ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან-ნი-კა
ჟანრი: პროზა
24 თებერვალი, 2019


ანა

კარი მივხურე და ეს შინაური, ეს თბილი სუნი, ჩემი სახლის სუნი ბოლომდე შევიგრძენი. ზურგჩანთა და ჯინსის მოსაცმელი იქვე მივაგდე, სათვალე ფრთხილად მოვიხსენი და დავდე. ნიუ ბალანსის წითელი ბოტასებიც მივყარე და მისაღებში, ჩემს საყვარელ და ერთადერთ ფუმფულა, რბილ სავარძელს მივესვენე. ხო ასეთი დამღლელი დღე იყო, ხო ასე შემივარდა ფეხები უკანალში მოძრაობისგან, მაგრამ შემოვაღებ თუ არა ამ კარს, ამ სიმშვიდის კარს და ამოვყოფ ჩემს სამფლობელოში თავს, იმ სამფლობელოში სადაც მხოლოდ მე ვარ და სხვა არავინ, სხვა არაფერი ხელისშემშლელი და გამაღიზიანებელი ფაქტორებია , რომლებიც ჩემს სიმარტოვეს დაარღვევდნენ, მაშინვე გამდის დაღლილობა და ენერგიით ვივსები. მარტო იმის გაფიქრება მასხამს ფრთებს, რომ ახლა შხაპის მერე, ყავას მოვიდგამ და ლეპტოპში სასოწარკვეთილი დიასაახლისების მორიგ სერიას ჩავრთავ და დაძინებამდე ვუყურებ. მიყვარს ეს ქალები და მათი არეულ-დარეული ცხოვრება. ესეც ასე. უკვე ახალგაღვიძებულივით ვარ. წავედი საბანაოდ. უცებ ვიხდი და სასწრაფოდ შევდივარ დუშის ქვეშ. საბოლოოდ მხსნის დაღლილობას ნელთბილი წყლის ნაკადი და მელამუნება შიშველ სხეულზე. სახეს ვუშვერ და სანამ შემიძლია ვიკავებ სუნთქვას.  ვთიშავ დუშს და სასწრაფოდ ვიხვევ პირსახოცს. თმას უცებ ვიმშრალებ და ასე ვტოვებ. მიყვარს სველი, სუფთა თმის შეგრძნება. უხეიროდ ვიცვამ ჯერ კიდევ სველ ტანზე საცვალს და მაისურს. გამოვდივარ და დაორთქლილი აბაზანის კარებს ღიას ვტოვებ შესაშრობად. დიახ, დიახ, გამწოვი არ მაქვს და ამიტომ ძველ ხერხს მივმართავ. ეს საკითხი სრულებით არ მაწუხებს. სამზარეულოს და მისაღებს ერთმანეთისგან წიგნების თარო ყოფს. მისაღები საშუალოზე დიდი მაქვს. სამაგიეროდ საძინებელია ციცქნა. წესიერად მოტრიალებასაც ვერ ვახერხებ. ზამთარში, ენერგიის დაზოგვის გამო, მისაღებში მძინავს . ორივე ოთახის გათბობა ძვირი სიამოვნებაა. ხო, სად გავჩერდი? სამზარეულოში ყავა ავიდუღე და ლეპტოპი ჩავრთე. აჭარანეტზე ამოვძებნე სერიალი და გავუშვი. სანამ ის იტვირთება, ყოველი შემთხვევისთვის, ფეისბუქიც ჩავრთე, რაიცი რა ხდება. არ ვარ აქტიური სოცილურ ქსელებში. ერთი პროფილის ფოტო მიდევს, რომელიც წესიერად მგონი არც დიდდება. თან, იქაც სახე მე არ მიჩანს და აღნაგობა. სულ უსურათოს ხომ არ ვიქნების პონტში მიგდია. ოჰო! მაქვს ორი შეტყობინება. ვახ ვახ, ნეტავ ვინ მწერს? ჩემს ტელეფონში მესენჯერი არ იწერება, არც ეს საკითხი მადარდებს, იმ ფულით ტელეფონში რომ უნდა გადავიხადო, სხვა უფრო მნიშვნელოვანს და ნაყოფიერს გავაკეთებ. თანამშრომლები დამპირდნენ დაბადების დღეზე გაჩუქებთქო, მგონი მეღადავებოდნენ. ალბათ. ვინ რას მაჩუქებს. მაკას წერილია ერთი, ხვალ ვერ მოვდივარო და მეორე თხოვნაა მესიჯის ნახვაზე. მივეცი დასტური. მამრობითია. ეს ტიპი კი მეცნობა ცოტა. გიორგი. გამარჯობაო მოუწერია. აჰა, მომესმა საყვარელი ხმა. სასწრაფოდ ჩავხურე წერილი და გადავერდი აჭარანეტზე.
კისრის ტკივილმა შემაღვიძა. ლეპტოპი დამჯდარა და გათიშულა. შევიშმუშნე. სულ ასე მემართება. გადავდე და წამოვდექი. გავიზმორე და შევედი საძინებელში. წამოვწექი. ახლა სანამ დავიძინებ მოვყვები ჩემს პატარა ისტორიას. მოკლედ, ამ 5 სართულიანი ბინის ქვეშ კაფეა და იქ ვმუშაობ. მიმტანი ვარ. გადასარევი უფროსი მყავს და იმაზე უკეთესი მენეჯერი. ამიტომ შემოვრჩი ამდენი წელია ამ კაფეს. ისე ვამბობ, ვითომ რამის შემცვლელი ვიყო ჩემს ცხოვრებაში. ასეთი ვარ, ერთ ბილიკს მივყვები, მკვეთრი ცვლილებელი არ მიყვარს და გავურბივარ. ბევრი მეგობარი არ მყავს და არც მჭირდება. მარტო ვცხოვრობ ბებიის ბინაში და ვარ ბედნიერი. სულ ეს არის. სულ ეს....ვგრძნობ როგორ მეხუჭება თვალები...
მაღვიძარას გულის გამაწვრილებელი წრიპინი პირდაპირ ყურთან ჩამესმის. ჯანდაბა. დღეს ხომ არ ვარ დილის სმენა. დამავიწყდა გათიშვა. ოჰ რა. რაღა დამაძინებს. რა ვაკეთო. წამოვიწიე და ამინდს გავხედე. მოღრუბლულია, სავარაუდოდ იწვიმებს. პერფექტო. სრული ბედნიერებაა. ცოტა ხანს გაშეშებული ვწევარ და ჭერზე ერთ ადგილს მივშტერებივარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაკას ქორწილი გამახსენდა და ჩემი უნიათობის გამო გამეღიმა, არადა სულ არ იყო სასაცილო. მაკა თანამშრომელია, რომელიც ახლახანს დაოჯახდა და ტრადიციულად დიდი ქორწილი გააკეთა. ისე მეზარებოდა წასლა, თან არც ერთი ნორმალური კაბა და არც ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ მაქვს. ან ვინ მოიგონა აუცილებლად კლასიკურად ჩაცმულ-ამაღალქუსლებული უნდა იყო სხვის ქორწილში. არც ვაპირებდი რამის ყიდვას, მაგრამ დანარჩენებმა გამაფრთხილეს ფონში უნდა ჩაჯდეო, ანუ წესიერად ჩაიცვიო. სხვა რა გზა მქონდა წავედი ბაზრობაზე. თვალები ჯინსებისკენ და ბოტასებისკენ გამირბოდა, თუმცა ვიმარჯვე და ფოკუსირება იმ საშინელებისკენ მოვახდინე, რაც რამოდენიმე დღეში უნდა ჩამეცვა. რამოდენიმე კაბა სულ ზიზღით მოვისინჯე და ბოლოს არჩევანი შავი, შხელბრეტელიანსა და  სამკუთხედგულიან კაბაზე შევაჩერე. ფეხსაცმელიც იქვე ავიღე ვერცხლისფერი. გამყიდველმა ძალიან გადის კაბაზეო და მეც ვენდე. თან, მახსოვდა პატარა ხელჩანთა, რომელსაც კლაჩს ეძახიან , სადღაც მეგდო და ამოვძებნიდი. დადგა ნანატრი ქორწილის დღე. თმა გავიშალე, ტუში ძლივ-ძლივობით წავისვი, მაგრამ ვაი იმ წასმას, უამრავჯერ გამედღაბნა. უფერო პომადაც და გავედი სახლიდან. თავს საშინლად ვგრძნობდი. მეგონა ჩემი მოუქნელობა ყველას თვალში ხვდებოდა და გულში დამცინოდნენ. ხმელეთზე საცოდავად მოცახცახე თევზს ვგავდი. ნაბიჯის გადადდგმისას მეგონა წავიქცეოდი. გული საშინლად მიცემდა. დაიწყო დღე და ჯერ ჯვრისწერაო ,მერე ხელისმოწერა, მერე უამრავი სურათები, მერე რაღაც კიდევ და წამეშალა სახე ამ სხვის ტყავში ყოფნის გამო უფრო, ვიდრე დამღლელი ქორწილის. თანამშრომლები ოვაციით შემხვდნენ, ასეო ისეო გიხდებაო, გაიპრანჭეო, ყველაფერი კარგი გაქვს და მალავო. ვაი, ვაი. როგორც იქნა მივაღწიეთ რესტორნამდე და დავჯექი თუარა ჩემს კუთვნილ ადგილას, ცოტა დავწყნარდი. ვფიქრობდი აწი ვერაფერი მაიძულებს ადგომას მეთქი. მოვდუნდისავით და პირველად გავიღიმე იმ დღეს. ქორწილი ჩვეულად წავიდა, სადღეგრძელოები და ამბები. მერე ცეკვები დაიწყო. აი აქ უკვე დამირღვიეს მყურდოება ამ ჩემისა თანამშრომლებმა. არ მომასვენეს და ავდექი ვიცეკვე ერთხელ საშინლად მოუქნელად. არ მიყვარს რომ მიყურებენ, მითუმეტეს ცეკვისას. გამოვექეცი და დავჯექი. დავისხი შამპანიური და დავლიე. კიდევ მეორეც და მესამეც. ალკოჰოლს მიუჩვეველ ორგანიზმზე უცებ იმოქმედა. თავბრუ დამეხვა, თუმცა თითქოს გამბედაობა მომემატა. ტუალეტისკენ გავეშურე, ოდნავ ნაბიჯიც მერეოდა. ვხედავ ვიღაც ახალგაზრდა მამრობითი მიცინის. თვალები მოვჭუტე. არა მეშლება ალბათ სხვას უღიმოდა. ჩავუარე. სარკეში მზერა არეული და ლოყებ აწითლებული ჩემი თავი მიცქერდა. ნეტა მალე დასრულდებოდეს ეს წყეული დღე. მივაღწევდე მშვიდ სახლში და მოვიხურავდე კარს. მთელ სამყაროს ზურგს უკან რომ ვიტოვებდი ეს მიყვარდა. მარტოსულობა მიყვარდა ჩემი.
დავბრუნდი. დედოფალი ყვავილის სასროლად მომზადებულიყო. ახლა კი ვუყურებ სეირსთქო და მოვეწყვე სკამში. უცებ ხელში მეცა ნანა და სადღაც წამათრია. სანამ აზრზე მოვედი უკვე შეჯგუფულ ხალხთან ერთად ვიდექი ყვავილის მომლოდინედ. აქეთ-იქეთ უაზროდ ვიხედებოდი. ეს კაცები მაინც რამ გადარიათ ამ ყვავილზე. ფუ რა. ამ ფიქრებში ვარ და ვიგრძენი როგორ მწარედ მომხვდა ვიღაცის ხელი მხარზე და თავი ვეღარ შევიკავე. თვალს ვახელ. სულელივით ვიხედები. თავზე დამყურებენ. ე.ი წავიქეცი და ძირს ვგდივარ. ან ინსტიქტი სადარის ჩემი, ან სირცხვილი, ხომ შეიძლება გაიღიმო და უცებ წამოდგე ვითომ აქაც არაფერი. არა! მე ყოვლად უნაირო ვარ! ამხელა ქორწილში წამაქციეს და აი ასე ვწევარ გაშტერებული. ეს მთელი დღის ემოციების ბრალია, სასმელის თუ შოკის ვეღარ ვარკვევ. ნეტავ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდები, რომელიც მოვა , ამიყვანს და აქაურობას გამაცილებს? თუ რატომ არ ვწევ ტრაკს ზევით?
-მოგეხმარო თუ ადგები? მესმის ნანას ხმა. -დაგიშავდა რამე? ხელსმიწვდის და მეც ნელ-ნელა ვდგები. კარგად ხარ?
-კი,კარგად ვარ. ვაწყნარებ.
-ისე, სასაცილო კი იყო. -გვერდულად მიღიმის ნანა.
ჰო, მეც ვიცინებ ჩემ თავზე აქედან რომ გავაღწევ. მაგიდასთან მივედი, ორი ჭიქა შამპანიური ისევ გამოვცალე, ჩანთას ხელი ვტაცე და ბორძიკ-ბორძიკით წავედი კარისკენ. ის ტიპი ისევ მიღიმის თუ რა მოჩვენებები დამეწყო? თავი დამერტყას არ მახსენდება. ჩორტ სა ვსემი. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ტაქსში ვჯდები.
ესეც ის დღე, სადაც მე მე არ ვიყავი, სადაც ასე “შევრცხვი” და რისთვისაც ქვეყნის ფული დავხარჯე. ვსო. ჩემი და ქორწილების ურთიერთობა ამით დასრულდა მეორედ მე ქორწილში წამსვლელი აღარ ვარ. ლეპტოპს ვიღებ , იუთუბეზე სიმღერას ვრთავ და ფბზე შევდივარ. ისევ წერილია. ისევ ის ტიპი ვიღაც გიორგი. გამარჯობა-თქო მოუწერია. დავხურე ჩათი. არმემამრობითება. ჩემი ბოლოს სიყვარულობანას მერე ჭკუა ვისწავლე. საერთოდ არ ვეკონტაქტები არავის და ვარ უბედნიერესი. როგორც იქნა წამოვდექი. ჩავიცვი და აი, რა შეიძლება გააკეთოს თავისუფალმა ადამიანმა თავისუფალ დღეს? ბევრი რამ , მაგრამ საქმე მე მეხება. მე ავდექი და ჩემ კაფეში ჩავედი, სიტუაციას გადავხედავთქო. გემრიელ ყავას დავლევ თან. ან სახლში ვარ, ან აქ. იშვიათად კინოში თუ წავალ ნორმალური ფილმის პრემიერაზე. სხვას რას ვაკეთებ? მამენტ არც არაფერს.  შევედი. არავის გაკვირვებია ჩემი დანახვა. პირდაპირ ყავა დამისხეს და მეც კუთხის პატარა მაგიდისკენ გადავინაცვლე, რომელიც  ქუჩას გაჰყურებდა. ახლა ახალი სურვილი მაქვს, ფულს ვაგროვებ და ბაქოში ვაპირებ ტურით წასვლას. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ, მაგრამ თან ცოტა მარტო წასლა სულ უცხო ხალხთან კი არ მახარებს. როგორმე უნდა გადავლახო ეს კომპლექსები. მოკლედ, ამ ფიქრებში ვარ წასული უცებ ვხედავ ჩემ წინ  ვიღაც ჯდება. გაოცებული უაზროდ ვუყურებ და ვხვდები, რომ ნაცნობი სახე აქვს.
–გამარჯობა- მესალმება და ულამაზეს ქათქათა კბილებს აჩენს ულამაზეს ღიმილში. სანამ რამეს ვიტყოდე ვიხსენებ კბილები გავიხეხე ჩამოსვლამდე? კი, კი.
–გაგიმარჯოს. -ხმაში გაკვირვება მეტყობა და თან საშინლად მინდა ეფექტი კიდევ უფრო გავამყარო თავის მოქექვით, აი ფილმებში რომაა, მაგრამ ვჩერდები.
-აუცილებლად პირადად უნდა მეთქვა  რომ გეპასუხა? -აზრზე ვერ მოვდივარ რეებს მებოდიალება. სავარაუდოდ კოპებს ვკრავ. -ორი დღეა ფეისბუქით გესალმები და არ მპასუხობ.- აჰა.დავიდა. ვიღაც გიორგი. პასუხს არ ვცემ და ალბათ კიდევ უფრო სულელური მზერა მაქვს, ვიდრე მისი დანახვისას.
–მე გიორგი და ხელს მიწვდის, ანა და ხელს ვართმევ. რა ნაზი ხელები აქვს. ჩემს თანამშრომელს მისთვისაც ყავა მოაქვს და თან გაფართოვებული თვალებით ჯერ მე მიყურებს, მერე ამ ვიღაც გიორგის.
–შენი გაცნობა მინდოდა. -დაიწყო და თან ყავა მოსვა.-იცი? პირველად ქორწილში გნახე. მე ბიჭის მხრიდან ვიყავი, შენ გოგოს მხრიდან.-აჰა, წყეული ქორწილი.- მერე, სრულიად შემთხვევით, აი, იმ მოპირდპირე ბინაში გადმოვედი-თან, თითს იშვერს რომ კარგად დავინახო-და ამ კაფეშიც შემოვდივარ. რა თქმა უნდა, არ დამავიწყდი - ეს ახლა ნეტავ უნდა მესიამოვნოს თუ რა რეაქცია უნდა მქონდეს?- ლამაზი გოგონები დიდხანს მამახსოვრდება- თვალებს კიდევ ვჭუტავ, ოღონდ მე თვითონაც არ ვიცი ამით რისი თქმა მინდა. ხმას ისევ არ ვიღებ. ყავა მოსვა. მეც იგივე გავიმეორე. ჯანდაბა. გაციებულა.
-არაფერს მეტყვი?-დაიწყო
-რავი, აბა-ამოვილუღლუღე
-რომ მოგწერო მიპასუხებ?- რა გაატრაკა ამ მიპასუხებ, არ მიპასუხეთი. შემჯდარია ხალხი სოც ქსელებში. უიმე.
-ვნახოთ, თუ მეცლება. -გამომწვევად შემომხედა. თითქოს ვერ გაიგო ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ვერც მე გავიგე ჩემი თავის.
-კარგი ანა. უნდა გავიდე სამსახურში. დროებით- და თვალი ჩამიკრა. ისევ სულელივით ვუყურებ. -სასიამოვნო იყო შენთან საუბარი-აჰა, ირონია. გამეღიმა. იმასაც. გავიდა თუ არა, მომახტნენ თანამშრომლები კითხვებით. მალევე მოვიცილე და ბინაში ავედი. შევაღე თუ არა კარები, ვიღაც გიორგიც გადამავიწყდა. რამოდენიმე საათი სახლი ვალაგე, სულ წკრიალი გასდიოდა ბოლოს. ხშირად არ ვალაგებ, უფრო მიყრილი მაქვს რაღაცეები, მაგრამ თუ დავიწყე ვეღარ ვჩერდები. გადავივლე და ისევ კაფეში ჩავედი. ჩემი საღამოს სმენა დაიწყო. იამრავი ხალხი მოვიდა. სასტიკად დავიღალე. შუაღამის 3 საათი იყო, რომ ამოვედი, გავიხადე და მივეგდე.
პირველისკენ გამეღვიძა. გაშტერებული ჭერს ვუყურებ და ვფიქრობ რა აზრიანი ცხოვრება მაქვს. ვიღაცეებს ვემსახურები, ვუღიმი, როცა საერთოდ არ მეღიმება და ვარ თავაზიანი საშინლად უხეში ხალხის მიმართ. გამოდის, ყველაფერს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვაკეთებ, თავს ვაიძულებ ამას. უცებ ზიზღი ვიგრძენი ჩემი თავის და სრულიად სამყაროს მიმართ. გადმოვბრუნდი და ბალიშში ჩავემხე. რაღაც უნდა შევცვალო, ასე გაგრძელება არ შეიძლება!!!
სასაცილო გოგო ვარ რა, ყოველთვის ასე მემართება, როცა საშინლად ვიღლები და ფეხზე ვეღარ ვდგები, როცა მინდა ის ხალხი, სასმელის სუნად რომ აყროლებულა და უაზროდ ცეკვავს „მეგობრებთან ერთად“-ზე და მის დაგვარ სხვა 90-იანების მუსიკაზე, გადაშენდნენ, წაეთრნენ სახლებში და ჩვენც ამოვისუნთქოთ. ეჰ. ეს განწყობა რამოდენიმე საათში გამივლის და ისევ იმ ზოგჯერ საზიზღარ ადგილს მივაშურებ, ისევ პირფერული ღიმილით სახეზე და ვიტყვი, რომ მშვენივრად ვარ. ისევ დამისხამენ ყავას და ისევ დავჯდები ჩემთვის, წყნარად კუთხის პატარა მაგიდასთან და გადავეშვები ფიქრებში. ფიქრები რა, მე მაინც მქონდეს ოცნება, მიზანი. რას ვაპირებ მომავალში? რისი პრობლემა მაქვს? მოტივაციის? ენთუზიაზმის? თუ ყველაფრის ერთად? არ მიყვარს ახალი გარემო, ახალი ხალხი, ახალი სიტუაცია, შეუჩვეველ  ჭირს შეჩვეული რო მირჩევნია, აი, ის ადამიანი ვარ! მაგრამ...ვფიქრობ, ჭკვიანიც ვარ იმისთვის, რომ უბრალო მიმტანი ვიყო. მენანება ჩემი თავი...აქ... ალბათ, ასე 4-6 წლის შემდეგ მენეჯერად გადამიყვანენ. ჰაჰ. ავიწყვე ცხოვრება.
წამოვდექი. ავლასლასდი და ყავა დავისხი. შიმშილიც ვიგრძენი. აბა რა მაქვს? ორი ცალი მდნარი ყველი და ლორი. მშვენიერია. ერთი ნაჭერი პური ტოსტერში გავხუხე, დავაადე ზედ ლორიც და ყველიც და მოვკალათდი ლეპტოპთან. ჩემი ქალების მომდევნო სერიას რომ მოვრჩი, ჩავრთე ფბ. ისევ შეტყობინეა. აჰ, ვიღაც გიორგი! აბა როგორ ხარ-ო. ახლა ამას ნამდვილად უნდა მივწერო როგორც ვარ. გადავედი მის პროფილზე. ყველაფერი ფაბლიქ აქვს. ყველა ფოტოზე იღიმის და ქათქათა კბილებით გვემარიაჟება. ზოგიერთში გოგოებიც იჩითებიან. სხვადასხვა გოგონები. რა თქმა უნდა. ასეთი ბიჭები მარტო არ არიან, თან კოლექციასავით იგროვებენ გოგონებს. დიდი ბოდიში, მაგრამ მომდევნოდ ყოფნას არ ვაპირებ. ხო, ახლა ვიპოვე მიზეზი უარის სათქმელად, მაინც ასე ვაპირებდი, ყველა ვარიანტში. არ მჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი. სიმპო კი არის. ვერ დაუკარგავ რაც აქვს, აქვს! როგორ ჩამოვუყალიბო სთქმელი? საერთოდ დავაიგნორებ. თუ თავმოყვარეა, მიხვდება და აღარ მომწერს. დავსინე. ესეც ასე, მოგვარებულია.
გადავიცვი უცებ მაიური და გადავედი გუდვილში. საჭმელი არაფერი მაქვს და ამოვიტან-მეთქი. მიყვარს რაღაცეების თვალიერება, თუმცა არასაჭირო არასოდეს ვყიდულობ. რაც მაქვს მინიმალისტურად მაქვს და ყველაფერს ვიყენებ. მძულს ზედმეტი ნივთები. შაქარი, ზეთი, მდნარი ყველი , ძეხვეული, პური, და კოკა-კოლა, ბადრიჯანი და ხახვი, ჩიპსები და მზესუმზირები, კრეკერები და ორცხობილა ჩავიწყვე.  ამოვათრიე ყველაფერი, დავახარისხე და ისეთი შერძნება მაქვს , თითქოს ავავსე სახლი სანოვაგით. ამასობაში მოსაღამოვდა და კიდევ ერთი დღე გადაგორდა. იეს! ჩავგორდი გერმიელად და ჩავიდგი ეს ჩიპსის უშველებელი შეფუთვა ლოგინში. ესაა ნეტარება. ფბ ისევ ჩართული მაქვს. აციმციმდა. ისევ „ვიღაც“ გიორგია. ჰეი-ო დამიძახა. დავსინე. ხელი გამირბის. მინდა მივწერო და რაღაც ახალი დავიწყო ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც არაფერი გამოვიდეს და გულტანკენი და დროებით ატირებული დავრჩე. თავს ხან მარჯვნივ ვხრი და ხან მარცხნივ. გაშლილ ჩატს ვუყურებ. რა ვქნა? მივწერო? რა მივწერო? ჰეი-ს დაძაბება შეიძლება და მერე ნელ-ნელა მოყვება საუბარს. არადა, მეგონა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე და მორჩა. რა უცნაური არსება ვარ. 15 წუთია მომწერა. ჩატს ავხედე, მეოთხედ მწერს. ღრმად ჩავისუნთქე. რა მოხდება გავიცნობ და შევხედავ გზა და გზა სიტუაციას. ნებისმიერ დროს შემიძლია დავახვევინო. ძალა მოვიკრიბე , თითები ერთმანეთში გავუყარე, დავატკაცუნე და მოვემარჯვე ერთადერთი სიტყვის მისაწერად  და უცებ ისევ განათდა. „ კაი. როგორც გინდა. ნახვამდის.“ ხელები ჰაერში გამიშეშდა. მერე მოწყვეტით დაეშვა ორივე ლეპტოპზე. ესეც ასე. თვითონ გადაწყდა. ასე სჯობდა ჩემთვის... ალბათ... თვალები მძიმედ დავხუჭე და გამოვუტყდი ჩემს თავს. მინდოდა, მინდოდა მისი გაცნობა. თუმცა... ასე ჯობია... ასე... ხვალ ავდგები, წავალ სამსახურში, ვიმუშავებ თავდაუზოგავად იმისთვის, რომ მეპატრონემ უფრო მეტი იშოვოს. მერე ავიღებ სალაროდან ჩემს კუთვნილ გამომუშვებულ ფულს, რომელსაც კაცმა არ იცის სად დავხარჯავ და როდის, ამოვლასლასდები ჩემს თბილ ბუდეში, მივხურავ კარს, მივაგდებ ზურგჩანთას და დავყრი ნაიკის ან ნიუ ბალანსის  ბოტასებს. სათვალე მიყვარს , კარგია,ფრთხილად დავდებ და მივესვენები ჩემს ერთადერთ ფუმფულა სავარძელში...
ასე ჯობია...ალბათ...
ანა კვატაშიძე
2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები