| ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: პროზა 1 მაისი, 2019 |
ბიძია ალფრედი მხატვარი იყო. მხოლოდ მის მარინისტულ ტილოებზე მენახა ზღვა. უყვარდა გოლფის ბურთივით შეფუებული მთვარის დახატვა მარად სილურჯით შემოსილი და თავთუხივით აქოჩრილი ფუნჯის ბალნითა და ნიადაგ ალკოჰოლში მოტივტივე გონებით, რომელიც ვერცხლის მონეტასავით ბზინვარე მნათობის იგავმიუწვდენ იდუმალებაზე რომანტიკოსივით ასაუბრებდა ხელოვანს (ალბათ მაინც იყო გულჩათხრობილი რომანტიკოსი). უცნაურია, არც ბიძია ალფრედს ეხილა ოდესმე სიმინდისფერ სანაპიროსთან მოამბორე, ნახევარმთვარესავით მხრებმოხრილ ზვირთებში აბობოქრებული სილურჯე, რომელში გახეთქილი ჩოგბურთის ბურთივით ჩაძირული მზე ჰელიუმის ბუშტივით ამოფარფატებულ მთვარეს უნათებდა ბილიკს. გავიდა ხანი, ბიძიას ზღვისფერი თვალები ლიბრით შეინისლა, გონება ფანტაზიადაოკებული ფიქრებით. ჩინდაკარგულ მხატვარს უდროოდ აუსრულდა ნატვრა, ის სანაპიროს ქვიშას დედას მონატრებული შვილივით ჩაეკონა. გამოძახილად ჩაესმა მხატვარს მირიადი თოლიას ყივილი, თვალმიმქრალი სულივით მოხეტიალე ქარისა და შფოთიერი ტალღების მდარე ჟღერადობა, წყალმცენარეებისა და პეტრიქორის ნელსურნელება მოაკმია ქვიშით შემოსილმა ჰაერმა. ვიცი, შემოდგომის ფოთოლივით მოცახცახე მოხუცს ელამუნებოდა ონავარი ზვირთების ნაზი თამაში, თითქოს ჭაობისფერი ლამინარიები ეხვეოდნენ ძალამილულულ ხელ-ფეხზე და იგავმიუწვდენი სიღრმისკენ ეძალებოდნენ, მაგრამ სახეზე ნეტარებაშეყინული ფერმწერის თვალები უკუნდაღვრილ სივრცეში ტივტივებდნენ, როგორც ბიძია ალფრედის უსულო სხეული, მისთვის უძვირფასესი ფერის უკიდეგანობაში. მეორე წელი მიილია. ისევ არ ვიცი როგორია ზღვა. ჩემს საწოლთან გოფრებიანი და თვალამოვარდნილი უპესავით ამოცარიელებული ნიჟარა დევს, რომლიდანაც მუდამ აღმოითქმის ბობოქარი ზღვის შორეული გამოძახილი. ვხვდები, რომ ზღვა არ არის ისეთი ზღაპრული, როგორსაც ბიძია ხატავდა ელეგიურ ლექსებსა და სანდალოზის ლაქით შემოსილ ტილოებზე. ხანდახან ავიღებ ნიჟარას, მივუგდებ ყურს ზღვის მონოტონურ გულის ცემას, რომლიდანაც ბიძიას ხავერდოვანი, მაგრამ ხრინწშეპარული ხმა მესაუბრება, როგორც პირველ სტადიაზე მყოფ შიზოფრენიკს. თითქოს ნიჟარის სიღრმიდან ვერმუტი მოწვეთავს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. "ჩემს საწოლთან გოფრებიანი და თვალამოვარდნილი უპესავით ამოცარიელებული ნიჟარა დევს"-ბიძია ალფრედის ზღვა საუკეთესოდ დაგვანახე :) "ჩემს საწოლთან გოფრებიანი და თვალამოვარდნილი უპესავით ამოცარიელებული ნიჟარა დევს"-ბიძია ალფრედის ზღვა საუკეთესოდ დაგვანახე :)
5. ალბათ მართალი ბრძანდებით :-) ალბათ მართალი ბრძანდებით :-)
4. მეც ვფიქრობ, ორჯერ ან სამჯერ მეტი წინადადება რომ იყოს ტექსტში უფრო კარგი იქნებოდა))) +4 მეც ვფიქრობ, ორჯერ ან სამჯერ მეტი წინადადება რომ იყოს ტექსტში უფრო კარგი იქნებოდა))) +4
3. მადლობა ლივინგსტონ. რაღაცნაირად მიჭირს ხოლმე წინადადება შევამოკლო, თითქოს აზრი და ერთიანობა მეკარგება. საუბრისას ლაკონურობა მჩვევია :) მადლობა ლივინგსტონ. რაღაცნაირად მიჭირს ხოლმე წინადადება შევამოკლო, თითქოს აზრი და ერთიანობა მეკარგება. საუბრისას ლაკონურობა მჩვევია :)
1. რაღაცნაირად მდიდრული ნაწერია, შეგრძნებებიანი.
ისეთი გრძელი წინადადებებია, წერტილებამდე მისვლა გამიჭირდა :)
ნეტავ როგორ საუბრობთ... :)
"თითქოს ნიჟარის სიღრმიდან ვერმუტი მოწვეთავს."- ძალიან კარგი ფინალური ფრაზა!
რაღაცნაირად მდიდრული ნაწერია, შეგრძნებებიანი.
ისეთი გრძელი წინადადებებია, წერტილებამდე მისვლა გამიჭირდა :)
ნეტავ როგორ საუბრობთ... :)
"თითქოს ნიჟარის სიღრმიდან ვერმუტი მოწვეთავს."- ძალიან კარგი ფინალური ფრაზა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|