ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2019


ელემენტარული ნაწილაკი

მე იქ შევჩერდი, ასრულებენ სადაც გიჟები
და ჩემი მუქი სინანული ვაჩუქე იმედს.
თუნდაც მოგიყვე, ალბათ მაინც არ დამიჯერებ,

ალბათ დასრულდება შენი ძველი სიზმრის
მდორე სიუჟეტი, ფაქტი ურყევია.
გზაზე გამოჩნდება ლანდი სუიციდის
ძალზე მკაფიოდ.

დავიღვრები ცაზე ლურჯი საღებავი.
გირეკავენ. არ აიღო, დამიჯერე, არ ღირს.
დილით ისევ დედა ჩაფჩხვნის პურს ნისლების ნაღებებში,
დილით ისევ გაუყვება ბიჭი ღრუბლის ნახირს..
(მორჩა რაღაც, არაფერი აქ ახალი არ მოხდება,
ამ ოთახებს დაეტყობათ თუმცა ჩემი დაღი).

როცა მოიწყენ, უმიზეზოდ როცა მოიწყენ,
ფერების ვალსებს შეერევი, გაშლი პასეანსს.
სახეტიალოდ დედამიწა მინდა მოგიწყო,
თუკი მანამდე რაც დარჩა, არ ჩამოფასდება.
თუკი მანამდე გამოდგება რამე ნამდვილი
თეთრი პარაშუტი მუსიკის უკიდეგანობაში რბილად დასაშვებად...

(ჩვენ სად ვიყავით?)
- ხომ ვერ მეტყვით, საით მივდივართ? -
ეს ვკითხე, რადგან არ მინდოდა, ჩვენზე გაეგოთ,
თითქოს სივრცეში დავიკარგეთ, ან კიდევ დროში.
ორი ბალანსი აგვერია, ჯამიც აგვევსო
(თუ ფიალაა) მოთმინების. არაფერს გავნებთ
ჩემთან თუ გაცვლით ორიოდ სიტყვას. - უცხოს სენია
ეჭვის თვალებით შეხედავენ დაბნეულ გამვლელს,
თითქოს კაცისთვის არასდროს არ მოუსმენიათ.

ჩვენ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს.
აღარ მყარდებოდა აღარანაირი კონტაქტი
გარდა ოფიციალური კონტრაქტებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა.
მერე გლეხმა თავადი მოკლა და მთელი ამბები.
მოკლედ
რაღაც დაემართა მეტაფიზიკას,
გამოშტერდა ერთი ელემენტარული ნაწილაკი,
ხოლო დანარჩენებმა მას შეხედეს ისე, როგორც ჩვენ შემოგვხედეს მათ,
ვისაც წეღან ვკითხეთ ჩვენს,
მათსა, და ბორხესის ადგილმდებარეობაზე.
დიახ, მე ვიყავი ის ელემენტარული ნაწილაკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები