ჩამოვედი... და შენი მოლოდინიც შემოდგომის ნისლივით გაიფანტა, გაქრა და წარსულს შეერია. ცისფერი თვალებიდან სიმარტოვისა და სიხარულის ნაზავი ორი კურცხალი ცრემლი გადმოვარდა. ეზოში შემოსულს ბავშვობა შემომეგება სიზმარეთიდან დაბერებულმა და ჩონჩხადქცეულმა თუთის ხემ ღრმად ამოიოხრა... ჭიშკარმა ჭრიალით მომცა სალამი, ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი სიხარულისაგან უფრო გაწითლდა და ცეკვა დაიწყო, დაკოჟრილმა ხელებმა ბუხრის წინ დამდგარ პატარა მაგიდას ჩემთვის საგანგებოდ გადანახული სუფრა გადააფარა, მაგიდაზე თონეში გამომცხვარი შოთი, ქოთანში შეკაზმული ლობიო, შავი ღვინო, ჩურჩხელა და ლოყაწითელა ვაშლები გაჩნდა, თავდახრილი თვალები თითქოს ბოდიშს მიხდიდნენ: მეტი ვერაფერი დაგახვედრეთო. მარანში სიძველის სუნი იდგა, შენაოჭებულიყო აკიდო. დუმდა დიდი სახლი სადაც ორი მოხუცი ერთმანეთს სიცოცხლეს უხანგრძლივებდა ჩემი მოლოდინადქცეული თვალებით. ჩემი ბავშვობის ჟრიამული თითქოს უძირო ქვევრში ჩამალულიყო ისევ ისეთი იყო ღამე, ცა, ვარსკვლავები... მხოლოდ ჩემი ბავშვობის სახლი ავსებულიყო სიცარიელით და ორი მოხუცის თბილი გულით, სევდიანი თვალებით და დანაოჭებული წარსულით. გული მომეწურა მწიფე მტევანივით და ვინანე დაუბრუნებელი დღეები, მათ გარეშე გატარებული ზამთრის გრძელი და ცივი ღამეები. ხმა ვერ ამოვიღე და გულში დავიჩურჩულე: გპირდებით, ხშირად ვიქნები თქვენთან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩემი სევდიანი ნელიკო:* თვალწინ დამიდგა შენი ეზო...რა ცუდ დროს ვიყავი იქ:( ჩემი სევდიანი ნელიკო:* თვალწინ დამიდგა შენი ეზო...რა ცუდ დროს ვიყავი იქ:(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|