არწივი
მთისპირა სოფელს არწივი შეეჩვია. გაშლიდა ფრთებს და დანანაობდა სოფლის თავზე, გამჭრიახი მზერით ათვალიერებდა არე–მარეს – ჩვენი მფარველიაო, – აიჩემეს კაცებმა, – და ვერ მოვკლავთო. გათამამდა არწივი. წიწილებს გადაემტერა, არც ქათმებზე ამბობდა უარს. ზოგჯერ კი ისე გაწუწკდებოდა, რომ ციკანსაც გაიტაცებდა. – მფარველობა მსხვერპლს მოითხოვსო, – ამბობდნენ კაცები და უთმობდნენ. იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, სოფელი გარეთ გამოშლილიყო, ეზოები ბავშვებით იყო სავსე. იდგა ერთი ჟრიამული. გადაძახილ–გადმოძახილი. კაცების უმრავლესობა კი შინ არ იყო. – კარგი ამინდიაო, – თქვეს და სანადიროდ შეეხიზნენ ტყეს. ორ–სამ დღეში დაბრუნდებოდნენ ნანადირევით ამაყნი. მარიამმაც გაისტუმრა ქმარი და დამშვიდებული მიუბრუნდა ხელსაქმეს. შუა ეზოში ჭილოფი გაშალა, ზედ თავისი ბიჭი დააგორა, თვითონაც იქვე მიუჯდა და ძაფის დართვა დაიწყო. ისეთი მშვიდი და ალერსიანი ამინდი იყო, სიცოცხლეს რომ შეგაყვარებს, ცხოვრების ფერხულში ჩაგაბამს.. ამ მზით გაჩახჩახებულ დღესაც მოფრინდა არწივი და ავისმომასწავებლად დასტრიალებდა სოფელს. – არიქა, ყურადღებით იყავით, ფრინველი არ გაგვტაცოსო, – ერთმანეთს გადასძახეს ქალებმა. რადგან კაცები სანადიროდ იყვნენ, თვითონ უნდა ემარჯვათ. არწივი წრეებს არტყამდა, დატორტმანობდა ჰაერში, გამჭოლ მზერას არ აშორებდა საკბილოს. მარიამი სულ ორიოდ წუთით შევიდა სახლში, სულ ორიოდ წუთით დატოვა შვილი. არწივი მშვიდად დაეშვა მიზნისკენ, ბავშვს კლანჭები ჩაავლო და გაიტაცა. ატყდა, რა ატყდა ?! აყვირდა, აფორიაქდა სოფელი. გამოვარდა დედა და შემზარავად შეჰკივლა. არწივი კი უკვე ძალიან მაღლა აფრენილიყო და ბავშვისთვის კლანჭები რომ გაეშვა, სულიც არ დაჰყვებოდა მიწამდე, ან ისე დაეხეთქებოდა ... ამის გაფიქრებაც არ უნდოდა დედას. სოფელი გაიტრუნა და სასოწარკვეთილი უყურებდა, როგორ მიფრინავდა არწივი. მარიამი ჭილოფთან მილასლასდა. იქ მიეგდო, სადაც სულ რაღაც წუთების წინ მისი შვილი იწვა და სადაც ჩვილის თოთო სურნელი ჯერ კიდევ იგრძნობოდა, ჩარგო თავი შვილის სურნელში, მოიკუნტა, მოიკუნტა და მიყუჩდა. ყველაფერმა აზრი დაკარგა მისთვის. აღარც განძრეულა. მთელი სოფელი მის ეზოს მოადგა.
ბავშვჩაბღუჯული არწივი ნელი ტაატით მიფრინავდა ბუდისკენ, სადაც სამი მართვე ელოდა.
მარიამი გაუნძრევლად იწვა, მეზობლები გარშემო შემოუსხდნენ და ჩუმად მოთქვამდნენ. ასე შემოაღამდათ. ქალებმა უსულო საგანივით ატრიალეს მარიამი. ამოუგეს, რაც კი რამ ქვეშაგები იპოვეს, რომ არ გაციებულიყო ნოტიო ღამეში, ზედ საბანიც დაახურეს. ის კი იწვა, დედის სხეულში მყოფი ჩანასახივით, და არ ინძრეოდა. კოცონიც დაანთეს ქალებმა, მორიგეობდნენ, ცეცხლს ინახავდნენ და მარიამს შეჰყურებდნენ.
