერთმანეთს, რომ დაველოდებოდი.
-რა აზრი აქვს დილამდე არაფერი მოვა?! 
-არაუშავს, დაველოდები.
-მაშინ გარეთ მოგიწევს დალოდება, რადგან სადგური იხურება.
-რა მოხდება აქ, რომ დავრჩე? 
-მეგობარო -გაბრაზებამ უმალ გადაურა. -დაცვის ბიჭებს ვეტყვი და ადგილს გამოგიძებნიან ღამის გასათევად. ნუ გეშინია. ღია ცის ქვეშ არ დაგტოვებ.
-მე მხოლოდ იმის მეშინია, რომ ერთმანეთს სადმე არ ავცდეთ. რომ ჩამეძინოს?-ჰკითხა მამაკაცმა.
-ბიჭები გაგაღვიძებენ, დამიჯერე! შენს გოგონას აუცილებლად შეხვდები.
-ასე გგონიათ?!
-სიტყვას გაძლევ, რომ მატარებლის მოსვლამდე გაგაღვიძებთ.
-კეთილი.-სურათი პიჯაკის ჯიბეში მშვიდად ჩაიცურა და თანამშრომელს უკან გაყვა. -არ დავიძინებ...რომ ჩამეძინოს?!
-გაგაღვიძებთ!
-მე მაინც არ დავიძინებ.

                                                                                                                                  ***
  დღის ბოლოს სადგურში წავედი და ქალაქისკენ მიმავალ პირველივე მატარებელს გავყევი. გზად ბოლოს მოძიებულ ისტორიებს გადავავლე თვალი, თუმცა კითხვის მიწურულს თავადვე დავხიე ფურცლები და ფანჯრიდან გადავყარე. ეს ჩემი კარიერის დასასრული იყო. გულწრფელად გითხრათ ამაზე ნაკლებად ვღელავდი, რადგან რაც ამ ბოლო კვირის განმავლობაში მოვისმინე ეს ომის ხელახლა ნახვას უდრიდა. თვალწინ ისევ ის ადამიანები მედგნენ და ისტორიები, რომლებმაც სული ერთიანად შემიძრა. ქვეყანა სწორედ მაშინ იღუპება, როდესაც თავისივე ერის ტკივილს ყურად არ იღებს. თან ეს ადამიანები მახსენდებოდნენ და თან ჩემი შეურაცხადი უფროსი, რომლისთვისაც საკუთარი თავი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ფიქრებში იმდენად ვიყავი გართული, რომ გვიანღა შევამჩნიე ჩემ წინ მჯდომი ქალბატონის დაჟინებული მზერა, რაც ცოტა მეუცნაურა. მისგან განსხვავებით თვალის არიდება ვცადე, თუმცა ის მაინც მე მომჩერებოდა. ბოლოს მივუბრუნდი, მაგრამ კითხვის დასმაც არ მაცადა...
-რაღაცაზე ღელავთ ხომ?
-რადგან ფურცლები გადავყარე?!
-ისედაც გეტყობათ სახეზე ყველაფერი....
  ამ დროს მატარებელი ბაქანთან შეჩერდა, რა დროსაც ცოტათი დავიბენი. მგზავრებიც მშვიდად წამოდგნენ და ნელ-ნელა დაიწყეს ჩამოსვლა. ქალმა მაშინვე შეატყო ჩემი დაბნეული მზერა.
-ცენტრალურ სადგურში ვართ.
-მოვედით?!
-ასე გამოდის. - მშვიდად გამიღიმა და ჩემს წინ წავიდა. მატარებლიდან ჩამოსვლისას კი მომიბრუნდა და კითხვა გამიმეორა. -რაზე ღელავთ?
-ჟურნალისტი ვარ.
-შემდეგ?!
-უფრო სწორად სტაჟიორი. მასალა მჭირდებოდა ადამიანებზე და ისტორიაზე რაზეც ჯერ არავის სმენია. რაიმე განსაკუთრებული, ხომ ხვდებით?!
-უკაცრავად, ხომ არ გეცნობათ?! -მოულოდნელად უცნობი მამაკაცი ჩემსა და ქალბატონს შორის ჩადგა და გაცრეცილ ფოტოს პირდაპირ თვალებთან მაჩეჩებდა.
-არა მეგობარო, თან ამ ფოტოზე გოგოს სახეც არ ჩანს კარგად.
-ჩემი საცოლეა, აქ უნდა შევხვედროდით.
-1935 წელი. -ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფოტო გამოვართვი.- თითქმის 10 წელზე მეტი ხნის ფოტოა.
-არა, რაღაც გეშლება. -უსიამოვნოდ გამომართვა ფოტო და სხვა მგზავრებისკენ გადაინაცვლა. -უკაცრავად ხომ არ გეცნობათ?!
-ეს ვინ იყო?
-ამ ცენტრალურ სადგურში პირველად ხარ? -ღიმილნარევად მკითხა ქალბატონმა.
-დიახ.
-მაშინ შემიძლია მოგილოცოთ, ახალგაზრდავ, რადგან ის რასაც თქვენ ეძებთ სწორედ ეს მამაკაცია. -ჩემოდნებს ხელი მოკიდა და თვალებით მასზედ მანიშნა.
-არ წახვიდეთ. -ამჯერად მე გადავუდექი წინ, თითქოს რაღაც იმედი გაჩნდა ჩემში. -რაზე მელაპარაკებით?
-რაზე არა ვისზე. ჰკითხეთ, რომელი წელია და ყველაფერი ნათელი გახდება თქვენთვის.
-აშკარაა, რომ შეშლილია.
-ის ყველაზე კარგი ადამიანია ვისზეც კი ცხოვრებაში მსმენია. ამაზე აქ ნებისმიერი გამვლელი დამეთანხმება. 1937 წელს ის გოგონას შეხვდა. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, თუმცა დაიწყო ომი, რომელიც ყველანაირ ემოციას კლავს ადამიანებში. ეს მამაკაცი სწორედ აქ ცენტრალურ სადგურში გამოემშვიდობა თავის საცოლეს და პირდაპირ ფრონტის ხაზზე წავიდა სხვებთან ერთად... და იცით გოგონამ რა გააკეთა?
-არა. -თავი უაზროდ გავიქნიე.
-უკან გაჰყვა მას, თუმცა სხვა ადამიანებთან ერთად და სხვა მანქანით. საბოლოოდ ის ომში დაიღუპა 1938 წელს, ეს კიდევ 1940 წელს მძიმე ტრამვებით ჩამოიყვანეს ფრონტის ხაზიდან. დიდი ხნის განმავლობაში, გონება გათიშული საწოლს იყო მიჯაჭვული. ხოლო 1946 წლიდან ის ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს მოდის აქ და თავის საცოლეს ელოდება ცენტრალურ სადგურში და იცით რატომ?
-...
-იმიტომ, რომ მას ის ისევ უყვარს. მან პირობა მისცა, რომ დაელოდებოდა და ასეც იქცევა.
-რეალობის აღქმა აქვს დაკარგული?
-სწორედაც. და, როდესაც ვამბობ, რომ ყველაზე კარგი ადამიანია ვისზეც კი ცხოვრებაში მსმენია, ესეიგი ასეა. ის არ არის შეშლილი. ის შეყვარებულია თავის გოგოზე.
-ნუთუ არავინ შეხვედრია ვინც სიმართლეს ეტყოდა მას?
-მას სიმართლეს არავინ ეტყვის, რადგან ხვალ აღარაფერი ემახსოვრება და დათქმულ დროს ისევ აქ მოვა.
-არც კი ვიცი რა ვთქვა.
-სათქმელი არაფერია. დაწერე მის შესახებ და სამყაროს გააგებინე, რომ ომი უძლურია ასეთი ადამიანების წინაშე. 

                                                                                                                            ***

  ასეც მოვიქეცი. სტატიის გამოქვეყნებიდან მოკლე დროში მოხდა ის რასაც არავინ ელოდა. ცნობისმოყვარე ადამიანების ტალღამ ერთბაშად გადაგვიარა. ყველას აინტერესებდა მამაკაცი, რომელიც აგერ უკვე წლებია ერთსა და იმავე დროს მიდის ცენტრალურ სადგურში და თავის საცოლეს ელოდება, რომელიც ათი წლის უკან გარდაიცვალა. ეს ამბავი არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის დავწერე ვისაც ომის შემდგომ ყველაფრის რწმენა ჰქონდათ დაკარგული. ამაყი ვიყავი იმით, რომ ეს სწორედ ჩემს ქვეყანაში მოხდა და რომ ის ჩვენი ნაწილი გახლდათ. მასთან ახლოს არავინ მიდიოდა და არც ზედმეტი კითხვებით აწუხებდა ვინმე. მთავარი გმირის რეალურად ნახვა სწყუროდა ყველას. შორიდან შეეთვალიერებდნენ, ხოლმე. ზოგიც აცრემლებული თვალებითაც ტოვებდა იქაურობას. ასეთი სიყვარული ხომ ყველას სურს. განა რა არის ამაზე აღმატებული სიმდიდრე, როდესაც იცი, რომ ვიღაცას სამარადჟამოდ ეყვარები?! შეიძლება ვიღაცა ცნობისმოყვარეობის გამო თუ შემოაბიჯებს ცენტრალურ სადგურში, ვიღაც უკვდავი გრძნობის ნათელი მაგალითის სანახავად, ვიღაც კი დაკარგული რწმენის დასაბრუნებლად, თუმცა ეს მხოლოდ მათ ცხოვრებას ცვლის. მისთვის კი ცენტრალური სადგურია მთელი სამყარო. მისთვის არც არაფერი შეიცვლება და ადამიანთა გამოსაფხიზლებლად კიდევ მრავალი წელი ივლის და დაუსრულებლად გკითხავთ: "ეს გოგონა ხომ არ გეცნობათ, ცოლობა უნდა ვთხოვო ზუსტად აქ, ამ ცენტრალურ სადგურში"


                                                                                                                -დასასრული-



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები