ჯელსომინო და ჯელსომინა (ჯამბაზი)
ერთმოქმედებიანი /მინი/ პიესა
/ შეიძლება გათამაშდეს ნებისმიერი მსახიობის შემოქმედებით საღამოზე./
მოქმედი გმირები:
ლაშა – 42 წლის სიმპათიური მამაკაცი, / ჯამბაზი ჯელსომინო. ნანი – 37 წლის სევდიანად მშვენიერი ქალი, / ჯამბაზი ჯელსომინა. ბობიკო – თეატრის მთავარი რეჟისორი / გაურკვეველი ასაკის ჩამრგვალებული კაცი.
ჯელსომინოს ხილვები:
ჯამბაზის ბავშვობა – 4–5 წლის ბიჭუნა. დედა – ახალგაზრდა მომხიბვლელი ქალი. მამა – ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი.
სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი.
მოქმედება:
სცენა ნათდება. სპექტაკლი ახალი დამთავრებულია. საგრიმიორო ოთახში ზის ჯამბაზი და სარკეში საკუთარ თავს ათვალიერებს. დერეფნიდან მსახიობების და რეჟისორის გახარებული ხმები ისმის. კარი იღება და შემოიხედავს ბობიკო: – მაგარი ხარ ! მგონი, ასე არასოდეს გითამაშია, ბრავო ! – შემოსძახა ლაშას. ყველას გავისტუმრებ და მოვალ. პრემია არ აგცდება, იცოდე ! მოემზადე ! – სიცილით თვალი ჩაუკრა, კარი გაიხურა და წავიდა. ჯამბაზი გაუნძრევლად ზის და თვალებში შესცქერის საკუთარ თავს. – ჰა, ჯელსომინო, ხომ არ დაიღალე ? ხომ არ შეგეპარა სიბერე ? ხომ არ მოგბეზრდა ტაკიმასხარობა ? – ეკითხება სარკის ანარეკლს. პასუხი არ ისმის. – მე კი დავიღალე. ძალიან დავიღალე. დღეს მთლიანად დავიხარჯე. – ჯელსომინო დაიღალა, დღეს მთლიანად დაიხარჯა, – სევდიანად წაიღიღინა. კარზე დააკაკუნეს. კარი ფრთხილად გაიღო და „ ჯელსომინა“ შემოვიდა. – მოდი, დაჯექი, – უთხრა ჯელსომინომ. ჯამბაზი ქალი სკამზე ჩამოჯდა. – რა კარგი იყავი დღეს ლაშა, ახალგაზრდობა გამახსენდა. – ჰო, კარგი იყო ახალგაზრდობა. შენ ხომ ისევ ისე გიყვარვარ, ნანი ?! – ღიმილით ეკითხება ლაშა. – ჰო. – ესე იგი, ისევ ახაგაზრდები ვართ. იცი რა ?! მოდი, მე და შენ დღეს რესტორანში წავიდეთ, გავიხსენოთ ჩვენი ახალგაზრდობა, სიყვარული. შამპანურიც დავლიოთ. ყველაფერი თავიდან ვუთხრათ ერთმანეთს, რაც გვითქვამს, რაც არ გვითქვამს და რისი თქმაც ძალიან, ძალიან გვინდოდა. ფრთხილად მოიშორე გრიმი, გადაიცვი ლამაზი კაბა. მეც მოვწესრიგდები და წავიდეთ. ჯელსომინა მხრებზე მოეხვია ჯელსომინოს და ჩუმად თქვა: – ჰო, მეც რაღაც უნდა გითხრა. შემდეგ გახარებული გავიდა ოთახიდან. ლაშა არ ინძრევა, ისევ თავის თავს შესცქერის და აკვირდება. – ნეტა, დედა რას იტყოდა, ასე რომ ვენახე? უცებ სარკეში რაღაც დაინახა, საგრიმიოროს მოპირდაპირე კუთხეს მიაშტერდა. (ლაშას ხილვა) კუთხე განათდა. მშვენიერი ახალგაზრდა წყვილი გამოჩნდა პატარა ბიჭუნასთან ერთად. ბიჭუნა შუაში დგას და დედ–მამის ხელები მაგრად ჩაუბღუჯავს. ხან ფეხებს აწევს და ხელებზე დაეკიდება, ხან ხტუნავს. მერე უცებ გაუშვებს ხელებს მშობლებს და გაიქცევა. – ლაშა, მოდი, დედა, ნუ მირბიხარ ! – ეძახის დედა – დედა, – წამოიძახა ჯელსომინომ და გააჟრჟოლა. დედა მისკენ შემობრუნდა, მამაც მოაბრუნა. – როგორ გაზრდილხარ, ლაშა. დაკაცებულხარ, ძლივს გიცანი, – უთხრა დედამ. – ჩვენზე ნუ ფიქრობ. იცოცხლე და დატკბი ცხოვრებით. კუთხე დაბნელდა და მშობლები გაუჩინარდნენ. (ხილვა გაქრა) ლაშა ისევ იმ კუთხეს მისჩერებია. თეატრში სრული სიჩუმე სუფევს. ცივმა ოფლმა დაასხა, შეუძლოდ იგრძნო თავი. გასამხნევებლად სახეზე მოისვა ხელი. გრიმით დასვრილ ხელს დახედა და გრიმის მოშორება სცადა, ვერ შეძლო. ცუდად იყო. ყვირილის თავიც არ ჰქონდა. სისუსტე იგრძნო და სკამიდან ჩაცურდა. დერეფანში ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნი გაისმა, კარზე დააკაკუნეს, ოთახში ნანიმ შემოიხედა. შეჰკივლა და ლაშასთან ჩაიჩოქა. ნანის კივილზე დერეფანში ჩქარი ნაბიჯების ხმა გაისმა. – რა მოხდა? – დაიძახა ბობიკომ და საგრიმიოროში შემოვარდა. ლაშა სკამიდან ნახევრად ჩაცურებული, ფერწასული, უღონოდ უყურებდა ორივეს. – მგონი, ჩემი დრო მოვიდა, – წაიჩურჩულა ლაშამ. – მომეხმარეთ, სცენაზე გამიყვანეთ. ბობიკომ სასწრაფო დახმარებას გადაურეკა და გამწარებული ყვიროდა, ჩქარა, ჩქარა მოდითო. – იქნებ, არ შეიძლება შენი განძრევა ? – შეეხვეწა ნანი. – სცენაზე გამიყვანეთ ! მომეხმარეთ ! – ძლივს გასაგონად, მაგრამ მტკიცე ხმით თქვა ლაშამ. დიდი ვაი–ვაგლახით წამოაყენეს, ამოუდგნენ აქეთ–იქიდან და წვალებით გაიყვანეს
დეკორაცია 180 გრადუსით შებრუნდა. საგრიმიორო ოთახი გაუჩინარდა.
ცარიელი სცენა გამოჩნდა. შემოვიდნენ სამნი, გამოიყვანეს სცენის შუაგულში ლაშა და დააწვინეს. – შუქები აანთეთ, – ითხოვა ჯამბაზმა. ბობიკო გაიქცა და სცენის განათება აანთო. მერე ისევ სასწრაფოში დარეკა. წამოსულია მანქანაო, უთხრეს და ახლა დასახვედრად გაიქცა. ნანი სცენაზე დაჯდა, კალთაში ლაშა ჩაიწვინა, თავი მკერდზე მიიხუტა, მოეფერა და აკოცა. ლაშამ გონება დაკარგა. ამ დროს ბობიკოს ხმა გაისმა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოუძღოდა. შემოვიდნენ სცენაზე და ლაშას მიუახლოვდნენ.
სცენა ჩამუქდა.
ჩამუქებულ სცენაზე ექიმი და ექთანი ლაშას დასტრიალებენ.
(გონდაკარგული ლაშას ხილვა) სცენის კუთხე განათდა და ლაშას მშობლები გამოჩნდნენ. – ლაშა, გამაგრდი, – უთხრა დედამ. – ნანი ახალ სიცოცხლეს ატარებს სხეულში, პატარა ბიჭს და მათ დიდხანს, დიდხანს დასჭირდები შენ.
კუთხე ჩაბნელდა. (ხილვა გაქრა)
სცენა განათდა.
ლაშამ თვალები დააჭყიტა, ღრმად ამოისუნთქა და წამოვარდნით უცებ წამოჯდა. – თქვენი ბედი, რომ დღეს საუკეთესო რეანიმატოლოგი მორიგეობს. გაგაცოცხლათ. აწი, ასი წელი იცოცხლებთ. – უთხრა ექთანმა ლაშას და ხელსაწყოების ჩალაგება დაიწყო. ლაშა მშვიდად და თავისუფლად სუნთქავდა. ექიმი და ექთანი წასასვლელად მოემზადნენ. ბობიკო მათ გაჰყვა გასაცილებლად. ლაშამ ნანის მუცელზე დაადო ხელები. ნანი გაოცდა. – მართალია? – ჰკითხა ლაშამ. – ჰო. – გაუღიმა ნანიმ. დღეს ვაპირებდი თქმას. ლაშამ მუცელზე აკოცა. – შენ გადამარჩინე, ნანი. ნანი მიეხმარა და ლაშა წამოდგა. გადახვიეს ერთმანეთს ხელები, გვრიტებივით შეატყუპეს თავები და წავიდნენ – გმადლობ, რომ ასე ერთგულად გიყვარვარ. – უთხრა ლაშამ, აკოცა და სცენიდან გავიდნენ. ფარდა მქუხარე ტაში!
მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია 2013 წლის 8–14 ნოემბერს. შეცვლილია 2019 წლის 10–12 აპრილს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1.
ურაკპარაკელებო, პოეტებო და პროზაიკოსებო, გილოცავთ მშობლიური ენის, დედა ენის დღეს და გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს!
ურაკპარაკელებო, პოეტებო და პროზაიკოსებო, გილოცავთ მშობლიური ენის, დედა ენის დღეს და გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|