ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2019


ხეები ადამიანებივით კვდებიან /ტოტემი/

ხეები ადამიანებივით კვდებიან /ტოტემი/

კვიცივით მიკუნტრუშებდა პატარა ნიკო თოვლიან გზაზე. ციცქნა ცივი ხელით კი მამის კოჟრიან, თბილ ხელს ებღაუჭებოდა. პირველად მიჰყვებოდა ტყეში. ხან ქვას წაჰკრავდა ფეხს, ხან გამხმარ ტოტს წაეპოტინებოდა. ანცობდა.
დიდხანს იარეს. ტყის სიღრმეში შევიდნენ. ბოლოს ორ ნაძვს მიადგნენ, ერთს – მაღალსა და ძლიერს, მეორეს კი –  პატარასა და სუსტს. მამამ გაუღიმა შვილს, მიუახლოვდა მაღალ, სურნელოვან ნაძვს და მძლავრად მოხვია ღონიერი მკლავები. ნიკომაც მიბაძა მამას და პატარა ნაძვს ჩაეხუტა. თბილმა ტალღამ გადაუარა, სრულიად დაფარა და შთანთქა. სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. ენერგიით აივსო, ძალა მოემატა, ხალისი იგრძნო.  კარგა ხანს იდგნენ ასე. მერე ჩამოუშვეს მკლავები და ერთმანეთს გაუღიმეს.
პირთამდე სავსე იყო ბედნიერებით ნიკო.
ტყიდან მობრუნებულმა შეშფოთებით ჰკითხა მამას:
– მამი, ჩვენი ნაძვები რომ მოჭრან?
– არა, შვილო, ვერ მოჭრიან. ხეები არავის მიუშვებენ ახლოს.
– არა?
– არა, – და ორივემ გულიანად გაიცინა.
საერთო საიდუმლო ჰქონდათ. შეთქმულებივით დაბრუნდნენ შინ.
დღეს დღე მისდევდა, თვეს თვე და წელიწადს წელიწადი. იზრდებოდა ნიკო, მამა კი ბერდებოდა.
დავაჟკაცდა ნიკო და მოტყდა მამა. ერთხელაც, ტყეში მისულებს, მამის ნაძვი გამხმარი დახვდათ. ჩემი დრო მოსულაო, – სევდიანად ჩაილაპარაკა მამამ. ნაძვს ხელის გულები  შეახო, დაემშვიდობა და გამობრუნდა. დაუძლურდა გზაში, ნიკოს დაეყრდნო და ასე წვალებით მივიდნენ შინ. დაწვა მამა და სამარადისოდ ჩაიძინა.

დაობლდა ნიკო.
დათრგუნა მარტოობამ, დროც მოვიდა და ცოლად მარუსაანთ ნინო, სოფლის თვალი, მოიყვანა. გაუტკბა თაფლობა, გადაავიწყდა თავისი საიდუმლო. მაშინღა გაახსენდა, როცა ტყეში შეშაზე გახდა წასასვლელი. მიაკითხა ნაძვს, მოეხვია, მოეფერა, უამბო ახალი ამბები, სიკეთით დაიმუხტა და გამომშვიდობებისას, იქვე, გვერდზე ციცქნა ნაძვი შენიშნა. მიხვდა, ნინოს სხეულში ახალი სიცოცხლე ფეთქავდა. გახარებულმა აკოცა პაწაწა ნაძვს, შეჰყვირა: – ეჰეჰეჰეიიიიიიიიიი, – და სახლისკენ გაიქცა.
არ შემცდარა. ცხრა თვეში ბიჭი–გიორგი მოიგეს.
ერთი სული ჰქონდა, როდის წამოიზრდებოდა გიორგი და როდის წაიყვანდა ტყეში, ზუსტად ისე, როგორც მამას დაჰყავდა. ეს დროც მოვიდა და გაუდგნენ მხიარულად გზას. მიიყვანა შვილი ნაძვებთან, აზიარა საგვარეულო საიდუმლოს. წინაპართა წინაშე მოიხადა ვალი. მას შემდეგ ერთად დადიოდნენ ტყეში და ნაძვის სურნელსაც ერთად დაატარებდნენ.

მერე ?... მერე ყველაფერი შეიცვალა. გიორგი ჯერ სასწავლებლად წავიდა ქალაქში, შემდეგ კი სამუშაოდ გაემგზავრა უცხო ქვეყანაში. ნიკომ იმ ქვეყნის სახელიც კი ვერ დაიმახსოვრა. მალე დავბრუნდებიო, აიმედებდა მშობლებს.
დაღონდა მამა.

შვილთან განშორება სტანჯავდა. დარდობდა. ეფიქრებოდა, როგორ ცხოვრობდა მშობლებთან გაყრილი გიორგი. ან როგორ სძლებდა უნაძვოდ.
თავიდან ხშირად იწერებოდა წერილებს. ნიკო კი ყოველ საღამოს ხმამაღლა კითხულობდა გიორგის თავგადასავლებს. როგორ უჭირდა, მერე მუშაობა დაიწყო. ცოტა ხანში უკეთესი სამსახურიც იშოვა. ცალკე ბინაც იქირავა, კმაყოფილი იყო. ფულსაც უგზავნიდათ. რაც უფრო მოკეთდა და დასახლდა, მით უფრო იკლო წერილებმა. მერე კი სულ შეწყდა. 
ნიკო კი, ტრადიციულად, მაინც კითხულობდა გიორგის წერილებს. ნინოც გულდასმით უსმენდა. ერთ საღამოს კი ნინომ ჩაილაპარაკა:
– ეგა, აღარ ჩამოვა. –  ტაბუდადებული სიტყვებისგან გაითავისუფლა სული  – წავიდა და წავიდა.
დასევდიანდა ნიკო, თითქოს მეორედ დაობლდა. აღარც წერილებს კითხულობდა.
კაცებს შესჩივლა ერთადერთი შვილის მონატრება და ვერ გაუგეს,  სიტყვები პირში შეატოვეს:
        –  შენ რა გიჭირს, ბიჭი ზაგრამანიცაში გყავს და ფულსაც გიგზავნისო.
შვილსდანატრებულმა ნინომაც უღალატა. მიატოვა ნიკო. გიორგის წერილებჩახუტებული მიიცვალა ჩუმად და წყნარად, შვილის მოლოდინში გალეული.
ვერ ჩამოვიდა გიორგი, ვერ დამარხა დედა. ბლომად ფული და მთელი მწუხარება მამას აჩუქა.

დარჩა ნიკო სულ მარტო. ნაძვიღა შერჩა სანუგეშოდ. მიაკითხავდა და დაღონებული  უყვებოდა დაობებული მარტოობის ამბებს.
შეუთვალა შვილს: „მამა–პაპურ სახლს ბოქლომს ნუ დაადებ და ეზოს ნუ გაავერანებო“. პასუხიც კი არ აღირსა გიორგიმ.

თითქოს, დროც გაურბოდა ნიკოს, თვალს არიდებდა.

ერთ დღესაც, ტყეში მისულმა, გიორგის ხის გვერდით, ოდნავ ამოწვერილი, პაწაწა ნაძვი შენიშნა. გაიხარა, მიხვდა, სადღაც შორს, შორს მისი შვილიშვილი ემზადებოდა  ამ ქვეყნად მოსასვლელად. აკოცა ნაძვს, დალოცა. ერთიც შესძახა: – ეჰეჰეჰეიიიიიი ...  მომავალ შვილიშვილს და ციცქნა ნაძვს ნიკო დაარქვა, გახარებული, ამაყად წელგამართული გაეშურა შინისკენ.
მარტოკაცად ცხოვრობდა. ერთი კაცისას შრომობდა და ერთი კაცისას ჭამდა.

ბოლოს დროსაც მობეზრდა ნიკო და მიატოვა.

მაინც და მაინც დიდთოვლობაში მოინატრა ნაძვი. თან გაუსაძლისად მოინატრა. ადგა, ჯარისკაცულად გამოეწყო, მამის ფარაჯა და ჩექმები ჩაიცვა,  ხის მძლავრი ტოტი დაიჭირა, გაიხურა კარი და წავიდა. გაუჭირდა სიარული, მაგრამ არ დაიხია უკან. მიადგა ხეს, შეხედა და, რასაც გული უგრძნობდა, ის ნახა.
გამხმარიყო მისი ტოლი და სწორი. დაღონდა, ხელის გულები შეახო. ვეღარაფერი იგრძნო, სიცივის გარდა. მადლობა უთხრა, თავი დაუკრა და დაემშვიდობა. შვილის და შვილიშვილის ნაძვებს მიეფერა, აკოცა, დალოცა.
ცრემლით აევსო თვალები. წასასვლელად შემობრუნდა  და უეცრად დაძაბუნდა. ხელის ცეცებით ძლივს იპოვა თოვლში ჩაკარგული ტოტი. დაეყრდნო, მეორე ხელი წელზე დაიბჯინა და სახლისკენ წატორტმანდა. ბავშვობა გაახსენდა. როგორ მოკუნტრუშებდა პირველად ამ გზაზე. გაუღიმა იმ შორეულ ბედნიერებას, უკანასკნელად გაუღიმა.
ძლივს მიაღწია თავის  ბუხარჩამქრალ და კერაგაციებულ სახლამდე. საწოლთან დაიჩოქა, ილოცა. გაჭირვებით წამოიმართა. არც ჩექმები გაუხდია და არც ფარაჯა, ისევე ჩაწვა ლოგინში, წაიხურა საბანი და სამუდამოდ დაიძინა.

წითელმა მამალმა იყივლა. ყვითელგულა მზე ამოგორდა. გაფერადდა და ახმაურდა ქვეყანა. სადღაც შორს, შორს უცხო ქვეყანაში ნიკოს შვილიშვილი, ციცქნა ნიკო დაიბადა.



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია 2014 წლის 12 მაისს

განთავსდა 2019 წლის ნოემბრის თვის თავფურცელზე.
––
ამ მოთხრობით, ფაქტობრივად, ვიწინასწარმეტყველე ივანიშვილის ხეებით შთაგონება. ეს მოთხრობა გავაგზავნე კონკურსზე და სანამ ჟიურის მიერ ნაწარმოებების შეფასება–განხილვა მიმდინარეობდა, ივანიშვილმა ხეების აქეთ–იქით მოგზაურობა და ჩახუტება დაიწყო.

ეს მოთხრობა ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილი – 2016“ –ის ფინალში გავიდა და კონკურსის კრებულში დაიბეჭდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები