ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2018


სადა ხართ, არაგველებო!

(მიხა ხელაშვილის გახსენება)
ავდევ და ჩავდევ ტკივილთა
გულზე ჩაკვალულ  ბილიკებს,...
რას მერჩის  ბედის მისანი,
რას დამდევს,  რას  მაქილიკებს?
გულს დაბლა  მოჰყეფს არაგვი,
წყალი ცრემლბინდის ფერია,
გულს მაღლა ყუჩობს ახადი,
ღვთისშვილთა სამყოფელია.
მიტოვებული საზარე,
გამტკნარებული ჯვარ-ხატი,
ქაქუცას ჩამონაქროლი
ახადის ლურჯი აქატი.
ჯავრმა მყეფა და მილოღნა
გულად ნადები ტალია,
ვერცარა ყეფით დამაკლო,
ვერცარა ლოღნით დამლია!
პირქუშის გრდემლზე ნაჭედი,
დევების სისხლით  ნაწრთობი,
ბნელს მიჰკვეთს გორდა, ვით ღრუბლით
გამონაკვესი  მნათობი.
პიროფლიანთა საძვალე,
დუმილი გულისმწურავი!!!
ბევრი წევს ჯაჭვგაუხდელი,
ყელზე ეხვევა მცურავი.
სამასი მოზვრის კივილი 
ცათა გულის გულს მიაპობს,
მათი  ბიჭობის ნათელი 
უფლის გვირგვინში კიაფობს! 
ნახმლევ-ნასხეპი მხარ-მკლავი
სამასზე ბევრად ბევრია, 
ვერ  მივწვდი, ვერ დავაწურე
იმათ სისხლს ჩემი ცრემლია! 
სადა ხართ, არაგველებო?
ხმა გამაგონეთ, მადლია,
მეც ერთი თქვენთაგანი ვარ,
თქვენთან სიკვდილი მწადია! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები