ნაწარმოებები



ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2021


ფანტომი

ვიხსენებ  ,
თავს რომ  დავიგულებ
მარტო,
შემდგარი  კბოდეზე,
ყველა იმ პატარა თაიგულს,
რომელიც გაჩუქე  ოდესმე.
და როგორც  უსინათლო მონტესკიე,
დაგეძებ ხელების ფათურით.
ცხოვრება დაცინვაა,  გროტესკია,
ხანაც მარტივი  და  ხან  რთული.

როგორ უმოწყალოდ დაგვაშორეს,
როგორ  გაგვყვეს და გაგვთიშეს,
დაგვტოვეს იმ ორ მთათა  შორის,
ერთმანეთთან რომ არ მივლენ.
და ჩემი  ჭრილობიდან,
სხვათაშორის,
არ ჩამოურეცხავთ მარილი.

შენი თვალები ეკლებია,
მე დამიკოცნია  ისინი.
მერე  მილოკია  ბაგეები
თითზე  დადენილი სისხლივით.
როგორც  ოქროსფერი  კარამელი,
მზერით  მიჭამია შენი თმა.

შენი სხეული მკვდარი არი,
გავძერწე ათასი  ფანტომი.
ჩემს  გულზე ქუსლით გაიარე,
ცაში გაფრინდი და  დამტოვე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები