ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2019


მთა

 
პირველად როცა თვალი ავახილე,
ჩემს ირგვლივ მთები დავინახე.
ერთი მთა ყველაზე დიდ მთად მეჩვენა
და ვფიქრობდი ამ მთაზე ასული,
ყველაზე მაღალი ვიქნებოდი.
და ყველაფერს დავინახავდი.
ერთხელ დილით, ჩემს დიდ სოფელში,
ჩემს კუთხეში, აღარ დარჩა არც ერთი ბავშვი.
ჩვენ მივდიოდით
რათა ჩვენი ბავშვური ოცნებებისთვის
აგვესხა ფრთები - ყველაზე მაღალ
მთაზე ასულები,
ყველაზე დიდები ვყოფილიყავით.
ჩვენ მივდიოდით და უკან
მოგვსდევდა ჩვენი სახელები,
ჩვენი დედები, მამები, ბებიები , ბაბუები
იძახდნენ ჩვენს სახელებს  და ასე გვეგონა:
ჩვენი დიდები კი არა ჩვენი
სახელები მოგვსდევდნენ უკან 
და ჩვენ ჩუმად მივდიოდით მაღალი მთისკენ,
თბილ რძეს, ყიყლიყოებს, ქარაქიან თუ
თაფლიან პურებს, გამოქცეულები,
ჩუმად მივდიოდით..
გაკვირვებული მეზობლების თვალებს
ორღობეებში ვემალებოდით,
თან მთას ვუყურებდით მხოლოდ,
რომელიც რაც უფრო ახლოს მივდიოდით,
უფრო გვცილდებოდა თითქოს
და გვიკვირდა რადგან
მაშინ არ ვიცოდით, რომ მთები დადიან.
ჩვენ მაინც ჯიუტად მივიწევდით წინ
და მაშინ როცა ჩვენი სახელები დაგვეწივნენ
მთაზე ავედით
და ჩვენ, ჩვენ სახელებთან
ერთად მთაზე ასულები,
ვუყურებდით სხვა მთას
რომელიც ჩვენს მთაზე მაღალი იყო.
მაშინ დიდებმა გვითხრეს, რომ
მთის სიმაღლე, მხოლოდ
სხვა მთიდან უნდა გაიზომოს. 
ჩვენ ისევ უკან წამოვედით, დიდ სოფელში,
რომელიც უკვე აღარ იყო დიდი,
რადგან დაღლილი დიდები მთაზე დარჩენენ
და ჩვენ  უკან მიბრუნებულები მივხვდით,
მთაზე რომელიც აქამდე
ყველაზე  დიდი გვეგონა
ჩვენი სახელები დაგვრჩა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები