ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2019


მგლად რომ მაქცია

მგლად რომ მაქცია

გარეთ გაიხედე -
მთვარე არი ისეთი სავსე,
შებრაწულ გვერდს თუ მოატეხ და წყალში ჩაალბობ.
მე დავცინებდი ალბათ ამგვარ პათეტიკაზე,
გაბრძოლება თუ მოუხდება აბსურდულ ალბომს,
წლების შემდეგ რომ გადავშლიდი და ჩემი თავი
გამახსენებდა დევნილ მთვარის დამპალ დემარშებს.
წვენს მოვწრუპავდი და ვიტყოდი, რომ შევიცვალე,
ნეტავ როგორი ვიქნებოდი სხვა არჩევანში?

(ქარი უნდა ქროდეს წმინდა
და მონაზვნებს მონასტრიდან
გამოჰქონდეთ ვარდის წყლების სუნამო, რომ
მოვიტყუო მეოცნებე ნიამორი.
ჩემი სული დაკემსილი ხურჯინია,
ჩემი სული დაკემსილი ხურჯინია.
სხეულს ისევ ხეტიალი ურჩევნია,
ალბათ ხვდება გზაში მთვრალი ტიციანი,
ეწევიან და ლექსმაღლა იცინიან).

სცენას ვუთმობთ მოხუც ჯამბაზს.
როცა ვირთხები ტოვებენ ხომალდს,
მე ვრჩები, როგორც დიდი კაპიტანი ქარის ხომალდის.
როცა ვირთხები ტოვებენ ხომალდს,
მომიახლოვდი, რომის მყრალი სუნი ხომ ამდის?

ხელი შეავლე ქარისაგან მონაბერ შხეფებს,
ტალღებს რკალად ხრის.
და შეუღრინე აქაფებულ ლექსეთის მეფეს -
დალაგდი.

ცა დაირწევა და ღვინო თავში გარბის.
ძაღლი ლანდებს უყეფს, ლანდებს ეშინიათ.
ცაზე გაფენილი მთვარის ბაირაღი
მგონი გერშვინია.

და მეც წავედი წვიმის ხმაზე,
გზას მინათებდა
ზევსის ასანთი და დღე ასათი ვიარები დამპალ უდაბნოს.
და მე წავედი, როგორც მთვრალი ციცინათელა:
გული ჩამიქრა და ანთება დამვიწყებია.

გარეთ გაიხედე - ტურების ხმას მიაქვს სოფელი,
მთვარე ისეთი სავსე არი, მგლად რომ მაქცია.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები