ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2018


ჰეროინი


ჯალალაბადთან საინჟინრო ბატალიონის გვერდით იყო ჰოსპიტალი, სადაც მთელი ავღანეთიდან გზავნიდნენ ფსიქიკურად დაავადებულ და ნარკომან საბჭოთა ჯარისკაცებს. პირველნი ძირითადად თაღლითები იყვნენ, რომელთაც სიგიჟე ომიდან თავის დასაღწევად მოეგონებინათ, მეორენი კი _ ჰეროინზე შემჯდარი ბიჭები.
ყველაზე ცუდად ჰოსპიტალი დამამახსოვრდა. ისე გვეპყრობოდნენ, როგორც ტყვეებს და მგონი ჩვენც და გიჟებსაც ერთი და იგივე მეთოდით გვმკურნალობდნენ.
ჰოსპიტალი ერთსართულიან ფინური ტიპის ხის გრძელ შენობას წარმოადგენდა. ფანჯრები გარედან გისოსებში იყო ჩამჯდარი. შუაში ბნელი დერეფანი მიუყვებოდა, აქეთ-იქით კი პალატები და პერსონალის ოთახები ჩამწკრივებულიყო. მომსახურეთა კაბინეტებს რკინის თეთრად შეღებილი კარები ჰქონდათ, პალატებს კი _ შავი. ნარკომანები და ფსიქიკურად დაავადებულნი სხვადასხვა პალატებში ვიყავით,  მაგრამ ხის კედლებს ხმის იზოლაცია სუსტი ჰქონდა და არ გვაძინებდა გიჟების ფსიქოზური წივილ-კივილი და ზედამხედველთა გინება.
მე და ბორის ბელენკო მოვხვდით ერთად, შემდეგ კიდევ ორი შემოგვამატეს, რომელთა სახელებიც არ მახსოვს, რადგან არაფრით გამოირჩეოდნენ. ბორის ბელენკო კი იმით დამამახსოვრდა, რომ მედიტაციაზე ჰყვებოდა რაღაც-რაღაცეებს და ირწმუნებოდა, რომ შეეძლო ჰეროინის გარეშე კაიფის ტრანსში გადავარდნილიყო.
_ ეტყობა, ბედი გწყალობს, ჩემთან რომ ხარ, _ მითხრა მას შემდეგ, რაც ზედამხედველის ხელი კისრიდან მომშორდა და ჩემს უკან რკინის მძიმე კარი დაიკეტა, _ მე ჰეროინი ბლომად მაქვს, იმდენი, მთელ ავღანეთში რომ არ იქნება. თუ მე გამომყვები, მუდმივ კაიფში იქნები, _ თქვა და მოჰყვა, თუ როგორ მედიტირებდა, ლომკას იხსნიდა და კაიფობდა.
თავიდან ერთი-ორი დღე ავყევი. მასავით ფეხმორთხმით ვერ დავჯექი, გადასხმის აპარატზე ვიყავი შეერთებული, სხვა კი, რაც მითხრა, ყველაფერი გავაკეთე. გავირინდე, წარმოვიდგინე თუ როგორ გადააქვს ჰეროინი სისხლს მთელ ჩემს სხეულში, მაგრამ კაიფი ვერ დავიჭირე და მივხვდი, რომ ეს ტიპი მაგრად უბერავდა. ჩემ პალატაში არ უნდა ყოფილიყო, მისი ადგილი გიჟებთან იყო და მესამე დღეს, როცა გადასხმებს მოვრჩი და მისი სისულელეები საბოლოოდ
ამომივიდა ყელში, მსუბუქად ქეჩოში მოვცხე. ამის შემდეგ შემეშვა, მაგრამ ნერვებს მაინც მიშლიდა: იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდებოდა, უმეტყველო სახეს მიიღებდა, ოცი-ოცდაათი წუთი გაირინდებოდა, მერე სახეზე ღიმილი გადაეკვრებოდა, ადგებოდა, მაგარ კაიფში ვარო, იტყოდა, მერე საწოლზე გულაღმა დაწვებოდა და საათობით გაუნძრევლად ეგდო.
გვერდით პალატაში ვიღაც იწვა, საკუთარ თავს პიკასოს ეძახდა, იატაკზე შვრებოდა და განავლით კედლებზე ხატავდა. ჩვენთან გამოდიოდა სუნი და იმაზე ვბრაზობდი, ბელენკოს რომ ფეხებზე ეკიდა. იჯდა, მედიტირებდა და მეუბნებოდა, ჩვენს პალატაში ვარდის სურნელი დგასო. მაგ შეშლილმა ერთი კიდევ მაგის გამო მიიღო.
ნარკომანებს დღისით ეზოში გვიშვებდნენ და ათასგვარ საქმეს გვავალებდნენ, ეზოს დასუფთავებიდან დაწყებული სატვირთო მანქანების დაცლით დამთავრებული. ზედამხედველებს თითქოს ხელი ეფხანებოდათ, ერთი სული ჰქონდათ, რაიმე განაწესი დაგვერღვია და ზურგზე ჯოხი გადაეჭირათ. მათ შორის ერთი ყაბარდოელი იყო და კავკასიური სოლიდარობის გამო, რაც შეეძლო მმფარველობდა.
პიკასო მძღნერის სუნში გვახრჩობდა, მაგრამ არანაკლებ გვაწუხებდა ტიპი, რომელიც ირწმუნებოდა, მეორმოცე არმიის სარდლის გენერალ გრომოვის ადიუტანტი ვარო. ჩემიდან მეოთხე პალატაში იწვა, ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა. შუაღამისას თოფივით დასჭექდა ხოლმე:
_გენერალი გრომოვი მობრძანდება! სწორდით, სმენა!
ამ ტიპს მერე სიმულიანტობა დაუდგინეს, ზედამხედველებმა გვერდები კარგად დაუმუშავეს და მიახვედრეს, რომ გენერლის ადიუტანტი კი არა, მეტყვიამფრქვევე გრიშინი იყო.
ექიმმა ბალახინმა პიკასოსაც უშველა. აკვარელი და ფურცლები მისცა და ისიც დილიდან საღამომდე იჯდა და ხატავდა. მერე მისი ნახატები დერეფანში გამოფინეს და ყველას ძალიან მოეწონა. ექიმი ბალახინი კი ირწმუნებოდა, შედევრებიაო. მგონი, ისიც არანაკლებ უბერავდა.
ერთი თვე ვიწექი ჰოსპიტალში..

ავღანეთში ნარკოტიკი იყიდებოდა ყველგან, დუქნებში, მაღაზიებში, ქუჩებში და ხელზე მოვაჭრეებთან. საბჭოთა ჯარისკაცების წინააღმდეგ ორი ფრონტი იყო გახსნილი _ ტყვიებისა და ნარკოტიკების. პირველის წინააღმდეგ მე-40 არმია, ასე თუ ისე, ახერხებდა ბრძოლას, მეორე კი მისთვის უცნობი ფრონტი იყო, რომელსაც ყურადღება ძალიან გვიან, ავღანეთის ოკუპაციიდან სამი-ოთხი წლის შემდეგღა მიაქციეს. ამ დროისათვის ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ნარკოტიკებს მოიხმარდა და შოვნის გზისთვისაც კაი ხნის წინ მიეგნო.
იზრდებოდა მომხმარებელი და იზრდებოდა ჰეროინის ფასიც. ერთ კანისტრა დიზელის საწვავში ადრე თუ ათ გრამ ჰეროინს იძლეოდნენ, ახლა ერთი გრამიც შეიძლება ვერ გეყიდათ.
ხანდახან, ალბათ ვიღაც ხელოვნურად აკეთებდა, ბაზარზე ნარკოტიკი გაწყდებოდა და თუ იშოვიდი, ათმაგი ფასი უნდა გადაგეხადა. სად გვქონდა ჯარისკაცებს ფული! _ ხელფასი ცხრიდან თექვსმეტი მანეთი იყო სამხედრო წოდებათა მიხედვით, რომელსაც ჩეკებით იძლეოდნენ და ეს თანხა ნარკომანს ერთ კვირასაც არ კმაროდა..

_ გამასინჯე რა, მაინტერესებს, როგორი კაიფი აქვს, _ ვთხოვე ვაჟა მინდორაშვილს.
ფეხი ახლად მქონდა დადგმული ავღანეთის მიწაზე და ერთი-ორი დღე თუ იქნებოდა, რაც გავიცანი. უცნაური ბიჭი იყო. ვერ გაიგებდი, როდის ხუმრობდა და სიმართლეს როდის ამბობდა.
_ თხუთმეტი წლის ვიყავი, _ ახარხარდა ვაჟა, _მეზობელ სოფელს ვესტუმრე. გავერთე, ფეხბურთი ვითამაშეთ და საღამოს მოკლეებზე ფეხით შინ ვბრუნდებოდი. ბინდდებოდა. ლიახვის ჭალა გავიარე და ის იყო, ნასიმინდარ მინდორში დავდგი ფეხი, რომ უკნიდან ვიღაცამ დამიძახა. ქალის ხმა იყო, ჯადოსნურად უნაზესი. შემოვბრუნდი. მზეთუნახავი ვნახე, შიშველ ტანს ოქროსფერი თმა უფარავდა. რუს პირას ჩაცუცქულიყო, მთელი სხეულით ასხივებდა და ვაჟა, მოდი აქაო, მეძახდა. მსგავსი ხმა არასოდეს მსმენია და ასეთი სილამაზე არასოდეს მინახავს. მისი ხმა მთელ ტანში მივლიდა და მისი სილამაზე მაბრმავებდა. ჩვენთან სოფელში ამბად დადიოდა, მოკლე ჭალაზე ალი ბინადრობსო. ბიჭებს გვარიგებდნენ, რომ დაგიძახოს, თავს ნუ შეაბრუნებ და ახლო ნუ მიხვალო.
შემეშინდა, შემოვბრუნდი და გავიქეცი. მერე თითქმის ყოველ დღე ვსტუმრობდი იმ ადგილს. შემიყვარდა. ვარჯიში მოვიმიზეზე, ყოველ დილით, სანამ სკოლაში, წავიდოდი, კედებს ვიცვამდი და მოკლე ჭალისკენ გავრბოდი. მინდოდა, კიდევ მენახა... აი, ეგ არის ჰეროინი...
_ რა? _ აზრი ვერ გამოვიტანე.
_ ალი და ჰეროინი ერთია. ერთხელ დაინახავ და შეგიყვარდება, ერთხელ გასინჯავ და თავს ვერ დაანებებ. პაპაჩემის ძმა უშვილძიროდ გადაეგო. ბებიაჩემი იტყოდა, ეგ ცოლს როგორ მოიყვანდა, ალი ჰყავდა ნანახიო. ალის სილამაზეს რო დაინახავ, სხვა ქალი აღარ მოგეწონება, ჰეროინის სიამოვნებას რომ გამოსცდი, სხვა ყველა სიამოვნება გაუფასურდება.
ვაჟას მონაყოლმა ჰეროინის გასინჯვაზე უარი ვერ მათქმევინა, პირიქით, ინტერესი უფრო გამიღვივა და ის კი არა, ოქროსთმიანი ალის ნახვაც კი მომასურვა.
ვაჟა ერთადერთი ქართველი იყო, ვინც სამხედრო ნაწილში დამხვდა. მეც მასა და მის მეგობრებს მივეკედლე. ვიკრიბებოდით ოთხასმერვე ბეტეერში, რომლის მეტყვიამფრქვევე ვალოდია რამინსკი იყო, მძღოლი _ სერგეი გარბუნოვი. ჩვენს გარდა ბეტეერს სტუმრობდა ნიაზ მაქსატოვი, რომელიც იმით დამამახსოვრდა, რომ მუდამ დაჟინებით ამტკიცებდა, თურქმენული ჩარსი სჯობია ავღანურსო. ჰეროინის საშოვნად ხელს არ გაანძრევდა, მაგრამ მუდამ მზად იყო, მიეღო. გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. ბიჭებს ალბათ ამიტომ ჰყავდათ თავისთან.
ჰეროინზე შემჯდარი ჯარისკაცები სამეგობრო ჯგუფებად იყოფოდნენ და უცხოს გვერდით ძნელად გაიკარებდნენ.
ვაჟა იყო ჩვენი საძმოს მეთაური და საქმის თავის დამდგმელი. მან იცოდა ფული როგორ გვეშოვა, ჰეროინის საყიდლად კი მარტო მიდიოდა.
მენაღმეთა პოლკი იყო ჩვენი ნაწილი. როგორც კი ჩავედი, მანქანაზე მიმიჩინეს სამსახური.
`გაზ-66~-ზე ცუდი მანქანა ძნელია ნახოთ. მოუხერხებელი კაბინა აქვს. სადღაც უკან შეთხრილი სიჩქარის ბერკეტი და უვარგისი მუხრუჭები. პირველ ხანებში კვირაში ერთი-ორჯერ თუ დამავალებდნენ რამეს, დანარჩენ დროს სულ ნაწილში ვიყავი. მერე `კამაზზე~ გადამიყვანეს და მაშინ უფრო მეტად მივხვდი `გაზ-66~-ის ავან-ჩავანს.
ჩვენი პოლკი ზეგანზე იდგა. გარშემო სანგარი და მავთულხლართები ჰქონდა შემოვლებული. ექვს რიგად ჩამწკრივებულ ნახევრად მიწაში ჩაფლულ ორმოცკაციან კარვებში გვეძინა. თიხიანი დაგვალული ნიადაგი ჯავშანტრანსპორტიორთა მუხლუხების ქვეშ მტვრად იქცეოდა და გარშემო ცემენტივით ეყარა. სექტემბერში ქარი დაბერავდა, მტვერს ჰაერში აიტანდა და ხუთ ნაბიჯზე არაფერი ჩანდა. ფულს ავღანი ერქვა და ამ სეზონურ ქარსაც ავღანს ეძახდნენ. ყველაზე საცოდავები ამ დროს ტანკისტები იყვნენ. თაკარა მზეზე ჯავშანი ვარვარებდა. თავები მაღლა ამოეყოთ და  მათ ოფლიან სახეს მტვერი ეზილებოდა.
ნაწილს დასავლეთიდან ხუთ-ექვს კილომეტრზე მდინარე ჩაუდიოდა. მდინარის გაღმა სიმწვანეში ჩაფლული სოფელი იყო. მწვანეს მონატრებული ვიჯექი და დურბინდით საათობით ვზვერავდი. მერე გავიგე, რომ ვაჟას ჰეროინი იქიდან მოჰქონდა და სოფელს გულბაჰარი ერქვა.
ჰეროინს არ ვიკეთებდით, უბრალოდ ვეწეოდით. ამისთვის ცეცხლგამძლე ქაღალდია საჭირო, გრძელი მუნდშტუკი და მონეტა. მე ვნახე ბიჭები ყუნდუზიდან ნემსს რომ ირჭობდნენ, მაგრამ ისინი ოპიუმზე ისხდნენ. ჰო, მგონი არ მეშლება და, ოპიუმი ჰქვია. იქ ხანკას ვეძახდით_ხაშხაშის პირველადი პროდუქტია, ყავისფერი წებოვანი მასა. სამიოდეჯერ გავსინჯე და ჰეროინთან ვერაფრით მოვა. ემოციებს არ აღძრავს, უბრალოდ, კაცს ადებილებს. ჰეროინი კი ძალიან მაგარია. კაიფში რასაც ფიქრობ, ხედავ და რასაც ხედავ, განიცდი და ეს განცდა რეალურთან ძალიან მიახლოებულია. მაგრამ ეს _ პირველი ერთი-ორი თვე, მერე, უბრალოდ, გინდა და ეგ არის _ ეიფორიას აღარ აღძრავს, სისხლი, ხორცი, ტვინი და სახსრები მას მოითხოვს. სხვა ყველაფერი ძალიან უმნიშვნელო ხდება: არც ძალაუფლება გინდა, არც სიმდიდრე და არც ქალი, ცხრა სული რომ გქონდეს, ცხრავეს ეშმაკს მიჰყიდი, ოღონდ ჰეროინი მოგცეს.
მახსოვს, ვაჟამ საიდუმლოსავით მკითხა:
_  გოჩა, გახსოვს ალზე რომ მოგიყევი? იმ ალს ალბათ სახელი ჰქვია.
გამეცინა.
_ ალი, ალქაჯი...… სხვა რა უნდა ერქვას?
_ ადამიანებს ხომ ჰქვიათ სახელები? ალებსაც ერქმევათ!
_ ალბათ, _ თავი დავუქნიე.
_ მე მარიამი დავარქვი. როგორი სახელია?
_ მარიამი არა! მარიამი იესოს დედას ერქვა. ალისა დაარქვი_ალს ალისა მოუხდება.
_ ალისას ქართველებს არ ეძახიან.
_ თუ ის ალი ქართველია, მაშინ ლალი დაარქვი.
ვაჟა ჩაფიქრდა და მერე თავი გააქნია:
_ ლალი არა. ჩემს დას ჰქვია ლალი. სხვა სახელს მოვიგონებ. ელენეს დავარქმევ.
თავი დავუქნიე. დიდად არ მედარდებოდა, ალს რას დაარქმევდა და, საერთოდაც, ვაჟას იმ დროს გასტვენილი ჰქონდა, მაგრამ მე წამიყვანეს ჰოსპიტალში და არა ის. ეჭვიანი კაცი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი ვაჟამ მოაწყო. მას ჰქონდა ოფიცრებთან საქმე, ის იყო მათი ამფსონი. როცა ჰეროინს მოიტანდა, ჩექმის ყელში ხელს ჩაიყოფდა, ამოიღებდა, ნაწილს გვერდით გადადებდა, ესა უფროსებისააო, იტყოდა. მერე რამინსკიმ მითხრა, ის უფროსი აიაკჟეაო. მაიორი იყო ჩვენი ნაწილის პოლიტგანყოფილებას ხელმძღვანელობდა, გვარი არ მახსოვს, არც ის ვიცი, სადაური იყო, `ა კაკ ჟეს~ მაგივრად `აიაკჟეს~ ხმარობდა და მთელი პოლკი აიაკჟეს ეძახდა. სწორედ ამ კაცმა გადაწყვიტა ჩემი საქმე: მისი ბრძანებით ჩამავლეს ხელი და წამიყვანეს ჰოსპიტალში.
ჩვენი პოლკი მენაღმეების პოლკი იყო, დანაღმვა და განაღმვა გვევალებიდა.
დანაღმვა იოლია. ძალიან უდიერად უნდა მოიქცე, შეცდომა რომ მოგივიდეს. თავიდან ყველაფერი არც ისე რთული იყო, მერე კი, როცა დუშმანებმა პლასტიკური ნაღმების დადება დაიწყეს, ძალიან გაძნელდა. ნაღმსაძებნი ხელსაწყოები _ უბრალო ლითონის დეტექტორები, პლასტიკურ ნაღმებზე არ რეაგირებდნენ და ბევრი ჩვენი ჯარისკაცი წავიდა იმქვეყნად. ჩვენი ნაწილის მეთაურმა კი ხელები დაკარგა. მაგარი კაცი იყო. უცხო ნაღმი აღმოაჩინეს ბიჭებმა და ვერავინ გაბედა კაფსულა ამოეხრახნა. მოვიდა პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი კულჩი და თავის თავზე აიღო. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ და ვიხსენებ, ვხვდები, რომ მანიაკი იყო. ნაღმების მანია სჭირდა. ხომ შეეძლო გადაეგდო, ესროლა და აეფეთქებინა, მაგრამ არა, უცნობი ნაღმის განაღმვა მოინდომა. მანია მანიაა, გინდ ნარკოტიკის იყოს, გინდ ნაღმის და გინდაც ქალის. ბოლოს იმას უნდა შეეწირო.
სიმართლე უნდა ითქვას, ჰოსპიტალში ლომკა მომიხსნეს, მაგრამ უკან დაბრუნებულს ჰეროინზე უარი არ მითქვამს. მის ავკარგიანობაზე საერთოდ არც მიფიქრია, სანამ ერთი ამბავი თავს არ გადამხდა.
ნაღმების მოსატანად ქაბულში გაგვგზავნეს, არმიის საწყობებში. სამი მანქანით ვიყავით და პრაპორშიკი პრაკაპჩუკი იყო ჩვენი მეთაური. აეროპორტის მხრიდან შევედით და მთელი ქაბული გავიარეთ. ერთი წლის ნამსახური ვიყავი და ამ ხნის განმავლობაში პირველად მოვკარი თვალი ქალის სახეს. ავღანეთში მანმადე უჩადრო ქალი არ მენახა. თვალი გავაყოლე, მოვღრიცე კისერი და კინაღამ მანქანაც დავამტვრიე.
მწვანით დაფარულ დატერასებულ გორაკზე იყო არმიის შტაბის შენობა. შორიდან შევავლე თვალი. რაღაცით შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს წააგავდა.  როგორც მახსოვს, ზოგი თაჯ-ბეკად მოიხსენიებდა ამ შენობას და ზოგი ამინის სასახლეს ეძახდა. აქედან მართავდნენ ქვეყანას ძველი მმართველები. ახლა კი, ალბათ ძალაუფლების საჩვენებლად, ჩვენებს აქ არმიის შტაბი მოეწყოთ. ამ გორაკის ახლოს იყო საწყობი, საიდანაც ნაღმები უნდა წაგვეღო. მეთაური ოფიცრებისთვის განკუთვნილ მოსასვენებელ ადგილას წავიდა და ჩვენ საწყობის ტერიტორიაზე მანქანებში დავრჩით. როგორც კი შებინდდა, ჩემი მანქანის კაბინაში შევიკრიბეთ, საქარე მინას ზეწარი ავაკარით, კარებებზე ჯავშანჟილეტები გადავკიდეთ, გარე თვალისაგან მოვიზღუდეთ, სამალავიდან ინსტრუმენტები გამოვიღე და ჰეროინის წევას შევუდექით. ერთი-ორი საათის შემდეგ ბიჭები თავ-თავის მანქანებში წავიდნენ. წამოვწექი და, ის იყო ჰეროინის სამყაროში ჩავიძირე, რომ ვიღაცამ დააკაკუნა. სინათლე ავანთე და კარი გავხსენი თუ არა, კაბინაში უცხო რიგითი შემოძვრა. უცნაურად ქშინავდა, სახეზე მტვრისფერი ედო და წყლიანი მოჭუტული თვალებით მიმზერდა.
_ რა გინდა? _ ვკითხე უხეშად.
_ ერთი ჩამასუნთქე, მეგობარო.
გასაგები იყო. ჰეროინს მთხოვდა, გავუმასპინძლდებოდი კიდეც, მაგრამ უცხო იყო. მოგზავნილი არ იყოსო, ვიფიქრე და თავი ბაიყუშად მოვაჩვენე.
_ რა ჩასუნთქვა? რას მთხოვ, ვერ გავიგე!
_ მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა, ვკვდები, მეგობარო... ერთი ჩასუნთქვა... მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა... _ სავარძელზე მოკუნტული იჯდა და ამ სიტყვებს მონოტონურად იმეორებდა. შემდეგ სიჩქარის ბერკეტთან დადებული ჩვარი აიღო, კაბინის გაწმენდა დაიწყო და როცა ტორპედოს მორჩა, ჩემს ჩექმებზე გადმოვიდა. მარცხენა ხელით ჩემი ფეხი ეჭირა, მარჯვენით ჩექმას მიპრიალებდა და ერთთავად იმეორებდა:
_ მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა...  ერთი ჩასუნთქვა...
მისმა უთავმოყვარეობამ ისე შემზარა, თითქოს გველი დამენახოს. საყელოში ხელი ჩავავლე, კარი გავაღე და ძირს მოვისროლე. ბეჭებზე დაეცა, მიწას მტვერი ავარდა, ხომ არ მოკვდაო, გავიფიქრე და კაბინიდან ჩასვლას ვაპირებდი, რომ მუხლებზე წამოდგა, ხელი საფეხურს ჩამოსდო, ქვეშიდან შემომხედა და კვლავ გააგრძელა:
_ მომეცი ერთი ჩასუნთქვა, მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა...
_ შენი დედაც... შევაგინე და გრამიანი პაკეტი გადავუგდე. მაშინვე კატასავით დააცხრა. აიღო, ორივე ხელით ჩაბღუჯა, მკერდზე მიიკრა და მოკუნტული ბინდში გაუჩინარდა.
ეს ამბავი დღესაც კადრებად მიდგას თვალწინ, მაშინ ჩემზე ძალიან იმოქმედა და საკუთარ თავზე ჩამაფიქრა. ალბათ მეც ასეთი გავხდები, _ ამ ფიქრმა ელდასავით დამიარა და მთელ სხეულში შიში შემიჩნდა.
თრიაქს პუშტუს ენაზე ჩარსი ჰქვია და ჩვენც ჩარსს ვეძახდით. ქაბულიდან რომ დავბრუნდი, ჩარსზე შევჯექი და პირველ ხანებში ჰეროინს იშვიათად ვეწეოდი, მაგრამ  ჩარსი ჰეროინის ლომკას ვერ ხსნის.
ჰეროინი რომ გამოგველეოდა, ბიჭები გამალებულები იწყებდნენ ფულის შოვნას. ახალწვეულებს ხელფასებს ცინცლავდნენ ან რაღაცას იპარავდნენ და ჰყიდდნენ. ავღანელებში ყველაზე მეტად ფქვილი, შაქარი, საწვავი და ტყვია-წამალი ფასობდა. საბჭოთა ჯარისკაცებთან ათი-თორმეტი წლის ბავშვები ვაჭრობდნენ, რომლებსაც თითქმის არავინ აკონტროლებდა და მათაც ჯიბეებში ნარკოტიკები ელაგათ და სამხედრო ნაწილების გარშემო დაწანწალებდნენ. ამ ბავშვებს ბაჩებს ვეძახდით და ჩვენს გარდა ყველა მაგათგან იღებდა ჰეროინს. მართალია ორმაგს აფასებდნენ, მაგრამ უსაფრთხო იყო. ვაჟას გულბაჰარიდან ნახევარ ფასად მოჰქონდა და ერთხელაც არ შემიმჩნევია, წასვლა დაზარებოდეს.
_ იქ მაგარი ძმები მყავს, რაღაც რომ იყოს, თავდებშიც დამიდგებიან და ჰეროინს ნისიადაც წამოვიღებ, _ იტყოდა ხოლმე.
_ რომელი ძმები? კაი ერთი, ვაჟა რა... ყველა ავღანელი დუშმანია, _ ვუთხარი ერთხელ და ეწყინა.
არ ვიცი, რამდენად სიმართლე იყო, რასაც ვაჟა ჰყვებოდა, მაგრამ ბიჭებს მისი განუსჯელად სჯეროდათ.
დაახლოებით ამ ერთი წლის წინ ბაჩებმა ჰეროინი რომ აღარ მოიტანეს, ვაჟამ თურმე გულბაჰარში წასვლა გადაწყვიტა. ადრე ამ სოფლის ჩხრეკის ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა და იცოდა, რომ იქ ბაზარი და ჩაიხანა იყო. აკრძალული გვქონდა მდინარეზე ჩასვლა და შემოგარენს გუშაგები სარემონტო ბატალიონის კოშკურებიდან ზვერავდნენ. ვაჟა ღამით წავიდა. იქ მისვლა ამ დროს მაინცდამაინც სახიფათო არ იყო. გუშაგებს არც ღამის ხედვის ხელსაწყოები ჰქონდათ და არც პროჟექტორები. ხიფათს სოფელში თუ გადაეყრებოდი. ვერ გაიგებდი, ესა თუ ის დასახლება როდის ვის მხარეზე იყო.  ვაჟას მოსწონდა ამ ამბის თხრობა და განსაკუთრებული ხალისით ყვებოდა:
_ ამოვიდა მთვარე დასავლეთიდან და პირდაპირ ყიშლაყებს მიანათა, სანამ უკუნი იყო და ალალბედზე მივდიოდი, შიში არ მიგვრძვნია. მთვარემ შემაკრთო_ ჩემნაირებს მთვარე არ უყვართ. მომეჩვენა, რომ ფანჯრებიდან თოფებს მიმიზნებდნენ და დავწექი. სოფელს ვხედავდი, მაგრამ გზა საიდან შედიოდა, არ მახსოვდა. რამდენიმე ხანს ვიყავი ასე ჩაწოლილი და ფეხის ხმა შემომესმა. ვიღაც ორმა ტიპმა ათ ნაბიჯში გვერდით ჩამიარა და ყიშლაღისკენ წავიდა, იარაღი არ ჰქონდათ. წამოვდექი და შორიახლოს ავედევნე. შევიდნენ სოფელში და შევყევი. უცებ ძახილი მომესმა. წინ მიმავლები გაჩერდნენ და მხრიდან ბარგი მოიხსნეს. მარჯვნივ ვიწრო ქუჩაში შევუხვიე. კედელ-კედელ მივდიოდი. გავედი ერთ მოედანზე, რომელსაც ორი მხრიდან ფართო გზა უერთდებოდა. ორმოცდაათ ნაბიჯში დაბალი ერთსართულიანი სახლის ფანჯრებიდან სინათლე გამოდიოდა და მის წინ  რამდენიმე სატვირთო მანქანა იდგა. ჩაიხანა ვიცანი. კართან სამი კაცი ხმამაღლა ლაპარაკობდა. იარაღი არ ჰქონდათ და როცა შევიდნენ, მეც შევყევი. დაბალჭერიანი ხის სვეტებიანი დარბაზი იყო. იდგა ჩაისა და ჩარსის მძაფრი სუნი. კართან გავჩერდი და დარბაზს წამიერად თვალი შევავლე. ტიპიურ დაბალ ტახტებზე სტუმრები წამოწოლილიყვნენ და იღლიის ქვეშ მუთაქები ამოედოთ. ჩემს დანახვაზე ყველა წამოიწია. მარჯვნივ კედელზე მიყუდებულ იარაღს მოვკარი თვალი. სამი `აკმ~ და ერთიც უცნობი კარაბინი იყო. ავტომატის ლულა დაბლა მათ დონეზე დავუშვი და შევბრუნდი. დაიბნენ, სახე აელეწათ და ხან ჩემი ავტომატის ლულას უყურებდნენ და ხან თავისი იარაღისკენ გაურბოდათ თვალი. სამი ვარიანტი მქონდა: პირველი_ ჩაიხანიდან უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ჰეროინის გარეშე დავრჩებოდი, ისინი კი ალბათ დამედევნებოდნენ და ჩემზე ნადირობას დაიწყებდნენ; მეორე: უნდა დამეხოცა და ჩაიხანა დამეყაჩაღებინა და მესამე _ მათ მოპირდაპირე ტახტზე დავმჯდარიყავი, მუდმივად მიზანში მყოლოდა, ჩაი დამელია, ჰეროინი მეყიდა და წამოვსულიყავი.
_ თქვენ რომელს აირჩევდით, ბიჭებო? პირველს, მეორეს თუ მესამეს?.. მე მეოთხე ვარჩიე: _ სალამ-ალეიქუმ, _ მივესალმე და მათკენ წავედი. _ ალეიქუმ ასალამ, _ წაიბუტბუტეს პასუხად, მიიწ-მოიწიეს და მეც ჩემი `აკ-74~ კედელზე მათი ავტომატების გვერდით მივაყუდე და ტახტზე დავჯექი. ყველაზე ახლოს იარაღთან მე ვიჯექი და მაინცდამაინც არ მეშინოდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, უეჭველად დავასწრებდი. მოირბინა ბაჩამ და ათი პაკეტი ჰეროინი შევუკვეთე. ერთ-ორ წუთში ჩაი მომიტანა და მიმახვედრა, რომ ჰეროინი აქ არ ჰქონდა, გარედან უნდა მოეტანა და დრო დასჭირდებოდა. რაღაცას ხომ არ მიწყობენ-მეთქი, ცოტა არ იყოს შევკრთი და ერთი პირობა ვიფიქრე, იარაღი ამეღო და ყველა დამეხოცა. ამ დროს გამხდარმა, მაღალმა კაცმა წამოიწია და ჩილიმი მომაწოდა. გამეღიმა, მადლობა გადავუხადე და რამდენიმე ნაფასი დავარტყი. ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი. ცოტა ავღანური კი ვიცი, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. ამან ამანერვიულა და ყუმბარის რგოლს გავუყარე თითი. კიდევ კარგი, დიდხანს არ ვმჯდარვარ, ჩაი ნახევრამდე არ მექნებოდა დალეული, რომ ბაჩა მოვიდა და ჰეროინი მომიტანა. მკერდის ჯიბიდან ავტომატის მჭიდი ამოვიღე და პაკეტები ჩავიყარე.
შესვლა იოლია, გამოსვლაა ასეთ დროს ძნელი. ორი ვარიანტი მქონდა: პირველი _ ამეღო ავტომატი, ჩემი მასპინძლები მიზანში ამომეღო და უკუსვლით კარამდე მივსულიყავი. მეორე _ დუშმანები დამეხოცა და გავქცეულიყავი. _ თქვენ რომელ ვარიანტს აირჩევდით, ბიჭებო? მე მესამე ვარჩიე: ავტომატი მხარზე გადავიკიდე. ხოდა ჰაფეზიო, დავემშვიდობე და კარისკენ დინჯად წავედი. გადავდგი ორი ნაბიჯი და კეფა ამეფხანა, გადავდგი მესამე და კეფა ამეწვა. ათი-თორმეტი ნაბიჯი იყო კარამდე და სტადიონივით გაიწელა. როგორც იყო მივაღწიე და შემოვბრუნდი. ის მაღალი ფეხზე იდგა და კარაბინს მიმიზნებდა. ფეხები გამიშეშდა, გულიდან სისხლი დამეწრიტა და მარტო ლულას ვხედავდი. გავიდა წამი, ორი, სამი, ოთხი და არ მესვრის. მხარი შევათამაშე და ავტომატი ძირს დავაგდე. იატაკზე ფეხმორთხმით ჩავჯქი და ჯიბიდან ჰეროინი და მოსაწევი ინსტრუმენტები ამოვიღე. ტუჩებსა და კბილებს შორის მონეტა ჩავიდე, პირში მუნდშტუკი გავიჩარე, ფოლგაზე ჰეროინი დავყარე და ქვეშიდან ასანთი შევუნთე. გადნა ჰეროინი დაიწყო ფოლგაზე სრიალი და აუშვა რუხი კვამლი. დავდევ ბოლს მუნდშტუკით და წინ არ ვიხედები, მესმის ახლოს ფეხის ხმა და თავს არ ვეწევი. ვიღაც მხარზე შემეხო და მაშინღა ავიხედე. მაღალი იყო. შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, ახარხარდა, გვერდით ჩამომიჯდა და მანიშნა, ნაფასი დამარტყმევინეო. რას ვიზამდი? დავაბოლე. ეწეოდა და გადაბჟირებამდე იცინოდა. მერე ხელი ხელზე მომკიდა, წამომაყენა, ავტომატი მხარზე გადამკიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა, დელავარ დაშის მეძახიანო. შემდეგ ჩაიხანის კაცს დაუძახა და უთხრა, ეს მაგარი კაცი ჩემი ძმააო,  როცა უნდა მაშინ მოვა და უკმაყოფილოს თუ გაუშვებ, დედას გიტირებ, აგაფეთქებო.
მაგარი ძმაა დელავარ დაში, ძალიან მაგარი ძმა, _  ამ სიტყვებით ამთავრებდა ამბავს.
შეიძლება კაცს მის მონაყოლში ეჭვი შეპარვოდა, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ თვეში ორ ღამეს მაინც გულბაჰარში ათევდა. 
ერთ დღეს მაღალი ჩინის უცხო ოფიცრები გამოჩნდნენ დივიზიაში და ხმა დაირხა, მოსკოვის კომისია ჩამოვიდაო. მათგან ორი ჩვენს ნაწილზე მოამაგრეს.
ტიპიური სალდაფონები იყვნენ. საბჭოთა ბრძმედში გამოწრთობილებს ავღანეთისა არაფერი გაეგებოდათ. ჩვენი მეთაურობა მაგარი დამფრთხალი და შეშინებული იყო.
ადრე დილაობით მოწყობაზე არ გავყავდით. უბრალოდ, შტაბი ბატალიონისა და როტის მეთაურებს გადასცემდა ბრძანებას, ისინი კი თავის ხელქვეითებს და ასეთი ჯაჭვი იყო და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ამ მოსკოველი რევიზორების გამოჩენისთანავე მთელი პოლკი მოწყობაზე დაგვაყენეს. მახსოვს მწყობრით მიგვიყვანეს ადგილამდე. მაღლა აწეულ ფეხს მიწაზე ვურტყამდით და იდგა მტვრის ბუღი. მოწყობა ერთ საათს გაგრძელდა და ხუთმა ჯარისკაცმა მიიღო მზის დარტყმა. ჯერ აკაევმა დაკარგა გონება და შემდეგ მიჰყვნენ სხვები. მართალია ამ კომისიამ ჩვენი მწყობრში ტარება-მოწყობა გადაიფიქრა, მაგრამ სანამ ჩვენთან იყვნენ, რაღაც მაინც შეიცვალა: დაცული ზონის შემოგარენიდან ბაჩები გაქრნენ და მთელ დივიზიაში ნარკოტიკული შიმშილი დაიწყო. სამხედრო ოპერაციების დროს თუ იშოვიდა კაცი რამეს. ჩვენსა და გულბაჰარს შორის მდინარის პირას სარანდოების საგუშაგოები დააყენეს. სარანდოებს ავღანელ ჯარისკაცებს ეძახდნენ და, ჩემი აზრით, დიდად არ განსხვავდებოდნენ დუშმანებისგან. მართალია ჩვენ მხარეს იბრძოდნენ, მაგრამ ბოროტად გვიყურებდნენ და ეტყობოდათ, რომ ერთი სული ჰქონდათ, როდის გვესროდნენ ზურგში ტყვიას.
_ მაგათი დედა... _ იგინებოდა ვაჟა, _ მაგათ ჰგონიათ სარანდოები შემაშინებენ. დედას ვუტირებ, დავწვავ მაგათ საგუშაგოებს და გულბაჰარში მაინც მივალ. ერთი ორი დღე თუ იყო ამ ამბიდან გასული, რომ ვაჟამ ხმა დააგდო ჰეროინის მოსატანად მივდივარო და ადრე რომ არ გვეკარებოდნენ, ისეთმა ბიჭებმა დაიწყეს ჩვენთან სიარული. მოწიწებით ლაპარაკობდნენ და ფულს ტოვებდნენ.
ვაჟამ საღამოს გვერდზე გამიხმო და მითხრა, ამაღამ მივდივარო.
ჩემი მანქანის კაბინაში დავსხედით. ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და გაშალა.
_ აი სარანდოების საგუშაგოები, ბექობის მხრიდან გავძვრები ვერ დამინახავენ, თანაც ხომ იცი, ეგენი ბატებივით არიან, სულ ფეხზე ჰკიდიათ...
ქაღალდს დავხედე _ შემოგარენის გეგმა იყო. პროფესიონალის ხელი ეტყობოდა. ვიღაცას რუკაზე ჩვენსა და გულბაჰარს შორის ყველა საგუშაგო და მდინარეზე ჩასასვლელი ყველა ბილიკი მოენიშნა. ამას ვაჟა ვერ შეძლებდა, _ ალბათ ვიღაც ოფიცერთაგანი ეხმარება, _ გავიფიქრე და ვუთხარი:
_ იქნებ არ ღირს, ვაჟა.
ერთხანს ხმას არ იღებდა. გარინდული იჯდა, ეტყობა ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა, მერე ღრმად ამოისუნთქა, გადაიხარხარა და დაიწყო:
მე იცი ვინა ვარ? კაცი ვარ რომელსაც ჰეროინი მოაქვს, ვერ მოვიტან და აღარაფერი აღარ ვიქნები. ჰო, მოგიყევი ჰეროინის ასაღებად გულბაჰარში პირველად როგორ წავედი.
_ ჰო.
_ ეგ ამბავი სხვაგვარად იყო: მაშინ გულბაჰარში არ წავსულვარ. უბრალოდ, მდინარეზე ჩავედი, ბაჩების გამოჩენას ველოდებოდი და წყლის პირას ელენე დავინახე. ნაპირზე იჯდა..
_ ვინ დაინახე? _ თხრობა გავაწყვეტინე.
ისევ გაიცინა:
_ მე ხომ ალს ელენე დავარქვი.
_ ჰო, მახსოვს.
_სასწაულად ლამაზი იყო. ასხივებდა. ადგა, ხელი დამიქნია და დამიძახა:
_ მოდი, ვაჟა!
მისკენ წავედი და რომ მივუახლოვდი, ზურგი მაქცია და მდინარეში შეცურა. გაღმა გავიდა. წყლის წვეთები მისი ოქროსფერი თმებიდან მარგალიტებივით ცვიოდა. ენით ვერ იტყვი, საოცარი რამ იყო. შემობრუნდა ორივე ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და დამიძახა:
_ მოდი, ვაჟა!
მის გარდა ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს ვგრძნობდი. მოვინუსხე და წყალში შევედი. ნაპირზე რომ გავედი, გაიქცა და მეც გავყევი. დაახლოებით ათი ნაბიჯით მისწრებდა. ფეხს ავუჩქარებდი, ისიც აჩქარდებოდა. გავიქცეოდი, ისიც გარბოდა. სოფელში შევიდა და შევყევი. არც სიფრთხილე, არც შიში, არც სიცხე, არც ტკივილი _ მის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი და ვერაფერს  ვხედავდი..
შუა სოფელში მოედანზე ჭის მოაჯირზე შეხტა, შემობრუნდა, ორივე ხელი გაშალა. თმები მკერდიდან გადაეწია და ბროლივით ძუძუები გამოუჩნდა. მოდი ვაჟაო, დამიძახა. ის იყო ხელები უნდა მომეხვია, რომ ტანი შეუქანდა და ჭაში გადაეშვა. ჩავიხედე, მისი თმები წყლის ზედაპირზე ეყარა და ოქროსავით ასხივებდა. მისი სახის შუქი მთელ ჭას ანათებდა. _ მიშველე, ვაჟა! _ მეძახდა. არც დავფიქრებულვარ. წინ გადავიწიე, ტანი გადავიქნიე და ის იყო ჭაში უნდა გადავშვებულიყავი, რომ ფეხებზე ვიღაცამ ხელი წამავლო და მოაჯირიდან გადმომაგდო. ასე გავიცანი დელავარ დაში, ჩემი ძმა და კარგი მეგობარი, _ დაამთავრა თხრობა, შემომხედა, ახარხარდა და მკითხა:
_ შენ რას ფიქრობ, რომელი ამბავია სიმართლე? პირველი თუ ეს?
_ ალბათ, პირველი, მე ალების არ მჯერა.
სიცილს უმატა.
_ არა, არა, სიმართლე მესამეა.
ლამის გადაბჟირდა. ბოლოს, როგორც იქნა, თავი მოთოკა, დასერიოზულდა და თქვა:
_ ამ სარანდოებს გავუსხლტე და მერე ვერაფერი დამიჭერს. ჰეროინს მოვიტან. მესამე ამბავს კი რომ დავბრუნდები, მერე მოგიყვები.
_ აჰა, შენ, იქნებ დაგჭირდეს, _ ვუთხარი და ავტომატის მჭიდით სავსე ჩანთა მივეცი.
სანამ წავიდოდა, ვაჟა კიდევ ერთხელ ვნახე:
ზაფხულობით კარავში საშინლად ცხელოდა და ნებას გვრთავდნენ ავტოპარკში დაგვეძინა.
შუაღამეს გადაცილებული იქნებოდა, ვაჟამ კაბინის კარი რომ შემომიხსნა და გამაღვიძა. მერე მკერდში ჩამიკრა, გამომემშვიდობა და წავიდა. ძილი აღარ მომკარებია. ავტოპარკის ბოლოში ბენზინის დიდი ცისტერნა იდგა. იმ იმედით, რომ ვაჟას დავინახავდი, ზედ ავედი, დურბინდი ავიყოლე და გულბაჰარის მიმართულებით დავიწყე ცქერა. არაფერი ჩანდა, უკუნი იყო და მხოლოდ შორს სარანდოების საგუშაგოებიდან ბჟუტავდა მიმქრალი სინათლე. ჩამოვედი და კაბინაში დავჯექი. აფორიაქებული ვიყავი და გული ცუდს მიგრძნობდა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მდინარის მხარეს სატრასირებელმა ტყვიებმა დაიწყეს ფრენა და ცისტერნაზე ავძვერი. ჩემამდე მოაღწია მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის კაკანის ყრუ ხმამ და მდინარის ჭალა აფეთქებებმა გაანათა.
მეორე დღეს ვაჟა არ გამოჩენილა. მესამე დღეს შევიკრიბეთ ბიჭები ოთხას მერვე ბეტეერში. ძალიან დათრგუნულები ვიყავით. მე პირადად დამნაშავის შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს ვაჟას წასვლა და დავიწყეთ მსჯელობა, მეთაურებისთვის გაგვემხილა თუ არა. რამინსკი ირწმუნებოდა, რომ სჯობდა გვეთქვა. მაქსატოვი გვირჩევდა, ხვალამდე მოგვეცადა, რადგან თუ ვაჟა დაბრუნდებოდა, შარი იქნებოდა. ამ ფიქრსა და თათბირში ვიყავით და არ ვიცოდით, რომ მეთაურებს ყველაფერი უკვე გაეგოთ. საღამოს ოფიცერი მოვიდა განსაკუთრებული განყოფილებიდან, ჩვენ რომ `ასობისტებს~ ვეძახდით. მან ყველა დაკითხა, ვისთანაც ვაჟას ურთიერთობა ჰქონია. მალე ჩემი ჯერიც დადგა. ერთი უემოციო ტიპი იყო. კარავში შევედი თუ არა, დაჯექიო, კეთილგანწყობილად შემომთავაზა სკამი. ზუსტად არ მახსოვს რაზე, განყენებულ თემაზე მკითხა რაღაც-რაღაცეები და მერეღა გადავიდა ძირითადზე:
_ მე ვიცი, რომ შენ კარგი მშობლები გყავს. პატიოსანი ხალხია. შენი უფროსი და ნინა პედიატრია. ვიცი, რომ ნარკომანიის გამო ფსიქიატრიულში იწექი. გამიგია, რომ იქ ადამიანებს ადებილებენ. კიდევ ის ვიცი, რომ ვაჟა მინდორაშვილი შენი მეგობარია. ისიც ვიცი, რომ გუშინწინ ჰეროინის ასაღებად გულბაჰარში წავიდა. ვიცი რამდენიმე ბიჭი, ვინც მას ფული გაატანა: გარბუნოვი, რამინსკი, პეტრიაევი და ციბულია. შენ თუ კიდევ თუნდაც ერთს გაიხსენებ, გადარჩენილი ხარ, თუ არადა, ჩათვალე, რომ დაღუპულია შენი ახალგაზრდობა. კარგად დაფიქრდი! _ თქვა და ქაღალდს დაუწყო ყურება.
არაფერი მითქვამს, უხმოდ ვიჯექი და ასე გაგძელდა კაი ხანს. ბოლოს, როგორც იქნა, თავი მაღლა აწია და ხელით მანიშნა, გადიო.
კარი გამოვხსენი და სანამ გავიდოდი, შემოვბრუნდი და ვკითხე:
_ ვაჟა ცოცხალია?
_ ჯერ გვამი არ უპოვიათ, _ მითხრა უემოციო სახით და ხელი ამიქნია.
`ასობისტის~ კაბინეტიდან რომ გამოვედი, დარწმუნებული ვიყავი, მტრად გადამეკიდებოდა და თავში ყველა მოსალოდნელმა საფრთხემ გამიარა. ჰოსპიტალი ან ჰაუპტვახტი _ სხვა რა უნდა მიყოს? ვფიქრობდი და ჰოსპიტლის გახსენებაზე ტანში მაჟრჟოლებდა. არც ჰაუპტვახტი იყო უკეთესი. საბჭოთა არმიის სტანდარტებზე აშენებული ბეტონის შენობა ბეტონის სახურავით სამხრეთის მზის მცხუნვარებას მთელი დღის განმავლობაში ისრუტავდა და მერე ღამით საკნებში ღვრიდა. საერთო საკანი ოცკაციანი იყო და ხშირად ორჯერ და სამჯერ მეტის დატევაც უხდებოდა. ნაწილი ნარზე იწვა, ხოლო მეორე ნაწილი ნარქვეშ იატაკზე და ჩვენს შორის ცილობა ნარზე კი არა იატაკზე ადგილის დამკვიდრებაზე იყო. ნარქვეშ ვიწექით შიშვლები სახით ბეტონის იატაკისკენ, სადაც ნართან შედარებით, ასე თუ ისე, მაინც გრილოდა. ჰაუპტვახტს იცავდა კომენდანტის როტა და მიკვირდა, საიდან მოკრიფეს, სად იპოვეს ეს დაუნდობელი, ერთ თონეში გამომცხვარი, უცხვირპირო ბიჭები.
დილით სისხამზე გვაყენებდნენ და გინებით ჰაუპტვახტის ეზოში ნახირივით გვერეკებოდნენ. ხუთწუთიანი მოწყობის შემდეგ იწყებოდა ჩვენი `სპორტული აღზრდა~. თავში კომენდანტელი სერჟანტი ჩაგვიდგებოდა და სანამ რვას ათი არ დააკლდებოდა ჰაუპტვახტის ეზოში წრეზე გვარბენინებდა. ვინც ჩამორჩებოდა სერჟანტი გენა რეზინის კეტს ურტყამდა ელვისებურად ჯერ ერთი ფეხის კოჭში და სანამ ტკივილს იგრძნობდი, მეორეში. კაცი მოწყვეტით ვარდებოდა ძირს და ტკივილისაგან იკრუნჩხებოდა. ნაცემს რამდენიმე საათი ფეხზე დგომა არ შეეძლო, ოთხი კომენდატელი ხელს ჩაავლებდა და საკანში შეჰყავდათ. სერჟანტი გენა დიდი ხელოვანი იყო ამ საქმისა და თავისი ოსტატობით დიდად ამაყობდა. თავაწეული, გაბრექილი ხელში კეტს ატრიალებდა და სახეზე ეწერა, რომ ამაყობდა საკუთარი სიმარჯვით. მის კეტს მხოლოდ სამი გადაურჩებოდა _ ის სამი იღბლიანი, რომელიც ბოლომდე ირბენდა.
რვას რომ ათი დააკლდებოდა ზედამხედველთა უფროსი ხმამაღლა დაიძახებდა:
_ სდექ! ათი წუთი ტუალეტი!
ჭედვა იდგა ტუალეტთან, რომელშიც მხოლოდ სამი ნახვრეტი იყო და ათ წუთში ყველას უნდა მოესწრო.
_ სამი წუთი საუზმე! _ დაიძახებდა ზედამხედველი და ახლა სასადილო ოთახის კართან იდგა ზედახორა. ცხელი ჩაით სავსე ალუმინის ფინჯანი ტუჩებს გვწვავდა და სულ რამდენიმე ყლუპს თუ ვსვამდით. გაყინული კარაქის პურზე წასმას ვერ ვასწრებდით და პირდაპირ ვყლაპავდით, კვერცხს კი ნაჭუჭიანად ვჭამდით. საუზმის შემდეგ სადილობამდე იგივე რეჟიმი იყო. გამარჯვებულ-გადარჩენილი სამი, ძირითადად, თორმეტ საათამდე ვლინდებოდა. მათი ჯილდო ის იყო, რომ დაძინებამდე შეეძლოთ ეზოში სეირნობა.
ჰაუპტვახტში ვაჟასთან ერთად მოვხვდი. სანამ დილით სარბენად გამოგვიყვანდენ გამაღვიძა და მითხრა: სირბილს აზრი არ აქვს, ეგ ტიპი მიპარვით ურტყამს და თავი მოაჩვენე ვითომ არ ელი. ტრუსი და წინდები გაიხადე და ბათინკებში კოჭთან ჩაიდე და მაგისი კეტი დიდი არაფერია. ოღონდ წაქცევა არ დაგავიწყდეს, თორემ მეორედ მიიღებ.
მართალი აღმოჩნდა ვაჟა. შემომცხო კეტი გენამ, ჩემმა საცვალ-საფენებმა მიშველეს, კოჭი არ წამრთმევია, ვისიმულიანტე, დავეცი და ავღრიალდი. შემათრიეს საკანში და დამაგდეს ნარზე. ოციოდე წუთში ვაჟაც შემოიყვანეს. კოჭები კი გვტკიოდა, მაგრამ მაინც ვლაზღანდარობდით და ვიცინოდით.
ჰაუპტვახტში ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ იქ მეორედ მოხვედრა არ გეცადა. მაგრამ ალბათ როგორც ქალს ავიწყდება მშობიარობის ტკივილები, ასევე კაცს _  ტანჯვა-ფათერაკი.
ვწევარ ნარზე, კოჭის ტკივილმა ცოტა გადამიარა და მეკითხება ვაჟა:
_ იცი, რითი განსხვავდება ადამიანი და ცხოველი?
_ ცხოველმა ლაპარაკი არ იცის, _  ვპასუხობ.
_ ეგ ხო, მაგრამ სხვა?
_ ცხოველი უტვინოა.
_ არა, არა! ცხოველი უტვინო არაა, პირიქით _ ადამიანზე გონიერია. ადამიანს ავიწყდება და ცხოველს _არა. მამაჩემს მეძებარი ჰყავდა. მაგარი ძაღლი იყო, ნადირის გეშს უცებ აიღებდა ხოლმე. ნადირობისას საფანტი მოხვდა ფეხში და გაფუჭდა ძაღლი. როგორც კი თოფის ხმას გაიგებდა, ეგრევე წკმუტუნით გარბოდა და იმალებოდა. წლები გავიდა ჭრილობა შეუხორცდა, მაგრამ მაინც ახსოვდა. ადამიანი კი სხვაა. კოჭის ტკივილი უცებ დაგავიწყდება და მალე ალბათ ისევ აქ მოხვალ.
მართალი აღმოჩნდა ვაჟა. ერთი თვის თავზე, ჩემი გულმავიწყობის გამო, ჰაუპტვახტში დავბრუნდი.

`ასობისტს~ დაპირება არ შეუსრულებია. მისი მუქარა მუქარად დარჩა _ ეტყობა, არ იყო გულღრძო კაცი.
ვაჟას წასვლის შემდეგ ერთი კვირაც არ გასულა, რომ ჩვენი ასეული ფარვანის პროვინციაში ოპერაციაზე გააგზავნეს. არ მახსოვს იმ დასახლებას რა ერქვა, მის შემოგარენში დანაღმული ტერიტორია უნდა განგვენაღმა. დილით დავიძარით, გზა უსწორმასწორო და სახიფათო იყო. ნელა მივდიოდით და მეორე დღეს ნაშუადღევსღა ვიყავით ადგილზე.
ჯაბალისარაჯიდან დაახლოებით ოცდაათი კილომეტრის მოშორებით ხეობაში იყო ტიპიური ავღანური სოფელი, ვიწროფანჯრებიანი, ორსართულიანი, ერთმანეთს მიბჯენილი ბანიანი სახლებით, რომელსაც ცალიმხრიდან მდინარემდე ჩამავალი, დატერასებული ბრინჯის ყანები ეკრა და მეორე მხრიდან მთის ხრიოკი ფერდობები. ჯერ სადაზვერვო ბატალიონი შევიდა სოფელში, მერე ჩვენ შევყევით და სოფლის თავზე, სარანდოების საგუშაგოს გვერდით, ფერდობზე გავჩერდით. ჩვენს ზევით ტრაფარეტზე რუსულად და დარიზე ეწერა: `ფრთხილად, დანაღმულია!~. ნაწერი სამხრეთის მზეზე გახუნებულიყო და ძლივს იკითხებოდა.
ერთი წლის წინ ეს ფერდობი ჩვენებს დაენაღმათ და ახლა უნდა გაგვენაღმა.


ასეულში თარჯიმანი გვყავდა, ტაჯიკი იყო და მუხაბატი ერქვა, ნასს ეწეოდა და მუდამ იფურთხებოდა. ნაღვლიანი, ჩაფიქრებული სახე ჰქონდა, მარტო ყოფნა უყვარდა და ურთიერთობებს გაურბოდა, მაგრამ როგორც კი საქმე გაუჩნდებოდა, როგორც კი თარგმნა გახდებოდა საჭირო, გახალისდებოდა და სახეზე მნიშვნელოვანი პერსონის ნიღაბს მოირგებდა.
დავბანაკდით თუ არა, ჯერ სამი სარანდოი მოვიდა,  მერე სოფლელები მოჰყვნენ და ატყდა ერთი აურზაური. მუხაბატი თარგმნიდა და ცდილობდა, ავღანელთა ყაყანი ყვირილით გადაეფარა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მერე სარანდოებმა სოფლელები `ბურუ, ბურუს~ ძახილით გაყარეს. მუხაბატმა გვითარგმნა, რომ ხუთი დღის წინ მათი თანასოფლელი ვირზე ამხედრებულა და  მთებს იქით მწყემსებთან ამ დანაღმული ფერდობით მოუწადინებია წასვლა. მოკლე გზა აურჩევია, თანაც თურმე მოარული ყოფილა მითი, რომ ვირი ნაღმზე არ აბიჯებს.


სოფელს მალე აფეთქების ხმა გაუგია. გუშინდლამდე ამ კაცის ყვირილიც ესმოდათ, მაგრამ ვერავის გაუბედია დანაღმულ ადგილზე შესვლა და მიხმარება.
მეთაურმა ახლაღა აღმოაჩინა, რომ ნაღმების რუკა შტაბში დარჩენოდა. ჯერ ძალიან შეწუხდა, მერე კი გვიბრძანა აგვეღო ნაღმძებნელები და შევდგომოდით ფერდობს.  მოვიმარჯვეთ დეტექტორები, საცეცები და გავიფანტეთ. გორაკს ავუყევით. ფრთხილად ვმუშაობდით, რადგან რა სახის ნაღმები იყო, ისიც კი ვერ გვითხრეს. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ პირველ ნაღმს მიაგნეს ბიჭებმა. მოძებნა იოლია, აი, მოთხრაა სახიფათო. მიწა შორიდან უნდა შემოაცალო. თუ გრუნტი ქვიანია საქმე უფრო რთულდება.
_ შავი ქვრივი! შავი ქვრივი! _ დაიძახეს ჩემგან მარჯვნივ.
რატომ ეძახდნენ ჩვენთან `პმნ~-ს შავ ქვრივს არ ვიცი. მუქი მწვანე ნაღმია, ძირი ყავისფერი აქვს და მხოლოდ ხუფი აქვს შავი. თუ არ ჩალპა და ჩაიჟანგა გასანაღმად იოლია.
მიუყვებოდით ასე ნელ-ნელა და მეორე დღეც ისე დაღამდა ის კაცი ვერ ვიპოვეთ. მესამე დღეს ნაწილიდან დაბრუნდა ასეულის მეთაურის მოადგილე, მოიტანა ნაღმების რუკა და ცუდი ამბავიც მოაყოლა: მინდორაშვილის გვამი იპოვეს, მდინარეს გამოურიყავს ბრინჯის ყანებთანო. გული შემეკუმშა, აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვაჟა სარანდოებს გაუსხლტა. 
