ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2019


შავ–თეთრი ცხოვრება, ანუ ანგელოზი და დემონი /ქრონიკა/

შავ–თეთრი ცხოვრება
ანუ
ანგელოზი და დემონი
/ ქრონიკა /


თეთრა
მშვენიერი და უცნაური გოგონა იყო თეთრა, მშვიდი, სევდიანი თაფლისფერი თვალებით და წაბლისფერი თმით.
ბავშვობიდან თეთრი ფერი იზიდავდა, როცა წამოიზარდა მხოლოდ თეთრებში იმოსებოდა. ზამთარ–ზაფხულ თეთრ ტანსაცმელს ატარებდა.
აღარავის ახსოვდა მისი ნამდვილი სახელი, ბევრმა არც კი იცოდა, რა ერქვა. თეთრას ეძახდნენ. მართლაც თეთრა იყო, სპეტაკი თეთრა. ყვავილებიც თეთრი უყვარდა და ზღვაზეც მხოლოდ თეთრ ნიჟარებსა და კენჭებს აგროვებდა.
– დაუძლეველი სურვილი მაქვს და ჩემდაუნებურად ვაკეთებო, – იმართლებდა თავს.


შავი
შავი დაჭრილი იყო, იწვა და ფიქრობდა. მხოლოდ საკუთარ თავს ენდობოდა. თვითონ ამოიღო ტყვია, თვითონ დაიდო ორი ნაკერი და თვითონვე გადაიხვია ჭრილობა. ტკივილს დიდიხანია ვეღარ გრძნობდა. ტკივილი, უბრალოდ, ბავშვობიდან აღარ სტკიოდა.

–––
ხუთი წლის იყო თეთრა, როცა ეზოში მომაკვდავი თეთრი მტრედი იპოვა და სახლში ამოიყვანა. აღელდნენ მშობლები, ვინ იცის, რა ჭირს, ავადმყოფობა არ გადაგდოს, ვერ იცოცხლებს, მოკვდება და იდარდებო, – ეუბნებოდნენ. ვერაფრით გადაათქმევინეს. – ექიმთან უნდა წავიყვანოო, – აიჩემა. წავიდნენ ვეტერინართან. მოწამლული ყოფილა მტრედი, მოუარეს, მოეფერნენ, გაათბეს. მოიხედა და გამობრუნდა ფრინველი. თვალებში შესცქეროდა თეთრას. დააჯდებოდა მხარზე და თითქოს მადლიერების ნიშნად ფრთას კისერზე მოხვევდა. გაოცებული იყო ყველა. გაზაფხულიც მოვიდა და მტრედიც სრულიად გამოჯანმრთელდა. ერთ მზით გამთბარ დღეს აკოცა თეთრამ მტრედს, გააღო ფანჯარა და გაუშვა. მტრედი ჯერ იქვე, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, თითქოს თავისუფლებამ დაათრო, გაბრუებულივით აფრინდა, შეკრა კამარა, თავი მოაბრუნა, შეხედა თეთრას, შემოუფრინა თავზე და წავიდა.
პერიოდულად მოფრინდებოდა ხოლმე, ნისკარტით მოაკაკუნებდა მინაზე, ღუღუნით მიმოდიოდა ფანჯრის რაფაზე. ელოდა, როდის გააღებდა თეთრა ფანჯარას და დაუყრიდა საკენკს. ერთ მშვენიერ დღეს კი ეს ქათქათა და ნაზი მტრედი დიდ, ჯმუხა შავ მტრედთან ერთად მოფრინდა. ჩვეულებისამებრ დააკაკუნა ნისკარტით მინაზე. თეთრა პატარა იყო ექვსიოდე წლის, უცნობი შავი მტრედის შეეშინდა. მამამისს დაუძახა და მასთან ერთად გააღო ფანჯარა. უცხო მტრედს არ შეშინებია, ეტყობა უპირობოდ ენდობოდა თავის თეთრ სატრფოს. თეთრამ საკენკი დაუყარა. ღუღუნ–ღუღუნით ჭამდნენ, ერთი–ორჯერ ჯმუხამ მარცვალი მიაწოდა ნისკარტით ქათქათას, მანაც ღუღუნით გამოართვა და მიირთვა. გაოცებულები
შეჰყურებდნენ თეთრა და მამამისი. ფრინველები დანაყრდნენ და გაფრინდნენ. თეთრამ თვალი გააყოლა, მონუსხულივით იდგა. – ანგელოზი და დემონი, – ჩაილაპარაკა მამამ. ასე მოდიოდნენ ერთ ხანს მტრედები. ერთ დღესაც გაფრინდნენ და აღარ გამოჩენილან.

–––
იწვა შავი და თავის უპატრონო ბავშვობაზე ფიქრობდა, როგორ დაწოწიალობდა ერთი ბავშვთა სახლიდან მეორეში. ობოლი იყო. დედა, ლალი მაჩაბელი, მის მშობიარობას გადაჰყვა, მამამისი კი, კოტე მესხი, მეტსახელად „დარდიმანდა“, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ზუსტად იმავე დღეს. შავი ორივე მშობლის გვარს ატარებდა, ლუკა მაჩაბელი–მესხი იყო.
ათი წლის რომ გახდა კოჯრის უპატრონო ბავშვთა სახლში მიიყვანეს. არ მოეწონათ იქ. ტანით დაბალი იყო, შავგვრემანი და ჯმუხი. კოჯრის სახლი თხუთმეტი წლის რიჟა გიჟუას ეჭირა ხელში. პირველივე საღამოს თავისი ბათინკები დაუწყო შავს ლოგინზე და უბრძანა გამიპრიალეო. ყველა გაისუსა. გიჟუა იჯდა, იცინოდა და თან „ნაგლად“ უყურებდა შავს. შავმა მოისროდა ფეხსაცმელები. გიჟუამ შეწყვიტა სიცილი და წამოდგა. სრული სიჩუმე ჩამოვარდა. უცებ შავი მოწყდა ადგილიდან და ფეხებში შეუვარდა გიჟუას. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერავინ მოასწრო გონს მოსვლა. გიჟუა გადაქანდა, თავი საწოლის კიდეს ჩამოარტყა, დავარდა და გაშეშდა. მასთან ერთად გაშეშდნენ ბავშვებიც. იცოდნენ, წამოხტებოდა გიჟუა და ჯოჯოხეთს დაატრიალებდა, მაგრამ გიჟუა არ ინძრეოდა. საფეთქელიდან ოდნავ მოწანწკარებდა სისხლი. გიჟუა აღარ ამდგარა. პირველი გონს კაფანდარა სანდრო, ანუ უბრალოდ სანდრიკა, მოეგო. – მგონი მოკვდა, – თქვა მან. არავინ მიკარებია გიჟუას. სანდრიკა მორიგესთან გაიქცა და უთხრა, გიჟუამ ფეხი რაღაცას წამოკრა, წაიქცა და აღარ დგებაო. ატყდა ერთი ამბავი. გამომძიებლებმა რამდენჯერმე დაჰკითხეს ბავშვები. ოთახში ბევრნი იყვნენ, მაგრამ არავინ გასცა შავი. ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, თავისით დაეცა, თორემ გიჟუას ვინ რას გაუბედავდა, ვინ მიეკარებოდაო.. მასწავლებლებიც ადასტურებდნენ, გიჟუასი ყველას ეშინოდა და ერიდებოდნენო. ვერც ხელმოსაჭიდი ნახეს რამე, არც კოჯრის სახლის ხელმძღვანელობას აწყობდა გახმაურება, არც უპატრონოების ბედი აღელვებდა ვინმეს და ასე ჩაიარა ამ ამბავმა. შავი მიხვდა, რომ სათუთი ყოფილა ადამიანის სიცოცხლე და რომ ცხოვრება დასწრებაზეა. აი, ასეთი იყო შავის პირველი დღე და გამოჩენა კოჯორში.

–––
რვა–ცხრა წლის იქნებოდა თეთრა, როცა ქუჩაში თეთრი ბუმბულებისა და ფრთების შეგროვება დაიწყო, გულგრილად ვერცერთს ვერ ჩაუვლიდა. იცოდა ბევრი ჰქონდა, მაგრამ უკვე ჩავლილიც კი, მობრუნდებოდა და მაინც აიღებდა. წიგნებში სანიშნეებად ხმარობდა. ზოგჯერ, თეთრ ფრთას გაირჭობდა თმაში და სახლში ისე დადიოდა. ბოლოს იმდენი თეთრი ბუმბული და ფრთა დაუგროვდა, რომ გადაწყვიტა ანგელოზის ფრთები გაეკეთებინა. გულმოდგინედ და სიყვარულით შრომობდა. საუცხოო ქათქათა ფრთები გააკეთა და თავისივე ოთახში, კედელზე დაკიდა. ვინ აღარ მოდიოდა ამ ფრთების სანახავად,
რამდენჯერმე კინოფილმშიც კი გადაიღეს.

–––
კოჯრის ბავშვთა სახლში ათი წლის ბიჭი გახდა თავკაცი. შეაგროვა ბავშვები და უთხრა: – ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, და–ძმები, უნდა დავიცვათ და გავიტანოთ ერთმანეთი, თორემ დავიღუპებითო.
სამართლიანი იყო შავი, ამიტომ უყვარდათ იგი ბავშვებს და სძულდათ აღმზრდელებს.
ერთადერთი, ვინც ადამიანურად ექცეოდათ, ნენე ბებო იყო. მოხუცი იქვე, კოჯრის სახლის მოცუცქნულ ოთახში ცხოვრობდა. ნენე ბებო იყო ამ მიტოვებული, უზომოდ მარტოსული ბავშვების ერთადერთი გულშემატკივარი. საღამოობით, განსაკუთრებით ზამთარში, ხშირად იკრიბებოდნენ მასთან და პირდაღებულნი უსმენდნენ ბიბლიურ ამბებს, იონას, იოსებისა და დანიელის თავგადასავლებს. მოხუცი ღმერთზე ესაუბრებოდათ, უამბობდა მათ, როგორ ევლინებოდნენ ამ ქვეყანას ღმერთის გზავნილები ადამიანებად. იმ სასტიკ ცხოვრებაში იგი ერთადერთი სითბო და სინათლე იყო ამ ბავშვებისთვის. ერთხელ, როცა ნენე ბებოსგან ბრუნდებოდნენ, სანდრიკამ თქვა, – ნენე ბებოც ღმერთის გზავნილია დედამიწაზე, ჩვენს დასახმარებლად მოვლენილიო, და ეს ყველამ სამუდამოდ დაიჯერა.
კოჯრის სახლის დირექტორი ერთი ტიკივით გატიკნილი სასტიკი და დაუნდობელი ნუნუ ხალვაში იყო. კოტიტა თითებზე ოქროს ბეჭდებასხმული და ყურებში ბრილიანტებგაჩრილი დადიოდა. ბავშვები სძულდა, არ იცნობდა მათ და არც მათი სახელები იცოდა. – იმანო, მოდი აქ, – იმანო, მე შენ გასწავლი ჭკუას, – ასე მიმართავდა ბავშვებს. მხოლოდ შავი გამოარჩია და ეშმას ეძახდა. – გხედავ, რაცა ხარო, – ეუბნებოდა. მწარე ხელი ჰქონდა, ცემა იცოდა და ალიყულის გაწნა. მტრისას ვისაც მისი ხელი მოხვდებოდა. ბავშვებსაც სძულდათ და ეშინოდათ მისი.
ერთი პატარა, სუსტი, უპატრონო ნატო იყო, სიფრიფანა და ფაიფურის თოჯინასავით გამჭვირვალე. ხშირად ავადმყოფობდა და ბავშვები თვითონ უვლიდნენ მას. ზოგჯერ ნენე ბებოს ოთახში იწვა. ერთხელაც ძალიან მაღალი სიცხე მისცა და ვერაფერს ჭამდა, სულ უკან ამოჰქონდა. – ვკვდები? – ეკითხებოდა ნენე ბებოს. ეს რომ ხალვაშმა გაიგო, მოჯლიგინდა, სიცხიანი, მივარდნილი ბავშვი წაათრია და სარდაფში ჩაკეტა. სანამ გავიგებთ, რა ჭირს, იზოლირებაა საჭირო, კარანტინში მოთავსებაო.
არც ერთ ბავშვს არ ეძინა იმ ღამეს. სარდაფის კართან იყვნენ ატუზულები. ნენე ბებოც იქ იყო და ლოცულობდა. – ვკვდებიო, – დაიკვნესა ნატომ. –ანგელოზებთან მიდიხარო, – უთხრა ნენე ბებომ. ნატომ სუსტი ხმით გაიცინა. – ჰო, ვხედავო ანგელოზებს, – თქვა და გაჩუმდა. ნენე ბებო ატირდა. ბავშვები ასე გაშეშებულები იდგნენ დილამდე. მეორე დღეს მკვდარი ნახეს ნატო. დაღონდნენ და დადარდიანდნენ ბავშვები. შავმა კი გულში ბოღმა ჩაიდო. კიდევ შავი მიხვდა, რომ ამ ქვეყანაზე არ არსებობს სამართალი.
ნატო არ დაუმარხავთ, ბავშვს არავინ მოაკითხა და ნუნუ ხალვაშმა დააწვევინა მისი გვამი, გადამდები სენი ჭირდაო, აიჩემა.
სულ გაბოროტდა შავი.
დიდხანს ედო ეს ბოღმა გულში. ანგარიშსწორების ჟამიც დადგა.
მანქანებით მოზიდეს და ბავშვთა სახლის შუა ეზოდან დაწყებული მთელ შარაგზაზე ხრეში დაყარეს, აღარ იქნება ოღრო–ჩოღრო, ძნელად სავალი გზაო; ძალიან მსხვილი ხრეში იყო, საოცრად წვეტიანი ქვები. ბავშვები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დიდხანს შეძლებდა ამ წვეტიან ქვებზე ფეხშიშველი სიარულს. – ეს ხრეში კი არა, რიყის წამახვილებული ქვებიაო, – ბრაზობდა ნუნუ ხალვაში. სამსახურში უზომოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მოდიოდა. კაბინეტში ტანკეტკიან ქოშებზე შედგებოდა და ისე ატარებდა მთელ დღეს. საღამოს ისევ ქუსლებზე აიყოყებოდა და მიიკვანწებოდა სახლში. – ამ ქვებზე ვიღაც დამარცხდებაო, – საბედისწეროდ იმეორებდა. შავსაც ესმოდა ეს სიტყვები და რაღაცას ფიქრობდა. ფიქრობდა და ათვალიერებდა არე–მარეს.
დილით ნუნუ სამსახურში ქმარს მოჰყავდა მანქანით. ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიჰყავდა კიდეც. სამშაბათსა და პარასკევს ვერ ახერხებდა წაყვანას და ნუნუ ავტობუსს მიჰყვებოდა. ავტობუსი, დაახლოებით, საღამოს 7 საათზე კოჯრის სახლის ჭიშკრის ცოტა ქვევით ჩერდებოდა. ნუნუ ერთი 15– 20 წუთით ადრე გამოდიოდა, ჩამოჯდებოდა გაჩერების სკამზე და ელოდა.
ამ გვიანი შემოდგომის პარასკევ საღამოსაც, ჩვეულებისამებ, გამოვიდა ბავშვთა სახლიდან და გაემართა ჭიშკრისკენ. – აქ ვიღაც აუცილებლად დაასხამს ტვინსო, – ჩაიბურდღუნა. ფრთხილად მიდიოდა, თითქოს ოჩოფეხებზე დგასო, თან ბავშვების ულუფიდან მოპარული შაქარი და ფქვილიც მიჰქონდა. – ეს ბარგი რაღა დღეს ავიკიდე, მანქანით წავიღებდიო, – ბუტბუტებდა თავისთვის. – კვირას ხომ უნდა გამოვაცხოო, – იმართლებდა თავს. თითქმის მიუახლოვდა ჭიშკარს, როცა ხიდან რაღაც შავი ჩამოხტა და „ბუო,“ – დაიძახა. მოულოდნელობისგან ნუნუ უკან გადაქანდა და ამ დროს შემზარავად იკივლა ბუმ (ან ეს ბუ დაბარებულივით საიდან გაჩნდა, ან ასეთი კივილი როგორ აღმოხდა – არავინ იცის). ნუნუმ სურსათს ხელი გაუშვა, შიშისგან დამუნჯებულმა მკლავები უმწეოდ ააფართხალა, წონასწორობა დაკარგა, უკან გადავარდა და გვერდულად დაეხეთქა ქვებს. ერთი გატოკდა და შემდეგ აღარ განძრეულა. ირგვლივ შაქარი და ფქვილი მიმოფანტულიყო. შავი მიუახლოვდა, დააკვირდა და გაიღიმა. წვეტიანი რიყის ქვა ნახევრამდე შესულიყო ნუნუს საფეთქელში. ქალი თვალახელილი იწვა. – ძაღლს ძაღლური სიკვდილიო, – ჩაილაპარაკა შავმა, მიაფურთხა, გადააბიჯა, სახლისკენ გაიქცა და ჩუმად გადაძვრა ფანჯრიდან.
ამ ამბავს ორი მოწმე ჰყავდა: სავსე მთვარე და ფანჯარასთან გაშეშებული სანდრიკა.
უცებ დაჭექა, დაიქუხა, მეხი გავარდა, ელვამ გააპო ცა და კოკისპირული წვიმაც წამოვიდა.
აურზაური შუაღამისას ატყდა. ხალვაშის ქმარმა ცოლის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც. მილიციაც მან გამოიძახა და ჩაძინებული ბავშვთა სახლიც გამოაღვიძა. არც არავის არაფერი უნახავს და არც არაფერი გაუგონია. ძალადობის ნიშნები არ იყო, ოქრო–ბრილიანტები ადგილზე დახვდათ, რაღას იზამდნენ? ერთკვირიანი მოკვლევის შემდეგ გამომძიებელმა დაასკვნა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. ამ ამბავმაც ასე ჩაიარა. თორმეტი წლის იყო შავი.

–––
ცამეტიოდე წლის იქნებოდა თეთრა და მეზობელ თათუნასთან იყო შესული. თათუნას წლინახევრის კატო ჰყავდა. თეთრას უყვარდა კატო და ხშირად ეთამაშებოდა. სამზარეულოში ისხდნენ, თათუნას დიდი ქვაბით სარეცხი დაედგა გამოსახარშად. რადგან აქ ხარ, ეთამაშები კატოს, მე სარეცხს ამოვიღებ, გავავლებ და
გავფენო – თქვა და ჯოხით თეთრეულის ამოღება დაიწყო. მოუქნელად მოატრიალა ჯოხი, ქვაბი შეტორტმანდა და გადმოქანდა. კატო იქვე იდგა, როგორ ისკუპა თეთრამ, როგორ აიტაცა კატო ხელში და ბავშვიანად ერთი ნახტომით როგორ აღმოჩნდა მოპირდაპირე კუთხეში, თვითონვე არ იცის. იდგა და ცახცახებდა. ქვაბი გადმოპირქვავდა და ის ადგილი, სადაც კატო იდგა, დაიმდუღრა. თათუნა ვერც კი გაინძრა, მდუღარე ფეხებზე შეესხა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა, აივანზე გავარდა და ყვიროდა: – ანგელოზია, ბავშვი გადამირჩინა, თეთრა ანგელოზიაო,. თეთრამ კატო აივანზე გამოიყვანა, ტახტზე დასვა, სათლი ცივი წყლით აავსო და თათუნას ფეხებზე გადაასხა. თათუნა კი ისევ ყვიროდა: – ანგელოზია, ანგელოზიაო ...

–––
ერთი თვე არ ჰყავდათ დირექტორი ბავშვთა სახლში. შემდეგ კი შალვა არველაძე დანიშნეს, ომის ვეტერანი იყო. გაახაროს ღმერთმა მისი მონაგარი, ადამიანი იყო, ნამდვილი ა დ ა მ ი ა ნ ი. უყვარდა ბავშვები, ყველას სახელებიც უცებ დაიმახსოვრა და მათ ხასიათებსაც აუღო ალღო. დიდებს დიდურად ექცეოდა, პატარებს ეთამაშებოდა და ზღაპრებს უყვებოდა. ერთხელ, თხრობისას, ისე შეიჭრა როლში, რომ ბაბაიკას გასაგდებად მოქნეული ჯოხით ფანჯრის მინაც კი ჩატეხა. ბევრი იცინეს. გალაღდნენ ბავშვები, ამოისუნთქეს. გაზაფხულზე გოგონებმა ახლად დაკრეფილი ყვავილებით მორთეს მისი კაბინეტი. ბიჭები სამხედრო სალმით ხვდებოდნენ.

–––
თოთხმეტი წლის იყო თეთრა, როცა მის მზეთუნახავ დედას, ნუცა ერისთავს უკურნებელი სენი აღმოაჩნდა. სამ თვეში სანთელივით გაყვითლდა, დადნა და ჩაქრა.
ნუცა თავის დასთან, ნატასთან ერთად თბილისის ულამაზეს ქალთა რიცხვს ეკუთვნოდა. ვერაზე კი დებს მეტოქეც კი არ ჰყავდათ. ბიჭები იდგნენ და მათ ფანჯრებს შეჰყურებდნენ, იქნებ გამოჩნდნენ დები და დავინახოთო.
ნატა ერთი წლით უფროსი იყო ნუცაზე, ორივეს ხორბლისფერი თმა ჰქონდა და ნუშისებრი ლურჯი თვალები, ლოყაზე ორივეს ხალი ჰქონდა ( grain de beauté – როგორც ფრანგები იტყვიან). ნატას – მარჯვენა ლოყაზე, ნუცას კი – მარცხენაზე. ტანწერწეტები იყვნენ, მაღალ თხელ ფეხებზე შემდგარი.
თხუთმეტი წლის გათხოვდა ნუცა და თექვსმეტი წლისას უკვე თეთრა ჰყავდა. დები დიდი სიყვარულით უვლიდნენ ბავშვს.
ნუცას გარდაცვალების შემდეგ, ნატა ჩაწვა და აღარ ამდგარა, ექვს თვეში ისიც გარდაიცვალა.
სულ მარტო დარჩა თეთრა. ამდენი სითბო და სიყვარული საშინელი სიცივით შეეცვალა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ გიორგიც, თეთრას მამა, თითქოს გაიყინა. ბავშვობიდან უგონოდ უყვარდა ნუცა და უმისოდ სიცოცხლემ აზრი დაკარგა მისთვის. ვეღარ ცნობდა თეთრა მამას. აღარც კი საუბრობდნენ.
საბედნიეროდ თეთრას ბავშვობის მეგობარი თამთა ჰყავდა.
თამთას მომნუსხველი გარეგნობა ჰქონდა – ხშირი, შავი ტალღოვანი და მბზინავი თმა, უზარმაზარი ხალებიანი მწვანე თვალები, ოდნავ კეხიანი, მთრთოლვარენესტოებიანი ცხვირი და ბადაგისფერი ვნებიანი ტუჩები. მიმზიდველი იყო, მომაჯადოებელი, თვალს ვერ მოსწყვეტდი. გაშტერებული უყურებდა ხოლმე თეთრა მეგობარს და ხშირად ეუბნებოდა: – რა ლამაზი ხარ, თამთა.
თამთას და თეთრას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მუსიკაზეც ერთად დადიოდნენ, მშვენივრად უკრავდნენ და მღეროდნენ.

–––
უდედოდ დარჩენილ თეთრას თამთას დედა, ნიცა ხაინდრავა უვლიდა. ორივეს ერთად ურეცხავდა, უუთოებდა და ქალსაც აგზავნიდა სახლის დასალაგებლად. სკოლიდან დაბრუნებულებს ერთად ასადილებდა გოგონებს.
მერე თეთრას მამამ სთხოვა ნიცას, დამხმარე ქალი გვიშოვე, ჩვენთან იცხოვრებს, დარეცხავს, დაასუფთავებს, საჭმელსაც გაგვიკეთებს და ოჯახს დავემსგავსებითო.
გაიკითხ–გამოიკითხა ნიცამ და ვინმე წყნეთელი მეგი იპოვა. აუხსნა მისი მოვალეობები, დაათვალიერებინა სახლი, გააცნო გიორგი და თეთრა და დაითანხმა. მეგი მოკრძალებულად იქცეოდა, კარგი დიასახლისი აღმოჩნდა და კმაყოფილები იყვნენ.
ცოტა თეთრა აითვალწუნა. „ნეჟნი–მაროჟნის“ ეძახდა. თეთრას გაკეთებული ანგელოზის ფრთები ამოიჩემა, – მტვრის ბუდეაო, იმეორებდა. ერთხელ გადაგდებაც დააპირა. თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, საბერტყი ჯოხი მიარტყა, ნამცეცი მტვერიც კი ვერ გამობერტყა. მაინც არ დაიბნა, – ისეა მტვერი ჩამჯდარი, რომ გაქვავებულიაო.
თეთრამ, მისთვის შეუფერებელი სიმკაცრით უთხრა – ამ ფრთებს ხელს არ ახლებო. იმ დღეს ასე დამთავრდა ორთაბრძოლა.

–––
თხუთმეტი წლის რომ გახდა შავი, ტანი აიყარა და მხრებში გავიდა. ძალიან მაღალი იყო და უზარმაზარი მხრებითა და კუნთებით გოლიათს ჰგავდა. სანდრიკას შავზე უკეთესი არავინ ეგულებოდა ამ ქვეყანაზე. მასთან მეგობრობა და სიახლოვე ეწადა. შავი ემეგობრებოდა, მაგრამ რაღაც სიფრთხილეს იჩენდა მისდამი.
ხუთი წლის იყო სანდრო, როცა მამამ მიატოვათ. დადარდიანდა დედამისი, დასევდიანდა და სმა დაიწყო. სანდრიკას დედა რუსი იყო. აირია ოჯახი. დედამ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ვერ გაუძღვა ცხოვრებას და სანდრიკა ბავშვთა სახლში ჩააბარა. ამოაკითხავდა შვილს და მამის წინააღმდეგ ამხედრებდა. – მიგვატოვა, არ ვუყვარვართ, მოგაკითხავს და ხმა არ გასცეო. პატარა იყო სანდრო და სჯეროდა დედის.
მამა საჩუქრებით დატვირთული აკითხავდა სანდრიკას და მისი შაბათ–კვირით თავისთან წაყვანაც სურდა, მაგრამ სანდრიკა გაურბოდა, ემალებოდა, არ ენახვებოდა. ამაოდ ელოდა მამა. საჩუქრებს შავს უტოვებდა შვილისთვის გადასაცემად და თავჩაქინდრული, დაღვრემილი, ნელი ნაბიჯით ტოვებდა იქაურობას. სანდრიკა კი ისე იმალებოდა, რომ კარგად დაენახა მამა, მონატრებული შორიდან შესცქეროდა მშობელს. ასე გადიოდა წლები.
მამამ თორმეტი წლის სანდროს სამუდამოდ თავისთან წაყვანა გადაწყვიტა და ბევრი იბრძოლა ამისთვის. დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო და თან თორმეტი წლის ბავშვს უფლება ჰქონდა სასამართლოზე თავისი აზრი ეთქვა და სანდრომ უარი თქვა.
თექვსმეტი წლის რომ გახდა სანდრო, მამამ Seiko–ს ფირმის საათი აჩუქა. არც ამ საჩუქრის ასაღებად გამოსულა სანდრო, შავმა გადასცა საათი და მამის წერილი. მამა წერდა, – დიდი ბიჭი ხარ უკვე და მოდი დავსხდეთ, კაცურად დავილაპარაკოთო. არ გამოხმაურებია სანდრიკა. შავმა ურჩია: – დაელაპარაკე, ბიჭო, ნახე რას გეტყვისო. თან ინატრა. – ნეტა, მე მყავდეს მამაო. სანდრიკა კი გაჯიქებული იყო. ნაჩუქარი საათით აღფრთოვანდნენ ბიჭები, სანდრომ კი არ შეიმჩნია სიხარული და არც კი გაიკეთა საათი მაჯაზე. ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და სთხოვდნენ სანდრიკას, არა, მე მათხოვე, გავიკეთებ და არა მეო, რიგრიგობით ყველას ეკეთა საათი. ცხრილიც კი შეადგინეს და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. თვითონ კი არ იკეთებდა.

–––
ჩვიდმეტი წლის იყო სანდრიკა, როცა მამა გარდაეცვალა. სულ ახალგაზრდა კაცი გულის შეტევით წავიდა. ბიჭებს ეგონათ, სანდრო არ დაესწრებოდა პანაშვიდებს და დასაფლავებას, მაგრამ შეცდნენ. სანდრო სულ იქ იყო. დაკრძალვაზე კი შავი და რამდენიმე ბიჭი წაიყვანა თან. მაშინ მიხვდნენ ბიჭები, როგორ ჰყვარებია სანდროს მამა. მწარედ იტირა სანდრიკამ და საფლავშიც კი ჩახტა სიმწრისგან, ძლივს ამოიყვანეს. მას შემდეგ სანდროშიც მოკვდა რაღაც, რაღაც უხილავი.
პირველად მამის დასაფლავებაზე გაიკეთა სანდრომ საათი და მას შემდეგ აღარც მოუხსნია მაჯიდან. აღარც ბიჭებს უთქვამთ, გვათხოვეო.

–––
დაძაბუნდა, დასუსტდა ნენე ბებო, ჩაწვა და ვეღარ დგებოდა, ძალა გამოეცალა. ბავშვები მარტო არ ტოვებდნენ, ერთ–ერთი მათგანი ყოველთვის მასთან იყო. მესამე დღე რომ ილეოდა, თქვა: – მივდივარო. სანდრიკა შეეხვეწა, არავინ გვყავს შენს გარდა და ნუ მიგვატოვებო. პატარებს ცრემლები ღაპა–ღუპით ჩამოსდიოდათ. ნენე ბებომ ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ღმერთის სიტყვები უთხრათ: – „ქალმა რომც დაივიწყოს თავისი პირმშო, მე არ დავივიწყებ მასო.“ ღმერთი ყველგან არის, ყველას იცნობს, იცის ყველას სახელი და ყველას მფარველობსო. ბავშვები უსმენდნენ, მაგრამ ისე უპატრონოდ გრძნობდნენ თავს, ძნელად იჯერებდნენ მის სიტყვებს. – გაიზრდებით, მიხვდებით და გაიხსენებთ ჩემს სიტყვებსო, დაამშვიდათ ნენე ბებომ. უფრო და უფრო სუსტდებოდა. – მოდით სათითაოდ დაგლოცავთო, უთხრათ. თითოეულს თავზე დაადო ხელი და დალოცა. – ახლა კი უნდა გამიშვათ, ჩემი დრო მოვიდაო. შავი მიუახლოვდა, ხელი ხელზე დაადო და შუბლზე აკოცა. სხვებიც სათითაოდ მიდიოდნენ და ემშვიდობებოდნენ. ბოლოს პატარა გოგუცა ჩაეხვია ნენე ბებოს და ცრემლებით დანამა. – ასეთი სიყვარულით არავინ წასულა ამ ქვეყნიდან, ალბათო, –თქვა ნენემ, თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და მიიცვალა.
ჩვენ თვითონ უნდა დავმარხოთო, გაჯიუტდნენ ბავშვები. ზამთარი იყო, ციოდა და თოვდა. მიწაც დამზრალი იყო, მაგრამ ბიჭები თვითონ თხრიდნენ საფლავს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. გაოცებული მესაფლავეები იქვე იდგნენ და აგულიანებდნენ, – ყოჩაღ, ბიჭებო, ცოტაღა დაგრჩათო“ ასე უხმოდ გათხარეს საფლავი. კუბოც თვითონ შეკრეს, მეკუბოვე საშა ეხმარებოდათ. პანაშვიდიც გადაუხადეს, კოჯრელი 3 თუ 4 მოხუციც მოვიდა. თვითონ გამოასვენეს და
დაასაფლავეს ნენე ბებო. თითო მუჭა მიწა ყველა ბავშვმა მიაყარა. დიდი ჯვარიც დაადგეს საფლავზე და დააწერეს ნენე ბებო. მდუმარედ ბრუნდებოდნენ უკან კიდევ ერთხელ დაობლებული, მარტო დარჩენილი ბავშვები.
გაზაფხულზე მოასწორეს და შემოღობეს საფლავი. გოგონებმა მტირალა ტირიფი დარგეს..

–––
თვრამეტი წლის გახდა შავი და თავისი გზა უნდა ეპოვა, ბავშვთა სახლში ცხოვრების უფლება აღარ ჰქონდა. ერთი ბიძა ჰყავდა თბილისში, დედის ძმა – აკაკი. ინვალიდი იყო, შავის მოვლა და გაზრდა არ შეეძლო, მაგრამ ხშირად ეხმარებოდა. ტანსაცმელს, ფეხსაცმელებს და საკვებიდან ძირითადად ხილს უგზავნიდა. თექვსმეტი წლის იყო, როცა ბიძის წერილი მიიღო, რომ დაკაცდები, ჩემთან მოდი საცხოვრებლადო. და აი, მოვიდა კიდეც ეს დღე. ბიძა ძველ, მაღალჭერიან, ლამაზ სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა ვერაზე. ავეჯიც ძველი და ძვირფასი იყო, მდიდარი ბიბლიოთეკაც ჰქონდა.
ბიძა ინვალიდობის პენსიით ინახავდა თავს, არაფერი გაუყიდია. გულწრფელი სიხარულით შეხვდა დისშვილს ( შავი უტყუარი ალღოთი გრძნობდა ამას). – ცხონებული მამაჩემის ალმასხანის ასლი ხარო, აღმოხდა. ბინაშიც ჩაწერა და უთხრა, ეს ყველაფერი შენიაო. დედამისის კუთვნილი ძვირფასი თეთრი მარგალიტისთვლიანი ოქროს ბეჭედი და საყურეებიც აჩვენა, შენი ცოლისთვის არისო. კარგი კაცი ყოფილა ბიძა და შავმა სახლში იგრძნო თავი. ბიძას კონტუზიის შემდეგ ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ ყველაფერს მაინც მკაფიოდ და გასაგებად ამბობდა.
– მადლობა ღმერთს მოვესწარი შენს მოსვლას, თორემ ფრიდონა სადაცაა ბინას წამართმევდა, ვერიჩკას უკვე წაართვა ორი ოთახი და ერთ უფანჯრო ოთახში დატოვაო, – უთხრა, – ფრიდონ გელენჯავა აქვე, ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. სოფლიდან რომ ჩამოვიდა, მდგმურად იყო ვერიჩკა ამაღლობელთან. ვერიჩკა დედასავით ექცეოდა. ფრიდონმა მალევე დაიწყო მუშაობა საწყობის გამგედ და ფულიც შემოუვიდა. ცოლიც აქ მოიყვანა და ქალიშვილიც აქვე შეეძინა. ვერიჩკას სთხოვა, ამდენ სიკეთესა და მადლს მარილიც მოაყარე და შენს ბინაში ჩამწერე, ფულს მე მივცემ სახლმმართველობაში. მერე თბილისში ჩაწერა მექნება, მე ვიცი და ჩემმა კაცობამ, ბინას ვიყიდიო. მეზობლები აფრთხილებდნენ ვერიჩკას, უცხო კაცს ნუ ენდობიო. მან კი გულუბრყვილოდ მთელი ოჯახი თავისთან ჩაწერა. არის ახლა მოცუცქნულ უფანჯრო ოთახში გამოკეტილი და ძლივს მიფაჩუნობს საერთო ტუალეტში. ვერიჩკას ბინა ჩემსას ემიჯნება და ახლა ჩემს ოთახზე დამიწყო დავა, მარტოკას რად გინდა ამხელა ფართობი? მე ახალგაზრდა ზრდადი ოჯახი მაქვს და ცალკე საძინებელი მჭირდებაო. სულზე მოასწარი მოსვლაო.
შავის გამოჩენამ ფრიდონი გააბრაზა. – ეს ვიღას ტრინკიაო, – ამბობდა ზურგსუკან. პირისპირ კი ვერაფერს ეუბნებოდა. ეშინოდა.
თავისი ოთახების წინ საერთო აივნის დიდი ნაწილიც მიისაკუთრა და ვიწრო გასასვლელიღა დატოვა, ისე, რომ მეზობლები გვერდულად გადი–გამოდიოდნენ. კიდევ კარგი ღია აივანი იყო, უშუშაბანდო და ეს სივრცე არსებობდა, თორემ შავი ვერც კი გაეტეოდა იმ გასასვლელში. ფრიდონი სახლის რწმუნებულიც გახდა, გათამამდა და როცა დათვრებოდა, ყვიროდა:
– ეჰეი, მათხოვრებო, ჩემია ეს სახლი, მე ვარ აქაურობის ბატონ–პატრონი.
ოჯახშიც ყიამყრალი იყო. ცოლ–შვილსაც ყველაფერს ამადლიდა, – თავს ვიკლავ, გარჩენთ, არაფერს გაკლებთ, ვწვალობ, ვიხარჯები და არ მაფასებთო. – აღარ გინდა, ნუ წვალობ, ყველაფერი გვაქვს, მადლობლები ვართო, – ეუბნებოდა ცოლი. – ეჰ, რა კაცი?! მათხოვრებში ვცხოვრობო – გაიძახოდა ფრიდონი.

–––
ბიძასთან ახალი გადმოსული იყო თვრამეტი წლის შავი, როცა ქუჩაში სკოლიდან მომავალი თხუთმეტი წლის თეთრა და თამთა შემოხვდნენ. თეთრამ და შავმა იმთავითვე გამოარჩიეს ერთმანეთი, როგორც ამას განსაკუთრებული ადამიანები აკეთებენ. თამთა გაგიჟდა, – ვინ არის ეს ბიჭი, აქამდე არასოდეს მინახავსო?! როგორ მომწონს, უნდა გავიცნოო. იმ დღის შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და თამთამ აიჩემა, შავი მიყვარსო.
თეთრასაც მოსწონდა შავი, მაგრამ თამთას ხათრით ვერაფერს ამბობდა.

–––
აუხდა მეგის დიდი ხნის საწადელი და ხელში ჩაიგდო გიორგი. გაბატონდა სახლში. თეთრას ოთახს აივნიდან ცალკე შესასვლელი ჰქონდა, ამით ისარგებლა და სხვა ოთახებში გასასვლელი კარი ჩაკეტა, კარადა მიადგა, გარიყა თეთრა. – დიდი გოგოა უკვე, დამოუკიდებლობა უნდა ისწავლოს და ჩვენც ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, ახალი შეუღლებულები ვართო, – უხსნიდა თავის საქციელს გიორგის. ნუცას და ნატას სამკაულებიც გაიკეთა და მათი ტანსაცმლის გადაკეთება–ჩაცმაც დაიწყო. ჟაკეტებს და ქურქებს ვერ იკრავდა, გახსნილი ეცვა. რაც ვერ მოირგო, გადაყარა. თეთრას არაფერს ეკითხებოდა.
სურათების გადაყრაც მოინდომა, ყუთით გაიტანა სადარბაზოში. შემთხვევით სტუმრად მოსულმა თამთამ აღმოაჩინა ეს ყუთი და შემოიტანა თეთრასთან. ბიჭიც გააჩინა მეგიმ და მასაც გიორგი დაარქვა. უხაროდა თეთრას, ძმა მყავსო, მაგრამ მეგი ახლოსაც არ აკარებდა ბავშვს. მამა დამნაშავედ გრძნობდა თავს და ჩვიდმეტი წლის თეთრას დაბადების დღეზე თეთრი ჟიგული უყიდა. კინაღამ გაგიჟდა მეგი, იწყევლებოდა.

–––
ერთხელ შავი კიბეებზე ჩადიოდა, ხოლო ხორაგით დატვირთული, მთვრალი ფრიდონი კი ამოდიოდა. სასმელმა გაათამამა და შავს სახედაღრეჯილმა უთხრა, – შე ნაბიჭვარო, შენ როგორ უნდა ჩამიშალო გეგმებიო. გატიალებული იყო, ბარბაცებდა, წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა. შავი გაჩერდა, გაირინდა და ზიზღით ( აი, ისეთი ზიზღით, რაღაც სიბინძურეს რომ უყურებ და არ გინდა შეეხო) მიაჩერდა ფრიდონს. უცებ, სრულიად მოულოდნელად, ტანით წინ წაწევის მუქარითი მოძრაობა გააკეთა, არც კი შეხებია ფრიდონს. მათ შორის საკმაო მანძილი იყო. ფრიდონი ინსტიქტურად უკან გადაქანდა, წონასწორობა დაკარგა და კიბეზე გადაიჩეხა. ჯერ ხის კიბეებზე ჩარიხინდა, ბოლოში კი რამდენიმე მარმარილოს საფეხური იყო და იქ დაახეთქა თავი, ინერციით კიდევ ერთხელ გადატრიალდა და გაშეშდა. ხორაგი მიმოიფანტა. შავმა ჩაირბინა კიბეები, გადააბიჯა ფრიდონს, – ნაგავოო, უთხრა და სადარბაზოდან გავიდა.
ქუჩაში გამოსულს სანდრიკა შეეფეთა, შენთან მოვდიოდიო. შორიახლოს დადგნენ და საუბრობდნენ. სადარბაზოში ხმაური ატყდა, კივილი გაისმა. ბიჭებიც შევიდნენ.
ფრიდონის ცოლი ლელა და სამიოდე მეზობელი თავს დასტრიალებდნენ მკვდარ ფრიდონს. სანდრიკა ჩაფიქრდა, იქვე იდგნენ და სადარბაზოში შესული არავინ დაუნახავს. ესე იგი .... და სანდრომ შავს შეხედა. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. ბევრი იცოდა სანდრიკამ.
ოცი წლის იყო შავი.
არა მოწმე, არა ძალადობა – მთვრალი კაცის უბედური დასასრული. დაობლდა ფრიდონის ქალიშვილი ნანა და დაქვრივდა ლელა. ყველამ დაისვენა. მისმა ოჯახმაც კი. ლელამ შემოღობილი აივანი მოანგრევინა და მეზობლებთან ურთიერთობა აღადგინა. ვერიჩკასაც უვლიდა და პატრონობდა.
და დრო გადიოდა.

–––
შავი ჯერ შორიდან უყურებდა წიგნებს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კარადა გააღო და წიგნები დაათვალიერა. შემდეგ ერთი გამოიღო და კითხვა დაიწყო. დაიწყო და წიგნს წიგნზე ნთქავდა. ზოგჯერ მეორედაც უბრუნდებოდა და გადაიკითხავდა ხოლმე.
ერთხელ სახლში იყო და კითხულობდა, როცა ქუჩიდან ჯერ ძლიერი დამუხრუჭების, ხოლო შემდეგ შეჯახების ხმა მოესმა. გადაიხედა და დაინახა, რომ შეჯახებისას ერთ მანქანას თითქმის დაუპრესია მეორე. ეს მეორე თეთრი ჟიგული .... როგორ ეცნობა .... შავი გიჟივით გაიქცა, ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გავარდა. მის დანახვაზე ხალხი გადგა. შავი მივარდა და მანქანაში ჩაჭეჭყილი თეთრა დაინახა. არაადამიანური ძალით გამოგლიჯა კარი, უფრო სწორად ნაკარალი და ფრთხილად შეეხო ქალს. ერთმანეთს შეხედეს. – როგორ გადარჩა ამ ჩაპრესილ მანქანაში, – გაიფიქრა შავმა. დიდი წვალებით გამოიყვანა თეთრა და ხელში აიტაცა. თეთრა უვნებელი იყო, ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. არც იკატუნებდა თავს, არც თვალები დაუხუჭავს, არც გულისწასვლა მოუგონებია. თვალებში უყურებდა შავს და მის მკლავებში ძალიან კარგად გრძნობდა თავს. – რა მსუბუქია, – გაიფიქრა შავმა, – ბუმბულივით არის.
ნეტავ, იცოდეთ, რა კარგი იყო შავის მკლავებში ყოფნა. ასე ხელში ატატებული აიყვანა შავმა თეთრა სახლში და ტახტზე დასვა.
– ექიმი ხომ არ გამოვიძახოთ? – იკითხა შავმა.
– არა, არ არის საჭირო, – თქვა თეთრამ.
ამ დროს აივანზე ნაბიჯების ხმა გაისმა და თამთამ დაიძახა:
– თეთრა, რა მოხდა? ცოცხალი ხარ? და ქარივით შემოვარდა ოთახში. მომაჯადოებელი იყო, როგორც ყოველთვის.
ყველას დანახვას ელოდა თამთა შავის გარდა. შეაფეთა თავისი მწვანე თვალები შავს და გაშეშდა.
– რა ლამაზი ხარ თამთა, – როგორც ყოველთვის აღტაცება ვერ დამალა თეთრამ. შავმა გაიღიმა, წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
თამთა გამოფხიზლდა.
– ასე უპატივცემულოდ ვერ გაგიშვებთ, თქვა თამთამ – თეთრა, როგორც ჩანს, თქვენი გადარჩენილია, – და დატრიალდა.
პატარა სუფრა გაშალა და ერთი ბოთლი ღვინოც კი აღმოაჩინა.
– თეთრას გადარჩენის დავლიოთ.
– კარგი, დავლიოთ, – დაეთანხმა შავი, თან გახსნა ბოთლი, ჭიქებში ჩამოასხა და თამთას შეხედა.
თამთამ ჭიქა ასწია და – ჩვენს გაცნობას გაუმარჯოსო, – თქვა.
– აკი, თეთრას გადარჩენისას ვსვამთ? – გაეცინა შავს.
– ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, – დაიჟინა თამთამ.
– კარგი სადღეგრძელოა, – თქვა თეთრამ, – დავლიოთ.
– გაუმარჯოს! – მიაჭახუნეს ჭიქები და დალიეს.
– ახლა მე წავალ, – თქვა შავმა, მივიდა თეთრასთან და ხელზე აკოცა.
– მეც მოვდივარ, – თქვა თამთამ
– უმჯობესია, თეთრასთან დარჩე, – ურჩია შავმა.
– არა, მეც მოვდივარ, – გაჯიუტდა თამთა.
დაემშვიდობნენ თეთრას და გავიდნენ. კიბეზე ჩასვლისას თამთა რამდენჯერმე, ვითომ შემთხვევით, შეეხო შავს ხან მკლავით, ხან მხრით. სადარბაზოდან რომ გამოვიდნენ, შავმა მოიბოდიშა:
– მე თეთრას მანქანით დავკავდებიო. – და წავიდა
მარტო დარჩენილი თამთა უკან შებრუნდა. თეთრა ისევ ისე იჯდა და შავზე ფიქრობდა. თამთა უხმოდ დაჯდა.
– იცი, თამთა, შავი მეც მიყვარს, – თქვა თეთრამ.
– შავი ყველას უყვარს, – უპასუხა თამთამ. – მაგრამ ან ჩემი იქნება, ან შენი. მერე დაფიქრდა და უცნაური რამ თქვა:
– ან ორივესი.

–––
რამდენიმე დღის შემდეგ შავმა მოულოდნელად მოაკითხა, თეთრა მარტო იყო სახლში. არ იყო მიჩვეული ბიჭების სტუმრობას და ცოტა დაიბნა. შემოვიდა შავი, შეხედა თეთრას და – მიყვარხარო, უთხრა. – მეც მიყვარხარო, უპასუხა თეთრამ. შავი მიუახლოვდა გოგონას. უზარმაზარი იყო, ძლიერი და სასურველი. თეთრას თავბრუ დაეხვა, შავმა ხელში აიტაცა თეთრა და ტახტზე დააწვინა. თეთრას მღელვარებისგან გული კინაღამ წაუვიდა. გაუწვდინა მკლავები შავს და შემდეგ აღარაფერი ახსოვს. მთელი ღამე ალერსში გაატარეს. ნაზი იყო თეთრა და ტკბილი. ეს იყო დაუვიწყარი ღამე.
ჩვიდმეტი წლის იყო თეთრა და პირველი მამაკაცი იყო მისთვის შავი.
ბედნიერი იყო შავი, კიდევ უფრო შეუყვარდა თეთრა. მისი დაცვა, მფარველობა, და მოფერება მოუნდა. ვინმეს თითიც კი რომ დაეკარებინა თეთრასთვის გაგლეჯდა, ალბათ.

–––
შავი ნასვამი ბრუნდებოდა გვიან ღამით. სახლთან თამთა ელოდა. შავს გაუკვირდა:
– აქ რას აკეთებ თამთა?
– შენ გელოდები.
– მე ნასვამი ვარ.
– სამაგიეროდ მე ვარ ფხიზელი
მომნუსხველი იყო თამთა, ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებდა ცდუნებას.
– არ გინდა თამთა, წადი, – უთხრა შავმა.
– მიყვარხარ, – უპასუხა თამთამ.
– მე თეთრა მიყვარს, – თქვა შავმა.
– ვიცი, მე შენ მიყვარხარ.
შავმა შეხედა ამ ნორჩ, მშვენიერ გოგონას და უთხრა:
– კარგი, წამოდი.
მთელი ღამე ალერსში გაატარეს. ვნებიანი იყო თამთა და მწარე. ეს იყო თავბრუდამხვევი ღამე. ჩვიდმეტი წლის იყო თამთა და პირველი მამაკაცი იყო მისთვის შავი.
ბედნიერი იყო შავი, თამთაც გაითავისა. ვინმეს თითიც კი რომ დაეკარებინა თამთასთვის, გაგლეჯდა, ალბათ.

–––
ბიძა თავს აქნევდა და ამბობდა: – ცხონებული მამაჩემი ხარ, ალმასხანი, იმასაც ორი ქალი ჰყავდაო.
შავსაც უკვირდა, როგორ შეიძლება ორი ქალი ასე ძლიერ მიზიდავდეს. ნუთუ ორივე მიყვარსო?
– გამოხოხებული ალმასხანი ხარ, სისხლი სისხლია, – იმეორებდა ბიძა.
თეთრა გაახსენდა და გაიღიმა. ნაზი იყო და სიტკბოებას განიცდიდნენ ერთად, ბავშვივით ეხუტებოდა შავს და იძინებდა. შავი ბედნიერი იყო, მოხვევდა მკლავებს და თვითონაც იძინებდა. იცოდა გაიღვიძებდა და თეთრას გაღიმებულ სახეს დაინახავდა.
თეთრა დაუდგა თვალწინ ნეტარებისგან გულწასული და მოენატრა.
თამთა გაახსენდა და გაეღიმა. თამთა ველური იყო, უსაზღვროდ ვნებიანი. გიჟურ ალერსში ატარებდნენ ღამეებს, ვერ ძღებოდნენ ერთმანეთით. ბოლოს ძალაგამოცლილები და დაღლილები, მაგრამ უზომოდ ბედნიერები იძინებდნენ. შავმა იცოდა, გაიღვიძებდა და აღარ დახვდებოდა თამთა, მაგრამ ბალიშს შენარჩუნებული ექნებოდა მისი სითბო და სურნელი, ჩარგავდა თავს ამ სურნელებაში და გააგრძელებდა ძილს.
თამთა დაუდგა თვალწინ ვნებისაგან მიბლეტილი თვალებით, მთრთოლვარე ნესტოებითა და კოცნისგან დაბუშტული ტუჩებით და მოენატრა.
ეს ორი ქალი უკლავდა მამაკაცურ ჟინსა და წყურვილს.
თეთრასთან ყოველთვის თვითონ ადიოდა და ბედნიერი ტოვებდა მას. თამთა კი თვითონ აკითხავდა და ბედნიერს ტოვებდა.
ვერცერთს ვერ დათმობდა, ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა.

––––
ორივე ქალი ერთდროულად აღმოჩნდა ორსულად.
მათი სასიყვარულო სამკუთხედის ამბავი გახმაურდა. ყველა გაოცებული იყო. ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა.
თავად შავი, თეთრა და თამთა კი ძალიან ბედნიერები იყვნენ. თეთრა და თამთა კიდევ უფრო დაახლოვდნენ და ვეღარ ძლებდნენ უერთმანეთოდ. ერთად დასეირნობდნენ ქალაქში. დაბრუნდებოდნენ, მიუსხდებოდნენ პიანინოს , უკრავდნენ და ერთად მღეროდნენ. მეგი თითს იტრიალებდა საფეთქელთან, აფრენენო.
– გოგო, მე შენს ადგილას, გავპუტავდი მაგ თამთას, – ეუბნებოდა თეთრას.
ზოგჯერ შავიც მოდიოდა და სამივე ერთად მხიარულობდა. სულ სიცილ–კისკისი ისმოდა ოთახიდან. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო.
– ბიჭო, რა გოგოები დაითრია?! – ამბობდნენ ვერელები.
თამთა ბევრს უყვარდა. ბიჭებს ელეთ–მელეთი მოსდიოდათ მის დანახვაზე. თამთა ზედ არავის უყურებდა. გაიშრიალებდა და მონუსხულს ტოვებდა ყველას.
ახალგაზრდა გამომძიებელს, დემურ მღებრიშვილსაც, უგონოდ უყვარდა თამთა. ჭკუას კარგავდა. ყველაფერი იცოდა მის შესახებ და მაინც სთხოვა ცოლობა. ცივი უარი მიიღო. გაბოროტდა და შეიძულა შავი. მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მიზეზს ეძებდა. შავის ბავშვობასა და მისი ოჯახის წარსულში იქექებოდა. განსაკუთრებით დარდიმანდას პიროვნებამ და მისმა მკვლელობამ დააინტერესა. რაღაცას ეძებდა ხელმოსაჭიდს. თვითონაც არ იცოდა რას..
სანდრიკას თეთრა უყვარდა. – შავს თამთა უფრო შეეფერებაო, – თავისთვის ფიქრობდა და შურდა შავის. ადრე ამ გრძნობას არ იცნობდა. გაახსენდა „დაბადებიდან“ ნენე ბებოს წაკითხული, როგორ აფრთხილებდა ღმერთი კაენს და ეუბნებოდა, „– რატომ დაღონდი და ჩამოუშვი პირისახე, თუ სიკეთეს აკეთებ, განა სახეაწეული არ უნდა იყო და თუ სიკეთეს არ აკეთებ, მაშ გულის ზღურბლთან ცოდვა დევს, ის გიზიდავს, ნუ გააბატონებ მას, შენ იბატონე მასზეო“, – სანდრიკამ თავი გააქნია და სახე ასწია.
ლამაზი ორსულები იყვნენ თეთრა და თამთა.
გოგონებს სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და ჯერ კიდევ ბავშვებად ითვლებოდნენ.
როდესაც მათი მშობიარობის დრო მოახლოვდა, შავმა გადაწყვიტა ზომების მიღება და ამოქმედდა.
მოულოდნელად მოვიდა თეთრასთან და უთხრა, შეთანხმებული ვარ და დღეს ქაშუეთში ჯვარს დავიწერთო. ჩემი მეჯვარე სანდრიკა იქნება და შენ, თუ გინდა, თამთა წამოიყვანეო. ასეც მოიქცნენ. უცნაური ჯვრისწერა იყო. სანდრიკას თეთრა უყვარდა და თამთას – შავი. თან ყველამ ყველაფერი იცოდა. და ორივე გოგონა შავისგან იყო ორსულად და მაინც უყვარდათ ერთმანეთი და ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ.
შავმა დედამისის ნაქონი მარგალიტისთვლიანი ბეჭედი და საყურეები გაუკეთა თეთრას ჯვრისწერისას.
უზომოდ ბედნიერები იყვნენ.
სანდრიკას გულის კართან კი შური ბუდობდა.
თეთრამ უარი თქვა საცხოვრებლად შავთან გადასვლაზე. მზად არა ვარო. შავი ეხვეწებოდა: – ჩემი ცოლი ხარ და ერთად უნდა ვიყოთო. არ ქნა თეთრამ.
– თვრამეტი წლის გახდები, ხელს მოვაწერთ და ჩემთან წამოხვალო, – თავს იიმედებდა შავი.
შემდეგ შავი გიორგისთან მივიდა და გულწრფელდ უთხრა: – მიყვარს თქვენი ქალიშვილი, ჯვარი დავიწერეთ, მაგრამ ჩემთან საცხოვრებლად არ მომყვებაო.
მეგიმ საფეთქელთან დაიტრიალა თითი და თვალები გადაატრიალა.
– ხელს რომ მოვაწერთ, იმედი მაქვს, მაშინ მაინც წამომყვებაო.
მერე თამთას დედასთან, ნიცასთან მივიდა და უთხრა, თქვენი ქალიშვილი ძვირფასია ჩემთვის, ჩემგან არის ორსულად და სიხარულით ველოდები შვილსო. ბავშვს ჩემს გვარს მივცემ და მამობასაც გავუწევო. თან დააყოლა, კარგად აღზრდილი შვილი გყავთო.
ბიძა სიხარულით ამბობდა, ორივე ბავშვს ჩვენს ბინაში ჩავწერთ, შენმა მოსვლამ გააცოცხლა აქაურობა და ისინი ჩვენს გვარს გააგრძელებენო.

–––
ვერ მოერია სანდრიკა ბოროტს და ცოდვა გაბატონდა მასზე. გასცა შავი და უამბო გამომძიებელს გიჟუას, ნუნუ ხალვაშის და ფრიდონ გელენჯავას ტრაგიკული დასასრულის ამბები. თავისი ფეხით მივიდა განყოფილებაში და სახეჩამოშვებული მძიმედ გამოვიდა იქიდან.
გამოვიდა და ტელეფონის ჯიხურს მიადგა. უყურა, უყურა ტელეფონს და ჯიხურში შევიდა. შავს დაურეკა.
– დემურა მღებრიშვილმა ყველაფერი იცის გიჟუაზე, ნუნუზე და ფრიდონაზე. წადი სახლიდან.
– შეეეეეეეენ? – ჰკითხა შავმა?
სანდრიკამ ყურმილი დაკიდა.
შავი აირია, სანდრიკა უნდა ნახოს. ნახოს და ყველაფერი გაიგოს. სახლიდან გამოვიდა და სანდრიკას საძებრად წავიდა.

–––
გაიხარა დემურ მღებრიშვილმა, ამას ეძებდა, იკვლევდა, ამაზე ოცნებობდა და აჰა, ნანატრი ლანგრით მიართვეს. კიდევ უფრო დაამძიმა მომხდარი, ფეხზე დააყენა ყველა და ყველაფერი, შავზე ნადირობა გამოაცხადა.
მირბოდა შავი და ესროდნენ. – შემოვლითი გზით სახლამდე უნდა მივაღწიო, იქ ასე უცებ არ მომძებნიან, ეგონებათ სხვაგან გავიქეცი.
დაჭრილი იყო შავი, იწვა და ფიქრობდა. მხოლოდ საკუთარ თავსღა ენდობოდა. სულმოკლე აღმოჩნდა სანდრიკა და უღალატა. შავმა თვითონ ამოიღო ჭრილობიდან ტყვია, თვითონ დაიდო ორი ნაკერი და თვითონვე გადაიხვია ჭრილობა ... მაგრამ ზურგშიც იყო ორი ტყვიით დაჭრილი და ვერაფრით მიუდგა იმ ჭრილობებს, ვერ შეაჩერა სისხლდენა. ტკივილს დიდიხანია ვეღარ გრძნობდა, ტკივილი, უბრალოდ, ბავშვობიდან აღარ სტკიოდა. სისხლისგან იცლებოდა.
შავი კვდებოდა. კვდებოდა შავი და სციოდა. მეხსიერების სიღრმიდან ამოტივტივდა ნენე ბებოს წაკითხული ეკლესიასტე – „სანამ არ გამწყდარა ვერცხლის ძეწკვი, და არ გახეულა ოქროს მოსასხამი, და არ გამტყდარა კოკა წყაროსთან და არ ჩანგრეულა ბორბალი ჭაში ...“ – რამ გამახსენა, – გაუკვირდა შავს.
––
„ვერცხლის ძეწკვი უკვე გაწყდა“ – ჩაილაპარაკა თავისთვის.

–––
ერთდროულად დაეწყოთ მშობიარობა თამთას და თეთრას.
– ერთად გვამშობიარეთ, – ითხოვდა თამთა.
მართლაც ერთად გაიყვანეს და ერთმანეთის გვერდით ამშობიარებდნენ. მთელი ვერის ახალგაზრდობა იქ იყო, ორი ყველაზე ლამაზი ვერელი გოგონა შავისგან აჩენდა ბავშვს. არც ერთი არ ყვიროდა, ჩუმად და მოთმინებით ასრულებდნენ ექიმის მოთხოვნებს. პირველად თამთა მორჩა, გოგონა ეყოლა, ხორბლისფერი, შავი თმით და უზარმაზარი მწვანე თვალებით.
სამშობიარო ტკივილების შემდეგ ისე კარგად იგრძნო თავი, რომ კინაღამ წამოხტა და თავზე დაადგა თეთრას. ძლივს დააკავეს. შემდეგ კი თეთრაც მორჩა, ბიჭი ეყოლა, შავი და ჯმუხი.
– აქაც მაჯობე,, – გაიცინა თამთამ.

–––
„ოქროს მოსასხამიც გაირღვა“ – თქვა შავმა.

–––
უცებ თეთრას სისხლდენა აუტყდა.
– მეორე მშობიარე გაიყვანეთ, – ბრძანა ექიმმა.
თამთა გაჯიუტდა და არ დაემორჩილა. გაჯიუტებული თამთას მომრევი კი არავინ იყო ამ ქვეყანაზე.
– აქ იყოსო, – ამოიკვნესა თეთრამ. არც ერთი არ ყვიროდა. თამთას თავისი უზარმაზარი თვალები შიშისგან კიდევ უფრო გაფართოებოდა და თეთრას მიშტერებოდა. ექიმები ფუსფუსებდნენ. დენას ვერ აჩერებდნენ. თეთრა სისხლისგან იცლებოდა.

–––
„კოკაც გატყდა წყაროსთან“, – თქვა შავმა.

–––
თეთრა კვდებოდა. კვდებოდა თეთრა და სციოდა. გაფითრებულმა მიაბრუნა თავი თამთასკენ და უთხრა, – ჩემი ბიჭის გაზრდაც შენ მოგიწევსო. – მომიახლოვეთო, – ითხოვა და თამთა მასთან მიაგორეს. მოიხსნა ჯვრისწერის დროს შავის გაკეთებული მარგალიტის ბეჭედი და თამთას გაუკეთა თითზე. საყურეებიც მოიხსნა და გაიკეთეო, – უთხრა. თამთამ უსიტყვოდ გაიკეთა. – ამ ბეჭედს და საყურეებს დღეიდან შენ ატარებ, შემდეგ ქალიშვილსა და რძალს გადაულოცავ, გულმა როგორც გითხრას, ისე გაანაწილეო. ჩემს ბიჭს შავი დაუძახეო, – უთხრა.
სისხლდენას ვერ აჩერებდნენ.
– მამაჩემი შემოიყვანეთო, – ითხოვა. აკოცა და უთხრა. ჩემს ბიჭს თამთა გაზრდის და შენ დაეხმარებიო. თავზარდაცემული გიორგი ბავშვივით ტიროდა და ყვიროდა – უშველეთ ჩემს შვილს, როგორმე უშველეთო. – კარგი მამა იყავი და მადლობელი ვარო, – უთხრა თეთრამ.
თამთა უზარმაზარი ცრემლებით ტიროდა. პირველად ტიროდა თავის სიცოცხლეში.
– რა ლამაზი ხარ, თამთა – დაიჩურჩულა თეთრამ.

–––
„ბორბალიც ჩაიშალა ჭაში“, – ძლივს წაიბუტბუტა შავმა.
––
უცებ ნენე ბებო და სიფრიფანა ნატო დაინახა, მისკენ მოდიოდნენ და უღიმოდნენ. შავმაც გაიღიმა და გათბა. ჩაჰკიდეს აქეთ–იქიდან ხელები და წაიყვანეს.

–––
თეთრამ მოულოდნელად დედა და დეიდა, მზეთუნახავი დები, ნუცა და ნატა ერისთავები დაინახა. უცინოდნენ და უახლოვდებოდნენ, იგრძნო, როგორ მონატრებია ისინი. გაიღიმა და გათბა. ჩაჰკიდეს აქეთ–იქიდან ხელები და წაიყვანეს.



მზია თვალაბეიშვილი

ლიტერატურული პრემია „ივერია–2019“–ის გამარჯვებული ნომინაციაში – წლის საუკეთესო ნაწარმოები პროზა(ში). დაჯილდოვდა ილია მართლის /ჭავჭავაძის/ ორდენით.
განთავსდა 2019 წლის აპრილის თვის თავფურცელზე.

ნოველა იწერებოდა ნაწილ–ნაწილ, ძირითადად, გასული საუკუნის 90–იან წლებში. ბოლო დრომდე იცვლებოდა, რაღაც ემატებოდა, რაღაც აკლდებოდა, ლაგდებოდა თანმიმდევრობით, იხვეწებოდა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები