ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
3 ივნისი, 2019


ედგარ პო და ჰიპოპო /ლიმერიკული აბსურდი/

ედგარ პო და ჰიპოპო
/ლიმერიკული აბსურდი/

გადმომდგარიყო ედგარ პო,
მხარზე შეესვა ყორანი,
უთვალთვალებდა ჰიპოპოს,
ძლივს რომ უძლებდა ბორანი.

ამ ბორნით, თურმე, უნდოდა
აიბოლიტთან სტუმრობა.
კბილი სტკიოდა ჰიპოპოს
და აბრალებდა ედგარ პოს.

თავს იმართლებდა ედგარი
არგუმენტებით მედგარი.
პატრონს იცავდა ყორანიც,
ააყირავა ბორანი.

წყალში გადახტა ჰიპოპო,
ლანძღა უშვერად ედგარ პო.
აიბოლიტმა გაიგო,
ჰიპოს პრობლემა რა იყო.

თავისი ჩანთაც აიღო,
დელფინიც იხმო, სად იყო,
შეახტა ზურგზე დელფინს და
შორეულ გზასაც დაადგა.

მისკენ ისწრაფვის ჰიპოპოც,
თავს შეუძახებს „ოპოპოს„
დელფინით მიჰქრის ექიმი,
თავს ადგას, როგორც გემს ქიმი.

არ შეუშინდნენ ედგარ პოს,
ტალღებში შეხვდნენ ერთმანეთს,
მადლობელია ჰიპოპო,
საფასურს უწვდის ერთ მანეთს,

აიბოლიტმა: – აპაპა,
არ დამანახო ფულიო,
მინდა გიშველო ჰიპოპო,
არ ამიცრუო გულიო.

ამოაგლიჯა კბილი და
იქვე, ღრმა ზღვაში უწამლა,
თან აუკრძალა ტკბილი და
დელფინს უბრძანა შინ წასვლა.

გაუსაძლისი ტკივილი
აღარ აწუხებს ჰიპოპოს,
გახალისდა და გალაღდა,
აღარ ემდურის ედგარ პოს.

ამოისუნთქა ალანმაც
უწესრიგობაც ალაგმა.
ყორანს უჩვენა პომ ენა,
უთხრა: – გიხმობსო პოემა.

ამით დამთავრდა ომი და
მშვიდობის მტრედიც მოფრინდა!
==

მზია თვალაბეიშვილი
2019 წლის 16 მაისი

განთავსდა 2019 წლის ივნისის თვის თავფურცელზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები