ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2019


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XXVI )

                                                                                                                              ***


    თბილისში ყველა სახლს და ქუჩას თავისი ისტორია აქვს. ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგიც უმნიშვნელო, თითქოს შეუმჩნეველი ისტორიით აგრძელებს ცხოვრებას. ხშირად სახლში ერთ დროს მნიშვნელოვანი ფაქტები თუ მოვლენები სადღაც ქრება, უფრო ზუსტად, კი არ ქრება დროებით იმალება და მერე კვლავ დგება მისი ხელახლა გაცოცხლების დრო. რომის ქუჩაზე მდებარე სახლიც ასეთია, სადაც ახლა ვართ შეკრებილი. ირგვლივ ძველებული ხელით შექმნილი არქიტექტურა დაგვყურებს ზევიდან, ხოლო ჩვენ ახალ ისტორიას ვქმნით აქ, დაბლა. თან მეგობრებს ვუსმენ და თან ფიქრებს, სადღაც მივყავარ. რამდენი დროა გასული და ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავს ყოველი ქუჩა, სახლი ან ეზო. რამდენ ადამიანს გაუვლია ამ სახლების წინ ან რამდენი გენიალური პოეტური ფრაზები მოსვლიათ გონებაში მაშინდელ მოღვაწეებს?! ყოველთვის მინდოდა იმ ეპოქაში მეცხოვრა, რომელსაც ახლანდელ დროში ქართული რენესანსი ხანასაც კი უწოდებენ. რას ფიქრობდნენ, რას განიცდიდნენ ან რომელი გეგმები ვერ მოიყვანეს სისრულეში, რაც ქართულ მენტალობასა და სახელს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აწევდა?! ან თანამედროვე დროში თუ შესწევთ ადამიანებს ასეთი დიადი საქმეების აღსრულებისა?! ამაში მხოლოდ ღვთიურ ძალას ვხედავ და ალბათ სწორედ განგების ნებაა ვინ, როდის და რომელ ეპოქაში შექმნის ეპოქას. ჩემი რეალობა კი ახლა მხოლოდ ერთი ადამიანისკენ არის მიმართული და არა მხოლოდ ჩემი. აქ სწორედ გოგას ოპერაციისთვის საჭირო სახსრების მოძიებისთვის ვართ. ვატოს მშობლების მიერ მოცემული თანხა ბოლომდე არ გვყოფნიდა. ფული კიდევ გვჭირდებოდა, ამიტომ ბიჭებმა, ნანკასთან ერთად გადავწყვიტეთ ქალაქში რამოდენიმე ქუჩის გამოსვლა მოგვეწყო. გაგვეკეთებინა ის, რასაც ბიჭები აქამდეც აკეთებდნენ, გვემღერა ყველგან და ყველასთვის, ხოლო შეგროვილი ფული საავადმყოფოში მიგვეტანა. მართლია ოპერაციას უშულოდ ლუკა ედგა, თუმცა ამის გარდა მთელი რიგი პრობლემები იყო, რასაც თანხის გარეშე ვერ გავწვდებოდით. მე, ნანკა და ვატო თბილისის სხვა უბანში წავედით. გეგა და გოგლიკო კი სხვაგან, რაც საქმეს უფრო გაამარტივებდა. ჩვეულებრივზე მეტად ღელავდნენ, თუმცა მუსიკისთვის ამას ხელი არ შეუშლია. მღეროდნენ და უკრავდნენ მთელი მონდომებით და არც ხალხის ყურადღებას დაუკლია. სულ რამოდენიმე წუთში ირგვლივ უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი. შეიძლება ითქვას, რომ უემოციოდ არავის ჩაუვლია. ისეთი გრძნობით ეკიდებოდნენ ყოველ ბგერას, რომ შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო. მიზიდულობის წარმოუდგენელი ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული ეს ადამიანები, რაშიც ყოველდღიურად ვრწმნუდებოდი. ჩვენს წინ არც წარწერა იყო და არც რაიმე მიმანიშნებელი იმაზე, რომ პატარა ბიჭის გადასარჩენად შევიკრიბეთ, თუმცა წესისამებრ წინ დადებული ქუდი ერთმანეთის მიყოლებით ივსებოდა ხურდებით. თვალებსაც არ ვუჯერებდით, რაც ჩვენს თავს ხდებოდა. ზოგი სიმღერას ჰყვებოდა, ზოგი მელოდიას, გახარებული ბავშვები ცეკვავდნენ და ბედნიერდებოდნენ ჩვენი ბედნიერებით. მათი მშობლების სახეები უნდა გენახათ იმ წუთას. ზოგი ფოტოებს უღებდა ნანკასა და ვატოს. ერთი-ორმა კი მათთან ერთად სიმღერის სურვილი გამოხატა, რაც არც თუ ისე ურიგო გამოდგა. გინდა დაიჯერეთ, გინდ არა და იმ გაჩერებაზე, სადაც ჩვენ ვიყავით ფეხით მოსიარულე თავისუფლად ვეღარ გაივლიდა იმდენი კმაყოფილი მსმენელის თვალები შემოგვცქეროდა. "გაიხარეთ ქართველებო" გადმოგვძახებდნენ, ხოლმე შუა ხნის მიტანებული ხალხი, რომლებიც გულის სიღრმეში ალბათ ამაყობდნენ კიდეც ჩვენით. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ მაინც, რომ ასე იქნებოდა. საკმაოდ კეთილი საღამო მოვუწყეთ ირგვლივმყოფთ, მაგრამ ისე არავის უბრწყინავდა თვალები, როგორც ნანკას. აღფრთოვანებული გამომხედავდა, ხოლმე და შემდეგ ისევ ხალხის ყურადღებას უთმობდა ყოველ წამს. მისი ტკბილი და ჰაეროვანი ხმა ნებისმიერს დაატყვევებდა. დაღლილობა საერთოდ არ ეტყობოდათ ან არ იმჩნევდნენ, რისიც უფრო მჯერა. დღის მიწურლს მხურვალე ოვაციების ფონზე დაასრულეს გამოსვლა და მახლობელი მეტრო სადგურისკენ გადავინაცვლეთ. იქ ჩასულები გეგასა და გოგლიკოს ველოდებოდით. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ სულმოუთმენლად ველოდით. ნანკა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ასეთ ენერგიულ გოგოში ამხელა მღელვარება პირველად შევნიშნე. სად არიან? რატომ იგვიანებენ? გაუჩერებლივ გადი-გამოდიოდა წინ და უკან. ვატოს თავისთვის ჩაეღიმოდა ხოლმე და თან მე გადმომხედავდა "ნახე როგორ განცდებშიაო". ვაგონის კარების გაღება იყო და ბიჭებიც გიჟებივით გამოცვივდნენ გარეთ. ხელში ხურდებით სავსე პარკს ატრიალებდნენ და თან ემოციებისგან მთელ ხმაზე ყვიროდნენ. ნანკა თვალის დახამხამებაში მათთან აღმოჩნდა. სიხარულისგან ხტუნაობდა და ისინიც ისეთი აღფრთოვანებით უყვებოდნენ თავიანთ თავგადასავალს, რომ საერთო ჯამში ვერც გაარჩევდი ვინ რას ამბობდა. ერთმანეთს არ აცდიდნენ საუბარს. ამის შემხედვარე თვალები დავხუჭე, რათა სიცოცხლის ბოლომდე კადრებად შემორჩენილიყო მეხსიერებაში სიკეთის საოცარი გამოხატულება. დაცვის თანამშრომლები მათ სიგიჟეებზე უკვე უუნაროები გახდნენ. ამ ოთხ სიცოცხლი სავსე ახალგაზრდას ქალაქში მგონი ყოველი გამვლელი ცნობდა. იქიდან გოგას დედის სანახავად წავედით საავადმყოფოში. გზად  საკმაოდ დაგვაბნელდა, თუმცა არც საავადმყოფოში არ იყო დარჩენილი ისეთი ადამიანი, რომელიც მათ არ იცნობდა ან უარს ეტყოდა შიგნით შესვლაზე. მედდამაც ზედმეტი კითხვების გარეშე პალატისკენ მიგვაცილა და დერეფანში დაგველოდა. ხელი კარისკენ წავიღე რა დროსაც ზღურბლზე ლუკასა და მარიამს შევეჩეხე. არ გამკვირვებია მათი ერთად ნახვა. ცივად გამიარეს და მეც პალატაში შევედი. გოგას ჩასძინებოდა, ხოლო დედამისი ცოტა უხასიათოდ მომეჩვენა. ფული საწოლის გვერდზე დავდე "ეს თქვენ" და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
-მოხდა რამე?
-დონორი აგვიანებს ჩამოსვლას, არადა ოპერაცია ორ დღეშია დაგეგმილი.
-ლუკამ რა გითხრათ?-ვკითხე მას.
-შევეცდები დავაჩქარებინო ტრანსპორტირებაო, მაგრამ ოპერაციის გადადებაც არ შეიძლება.
-რა ხდება?-გადაღლილი და გამოუძინებელი მომეჩვენა. ძლივსღა საუბრობდა ჩემთან.
-ცუდათ არის, ლევან.- ამ სიტყვებზე თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. შევეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ კანკალმა ერთიანად აიტანა.-ორი დღეა გონს იშვიათად მოდის. კრიტიკული მდგომარეობა აქვს. აღარ ვიცი რა გავაკათო.
-ლუკას აუცილებლად დაველაპარაკები. აქ იმიტომ ვართ, რომ გოგა ფეხზე დავაყენოთ.
-არც კი ვიცი რა გითხრათ. თქვენ ყველა ისეთი ძვირფასები ხართ ჩემთვის, ჩემს გოგას, რომ ეხმარებით. -საბანი გაუსწორა და ფეხზე წამოდგა.-ღმერთმა გაგახაროთ ამ დახმარებისთვის.
-დაისვენეთ! -მოკლედ ვუპასუხე.-ხვალ ისევ მოვალთ.
-ლევან... -პალატიდან გასვლამდე უკან მოვიხედე. -ხომ იცი ჩემს, გოგას როგორ უყვარხართ?!
-ამიტომაც ვართ აქ.

                                                                                                                                  ***

  დერეფანში ლუკა მელოდებოდა, რომელმაც გამოსვლისას თვითონ გამაჩერა. არ ვიცი ნამდვილად გულთან მიიტანა თუ არა, გოგას ამბავი, მაგრამ ისიც უხასიათოდ გამოიყურებოდა. მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის გადასარჩენად. მთავარი იყო დონორი გულის ტრანსპორტირებას არ დაეგვიანა დათქმული დროისთვის. ვკითხე თუ, რატომ გადაწყვიტა ასე გადაჭრით ოპერაციის დღე, რაზეც საკმაოდ პირდაპირი პასუხი მივიღე. თუ დონორი ვერ ჩამოუსწრებდა მოცემულ დროს, გოგა დაიღუპებოდა. მის პასუხზე გული თითქოს გაჩერდა. ნეტავ საერთოდ არაფერი მეკითხა თქო ვფიქრობდი. მინდოდა იქაურობას სწრაფად გავცლოდი. ლუკასთვის აღაფერი მითქვამს. პირდაპირ გასასვლელისკენ დავიძარი, რაზედაც ხელმეორედ შემაჩერა.
-მაპატია, რაც იმ დღეს მოხდა.
-ახლა ამის დრო არ არის...
-ვიცი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ყველაფერს გავაკეთებ მისთვის.
-ახლა მთავარი, გოგაა.
-მეც სწორედ, გოგაზე გეუბნები. თქვენს გვერდით ვარ.
  გარეთ მეგობრები, მარიამთან ერთად მელოდებოდნენ. არაფერზე აღარ მსურდა საუბარი, ამიტომ ზედმეტი კითხვების გარეშე გაჩერებისკენ დავიძარი. ნანკა და ბიჭებიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ, თუმცა არაფერი უკითხავთ. კითხვები არც იყო საჭირო, რადგან იმ ატმოსფეროს გადამკიდე რთული გამოსაცნობი არც იქნებოდა, რომ საქმე ცუდათ იყო.


                                                                                                                                ***

-შენ არასდროს წერ ფურცელზე შენს ოცნებებს...-მითხრა გოგამ, რომელსაც საწოლზე მიმოფატული ჰქონდა ცარიელი ქაღალდები.
-ხომ გითხარი... შენი ოცნებების ასრულება ჩემი ოცნებაა.-ვუთხარი მას.
-ასე არ გამოვა. დღეს შენ დაწერ შენს ოცნებაზე. თუ გინდა მე დავწერ?!- უზომოდ მოწადინებული ჩანდა. (მეღიმება)
-ხორვატიაში არის ასეთი ქალაქი "ჰუმი" სადაც თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანი ცხოვრობს.
-ჰობიტები არიან? -გაცოებული სახით მიყურებდა. -ჰობიტები პატარა კაცები არიან, აი... ძალიან პატარები.
-არა, გოგა-მის გამომეტყველებაზე გულიანად გამეცინა. -ისეთივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც შენ და მე ვართ.
-ისინიც ცუდათ არიან?
-არა. უბრალოდ იქ ცხოვრობენ, მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქში.
-ლამაზია?
-საკმაოდ. წარმოიდგინე ნახევარკუნძულზეა ის ადგილი.
-მაშინ მეც იქ მინდა. -ფურცელი მოიმარჯვა და გარკვევით მიაწერა "ჩვენ მივდივართ მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქ ჰუმში".
-მარტო მე და შენ?
-მგონია, რომ სხვებს უფრო პარიზში, ვენეციაში, ან ლონდონში უნდათ.-(ჩაფიქრდა)-ლონდონში მეც მინდა... ჩარლი ხომ იქ დაიბადა.
-ჩარლი ჩაპლინი?
-დიახ, ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, მაგრამ ჯერ ჰუმში წავიდეთ. დარწმუნებული ვარ იქ ჰობიტები იცხოვრებენ.
-იქ, რომ დიდი სახლებია, როგორ იცხოვრებენ?
-მერე რა? ჰობიტები, ჯუჯებზე უფრო პატარები არან, ამიტომ სოროებში ცხოვრობენ.
-კეთილი. წავიდეთ ჰუმში ჰობიტების სანახავად. -სრული სერიოზულობით დავეთანხმე.
-როგორ გამახარე. დედას სულ ვეუბნებოდი, რომ ჰობიტები არსებობენ მეთქი, მაგრამ მგონი არც მას სჯეროდა. ვიცი, რომ ეგეთ ადგილებში უყვართ ცხოვრება.
-საიდან იცი?-ვკითხე მას.
-წიგნში წავიკითხე და იცი ვინ მაჩუქა?
-არა.
-იმ გოგომ მე რომ გიყვებოდი.
-შენ, რომ გიყვარს და როგორც მახსოვს უნდა დაგეხატა კიდეც?!..
-დავხატე.-ბალიშის ქვევიდან მუყაოს ქაღალდზე ფანქრით ნახატი გამოიღო. -მაგრამ მაინც ვერ ვაჩუქებ. კიდევ უნდა გთხოვო, რომ იქნებ შენ აჩუქო?!
-შენს სანახავად მოდის?-მასთან ერთად მეც გამიხარდა და თან დღეს, რაღაც განსაკუთრებულ განწყობაზე იყო.
-ხვალ სანამ საოპერაციოში შემიყვანენ.
-ვაჩუქებ. -ნახატი გამოვართვი და უკვე შენახვას ვაპირებდი რა დროსაც, რაღაც დამაკლდა. -არაფერს მიაწერ?
-რა მივაწერო?
-მაგალითად "სიყვარულით გოგასგან"?!
-არა...-სახეზე ერთიანად გაწითლდა. -მრცხვენია.
-მიაწერე ნუ გეშინია. დარწმუნებული ვარ მასაც მოწონხარ. -ჩემმა პასუხმა საეჭვაოდ ჩააფიქრა. ხან ნახატს შეხედავდა და ხან მე. მერე ისევ ნახატს და ისევ მე.
-კარგი. "სიყვარულით გოგასგან". - და უკან მომაწოდა.-მოეწონება?
-აუცილებლად.
-ჰუმზე უნდა ვუთხრა. ჰობიტების მასაც სჯერა.
-ყველა წავიყვანოთ ვისაც მეტყვი.
-კარგი. -ფურცელი საგულდაგულოდ შეინახა, სადაც ჩვენი ახალი ოცნება ეწერა. ალბათ პირველად მოხდა, როდესაც ჩემი და მისი ოცნება ერთმანეთს დაემთხვა. რა მნიშვნელობა აქვს მე ხორვატიაში მივდიოდი თუ ის ჰობიტების ქალაქში?! მთავარია ჩვენ ყველა ერთად წავიდოდით მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქ ჰუმში.

                                                                                                           

                                                                                                                  (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები