ჩრდილი /შურისძიება/
დილაუთენია მობილურის ხრინწიანმა ხმამ გააღვიძა. რედაქციიდან ურეკავდნენ. მუდამ ნერვიული და თმაგაწეწილი რედაქტორი დუჟმორეული რაღაცას უყვიროდა. მობილური გასწია, შხეფები რომ არ შესხმოდა. ძლივს გაარკვია, რა უნდოდა უფროსს. პატარა მოთხრობის დაწერას სთხოვდა, ვადას საღამომდე უწესებდა. აფორიაქდა, მაგრამ დათანხმდა. დიდხანს ეძება სიუჟეტი, ერთი–ორი უნაყოფო იდეა მაშინვე უკუაგდო. ფეხები მოპირდაპირე სკამზე შემოაწყო, გამხმარი კრუასანი ჩაკბიჩა და მოთხრობის საზარელი პერსონაჟიც დაუდგა თვალწინ. თანდათან მისი ხასიათი და გარემოცვაც გამოიკვეთა, ამბავიც ჩამოყალიბდა. გამალებული წერდა. უფრო სწორად ბეჭდავდა. ბეჭდავდა, აქრობდა და ისევ ბეჭდავდა, როგორც იქნა ააწყო ტექსტი. რედაქტორზე გაბრაზებულმა ჯინი პერსონაჟებზე იყარა და სასტიკად გაუსწორდა მათ. – აი, ასე! ასე გინდა! ასე მოგიხდება! – იმეორებდა და უმოწყალოდ ანადგურებდა მათ ერთიმეორის მიყოლებით. საღამოსთვის მოთხრობა მზად ჰქონდა. ტექსტის ელფოსტით გაგზავნა უნდოდა, მაგრამ იცოდა, რედაქტორი ცვლილებებს შეიტანდა და წასვლა ამჯობინა იმ იმედით, რომ ნაწერს დაიცავდა. უსიამო საღამო იყო. ბევრი იჯიჯღინეს და ტექსტის საბოლოო ვარიანტზე ძლივს შეთანხმდნენ. ამასობაში შუაღამეც ჩამოწვა, ქანცგაწყვეტილი გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. ფიქრებში სულ მოთხრობის შინაარსს უტრიალებდა.... ირგვლივ უცნაური სიჩუმე იყო. უეცრად, ლამპიონის შუქით განათებულ გზაზე, ვიღაცის გრძელი ჩრდილი დაეფინა. შემდეგ მეორე, მესამე ... ჩრდილებმა ალყა შემოარტყეს. გააჟრჟოლა. დასცქეროდა მათ და ახედვის ეშინოდა. ნაცნობი ხრინწიანი ჩახველება ჩაესმა, უწმაწური სიტყვები. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და აიხედა. გარშემო მისი მოთხრობის განრისხებული „გმირები“ იდგნენ. აყროლებულ სიგარებს ეწეოდნენ, აშმორებული ღვინის სუნი ასდიოდათ და იგინებოდნენ..... მთავარმა ჩასისხლიანებული თვალები შეანათა და ბარბაცით წამოვიდა მისკენ. დანამ იელვა. სხვებიც დაიძრნენ. ალყა ვიწროვდებოდა. მოულოდნელად რაღაც გველივით ცივი და უცხო შესრიალდა მის გულში. ყველაფერი ამოყირავდა. დაბინდული მზერა სავსე მთვარეს მიაშტერა. მნათობი ჩაქრა.
მზია თვალაბეიშვილი
2014 წელს ინტერნეტ გამოცემამ Newspaper.ge–მ გამოაცხადა ლიტერატურული კონკურსი „ჩრდილი“, მოცემული იყო ფრაზა და ეს ფრაზა ორგანულად უნდა ჩაგვერთო მოთხრობაში. ჩემი მოთხრობა „შურისძიება“ ერთ–ერთი პრიზიორი გახდა. იგი საუკეთესო აღმოჩნდა ნომინაციაში „ყველაზე მოულოდნელი ფინალი“ (დასასრული). კონკურსში მონაწილე 41 მოთხრობის კრებული განთავსდა ინტერნეტ–მაღაზია „საბაზე“.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვახ! რა საინტერესო ამბები გაირკვა. :)
ვახ! რა საინტერესო ამბები გაირკვა. :)
6. მეც ვიღებდი ამ კონკურსში მონაწილეობას, თქვენც მახსოვხართ დაჯილდოვებაზე <3 ჩემმა მოთხრობამ "ყველაზე ცხოვრებისეული ჟანრი" დაიმსახურა :) მეც ვიღებდი ამ კონკურსში მონაწილეობას, თქვენც მახსოვხართ დაჯილდოვებაზე <3 ჩემმა მოთხრობამ "ყველაზე ცხოვრებისეული ჟანრი" დაიმსახურა :)
5. ჩრდილები არ მიყვარს საერთოდ. ჩრდილები არ მიყვარს საერთოდ.
4. გმადლობთ, რომ დაინტერესდით. შეხედულებები და შენიშვნებიც ძალიან საინტერესოა. კი, ტასო, ალბათ, წაკითხული გაქვთ, კონკურსის ორგანიზატორები აქვეყნებდნენ ინტერნეტ–სივრცეში ამ მოთხრობებს. რაც შეეხება ბოლო წინადადებას, დიდი დროის შემდეგ მეც ახლა გადავიკითხე ნაწერი და ეს ორსიტყვიანი ბოლო წინადადება, თითქოს, განყენებულად მეჩვენა, თუმცა საინტერესოდ. :)))
გმადლობთ, რომ დაინტერესდით. შეხედულებები და შენიშვნებიც ძალიან საინტერესოა. კი, ტასო, ალბათ, წაკითხული გაქვთ, კონკურსის ორგანიზატორები აქვეყნებდნენ ინტერნეტ–სივრცეში ამ მოთხრობებს. რაც შეეხება ბოლო წინადადებას, დიდი დროის შემდეგ მეც ახლა გადავიკითხე ნაწერი და ეს ორსიტყვიანი ბოლო წინადადება, თითქოს, განყენებულად მეჩვენა, თუმცა საინტერესოდ. :)))
3. მობილური გასწია, შხეფები რომ არ შესხმოდა. << ეს ნაწილი აბსურდია
შინაარსი მომეწონა. ძალიან მშრალი ტექსტი და უცებ რომ გაჯახებს რაღაცას, ისეთი.
ბოლო წინადადება ჩემთვის ზედმეტი იყო მობილური გასწია, შხეფები რომ არ შესხმოდა. << ეს ნაწილი აბსურდია
შინაარსი მომეწონა. ძალიან მშრალი ტექსტი და უცებ რომ გაჯახებს რაღაცას, ისეთი.
ბოლო წინადადება ჩემთვის ზედმეტი იყო
2. დახე, საძაგლებმა შური იძიეს.
"– აი, ასე! ასე გინდა! ასე მოგიხდება! – იმეორებდა და უმოწყალოდ ანადგურებდა მათ ერთიმეორის მიყოლებით."
მაშ, რა ეგონა, აპატიებდნენ?:)
კარგი და ლაკონურია. დახე, საძაგლებმა შური იძიეს.
"– აი, ასე! ასე გინდა! ასე მოგიხდება! – იმეორებდა და უმოწყალოდ ანადგურებდა მათ ერთიმეორის მიყოლებით."
მაშ, რა ეგონა, აპატიებდნენ?:)
კარგი და ლაკონურია.
1. მგონი წაკითხული მქონდა მგონი წაკითხული მქონდა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|