შეშინებულ ბიჭს ტირილის თავიც არ ჰქონდა. არწივის მართვეები კი გაოცებულნი ჩანდნენ და, რატომღაც, არ მტრობდნენ ბავშვს, პირიქით თავისიანად მიიღეს, აქეთ–იქიდან მიეკვრნენ, გაათბეს, თვითონაც გათბნენ და ოთხივეს ჩაეძინა. არწივმა მშვიდად გადააფარა მათ ფრთები და დაისვენა. დილაადრიან, როგორც კი გაიღვიძეს, ბავშვმა ტირილი მორთო. შეშინდა, მოშივდა, შეწუხდა. ჩასჭიდა არწივმა კლანჭები და ჰაერში აიტაცა, მისი მოშორება გადაწყვიტა. სანამ კლანჭებიდან გააგდებდა, მრისხანედ ჩაჰხედა თვალებში. ბავშვი თითქოს ყველაფერს მიხვდა, ყველაფერი იგრძნო, ის იყო არწივს კლანჭები უნდა გაეშვა, რომ ტირილი შეწყვიტა. არწივი შეცბა, ისევ ჩაჰხედა თვალებში ბიჭს და ბუდისკენ დაეშვა. მართვეები სიხარულით შეხვდნენ მათ. არწივს არ გამოჰპარვია ეს. მისუსტებული ბიჭი კი საცოდავად მიესვენა ბუდეში.
აფორიაქებული სოფელი ყაყანებდა. უმრავლესობა არწივის მოკვლას ითხოვდა. სოფელს შერჩენილი ჭარმაგი კაცები დედას მიადგნენ და ჰკითხეს, – მოვკლათო? მარიამმა უმწეოდ გააქნია თავი, – არაო. იწვა გაუნძრევლად და ფიქრობდა. ფიქრს ფიქრი მოსდევდა და ათას დარდს ხლართავდა. მხოლოდ ერთი კითხვა აწვალებდა: რატომ? რატომ? რატომ ?... რას აღარ იგონებდა. ბავშვობა გაახსენდა, სულ პატარა რომ იყო, წესით არც კი უნდა ხსომებოდა ეს ამბები, მაგრამ მეხსიერებაში დაუკითხავად აღბეჭდილიყო და აჰა, ახლა ცხადად გადაიშალა მის თვალწინ. გაახსენდა, როგორ გადმოვიდნენ ამ სოფელში საცხოვრებლად, ერთი ციდა იყო. ძალიან მოეწონა აქაურობა და სიხარულით კისკისებდა. ყველა ბედნიერი იყო. თვალწინ დაუდგა დედ–მამა, მოხუცი პაპა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. მაგარი პაპა ჰყავდა, საუკეთესო მონადირე და მსროლელი იყო. ჰო, მსროლელი ... და უცებ, ო, საოცრებავ, რაღაც გაახსენდა. რაღაც ბუნდოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი. ნელ–ნელა განათდა, გააშკარავდა გონება, დაიწმინდა სურათი. პაპა დაუდგა თვალწინ თოფით ხელში და ფრთებგაშლილი არწივი ცაში. თოფის სროლის და არწივის ეზოში ვარდნის ხმაც გაიგონა. – ჰო! პაპამ მოკლა არწივი. ისიც გაახსენდა, როგორ დასტრიალებდა მოკლულს მისი სასოწარკვეთილი ცალა, მარტოდ დარჩენილი მეწყვილე. დიდხანს ხედავდნენ მგლოვიარე არწივს. რატომ მოკლა? ან ის არწივი ამ არწივისთვის ვინ იყო ? მამა ? დედა? შეძრწუნდა მარიამი. – პაპა, რატომ მოჰკალი არწივი? რატომ? – ამოიკვნესა ქალმა და ატირდა. უიმედობამ შეიპყრო. კიდევ უფრო გაქვავდა. არწივი კი სოფლისკენ მოფრინავდა სოფელი, დიდიან–პატარიანად, ბავშვის საძებრად გავიდა, არწივის კვალს დაადგა, – იქნებ როგორღაც მივაგნოთ, ან თუ სადმე ჩამოაგდო ბიჭი, ვნახოთო. მოფრინდა არწივი და ბევრი იტრიალა დაცარილებული სოფლის თავზე. შემდეგ მარიამის ეზოში, მის გვერდით დაეშვა. ისე ახლოს, რომ ფრთებითაც კი შეეხო. ქალმა თვალები გაახილა და არწივის სასტიკ მზერას შეეფეთა. არ შეშინდა. უყურეს ასე ერთმანეთს ადამიანმა და ფრინველმა დიდხანს ... დიდხანს ... შემდეგ ქალმა წაიჩურჩულა: – მაპატიე, მე მაპატიე .... არწივმა თითქოს ყველაფერი გაიგო, თავი დაუკრა, გაშალა ფრთები და მედიდურად გაფრინდა ბუდისკენ. ბიჭი დაღლილობის, შიშისა და შიმშილისგან თითქმის გონდაკარგული იწვა. ჩაავლო არწივმა კლანჭები და ჰაერში აიყვანა. ნელა მიფრინავდა, დინჯად, ფრთხილად ეჭირა ბავშვი. ისევ სოფელში მიფრინდა, ჯერ იტრიალა, შემოუარა მარიამის ეზოს. ქალი თვალდახუჭული იწვა. არწივი ნელ–ნელა დაეშვა და ბავშვი დედის გვერდით დააწვინა, გაუშვა კლანჭები. მარიამმა ძლივს აზიდა ქუთუთოები. არწივი შორიახლოს დაჯდა და კვლავ შეხედეს ერთმანეთს თვალებში ფრინველმა და ადამიანმა.. დედამ ცოცხალ–მკვდარი შვილი ჩაიხუტა, თან მზერას არ აშორებდა არწივს. – მადლობელი ვარ, – უთხრა მარიამმა და თავი დაუკრა, – მადლობელი ვარ! არწივი ამაყად გასწორდა, აზიდა ტანი და მეფურად გაფრინდა
მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია 2013 წლის 21 მარტს
2017 წელს დაიბეჭდა ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილის“ სამი წლის ფინალისტთა ნაწარმოებების შემაჯამებელ კრებულში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომეწონა :) მომეწონა :)
5. ლაღად იფრინე, ჩემო არწივო, გაშალე ფრთები!
ლაღად იფრინე, ჩემო არწივო, გაშალე ფრთები!
4. მზია თქვენ წერეთ და მე წავიკითხავ . მოგებულიც მე დავრჩები )) ჰო , კიდევ ის რომ ფინალი იყო ზუსტად მოფიქრებული. არწივის სიამაყეს ვგულისხმობ . მზია თქვენ წერეთ და მე წავიკითხავ . მოგებულიც მე დავრჩები )) ჰო , კიდევ ის რომ ფინალი იყო ზუსტად მოფიქრებული. არწივის სიამაყეს ვგულისხმობ .
3. ლაშა, როგორც ჩანს, ძალიან გულწრფელი ადამიანი ხართ, ისეთი ბუნებრივი რეაქცია გქონდათ წაკითხულზე. ჩვენ არ ვიცით, სწორად მოიქცა თუ არა მარიამის პაპა. შეიძლება, ეს რაღაც გარემოებებით გამოწვეული აუცილებლობა იყო. შესაძლებელია, როგორც სოფელში ახლადჩამოსახლებულმა, არწივის ასეთი თამამი გამოჩენა საფრთხედ აღიქვა, ან, სულაც, თავისი, როგორც მსროლელის, „ხელოვნების“ ჩვენება უნდოდა. ადამიანებს გვავიწყდება, რომ მეორე მხარესაც ცოცხალი არსებები არიან და რომ მათთვისაც ტრაგედიაა ახლობლის დაკარგვა. ფაქტია, „პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო“. რაც შეეხება ტრადიციებს, ისევ სჯობს სოფლებმა იარსებონ და ტრადიციებში ნელ–ნელა თავად გაერკვნენ, ბევრი მათგანი ხომ ისედაც მიჰყვება ეპოქებს. ვიდრე ისე დაცარიელდნენ, როგორც საქართველოში ხდება. აი, მარიამის და ბიჭუნას ადგილას ყოფნას კი არავის ვუსურვებ, სამაგიეროდ, ყველას ვუსურვებ თქვენსავით მადლიერ მკითხველს. :)))
ლაშა, როგორც ჩანს, ძალიან გულწრფელი ადამიანი ხართ, ისეთი ბუნებრივი რეაქცია გქონდათ წაკითხულზე. ჩვენ არ ვიცით, სწორად მოიქცა თუ არა მარიამის პაპა. შეიძლება, ეს რაღაც გარემოებებით გამოწვეული აუცილებლობა იყო. შესაძლებელია, როგორც სოფელში ახლადჩამოსახლებულმა, არწივის ასეთი თამამი გამოჩენა საფრთხედ აღიქვა, ან, სულაც, თავისი, როგორც მსროლელის, „ხელოვნების“ ჩვენება უნდოდა. ადამიანებს გვავიწყდება, რომ მეორე მხარესაც ცოცხალი არსებები არიან და რომ მათთვისაც ტრაგედიაა ახლობლის დაკარგვა. ფაქტია, „პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო“. რაც შეეხება ტრადიციებს, ისევ სჯობს სოფლებმა იარსებონ და ტრადიციებში ნელ–ნელა თავად გაერკვნენ, ბევრი მათგანი ხომ ისედაც მიჰყვება ეპოქებს. ვიდრე ისე დაცარიელდნენ, როგორც საქართველოში ხდება. აი, მარიამის და ბიჭუნას ადგილას ყოფნას კი არავის ვუსურვებ, სამაგიეროდ, ყველას ვუსურვებ თქვენსავით მადლიერ მკითხველს. :)))
2. როგორ ამაღელვა თქვენმა სიტყვებმა. უღრმესი მადლობა! უხერხულადაც ვიგრძენი თავი. მაგრამ მოდით, მივიღებ ამ კომენტარს და ბედნიერი ვიქნები.
როგორ ამაღელვა თქვენმა სიტყვებმა. უღრმესი მადლობა! უხერხულადაც ვიგრძენი თავი. მაგრამ მოდით, მივიღებ ამ კომენტარს და ბედნიერი ვიქნები.
1. ჰოოოო, რაც კარგია , კარგია . იმოქმედა , დამძაბა . მინდება ხოლმე , ასეთი რამეების ავტორებს ვესროლო ))) რასაკვირველია კარგი გაგებით , ასეთ დღეში რომ მაგდებენ . ნათლად ბავშვის სახეც წარმოვიდგინე დედისაც და არწივის თვალებიც . მარიამის პაპა სწორად მოიქცა თუ არა თავის დროზე , კითხვაა და პასუხი ძნელი გასაცემია . მიუხედავად იმისა ,რომ თქვენ გაეცით , არ ვიცი გეთანხმებით თუ არა . ჰო , სოფლის ცრუ გადასაგვარებელი ტრადიციებიც , საინტერესოა . თუმცა შეიძლება თქვენ არ თვლიდეთ გადასაგვარებლად )) ასეა თუ ისე , საწყალი ბავშვი არწივის გულმოწყალების იმედად დარჩა გლეხების ხელში . რა პატარაა და რამდენის თქმა მინდა ... ვაჟაც იყო აქ რეზო ინანიშვილიც და საერთოდ და მოკლედ მადლობა ... ჰოოოო, რაც კარგია , კარგია . იმოქმედა , დამძაბა . მინდება ხოლმე , ასეთი რამეების ავტორებს ვესროლო ))) რასაკვირველია კარგი გაგებით , ასეთ დღეში რომ მაგდებენ . ნათლად ბავშვის სახეც წარმოვიდგინე დედისაც და არწივის თვალებიც . მარიამის პაპა სწორად მოიქცა თუ არა თავის დროზე , კითხვაა და პასუხი ძნელი გასაცემია . მიუხედავად იმისა ,რომ თქვენ გაეცით , არ ვიცი გეთანხმებით თუ არა . ჰო , სოფლის ცრუ გადასაგვარებელი ტრადიციებიც , საინტერესოა . თუმცა შეიძლება თქვენ არ თვლიდეთ გადასაგვარებლად )) ასეა თუ ისე , საწყალი ბავშვი არწივის გულმოწყალების იმედად დარჩა გლეხების ხელში . რა პატარაა და რამდენის თქმა მინდა ... ვაჟაც იყო აქ რეზო ინანიშვილიც და საერთოდ და მოკლედ მადლობა ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|