საღამოს ვახშმის შემდეგ ბიჭები ოთხასმერვე ბეტეერში შევიკრიბეთ. ვაჟას ამბავმა ძალიან დაგვანაღვლიანა. მაქსატოვმა ჩემს მეხსიერებაში პირველად გამოიდო თავი, წავალ, იქნებ ჩარსი მაინც ვიშოვოო და ლუქიდან აძვრა. რისი მშოვნელიაო, ქირქილებდა გარბუნოვი, მაგრამ ნიაზი ნახევარ საათში ჩარსით დაბრუნდა, სარანდოებს მიუციათ. მოვწიეთ, მაგრამ ვერ გაგვამხიარულა, პირიქით _ უფრო დავმძიმდით და დავდარდიანდით. ვყვებოდით ამბებს და ვიხსენებდით ვაჟას.
მეორე დღეს, როცა ფერდობი ავათავეთ და კლდეებამდე ავედით, კატის კნავილივით ხმა შემოგვესმა და  მივაგენით ნაღმზე აფეთქებულებს. აფეთქების ტალღას ვირისთვის ფეხი მოეგლიჯა, პირგაღებული გულაღმა ეგდო და დასისხლიანებულ მუცელზე ბუზები ეხვია. კაცს კი თითქმის არაფერი სჭირდა, შეშინებული, მშიერი და ძალადაკარგული, მოკუნტული იწვა, ორივე ხელში მათარა ჰქონდა ჩაბღუჯული და როცა ჩვენ დაგვინახა, ბოლო რამდენიმე ყლუპი მაშინღა მოსვა. ჩამოვიყვანეთ ეს კაცი. შემოეხვივნენ მეზობლები და იდგა ერთი სიხარულის ჟრიამული.
აქ კიდევ ორი კვირა დავრჩით. შემოგარენი გავნაღმეთ, მთიდან ჩამოსასვლელები მესანგრეთა მავთულებით გადავკეტეთ და მიწაში სასიგნალო ნაღმები ჩავაწყეთ.
მეორე დღეს წასვლას ვაპირებდით. ღამით რაღაც ხმამ გამომაღვიძა. მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ჩემი კაბინის კარი შემოხსნა. თავი წამოვწიე, მაგრამ ისევ ძილმა წამიღო. დილით რომ ავდექი, ფეხებთან უცნაურად გაბერილი კონვერტი ვნახე და გავხსენი. ჰეროინის გრამიანი პაკეტები იყო რამდენიმე შეკვრად დაფასოებული. ხელი ამიკანკალდა და გვიანღა შევამჩნიე, რომ თვითეულ შეკვრას სახელ-გვარები ეწერა. კიდევ მოვქექე კონვერტი და ქაღალდის პატარა ნაგლეჯი ვიპოვე. ვაჟას ხელი მაშინვე ვიცანი.
`გამარჯობა, ძმაო, ბიჭებს თავისი წილი გადაეცი და ბოდიში მოუხადე, რომ დავუგვიანე~, _ წავიკითხე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სიხარულისგან და გაოგნებისგან თავბრუ დამეხვა.
_ ის ცოცხალია! ცოცხალია!.. _ ყვიროდა მთელი ჩემი სხეული.
ეს ამბავი არ გავახმაურე, არ ავასრულე ვაჟას სურვილი _ წილი არავისთვის მიმიტანია. ჰეროინს ვიზოგავდი, მხოლოდ ოთხასმერვე ბეტეერის ბიჭებთან ერთად ვეწეოდი, მაგრამ სიმართლე მათთვისაც არ მითქვამს. ვცრუობდი, ვიძახდი, რომ გულბაჰარიდან მომქონდა.
ვაჟა ლეგენდად დარჩა.. მე მშურდა მისი, ახლა მე უნდა ვქცეულიყავი ლეგენდად.
ორ კვირაში ერთხელ ბიჭებს ვემშვიდობებოდი. ხელს ჩამომართმევდნენ, გულში ჩამიკრავდნენ და მეც ვითომ ჰეროინის ასაღებად გულბაჰარში მივდიოდი. გეზს მდინარისკენ ავიღებდი, შემდეგ სამშენებლო ბატალიონისკენ ვუხვევდი და  ბიჭების ხედვის არეალიდან ვქრებოდი. იქ ჩვენებურები მსახურობდნენ და მათთან ვათევდი ღამეს. მეორე დღეს ვბრუნდებოდი, ვაჟას კონვერტიდან ორ პაკეტ ჰეროინს ვიღებდი და ოთხასმერვე ბეტეერში მიმქონდა. დიდებული განცდა მეუფლებოდა, როცა ბიჭები აღტაცებით მხვდებოდნენ, ისე როგორც უდაბნოში დაკარგულები წყალს, როგორც მშიერი მგლები საკბილოს. მე მათი მხსნელი ვიყავი, ის მონადირე ვიყავი, დამშეულებთან ნანადირევი რომ მიაქვს.

ეს არის ჩემი ავღანური ამბავი, რომელიც დემობილიზაციიდან ორი-სამი თვის თავზე დავწერე და ამ ამბის შეთხზვა ერთმა უბრალო გარემოებამ გამოიწვია:

საშინელებაა ნარკოტიკული შიმშილი. უდაბნოს მირაჟივით თვალწინ ჰეროინი მედგა, ყველგან ის მელანდებოდა.
სახლში სამი დღის დაბრუნებული ვიყავი, როცა ერთ დილას გავიხსენე, რომ წამოსვლამდე ჰეროინის ერთი პაკეტი ჩექმის ყელში დავმალე. დავჭერი ჩექმა, ჯერ ერთი, მერე  მეორე და ვერ ვიპოვე. სამხედრო ფორმას პაგონები დავაძრე, პაგონების ქვეშ მეგულებოდა და იქაც ვერ ვნახე. სასოწარკვეთილის დეპრესიამ მოიცვა მთელი ჩემი ორგანიზმი. შინ შევიკეტე და გარეთ გასვლას ვერიდებოდი.
ჩემმა დამ აიჩემა, რომ ფსიქიატრი მჭირდებოდა.
_ ჰეროინი მინდა, ფსიქიატრი კი არა, _ ვყვიროდი გულში, მაგრამ მაინც მის ნებას მივყევი.

ქეთინო ექიმი მისი ნაცნობი ქალი იყო და ვიზიტზე წინასწარ შეუთანხმდა.
კაბინეტში ჯერ ჩემი და შევიდა, ეტყობა, ჩემზე საუბრობდნენ, დერეფანში კარგა ხანს ვიყურყუტე, მერე ნინო გამოვიდა და ექიმს გადამაბარა. ჩემი დის ტოლი, ასე ათი-თორმეტი წლით ჩემზე უფროსი იქნებოდა. მაღალი გამხდარი ქალი იყო, გრძელი, სწორი, შავად მბზინავი თმით,  გრძელი სახით, თხელი ცხვირითა და თხელი ტუჩებით. თავიდან ფეხებამდე ისე შემათვალიერა, როგორც მუშტარი გასაყიდ ვირს ათვალიერებს და ფიქრობს, ნეტა ტლინკები იცის თუ არაო. ცდილობდა, ჩემში ნდობა აღეძრა.
_ ნინოს უყვარს ხოლმე მდგომარეობის დამძიმება. მე ვფიქრობ, რომ შენ არაფერი გჭირს. ჩემი პაციენტი არ ხარ, მაგრამ შენთან გასაუბრება ჩემთვის სასიამოვნო იქნება. მითუმეტეს, რომ ავღანეთში ნამსახურთან ურთიერთობა არ მქონია. შეგიძლია რამე მომიყვე?
_ ავღანეთზე?
_ ჰო, ავღანეთზე, გამიგია, რომ ძალიან ცხელა, _ გაიღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა. დიდხანს ვფიქრობდი, რა მეპასუხა. ბოლოს ამოვღერღე:
_ ავღანეთი დიდია, ზოგან ცხელა, ზოგან ცივა.
_ ჰო, მართალია, სულელური შეკითხვა დავსვი, _ გადაიკისკისა, თმები მხრებზე გადაიყარა და გრძელი ყელი გამოაჩინა.
ეს ქალი ძალიან უშუალო იყო. წინასწარ ჩამოყალიბებული მისდამი უარყოფითი გრძნობა მომცილდა და რაღაცით მიმიზიდა კიდეც.
_ იქნებ მაინც მომიყვე რამე ამბავი, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, ან სულაც უბრალო ამბავი.
მხრები ავიჩეჩე.
_ ავღანელი ქალები როგორები არიან?
_ არ ვიცი.
_ ორი წლის განმავლობაში ქალი არ გინახავს?
_ კი.
_ მერე როგორები არიან?
_ არ ვიცი. ჩადრი აცვიათ.
_ სახე არ უჩანთ?
_ არა.
ისევ გადაიკისკისა. რამდენიმე შეკითხვა კიდევ დამისვა. ვპასუხობდი ხან ჰოს და ხან არას. ურთიერთობა მიჭირდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადამიანებს ძალიან ვიყავი გადაჩვეული და კიდევ, ალბათ ნარკოტიკების გამო, რეაქცია შენელებული მქონდა და აზრის ჩამოყალიბებას გვიანღა ვახერხებდი.
_ უნდა გაიხსნა, ძალიან ჩაკეტილი ხარ. უნდა მოყვე ამბები, უხერხული ამბებიც კი. ეს ძალიან დაგეხმარება. როცა სამწუხარო ამბავს ჰყვები, ტკივილს გასცემ, როცა მხიარულს – ხალისს იორმაგებ. ეს ხელოვნებაა. დაეუფლე ტკივილის გაცემის ხელოვნებას და გახალისდი. ადამიანის ბედნიერების ფორმულა ეს არის.
ის კიდევ დიდხანს საუბრობდა ამ თემაზე. მე მხოლოდ თავს ვუქნევდი. ამ დროს ნინო შემოვიდა და საუბარში ჩაერთო:
_ ძალიან არ უყვარს ლაპარაკი, არაფერს მოგიყვება, ადრე ასეთი არ იყო. აზროვნება და მოძრაობა შენელებული აქვს.
_ ეს არაფერია, გადატანილმა სტრესებმა იცის. თანაც ახალ გარემოსთან ჯერ ვერ ადაპტირდა. მისთვის ახლა მთავარია ურთიერთობები, _ თქვა და მერე მე მომიბრუნდა, _ მთავარია გაიხსნა, ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობები და გადატანილი მოყვე. თუ მოყოლა არ გსიამოვნებს, მაშინ დაწერე, წერა ძალიან კარგია,  ტკივილი და დარდი ქაღალდზე გადადის. _ გაიცინა ნინოსკენ შებრუნდა და ხელით კედლისკენ მიუთითა. თვალი გავაყოლე: კედელზე ულვაშიანი, სასაცილო კაცის პორტრეტი ეკიდა.
_ ეს კაცი ლექციებს მიკითხავდა. დიდებული კაცია. და იცი, ერთხელ რა თქვა?
თქვა, რომ პოეზია დიდი ხელოვნებაა, გულიდან განცდების ქაღალდზე გადატანის ხელოვნება, ქაღალდით გულის მოხოცვის ხელოვნება.
ჰოდა, ლამაზო ბიჭო, _ მომიბრუნდა მე, _ თუ მოყოლა არ შეგიძლია, დაწერე მაინც, მე სიამოვნებით წავიკითხავ. ახლა დამამშვიდებლებს გამოგიწერდი, მაგრამ ბიჭებთან გართობა-დალევა მოგიწევს და ალკოჰოლთან არ შეიძლება თანაც ვფიქრობ, არც გჭირდება.
კაბინეტიდან გამოვედი. ნინო იქ დარჩა, დერეფანში ბოლთას ვცემდი და როცა კარი გაიღო, გავიგონე ქეთინო ექიმის სიტყვები:
_ იცი რა, ჩემო კარგო, კაცებისა მხოლოდ ერთი მშურს _ საზოგადოებრივ ტუალეტში ფეხზე მდგომებს მოფსმა რომ შეუძლიათ.

სულაც არ მეგონა, რომ კალამი ჰეროინს შემიცვლიდა, არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ რაიმე შვებას მომცემდა, ალბათ არც ჩემი მახვეწარი დის გამო დამიწყია წერა, ქეთინო ექიმთან კიდევ ერთხელ შეხვედრის საბაბად რომ მივიჩნიე, ვფიქრობ, მიზეზი ის იყო.
მთელი ორი კვირა ვიჯექი და ვწერდი. ჩემები გახარებულები იყვნენ, ექიმის რჩევას მიჰყვებაო და ბოლოს, უკანასკნელი წერტილი რომ დავსვი, გავვოცდი _ რაღაც შვება მართლა ვიგრძენი.
ნინო ჩემს ნაცოდვილარს კითხულობდა და თან ვიშვიშებდა, აი, თურმე რა დღეში ყოფილა ჩემი ძმაო. მერე გადაათეთრა, რაღაც გრამატიკული შეცდომები ჩაასწორა და ქეთინო ექიმს წაუღო.
წვიმიანი შაბათი იყო, ქეთინო ექიმმა კაფეში რომ დაგვპატიჟა. რომ შევედით ვერ შეგვნიშნა, მაგიდასთან იჯდა და ჩემს რვეულს ფურცლავდა. ნინო დაწინაურდა. ქეთინო ექიმმა თავი ასწია და გაუღიმა, მერე ადგა, ჩემსკენ წამოვიდა და დიდი ხნის მონატრებული შინაურივით მაკოცა.
ძირითადად ნინო ლაპარაკობდა. ყვებოდა ჩემზე, რაც ძალიან არ მომწონდა, მერე სხვა მათ საერთო ნაცნობებზე, მერე ისევ ჩემზე და ასე...
_ შენი ამბავი წავიკითხე, მშვენიერია, _ თქვა ქეთინო ექიმმა და შემომხედა. საოცარი თვალები და მომაჯადოებელი ღიმილი ჰქონდა, _  ... და რა მაინტერესებს იცი, ამბის თხრობას რატომ იწყებ ფსიქიატრიულიდან?
_ არ ვიცი, _ მხრები ავიჩეჩე.
_ მაშინ მე გეტყვი. ვფიქრობ, მე მოგეცი ფსიქიატრიულის ასოციაცია. მე ხომ ფსიქიატრი ვარ. ჩემთან შეხვედრამ შენი წარსულიდან ჰოსპიტალი ამოწია.
ცოტა შევყოვნდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა..
_ შეიძლება, ასეც იყოს. ამაზე არ მიფიქრია, _ ჩვეულ სტილში მხრები ავიჩეჩე და წარბებქვეშიდან შევხედე.
ოფიციანტმა ყავა მოგვიტანა და მაგიდაზე დადო. ქეთინო ექიმმა ფინჯანი ჩემსკენ მოწია და მომეჩვენა, რომ უჩვეულოდ გრძელი და გამხდარი თითები ჰქონდა.
_ ახლა უკეთესად არის, ვატყობ, რომ უკეთესად არის, _ საუბარში ჩაერთო ნინო.
_ ნარკოტიკული შიმშილი ნელ-ნელა გადაუვლის და მალე კარგად იქნება, _
ქეთინო ექიმმა ყავა მოსვა, მოჭუტული თვალებით შემომხედა და მოულოდნელად მკითხა:
_ გოჩა, ალი გინახავს?
სანამ მე რამეს ვიტყოდი ჩემმა დამ გუდას პირი მოხსნა:
_ თეთრწყლებზე აგარაკი გვქონდა. შენთვის, მგონი, მომიყოლია... ზაფხულის არდადეგები იყო. მე სტუდენტი ვიყავი, გოჩა მეათე კლასში გადადიოდა, დილა სისხამზე სათევზაოდ დადიოდა ხოლმე. ერთხელ გულგახეთქილი მოვარდა. მთელი ტანით კანკალებდა, ალი ვნახეო. მე და მამაჩემმა არ დავიჯერეთ, დედაჩემი კი დღესაც ცრუმორწმუნეა. ცუდის ნიშანიაო, მოთქმა-ვიშვიში დაიწყო, სანთლები აანთო. ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, ჩემს ბიჭს უშველეო. მეორე დღეს დედაჩემის დაჟინებით იქიდან წამოვედით. ვაჟა მინდორაშვილსაც ხომ უნახავს ალი, ეტყობა ბევრ ბიჭს მართლა ელანდება, ან იგონებენ. ძალიან შემეცოდა ეგ ვაჟა, ეს რომ წავიკითხე, მას შემდეგ ვეხვეწები, მინდორაშვილის მშობლების სანახავად წავიდეთ, გავაგებინოთ, რომ მათი შვილი ცოცხალიაო და არ შვრება, რაღაცა აბრკოლებს.
ქეთინო ექიმმა გაიცინა, მკერდზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია გრძელი, გამხდარი ყელი გამოაჩინა და თქვა:
_ ის ვაჟას მშობლების სანახავად არ წავა.
_ მერე და რატომ არ უნდა წავიდეს? ალბათ იქ სადღაც სასაფლაოზე მათი შვილის ადგილას სხვა მარხია.
_ არავინაც არ მარხია. ასე არ არის, გოჩა?
გავშრი და ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები და უნიათოდ წავილუღლუღე:
_ არ ვიცი...
_ ჩემო, პატარა მეგობარო, დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა არ არსებობს. ვაჟა შენ შეთხზე. ვაჟას ამბით სინამდვილის გადაფარვას ცდილობ და ეს ნორმალურია, _ მომეჩვენა, რომ ქეთინო ექიმმა დამცინავად გაიღიმა.
ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს თავს დამესხნენ, თითქოს ეს ქალი სულში შემიძვრა და იქ დამარხულის ქექვა დაიწყო, უნებლიედ წამოვხტი. გონს რომ მოვედი, გასასვლელ კარამდე ორიოდე ნაბიჯი მაშორებდა. შემოვბრუნდი, ბოდიშის მოხდის მაგვარი რაღაც წავიბუტბუტე და ქუჩაში გავედი.

ძალიან გამიჭირდა სამოქალაქო ცხოვრებასთან შეგუება. უცებ უცხო ღირებულებების ტყვეობაში აღმოვჩნდი.  აქ ის არ დამხვდა საითკენაც მოვისწრაფოდი. როგორ შეიძლებოდა ორ წელიწადში ყველაფერი ასე გამოცვლილიყო... ეს კითხვა მაწუხებდა, სანამ არ მივხვდი, რომ სამყარო, რომელიც მენატრებოდა, რომელში დაბრუნებაზეც ვოცნებობდი, მე თვითონ შევქმენი, ჰეროინით გაბრუებული ჩემი ილუზიის ნაყოფი იყო და ახლა, მინდოდა თუ არ მინდოდა, სინამდვილეს უნდა შევგუებოდი.

მართალი იყო ქეთინო ექიმი, ვაჟა მე შევთხზე. ვაჟა არ არსებობდა. მე დავდიოდი გულბაჰარში ჰეროინის მოსატანად. მე ვამარაგებდი ბიჭებს ნარკოტიკით. მერე კი, როცა ჭალაზე სარანდოები ჩააყენეს, ფული ავკრიფე. ჯერ წასვლა გადავდე, მერე საერთოდ გადავიფიქრე. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჰეროინს მოვიტანდი, ყველას ეგონა, რომ მე ამას შევძლებდი, მაგრამ ჩავფლავდი. ხასიათიც შემეცვალა, მეგობრებისგან თავი მოვიზრუდე და გვერდზე გავდექი, მეჩვენებოდა, რომ ისინი ჩემი ჩასვრილი საცვლების სუნს გრძნობდნენ. ვიღაც იტყვის, კეთილგონივრულად და ჭკვიანურად მოიქცაო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ეს სიტყვები მშიშარა კაცის  მოგონილია საკუთარი სიმხდალის შესანიღბად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები