ისეთი ვარ, ჭირის ოფლი მასხამს. ხუთშაბათია და ისევ უმუშევრადა ვარ. დღესაც არ იყო საქმე. ვზივართ გოგიას გარაჟში და მიკირტიჩას ჩამოტანილ ჭაჭის ორნახად არაყს ვწრუპნით. სანამ ჯერ კიდევ გვქონდა იმედი და შეკვეთას ველოდებოდით, პარიკმახელ ლევანას გუშინდელი გაზეთი გამოვართვით და ვკითხულობდით: ამ გაიძვერებს, პლანის პლანტაციები მოსდომნიათო, თქვა და გადაანერწვა ნოდარამ. -იგრე მიდის საქმე, მგონი უნდა გავბარიგდეთ ჩვენც,- თქვა მიკირტიჩამ და ჩაიქნია მერე ხელი. ვაგინეთ სულ კარგები ამ მთავრობასაც და მომავალსაც, ხან ისა ვთქვით და ხან ესა. რა უბედურებაა, გავწყდებითო, კაცო, არ ჩერდებოდა ნოდარა. -თქვენც ეგ არ გინდათ მერე?- გადაპარსული თავი შემოყო გარაჟში ლევანამ. -მასწყიდი-მეთქი თავიდან, - დავუცაცხანე, რაღაც არ ვიყაი მაგის ხასიათზე. რა ენაღვლება რა, სამი კაცი გაკრიჭა ამ დილაუთენია, ჩვენ კიდევ უკვე ორი თვეა ერთმანეთს შევყურებთ. -ჰო, აბა, შვილო, ბებერი მეზურნეები, ლხინში აღარავის სჭირდება და მგონი სულ ჩვენს გაწყვეტას ეხვეწებით ღმერთსო,- გაიჭყანა და ზურგი გვაქცია. არც დღეს გამოვა რამე. ერთი ამისი დედაც, მოდი და შევუბეროთ, აი მიკირტიჩამ რომ არაყი მოგვცა, ნახევარი ისევ დგას ბოთლშიო. მერე ის გაზეთები გავშალეთ მაზუთიან მაგიდაზე, მწნილი გვქონდა, წითელი კომბოსტოსი, თევზის კონსერვი ავიღეთ ნისიაზე და ერთიც რუხი პური. ჩამაასხა ნოდარამ და ერთი სახარება გულის გახარებაო. რა გახარება, კაცო, რა მაქვს სასიხარულო, ისაა და ვსკდები გულზე. დღესაც ვირის თავ-ფეხს მივიტან სახლში, სულ ტყუილად შავპირდი ბალღებს ველოსაპედს. მეორეც უსადღეგრძელოდ გადავკარი და ავფორიაქდი, რაღაც ვერ ვისვენებ, ამ ცხოვრების დედაც ვატირე-მეთქი. ცხოვრებას დედა ჰყავსო, მკითხა მიკირტიჩამ, ერთი თალია პასუხზე დავფიქრდი, მერე ბრაზი მომეძალა, თუ ამოგიჭირე წიხლი მაგ სომხურ ტრაკში, გაჩვენებ-მეთქი, როგორ უნდა ხუმრობა. გაიტვრინა, ხმა ვეღარ ამოიღო. რა იყო, კაცო, რას იღრინებიო, აი შენ ნახავ, შაბათს რა მუშაობა გვექნებაო, ხელი წამკრა ნოდარამ. ამებში ვართ და ტელეფონი აწკრიალდა, ეგრევე საათს გავხედე, ჯერ 1-ელიც არ იყო, კაცნი ვართ, ვინ იცის, იქნება და საქმეა-მეთქი, კი არ მიყვარს ნასვამზე მუშაობა, მაგრამ ახლა მაგას ვჩივი, კაცო. ისე ამიჩქარდა გული, ხელები ამებლანდა, ძლივს მოვძებნე გულის ჯიბეში ტელეფონი. -ალოო, - ჩავძახე. -ალიიო,- ისე გაინაზა გოგო ყურმილს მიღმა, ვიფიქრე ჩამოდნება-მეთქი ახლა. თითქოს წარმოვიდგინე კიდევაც, ნაზი და სიფრიფანა, თეთრი, როგორც ზამთრისპირის დილა და ის იყო, ოცნებაში მივდიოდი, „ჰა, რა არის“- წამკრა ხელი ნოდარამ და ღრუბლებიდან ისევ მიკირტიჩას გარაჟში დამაბრუნა. -გისმენ, გისმენ,- ისევ ჩავყვირე, ცოტა არ იყო და აკანკალებული ხმით. -თქვენ გიტარისტი ბრძანდებით? - საშობაო ზარებივით აჟღარუნდა ხმა. -რააი?-ვიფიქრე მამესმა-მეთქი. -თქვენ ხომ კლასიკური შემსრულებელი ბრძანდებით გიტარის?- მკითხა გოგონამ. ეე, ვიღაცაა, შეჩვენებული, მასხარად მიგდებს-მეთქი,- გავბრაზდი. -არა, გიტარისტი არა, ორერა ვარ, გენაცვალე,- დავიღრინე და ტელეფონი გავთიშე. მიკირტიჩა ისე ახარხარდა, კინაღამ გადაფიჩინდა სიცილით, მე კიდე ჰარი არ მეყო, ხალათის გულისპირი ჩავიხსენი. დაასხი-მეთქი ერთი, ვანიშნე ნოდარას. ის იყო, პირთან მივიტანე ჭიქა და ისევ აწრიალდა ტელეფონი. დავხედე და ისევ ის არა რეკამს?! -რა გინდა, ჰაა, რას გადამეკიდე?- დავიბღავლე მთელი ხმით. -გიტარისტი მინდოდა,- ისე თქვა, დავინახე კიდენაცა თითქოს წამწამები როგორ ააფახულა, დიდი, ხშირი წამწამები. სევდა ვიგრძენი, დამიმძიმდა გული, უღონოდ ჩამოვყარე მხრები: -მედოლა ჩინელა ვარ, შვილო, გიტარა მისდღემჩი ხელში არ მჭერია,- ვუთხარი და სანამ ტელეფონს გამითიშავდა, ჩემი ბედის ვარსკვლავი დაიწვას-მეთქი, გავიფიქრე. რა იქნებოდა, ჰა, ცოტა ადრე დაერეკა ამ შეჩვენებულს, ერთი 15-20 წლის წინათ, ისეთი ხმა ჰქონდა, იქნება კიდევაც მესწავლა გიტარის დაკვრა და ახლა მკვდრების იმედად არა ვყოფილიყავი, მაგრამ ასეთია ცხოვრება, მერე შანსს არ იძლევა. ხარ მედოლე და დარჩები ცხოვრების ბოლომდე მედოლეთა. დაასხი ერთი, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს-მეთქი, ვუთხარი ჩემ პაძელნიკებს და ჭაჭის არაყს კომბოსტოს მწნილი მივაყოლე. მჟავეო, შემახსენა ნოდარამ, მაგრამ მე ამ ცხოვრებაში სიმჟავითა და სიმწარით გამაკვირვებდა რამე?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იუმორიც დამაკლდა. იუმორიც დამაკლდა.
2. მართალია მუხა
მეტი სიცხარე და მიმზიდველობა უნდა
აკლია რაღაც ამბავსა და მოთხრობას შორისაა ახლა გაჭედილი თუნდაც იუმორისტული იყოს
არადა კარგად წერს ქეთი მართალია მუხა
მეტი სიცხარე და მიმზიდველობა უნდა
აკლია რაღაც ამბავსა და მოთხრობას შორისაა ახლა გაჭედილი თუნდაც იუმორისტული იყოს
არადა კარგად წერს ქეთი
1. კარგია მარა მეტი სიცხარე უნდა. კარგია მარა მეტი სიცხარე უნდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|